დევნილის ჩანაწერები - კვირის პალიტრა

დევნილის ჩანაწერები

"Знакомтесь, это типичная грузинка"

თამარ ოდიშარიას სოხუმში ყველა იცნობდა. შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლიდან ვინ იცის, რამდენი თაობა გააცილა. 1990 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა პირველი იერიში სწორედ ამ სკოლაზე მიიტანეს.

თამარ ოდიშარია იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქკომის მდივანი და სტალინის მიერ მოწვეული უკანასკნელი საკავშირო ყრილობის დელეგატი. ქართველი ქალბატონი სტალინმა ესპანეთის დელეგაციას ასე წარუდგინა: Знакомтесь, это типичная грузинка! აფხაზეთში, საკუთარ აგარაკზე ჩასულმა სტალინმა ქალი ორჯერ მიიწვია. ქართულად საუბრობდნენ. სტალინი სოხუმის მოსახლეობის რაოდენობით დაინტერესებულა...

თამარ ოდიშარიას სკოლა  და სოხუმი ომის ბოლო წუთებამდე არ მიუტოვებია. 27 სექტემბერს ალყაშემორტყმულ მთავრობის სახლში შესულმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩამოჰყავდათ კიბეზე ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მიშა კოკაია... მაშინ დარწმუნდა, რომ გაქცევის გარდა, საშველი აღარ ჰქონდა, სოხუმი სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა, სიკვდილისთვის უნდა გაესწრო.

დაცემული სოხუმიდან გულრიფშისკენ ფეხით იარა. ძლივს  მიაღწია ნავმისადგომამდე. იქ თამარ მასწავლებელი ყოფილმა მოსწავლეებმა იცნეს  და კატარღით ზღვის სიღრმეში მდგარ ხომალდამდე მიიყვანეს.

ხიზნის მძიმე ცხოვრებით იცხოვრა. ჯერ თვალისჩინი დაკარგა, მერე ყველაზე ძვირფასი - ერთადერთი ვაჟი!.. ამ უბედურების შემდეგ სიცოცხლემ აზრი დაკარგა... ერთ დღეს, როდესაც შინ თავი მარტო დაიგულა, სქელი თავშლით თავი მაგრად შეიხვია, ლოჯიის ვიწრო აივანზე გავიდა და... მაღალი სართულიდან გადაეშვა!.. სოხუმიდან შორს, შვილის გვერდით პოვა სამუდამო განსასვენებელი უმშვენიერესმა ქალბატონმა, რომლის სილამაზე თავის დროზე სტალინსაც კი აოცებდა...

"ღვთაებიდან" დანახული ჰორიზონტი...

1993 წლის 27 სექტემბერს უკრაინული ხომალდის გემბანიდან გავყურებდი ალმოდებულ სოხუმს... თითქოს ცას უნდა წაჰკიდებოდა ცეცხლი, ზღვა კი საოცრად მშვიდი იყო!.. როდესაც გემი გულრიფშის ნავმისადგომს მოშორდა და ზღვის სიღრმეში შეცურა, ვიგრძენი, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასს დავემშვიდობე!..

მას შემდეგ ოცი წელია, ზღვა არ მინახავს. მინდოდა, კვლავ სოხუმში შევხვედროდით ერთმანეთს. შარშან ბათუმში ჩასულმა თითქოს ვნახე და ვერც ვნახე - სოხუმის ყურეში შემოჭრილი შავი ზღვა არ ჰგავს ბათუმისას...

ყოველ კვირას მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტერში დავდივარ წირვაზე. იქ ერთი ადგილია, სადაც ლიტურგიის შემდეგ განვმარტოვდები ხოლმე - მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით ჰორიზონტი იშლება - საოცრად ნაცნობი პანორამა. შორია მარტყოფიდან შავი ზღვის ნაპირებამდე, მაგრამ იქიდან თითქოს ჩემი მზისფერი სამკვიდრო ჩანს!..