"ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი" -ბავშვობა, რომელიც აღარ განმეორდება! - კვირის პალიტრა

"ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი" -ბავშვობა, რომელიც აღარ განმეორდება!

დიდხანს იცოცხლა, ძალიან ბევრი რამ დაწერა, ძალიან ბევრი ფული იშოვა. ერთ ლექციაში იმაზე მეტს უხდიდნენ, ვიდრე სხვას მთელ რომანში, მაგრამ ის მაინც "ტომ სოიერისა" და "ჰაკ ფინის" ავტორად დარჩა

როდესაც მთარგმნელთა მრავალწლიანი შეცდომა გავასწორეთ და "ბიძია თომად" წოდებულ პერსონაჟს ავტორისეული სახელი დავუბრუნეთ, ზოგიერთ მკითხველს ეს არ მოეწონა. ერთმა დარეკა და პირდაპირ განგვიცხადა, თქვენ ბავშვობა წამართვითო(?!). ამიტომ ბევრი ვიფიქრე, მაგრამ რა ვქნა, სიმართლე უმთავრესია და უნდა ვთქვა: მხოლოდ რუსულ გამოცემებში ჰქვია მარკ ტვენის ცნობილ რომანსა და პერსონაჟს ჰეკლბერი (ჰეკი), ხოლო ორიგინალსა და ყველა ენაზე ნორმალურ თარგმანში ჰაკლბერი (ჰაკი) (ინგლ. Huckleberry (Huck); ჰაკლბერი ჩრდილო ამერიკაში გავრცელებული კენკრაა, 1835 წლიდან ამერიკულ სლენგში დამკვიდრდა როგორც უმნიშვნელო კაცის აღმნიშვნელი სიტყვა და მეც ასე მოვიხსენიებ.

მაშ, ასე - მარკ ტვენი და "ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი"! წიგნი, როგორიც აღარასოდეს დაიწერება იმიტომ, რომ მასში არის: ამერიკა, რომელიც "გათავდა"! ბავშვობა, რომელიც აღარ განმეორდება! ტომ სოიერი და ჰაკლბერი ფინი, რომლებთან "ძმაკაცობაზეც" ყველა ნორმალური ბიჭი იოცნებებს,  აღარ არიან!..

ჰოდა, რა იყო ნეტავ ეს - ავტორის უსაზღვრო ნიჭიერების გამოვლინება? ანუ ის, რომ მარკ ტვენი "ხუთეულში" შეჰყავს მკითხველთა უმრავლესობას მთელ მსოფლიოში? ალბათ, ესეც, მაგრამ არა მხოლოდ ეს - მარკ ტვენმა, ესოდენ წარმატებული "ტომ სოიერის თავგადასავლისა" და "ჰაკლბერი ფინის თავგადასავლის" შემდეგ, ხომ დაწერა "ჰაკი და ტომი ინდიელებს შორის", "ტომ სოიერი - დეტექტივი", "ტომ სოიერი საზღვარგარეთ", "ტომ სოიერის შეთქმულება"... ყველამ შეიძლება არც იცით ეს ნაწარმოებები, თუმცა, ბევრიც არაფერი დაგიკარგავთ.

მაშ, რაშია საიდუმლო - შედევრების შემდეგ ნიჭი "შემოაკლდა" ავტორს? ვფიქრობ, აქ პასუხის გაცემა უადვილესია: "ტომ სოიერის თავგადასავალსა" და "ჰაკლბერი ფინის თავგადასავალში" მარკ ტვენი საკუთარი თვალით ნანახსა და განცდილს წერდა, მას თავადაც ზუსტად ისე უსჯიდნენ მესრის შეთეთრებას, როგორც ტომს და თვითონაც ზუსტად ისევე ეწეოდა მოპარულ თამბაქოს, როგორც ჰაკი; ის "პირადად იცნობდა" დეიდა პოლისაც, მოსამართლესაც, ჰაკის ლოთ და ნაძირალა მამასაც და, ცხადია, ბეკი ტეთჩერიც მისი შეყვარებული იყო.

