სიბერის მდგმურები - კვირის პალიტრა

სიბერის მდგმურები

რეპორტაჟი ქიზიყის ხანდაზმულთა პანსიონატიდან

აქ სტუმარი იშვიათად მოდის. მოხუცების ახლობლებიც  იშვიათად ჩნდებიან

რამდენიმე დღის წინ მშობლიურ ქიზიყს ვსტუმრობდი. სიმწვანეში ჩაფლულ ხევის უბანს მივუყვები და მიტოვებულ სახლებს ვითვლი. ბაზართან ახლოს აგურით ნაშენ სახლს შევხედე და ბავშვობის დროინდელი მოგონებები შავ-თეთრი კადრებივით გაცოცხლდა. ერთ დროს ამ სახლში სოფლის კოლორიტი -„ვარლამიჩი ცხოვრობდა. სახლი, საიდანაც ყოველთვის მხიარული ხმა მესმოდა, დღეს დაკეტილია. ვარლამიჩი“ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, შვილები და მეუღლე კი საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. ქვემოთ კიდევ ერთი მიტოვებული სახლია. აქ თამარა ბაბო ცხოვრობდა, ჩემი საბავშვო ბაღის მზარეული...

მოგონებებით გართული სოფლის მთავარ სიამაყეს, ისტორიულ ბაზარს მივუახლოვდი. ამ ბაზრის წინ ძველი უნივერმაღის შენობა დგას, რომელიც წლების წინ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრად გადააკეთეს. შენობის წინ სკამზე ჩამომჯდარი ორი ჭაღარა მოხუცი შევნიშნე, შიგნიდან კი დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა ისმის. დღეს ამ შენობაში ხანდაზმულთა პანსიონატია...

კართან პანსიონატის დირექტორი ლეილა ბოქოლიშვილი მეგებება. სოფელში ამ ქალბატონს ყველა იცნობს. ათას ჭირვარამგამოვლილი, ცხოვრებას არასდროს დანებებია. 76 წლის არის, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას შეშურდება მისი ენერგია და ენთუზიაზმი. ობლობაში გაზრდილს, ახალგაზრდობაშიც არ გაუმართლა - მეუღლე და ორი შვილი დაკარგა. ერთი შვილი დარჩა, ბიჭი, პირველი ჯგუფის ინვალიდი... იმედი მაინც არასდროს დაუკარგავს და ასაკის მიუხედავად, დღესაც სხვებზე ზრუნავს...

ლეილა ბოქოლიშვილი: - ყოველთვის მინდოდა, იმ მარტოხელა მოხუცებზე მეზრუნა, რომლებსაც უკიდურესად უჭირდათ და საჭმლის ფული არ ჰქონდათ. ოთხი წლის წინ კერძო პანსიონატი გავხსენი, საკუთარი სახსრებით ვაცხოვრებდი და ვკვებავდი რამდენიმე მოხუცს, მაგრამ მერე ფინანსურად გამიჭირდა... მითხრეს, რომ დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში უნდა მივსულიყავი... მოკლედ, ჩამოვაყალიბე სათემო ორგანიზაცია "უზრუნველი სიბერე". ახლა თითოეულ ბენეფიციარზე სახელმწიფო 480 ლარს გვირიცხავს.

„ცხოვრება ასეთია, არავინ იცის, სიბერეში ვის რა ელის...“

აქ მხოლოდ 12 ბენეფიციარია. პატარა შენობაა, მაგრამ ოჯახური გარემოა. მოხუცები ყოველდღე იხსენებენ ახალგაზრდობის წლებს. ერთ დროს ისინიც ხომ წარმატებული და ბედნიერი ადამიანები იყვნენ...

- სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ამ კედლებში გავატარებთ. დამტირებელიც არ გვეყოლება, ერთმანეთის იმედი გვაქვს მხოლოდ, - მეუბნება მოხუცი ქალბატონი...

