"ვაი, რომ პუტინის მომრევ ფალავანს, ვერა ვხედავ!.." - კვირის პალიტრა

"ვაი, რომ პუტინის მომრევ ფალავანს, ვერა ვხედავ!.."

წელს მერაბ ელიოზიშვილი 80 წლის გახდებოდა

"მეჩვენება ჩემი სახლი... იქიდან თითქოს მურიას გამოყოფილი აქვს თავი და - როდის ჩამოხვალო, მელოდება!"

ამას წინათ ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

წელს, მერაბ ელიოზიშვილი 80 წლის გახდებოდა. მინდა რამდენიმე ფრაგმენტი გავიხსენო მისგან ჩაწერილი საუბრებიდან. ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე და რაკი სიმბოლურიცაა, ვიხსენებ: აპარატს ვიღებ. ფოტო უნდა გადავუღო... ვისაუბრეთ და იმდენი ტკივილი გაიახლა იმდენი ჭრილობის პირი გადაეხსნა, სულაც არ მიკვირს, რომ დაიღალა.

ახლა სრულიად სხვა თვალით ვუყურებ მის ღაზლის სვიტერს, - უბრალოს, გლეხურად მოქსოვილს. ღაზლი რა არის, იქნებ არც იცოდეთ, ან დიდი ხნის წინათ მიგევიწყებინათ. ღაზლი მატყლის - ბუნებრივი შალის ძაფია, ხელით დართული. თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და ქიზიყში ბაწარს ეძახიან, ქართლში - ღაზლს.

ქართლურ ღაზლში გამოხვეული - აბჯრით შემოსილივით, ომიდან ახალმობრუნებულივით მიყურებს მერაბ ელიოზიშვილი... კარგია, რომ აპარატი თან მაქვს და აი, ასეთს გადავიღებ...

როცა მიწა გეძვრის ფეხქვეშ

სხვების სოფლები ჯარია... ჯარად დგანან ჩვენი ძმები, სომხებიცა და აზერბაიჯანელებიც... სოფელში რომ ოთხი ათასი კომლი იქნება, იმაზე უკეთესი ჯარი სად თქმულა! ახლა ქართველების სოფლები ნახეთ, ჯარია? ამას წინათ აჩვენეს, ორმოცი შვილიშვილი რო ჰყავს კაცს აჭარაში... კიდევ მეტი შვილთაშვილი. იმათზე ვლაპარაკობდი და აქ, დედაქალაქში გამეპასუხნენ, - იქაო, ნეტა როგორ ცხოვრობენ, მიწა იძვრება, მეწყერიაო... შენ რო ვერა გრძნობ, მიწა განა აქ არ გვეძვრის ფეხქვეშ? ძალა აღარ გვყოფნის, რო დავინახოთ...

ერთი ამბავი მახსენდება და ახლაც მეტირება: ჩემს ლიახვის ხეობაში მაქვს ნანახი, ჯაურაზე ისხდნენ ხოლმე არწივები. ვიღაცამ ესროლა და ერთი ჩამოაგდო. წავაწყდი. მკვდარი მეგონა. დაუფიქრებლად ავიღე იარაღი და კიდევ ვესროლე... ცოცხალი ყოფილა, შეიფრთხიალა. იმას კიდევ სროლა უნდოდა? ეს უვიცობა, უგუნურებაა. ასეთი უვიცობა და უგუნურებაა, კიდევაც რომ გვახოცვინებს არწივებს...

"ქვეყანა" რისგან შედგება? მაჩვენეთ ერთი, სად არის ყანა ჩვენი დამუშავებული... ზეყანა ის არის, სადაც უფალი სუფევს, იქიდან დაგვყურებს ცოდვილთ... მთავარია, ისარივით მოვიმართო სიმართლისათვის.  ძალიან მინდა ისარი ვიყო. უკარო ეკლესიაც რომ იყოს, კარად დავეკიდები... მოყვარეს გავეღები, მტერს ჩავეკეტები. ვიჭრიალებ, სულიერების ჩიტი ვიქნები იმ ჩემს ნანატრ გალიაში...

