მედეა ვასაძე: "მე ვერავინ გადამაყენებს" - კვირის პალიტრა

მედეა ვასაძე: "მე ვერავინ გადამაყენებს"

რატომ ემუქრება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჟურნალისტს ფეხქვეშ გაგდებით(?!)

ვნახოთ, გამოიძიებს თუ არა პროკურატურა დეპუტატის მხრიდან ჟურნალისტზე მუქარის ფაქტს

რამდენიმე დღის წინ "ტელეარხ-25"-ის ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ გაავრცელა მისი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ქალბატონი მედეა ვასაძის საუბრის აუდიოჩანაწერი. აუდიოჩანაწერში მედეა ვასაძე ჟურნალისტს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ ჯაბა ანანიძეს კომენტარი ვთხოვეთ:

- გადავიღეთ საგამოძიებო ფილმი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. გვინდოდა, გაგვერკვია, რაში იხარჯებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. სწორედ ამ ფილმში მოხვდა მედეა ვასაძის ინციდენტიც, - შარშან, 24 ივნისს, "ქართული ოცნების" აქტივისტს, რომელსაც უშვილობის პრობლემა ჰქონდა, სცემა უმაღლესი საბჭოს შენობაში. ის ქალბატონი წინასაარჩევნოდ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ოპერაცია ძალიან ძვირი ღირდა და ივანიშვილს სთხოვა, დახმარებოდა. ამის მერე ამ ქალბატონს დაურეკა მედეა ვასაძემ, - თქვენთვის საჩუქარი მაქვს და წასაღებად მობრძანდითო. ქალბატონი მივიდა. საჩუქარი აღმოჩნდა საბავშვო ველოსიპედი. ადამიანი უშვილობის პრობლემის მოგვარებას ითხოვდა და ველოსიპედი აჩუქეს! თუმცა ველოსიპედი მაინც გამოურთმევია. ცოტა ხანში ისევ მისულა მედეა ვასაძესთან და უთხოვია, - მოსული საბუთები მაჩვენეთო, რადგან უფიქრია, მხოლოდ ველოსიპედი არ იქნება გამოგზავნილიო. ქალბატონი ამბობს, - როდესაც მედეას ველაპარაკებოდი, მან იეჭვა, რომ მის საუბარს ვიწერდი და მცემაო.

ფილმში ამ ფაქტზეც გვქონდა ლაპარაკი, რადგან მედეა ვასაძე არის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. პროკურატურა ამ საქმეს უკვე 11 თვეა, იძიებს. რად უნდა ამას ამდენი ძიება? აშკარაა, რომ სხვა რაღაც ხდება. ჩვენ ფარულად ჩავწერეთ ამ საქმის ყოფილი პროკურორიც, რომელმაც გვითხრა, - გამოძიება აშკარად გაჭიანურებულია, ის დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყოო. ჩავწერეთ მოწმეებიც, მათ შორის ვასაძის ქმრის ყოფილი მძღოლი (ქალბატონმა მედეამ გათხოვებისთანავე დაასაქმა საკუთარი ქმარი უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად). მოწმე დაწვრილებით მოგვიყვა, თუ როგორ წაშალეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა დაზარალებული ქალბატონის უმაღლეს საბჭოში მისვლა, გაწევ-გამოწევა და სხვ.

- ეს ყველაფერი გავიდა ტელევიზიით და ამან განარისხა მედეა ვასაძე?

- მედეა ვასაძემ ფილმის დასრულებიდან 20 წუთში დამირეკა. ტელეფონი ჩავრთე ჩაწერაზე და გავაკეთე ის ჩანაწერი, რომელიც ყველამ მოისმინა. ეს ქალბატონი მემუქრება, რომ პროკურატურა დაინტერესდება ჩემი საქმიანობით, დაიწყებს ჩემს წინააღმდეგ მუშაობას და სხვ.

- ჩანაწერში მედეა ვასაძე გეკითხებათ, გყავთ თუ არა ცოლი...

- სრულიად ალოგიკურად დამისვა ეს კითხვა. როდესაც ვუპასუხე, არა-მეთქი, მითხრა, - საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს, ქალაქში შენზე ცუდი ხმები დადის, შენი ორიენტაცია საეჭვოაო. ანუ ამ ქალბატონმა ვითომ დამაშინა, რომ გამივრცელებს ხმას, თითქოს ვარ "გეი", არატრადიციული ორიენტაციისა და ამით რეპუტაციას შემიბღალავს. არ დაგავიწყდეთ, ამას მეუბნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

- ვასაძის ამ განცხადების მერე მართლაც ხომ არ დაგიკავშირდნენ პროკურატურიდან?

- პირიქით, იქით დავუკავშირდი პროკურატურას და შევიტანე სარჩელი მედეა ვასაძის წინააღმდეგ, რომ ის ხელს მიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში. აგრეთვე ჩავთვალე, რომ არსებული სატელეფონო ჩანაწერი შეიცავდა სხვა ტიპის დანაშაულსაც: მაგალითად, ჩანაწერში ვასაძე ასაჯაროებს მოქალაქის მიერ გაგზავნილი წერილის შინაარსს. ამის უფლება საჯარო მოხელეს არა აქვს. ეს ყველაფერი ვაცნობე პროკურატურას.

- გაქვთ იმედი, რომ პროკურატურა საქმეს გამოიძიებს?

