დევნილის ჩანაწერები
23-06-2014
დევნილის ჩანაწერები
"Знакомтесь, это типичная грузинка"

თამარ ოდიშარიას სოხუმში ყველა იცნობდა. შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლიდან ვინ იცის, რამდენი თაობა გააცილა. 1990 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა პირველი იერიში სწორედ ამ სკოლაზე მიიტანეს.  
თამარ ოდიშარია იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქკომის მდივანი და სტალინის მიერ მოწვეული უკანასკნელი საკავშირო ყრილობის დელეგატი. ქართველი ქალბატონი სტალინმა ესპანეთის დელეგაციას ასე წარუდგინა: Знакомтесь, это типичная грузинка! აფხაზეთში, საკუთარ აგარაკზე ჩასულმა სტალინმა ქალი ორჯერ მიიწვია. ქართულად საუბრობდნენ. სტალინი სოხუმის
მოსახლეობის რაოდენობით დაინტერესებულა...
თამარ ოდიშარიას სკოლა  და სოხუმი ომის ბოლო წუთებამდე არ მიუტოვებია. 27 სექტემბერს ალყაშემორტყმულ მთავრობის სახლში შესულმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩამოჰყავდათ კიბეზე ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მიშა კოკაია... მაშინ დარწმუნდა, რომ გაქცევის გარდა, საშველი აღარ ჰქონდა, სოხუმი სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა, სიკვდილისთვის უნდა
გაესწრო.

დაცემული სოხუმიდან გულრიფშისკენ ფეხით იარა. ძლივს  მიაღწია ნავმისადგომამდე. იქ თამარ მასწავლებელი ყოფილმა მოსწავლეებმა იცნეს  და კატარღით ზღვის სიღრმეში მდგარ ხომალდამდე მიიყვანეს.
ხიზნის მძიმე ცხოვრებით იცხოვრა. ჯერ თვალისჩინი დაკარგა, მერე ყველაზე ძვირფასი - ერთადერთი ვაჟი!.. ამ უბედურების შემდეგ სიცოცხლემ აზრი დაკარგა... ერთ დღეს, როდესაც შინ თავი მარტო დაიგულა, სქელი თავშლით თავი მაგრად შეიხვია, ლოჯიის ვიწრო აივანზე გავიდა და... მაღალი სართულიდან გადაეშვა!.. სოხუმიდან შორს, შვილის გვერდით პოვა სამუდამო განსასვენებელი უმშვენიერესმა ქალბატონმა, რომლის სილამაზე თავის დროზე სტალინსაც კი აოცებდა...

"ღვთაებიდან" დანახული ჰორიზონტი...


1993 წლის 27 სექტემბერს უკრაინული ხომალდის გემბანიდან გავყურებდი ალმოდებულ სოხუმს... თითქოს ცას უნდა წაჰკიდებოდა ცეცხლი, ზღვა კი საოცრად მშვიდი იყო!.. როდესაც გემი გულრიფშის ნავმისადგომს მოშორდა და ზღვის სიღრმეში შეცურა, ვიგრძენი, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასს დავემშვიდობე!..

მას შემდეგ ოცი წელია, ზღვა არ მინახავს. მინდოდა, კვლავ სოხუმში შევხვედროდით ერთმანეთს. შარშან ბათუმში ჩასულმა თითქოს ვნახე და ვერც ვნახე - სოხუმის ყურეში შემოჭრილი შავი ზღვა არ ჰგავს ბათუმისას...
ყოველ კვირას მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტერში დავდივარ წირვაზე. იქ ერთი ადგილია, სადაც ლიტურგიის შემდეგ განვმარტოვდები ხოლმე - მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით ჰორიზონტი იშლება - საოცრად ნაცნობი პანორამა. შორია მარტყოფიდან შავი ზღვის ნაპირებამდე, მაგრამ იქიდან თითქოს ჩემი მზისფერი სამკვიდრო ჩანს!..
მანანა
25 ივნისი 2015 14:55
უკვე მერამდენე წელი გავიდა....ქალბატონი თამარი, მკაცრი და ულამაზესი ქალბატონი! ასეთები იშვიათად იბადებიან...ბატონო დავით, მინდა გითხრათ, რომ თქვენ სოხუმში მართლაც გარბენით ხართ ნამყოფი...შეგვეჯიბროს ვინმე ქართული ენის ცოდნაში...მით უმეტეს პირველსკოლელებს. თქვენ სახით ვერ არჩევდით აფხაზს, სომეხს და ბერძენს, რომლებიც რუსულად მეტყველებდნენ და ყველანი ქართველები გეგონათ, ამიტომ თვლიდით რომ იქ აფხაზეთში არავინ არ ლაპარაკობდა ქართულად...სიღრმე გაკლდათ აფხაზეთის მაცხოვრებლებთან ურთიერთობაში...ამიტომ იოლად შეეგუეთ ომს და ამ ოაზისის დაკარგვასაც.....
ქეთევან
28 ივნისი 2014 01:58
გითანაგრძნობთ დავით! რაღაც ბოღმა გახრჩობთ და სავარაუდოდ პირველი სკოლა არ მოგდიოდათ თვალში. ვინ არ იცოდა ქართული! არ გამაგიჟოთ. ქალბ. ცაცა პაპაცკირს არ იცნობდით ეტყობა. დამიდექით გვერდით და ვინ ილაპარაკებს გამართული ქართულით იმასაც ვნახავ. რაც შეეხება ქალბ. თამარ ოდიშარიას ნათელში ამყოფოს ღმერთმა და ყველა პირველი სკოლის გარდაცვლილი მასწავლებელი. სურათი მართლა კარგი იქნებოდა რადგანაც მართლა დიდებული გარეგნობის ქალბატონი იყო და შეუდარებელი სასწავლო ნაწილის გამგე. ვისაც გახსოვთ მისი ფრაზა -ალოოო! მომხედე აქეთ... როცა ვბრაზდებოდი ჩემს შვილზე ასე მივმართავდი ხოლმე ან თუ ვინმე თინეიჯერს თუ ჩემი ნათქვამი არ ესმოდა. მაგრა ჭრიდა)))))
იზა ოდიშარია
26 ივნისი 2014 19:33
კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დაასრულა სიცოცხლე ამ მშვენიერმა ქალბატონმა.

რედაქტორის რჩევით