მეჩვენება ჩემი სახლი, დამწვარი... იქიდან თითქოს მურიას გამოყოფილი აქვს თავი და - როდის ჩამოხვალო, მელოდება!.. შემოვარდა მგელი, მიაჭ-მოაჭამა ქართლს იქით-აქეთ ლიახვის ხეობის ნაპირები, ჩვენი სოფლები: ხეითი, კეხვი, ქურთა, აჩაბეთი... მცხეთამდე ჩემიაო. როგორ არის თქვენი?! 17 ათასი ოსია ცხინვალის რაიონშიო. ეგ რამდენია რუსისთვის, ერთი ბატალიონია, რა. ჩააჩოჩებს ნელ-ნელა და გაიშლება თვითონ მხრებში.

ცხინვალში ვცხოვრობდი და იქ არც ერთი მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი არ მინახავს ჩამოსული. მე რა გამეკეთებინა. ოთხი სპექტაკლი დავდგით. ერთს "ყველასაგან ყველასათვის" ერქვა. 19 ანშლაგი იყო ზედიზედ. რატომ? ამ სპექტაკლით ვამბობდით: თანაბრად მოეკითხოს ოსსაც და ქართველსაც ავი და კარგი. ქართველი კაცი უნდა მოვიდეს ჭკუაზე და ოსმაც თავი გაიხეთქოს, რომ ნაბზარიდან მაინც შეუშვას ტვინში სიმართლე! რუსს ტრასა უნდა, რომ თავისი ტანკებით იჯლიგინოს. ახალგორში რა უნდა მაგათ? სატირალი არის, მაშ, რა არის! რაც იყო რუსი 200 წლის წინ, ის დარჩა... ოს ლიდერებს რა უყვეს თიანეთის აჯანყებაში? დაიჭირეს, შეკრეს, კატები დაუკლეს, წუნწუხში ამოუვლეს და აჭამეს. ჩვენ რა, ნაკლები გვიყვეს კახეთში? მაგრამ ჩვენ გვიწერია ეს ისტორიაში, მაგათ - არა. ჩვენ გვახსოვს, მაგათ - არა!

ხომ გაგიგონიათ: ღმერთმა ნუ ქნას რუსის ბუქნაო! შენ რომ არ გინდოდეს, საქართველოს მიწას ახსოვს მაგათი საქმეები... პუტინი რევოლვერზე დახატული კა-გე-ბეს ჩინოვნიკია. მხრების თამაშით რომ მიდის ხოლმე - მოჭიდავე ვარო! იმ დღეს აჩვენეს, რამდენი ფალავანი წააქცია. აბა, ახლა პუტინს ვინ წააქცევდა! ორი თავი მაინც ხომ უნდა ებას რუსს, სამი თუ არა, რომ პუტინი წააქციოს და კომუნისტური კბილებიდან დუჟი ადინოს. აბა, ნამდვილ ფალავანს დაეჭიდოს! მაგრამ ეგეთ ფალავანს, ვაი, რომ ვერა ვხედავ! როგორ იქნება, არ იყოს. თავი ვერ გვაჩვენეს, თორემ ნამდვილად გვყვანან ფალავნებიცა და ბიჭებიც!

...მძიმე ჟამი გვიდგას. ჩვენს მიწიერ პატრონებს ჩირადაც არ უღირთ ჩვენი გასაჭირი. საშობაოდ ინდაურის ჭუკადაც არავის ვუნდივარ მწერალი. წიგნი მინდა გამოვცე, მაგრამ მერე... სად გავყიდო? ვის უნდა? დანასისხლად ვდგავარ იმ მთავრობასთან, რომელსაც ხალხის არ ესმის. თუ არ შეისმინეს, ყაზბეგსაც დავკარგავთ და სხვა ბევრსაც... პატრიარქის სულიერ სიმაღლეს ცხოვრებისეული გამჭრიახობით უნდა აუბან მხარი. უნდა გაიზარდო, გამყარდე. შენი სასიკეთო საქმით უნდა გაამთლიანო საქართველო. დავიწყოთ და ვაკეთოთ სიკეთე, მოვასწროთ და გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, სანამ არ შემოგვდგომია უკანასკნელი გასაჭირი.