მოხუცები დილით, 10 საათზე, საუზმობენ. მერე თავს ჭადრაკითა და ნარდით ირთობენ. დაწესებულებაში სამი უსინათლო მოხუცია, რომლებიც საწოლიდან წამოდგომას ვერ ახერხებენ. აქ სტუმარი იშვიათად მოდის. მოხუცების ახლობლებიც  იშვიათად ჩნდებიან.

მისაღებში, დივანზე ჩამომსხდარი მოხუცები თბილად მესალმებიან.

- ეჰ, შვილო, რამდენი მაქვს მოსაყოლი, - მეუბნება ჭაღარა ქალბატონი და თავის ოთახში მეპატიჟება.

ლიანა ფაშალიშვილი, 81 წლის: - არავინ იცის, სიბერეში ვის რა ელის... ქიზიყში დაბადებული და გაზრდილი ვარ. უმაღლესის დამთავრების შემდეგ ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში 25 წელი ვიმუშავე.  სამსახურიდან ვარკეთილში ოთხოთახიანი ბინა მივიღე. ერთადერთი ვაჟი 17 წელი ხდება, რაც ინსულტით გარდამეცვალა... სამი შვილიშვილი დამრჩა მისგან, სამივე დაოჯახებულია.

- აქ როგორ აღმოჩნდით?

- 90-იან წლებში, როცა ცხოვრება გაჭირდა, ჩემმა ბიჭმა ბიზნესი წამოიწყო. უცხოეთიდან სიგარეტი შემოიტანა, პროცენტიანი ვალი ისე აუღია, რომ არაფერი უთქვამს. არ გაუმართლა... მერე პროცენტის გადახდას ვეღარ ახერხებდა და დასდევდნენ... მისი გარდაცვალების შემდეგ მევალემ მომაკითხა... ავეჯით სავსე სახლი 6 ათას დოლარად დავუტოვე...  მერე გაზეთში განცხადება ვნახე, მცხეთაში მარტოხელა დედისთვის ასაკოვან ქალბატონს ეძებდნენ, ხმის გამცემი რომ ჰყოლოდა. შვიდი წელი ვიცხოვრე მცხეთაში, მერე ფეხი მომტყდა და რამდენიმე თვე თბილისში ვმკურნალობდი, საავადმყოფოში.

შვილიშვილები დაოჯახებული არიან, ვიწროდ ცხოვრობენ. მითხრეს, ქირით გაცხოვრებთო, მაგრამ უარი ვუთხარი - თავიანთი ოჯახები ჰყავთ და მე ზურგზე როგორ დავაწვე-მეთქი. თბილისში ხანდაზმულთა პანსიონატში ადგილი არ იყო. მერე სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით აქ მოვხვდი. ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ოჯახური და თბილი გარემოა...

მეორე ოთახში ოთხი ხანდაზმული ქალბატონი მხვდება. ერთ-ერთი მიხსნის, რომ თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალიშვილთან ერთად დევნილების სახლში ცხოვრობდა, შენობის პრივატიზაციის შემდეგ 5 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვეს, მაგრამ უსახსრობის გამო ბინის დათმობამ მოუწია: - "30 წელი პოლიკლინიკაში ექთანად ვმუშაობდი, ბედნიერი ქალი ვიყავი, ახლა კი უსახსროდ დარჩენილს ეს ადგილი მექცა თავშესაფრად", - მითხრა მან.

მეორე ქალბატონის შვილი მოსკოვშია წასული ოჯახთან  ერთად, სახლში მარტო ყოფნას აქ მოსვლა არჩია.

მესამე ქალბატონი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პანსიონატში გერმა მოიყვანა...

მათ გვერდით ოთახში 75 წლის უსინათლო მოხუცი ლოგინად არის ჩავარდნილი.

"არ ვნანობ, რომ მოვკალი..."

მალე ერთი წელი გახდება, რაც 73 წლის სულიკო ხუციშვილი პანსიონატში ცხოვრობს. მეუღლის მკვლელობისთვის 2009 წელს 16 წელი მიუსაჯეს, მაგრამ სამი წელი მოიხადა... თვალისჩინი ციხეში დაკარგა.