- წინა საქმეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არა. ეს არ ყოფილა პირველი მსგავსი ინციდენტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან. "ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება და დაგმო ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. მაგალითად "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სულხან ღლონტი ამბობს, რომ მედეა ვასაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა, ეს ფაქტი დაგმო კახი კალაძემ, აგრეთვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.

- თვითონ მედეა ვასაძემ თუ გააკეთა განცხადება?

- როდესაც აუდიოჩანაწერი გავავრცელე, მან ჟურნალისტებს განუცხადა, უბედნიერესი ქალი ვიქნები, როცა ჯაბას ფეხქვეშ გავიგდებო. გარდა ამისა, თქვა, - ჯაბა ჩვენგან დაჟინებით მოითხოვდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასო(?!). მსგავსი რამ არ ყოფილა. ეს მარტოოდენ იმიტომ ვერ იქნებოდა, რომ უმაღლეს საბჭოს ამის კომპეტენცია არ გააჩნია. ამის გამო სასამართლოსთვის სარჩელს ვამზადებ.

ამ თემაზე კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ვთხოვეთ:

ეკა ციმაკურიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: - მაღალი თანამდებობის პირების ჟურნალისტებთან ამგვარი ურთიერთობა ყოველთვის შეფასდება მედიის დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევად. ასეთი ქცევა საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების მხრიდან თვითცენზურას, ასევე, წარმოადგენს ხელშემწყობ პირობას სხვა, უფრო დაბალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის, რომ მათაც ისეთივე დამოკიდებულება იქონიონ ჟურნალისტებთან.

მალხაზ ჭკადუა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": - უნდა დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტზე ზეწოლის და მუქარის გამო, რადგან ეს ჩანაწერი აშკარად შეიცავს გარკვეული კანონდარღვევის ნიშნებს. ვიცით, რომ უმაღლეს საბჭოში გაიმართა თათბირი. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი მასალკინმა განაცხადა, რომ ერთი კვირა მისცეს მედეა ვასაძეს გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა რას გადაწყვეტს (დატოვებს თანამდებობას, შეუჩერდება დეპუტატის უფლებამოსილება), ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ ჟურნალისტებთან ასეთი ურთიერთობა არ ესადაგება არანაირ ჩარჩოს და კარგი იქნება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამას გაითვალისწინებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ მედეა ვასაძეს, რომელიც მხოლოდ მცირე ინტერვიუზე დაგვთანხმდა:

- ჩანაწერი მეც მაქვს. მასთან საუბარს მეც ვიწერდი, ვინაიდან ვიცოდი, რომ ის მას ჩაიწერდა.

- თქვენ საუბრისას ჯაბას ეუბნებით, რომ ქალაქში მასზე დადის ხმები...

- მე ჯაბას ვუთხარი, შენ ისე მოუმზადებლად, მიკერძოებულად და საშინელი ცინიზმით აკეთებ ფილმს, უმაღლესი საბჭოს წევრთა ინტერვიუებს ისე ამონტაჟებ, რომ გარკვეულწილად მიგყავს მიუღებელ დასკვნებამდე. შემდეგ დავუსვი კითხვა - შენზეც დადის ქალაქში ხმები და შეიძლება ეს დავიჯერო-მეთქი?

- ეკითხებით, ჰყავს თუ არა მას ცოლი. ამ კითხვით რისი თქმა გსურდათ?

- მე არ ვიცი მისი პირადი ცხოვრება, თორემ ამ კითხვას არ დავუსვამდი.

- რატომ დაინტერესდით მისი ოჯახური მდგომარეობით?

- იმიტომ, რომ ამ ტიპის კითხვას ვსვამდი, ამ კითხვასთან იყო ჩემი კითხვა ბმაში. მე ვკითხე, - ჯაბა, შენ ცოლი გყავს-მეთქი?

- ჯაბას რომ ეთქვა, - დიახ, მყავსო, ეს რამეს შეცვლიდა?

- შეიძლება ცოლი გყავდეს, მაგრამ მაინც გქონდეს საეჭვო მიხვრა-მოხვრა. ეს იყო ჩემი და ჯაბას პრივატული საუბარი, რომლის გასაჯაროებასაც არ ვაპირებდი.

- ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ ბედნიერი იქნებით, თუ ჯაბას ფეხქვეშ გაიგდებთ.

- ფეხქვეშ გავიგდებდი და ამით ბედნიერი ვიქნებოდი - ეს მე არ მითქვამს. ვერ გეტყვით, როგორ დაამონტაჟეს.

- თქვენი საქციელი დაგმეს კახი კალაძემ, არჩილ ხაბაძემ, გიორგი მასალკინმა. ითქვა, რომ თქვენს საკითხს განიხილავს უმაღლესი საბჭო.

- ვერავინ ვერაფერს ვერ განიხილავს. ვერავინ მაიძულებს, ვინმეს ბოდიში მოვუხადო, მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. მე ვერც გადამაყენებენ, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თანაც ამას სჭირდება მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელიც არ გამოუვათ. თუკი მასალკინს, სულხან ღლონტს და დავით ბაციკაძეს უნდათ ჩემი გადაყენება, ისინი უნდა შევიდნენ გარკვეულ კოაბიტაციაში "ნაციონალებთან", რომ მიიღონ ის ციფრი, რაც სჭირდება ჩემს გადაყენებას.

ლადო გოგოლაძე