1835 წლის 10 ნოემბერს პატარა ქალაქ ფლორიდაში დაიბადა, მისურის შტატში. მამამისის გაკოტრების გამო ფერმერობას, უკეთეს შემთხვევაში, პლანტატორობას გადაურჩა, რადგან, რომ არა XIX  საუკუნის 30-იანი წლების ფინანსური კრიზისი, მამამისი, ჯონ კლემენსი,  მიყრუებულ ტენესის შტატში ველების, ტყეებისა და წყალსატევების მფლობელად დარჩებოდა და მისი ვაჟებიც, ალბათ,  მდიდარი პლანტატორები გახდებოდნენ და მარკ ტვენის (რაღა მარკ ტვენის, მაშინ ხომ მხოლოდ სემუელ კლემენსად დარჩებოდა) "მწერლობაც" მამულის ანგარიშების შედგენით შემოიფარგლებოდა.

მაშ, ასე, ჯონ კლემენსი ოჯახიანად აიყარა და ქალაქს მიაშურა.  თუმცა, არც ფლორიდაში გაუმართლა, იქიდანაც წავიდნენ და მისისიპის ნაპირზე მდებარე ქალაქ ჰანიბალში დასახლდნენ.

როგორც დიდი ამერიკელი მწერლების უმრავლესობამ, მარკ ტვენმაც ჟურნალისტობით დაიწყო, თუმცა, წერა მას "გვერდით შემოსავლად" სჭირდებოდა, რადგან სამდინარო ნაოსნობაზე ოცნებობდა - ორი წელი იცურა კიდეც, მაგრამ როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა მწერლობა, ბავშვობისა და სიჭაბუკის ოცნებას ხარკი იმით გადაუხადა, რომ სემუელ ლენგჰორნ კლემენსი მარკ ტვენად იქცა, მარკ ტვენი კი სამდინარო ნაოსნობაში ძალზე ორიგინალური ტერმინი იყო: "By the maaa-ark, twain!" - ასეთი საგანგაშო შეძახილი ისმოდა გემზე, როდესაც სიღრმის გაზომვისას მანძილი გემის ძირსა და მდინარის ფსკერს შორის სახიფათო - ორფუტიან ნიშნულზე ნაკლები დაფიქსირდებოდა.

მარკ ტვენმა თავისი რამდენიმეათასგვერდიანი ავტობიოგრაფიის დიდი ნაწილის გამოქვეყნების უფლება შთამომავლებს სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ უანდერძა. 2010 წელს შესრულდა ეს თარიღი. იმედია, მალე ქართველ მკითხველსაც მიეცემა მისი სრული ავტობიოგრაფიის გაცნობის საშუალება. ის კი, რაც უკვე ვიცით მისი ბავშვობიდან, ტომისა და ჰაკის თავგადასავლების ცხოვრებისეულ სინამდვილეზე მეტყველებს: დეიდა პოლი - მარკ ტვენის დედა, ჯეინ კლემენსი, ღრმა სიბერემდე შვილის საუკეთესო მეგობარი იყო; ტომის მეზობლის მონა ზანგი - კლემენსების მონა ზანგი სენდია; ბიძამისის ფერმა "ჰაკლბერი ფინის თავგადასავლიდან" მართლა ბიძამისის ფერმაა; ტომის მომაბეზრებელი სკოლა და მასწავლებლებიც ნამდვილია და რაც მთავარია, ჰაკლბერი ფინი სინამდვილეში მისი ბავშვობის მეგობარი ტომ ბლენკენშიპია.

დიდხანს იცოცხლა, ძალიან ბევრი რამ დაწერა, ძალიან ბევრი ფული იშოვა. ერთ ლექციაში იმაზე მეტს უხდიდნენ, ვიდრე სხვას მთელ რომანში, მაგრამ ის მაინც ტომ სოიერისა და ჰაკ ფინის ავტორად დარჩა.

მრავალი წლის წინ ერთ ჟურნალში ვწერდი:

ას წელზე მეტი გავიდა, ბევრჯერ ასი კიდევ გაივლის და ჩვენი შთამომავლები, როგორი ტექნოლოგიური მიღწევებითაც უნდა სარგებლობდნენ, მაინც ამ პატარა ბიჭების თავგადასავლებიდან ისწავლიან მეგობრობას, ურთიერთგატანას, გულადობასა და სიყვარულს.