სულიკო ხუციშვილი: - დიდ მანქანაზე ვიჯექი, მძღოლი ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება ხან სად დავდიოდი, ხან - სად. მეუღლესთან ერთად 46 წელი ვიცხოვრე. ორი ვაჟი გაგვიჩნდა. ოჯახს არაფერს ვაკლებდი. რამდენიმე წლის წინ დიაბეტი აღმომაჩნდა. ვიცოდი, რომ მუშაობას ვეღარ შევძლებდი, თან უკვე ამხელა გზაზე სიარულიც მიჭირდა. თანხის მოგროვება დავიწყე. ვფიქრობდი, პატარა ავტომობილებს შევიძენ, რამეს წამოვიწყებ და უზრუნველი სიბერე გვექნება-მეთქი. სამი წლის განმავლობაში თანხას ვაგროვებდი. საბოლოოდ 20 ათას დოლარს მოვუყარე თავი. ბოლო რეისზე რომ მივდიოდი, ფული მეუღლეს დავუტოვე. ბოლო რეისიდან საგარეჯოში რომ დავბრუნდი, ფული მოვიკითხე. ერთი თეთრი აღარ ჰქონდა... წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა...

- ალბათ, შვილებს მისცა, ან სახლისთვის შეიძინა რამე...

- ორი სახლი გვქონდა, ორივე კარგად მოწყობილი. სახლისთვის არაფერი შეუძენია, სად წაიღო ფული, ვერ გავიგე. ვეღარ მოვითმინე და  კეტით ვცემე. ისეთი გამწარებული ვიყავი, ვეღარ ვაზროვნებდი... შემომაკვდა... რომ გავაცნობიერე, რაც ჩავიდინე, მერე სახლს წავუკიდე ცეცხლი...

- შვილები სად იყვნენ ან ახლა სად არიან?

- მას შემდეგ მათი ასავალ-დასავალი დავკარგე. ეგ არის, ყველაფერი გაყიდეს. ძალიან რთული ბავშვობა გავიარე. "პრიუტში" ვიზრდებოდი, მერე საგარეჯოელმა ცოლ-ქმარმა მიშვილა. საიდან ვარ წარმოშობით და ვინ არიან ჩემი მშობლები, ეგეც არ ვიცი... მიმძიმს ამ თემაზე საუბარი...

- ბატონო სულიკო, ალბათ, ნანობთ...

- მეუღლის მოკვლას არ ვნანობ... რაც მოხდა, მოხდა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო...

- აქ როგორ მოხვდით?

- ციხიდან რომ გამოვედი, წასასვლელი არსად მქონდა. მერე აქ მომიყვანეს.

ავლაბრელი გენერალი

გენერალი ბორია გაზაროვი ავლაბარშია დაბადებული და გაზრდილი. ჩერნობილში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა... ხუთი წლის წინ სახლი გაყიდეს და მეუღლე რუსეთში გათხოვილ გოგონასთან გაუშვა. ფული მას გაატანა, თვითონაც იქ აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ ბორიას მეუღლე გზაში გარდაიცვალა, ოჯახს კი ეს ამბავი ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს. ამბობს, რომ მიცვალებული გაძარცული დახვდათ. რამდენიმე წელი ქირით ცხოვრობდა, ბოლოს აქ გადაწყვიტა წამოსვლა. წარსულს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს. მებოდიშება და ოთახიდან გადის...

ერთი საათი დავყავი პანსიონატში. წამოსვლის წინ მოხუცებმა პირობა დამადებინეს, რომ სოფელში ჩასვლისას კიდევ ვესტუმრები...

ისევ სიმწვანეში ჩაფლულ ხევის უბანს მივუყვები, ისევ მიტოვებული სახლები და ახლა უკვე - მარტოხელა, მივიწყებული  მოხუცები...

თორნიკე ყაჯრიშვილი