პოლონეთი - ტყეების, მაღაროების და სასახლეების ქვეყანა
23-06-2014
პოლონეთი - ტყეების, მაღაროების და სასახლეების ქვეყანა
პირველი, რაც ჯერ კიდევ პოლონეთში ჩასვლამდე თვითმფრინავიდანვე გაგაკვირვებთ, უზარმაზარი ტყის მასივებია. ვიდრე სილეზიის მთავარ ქალაქ კატოვიცეში დავეშვებოდით, მეგონა, თვითმფრინავი ტყეში ჯდებოდა. მერეც, როდესაც სილეზიის რეგიონის ხელმძღვანელობის მიწვევით პოლონეთში ჩასული ქართველი ჟურნალისტები ერთი ქალაქიდან მეორეში გადავაადგილდებოდით, გზების გარშემო სულ ტყეებს ვხედავდი, გზებზე კი - საგზაო ნიშნებს ირმების გამოსახულებით. ჩვენთან საგზაო ნიშანი გაფრთხილებს, რომ გზებზე შეიძლება ძროხა შეგხვდეს, იქ კი ხშირად ტრასებზე ირმები გადმოდიან. მოკლედ, არ ვიცი, პოლონეთის დანარჩენ ნაწილში როგორ არის,
მაგრამ სილეზიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი სიმწვანეა. პირველი, რაც შემშურდა პოლონელების, სწორედ ეს იყო.

მაღარო

სილეზია ცნობილია თავისი მაღაროებითაც, მაგრამ ტურისტებისთვის ეს იმდენად საინტერესოა, რამდენადაც საოცრად განვითარებული პოსტინდუსტრიული ტურიზმი. ანუ მაღარო, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, ტურისტულ ობიექტად არის ქცეული - ასეთია ქალაქ ზაბრჟეში  ქვანახშირის ცნობილი მაღარო "გვიდო".
წარმოიდგინეთ, როგორც მეშახტე, მიწის ქვეშ სამასი მეტრის სიღრმეზე სპეციალური ლიფტით ჩადიხარ და გიდი გიხსნის, როგორ მოიპოვებდნენ ქვანახშირს, მერე კი იქვე, ანუ მიწის ქვეშ სამასი მეტრის სიღრმეზე სპეციალურად მოწყობილ კაფეშიც შეგიძლია მაღაროს სახელზე ჩამოსხმული ლუდი "გვიდო" მიირთვა.


ცალკე საკითხია ვილიჩკას საქვეყნოდ ცნობილი მარილის საბადო. ეს მაღარო პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მიწის ქვეშ ასი მეტრის სიღრმეზე  საოცარი სამყარო იშლება: უზარმაზარი დარბაზები, ეკლესიები, სადაც ყველაფერი მარილისგან არის შექმნილი. მარილის ქანდაკებები დამთვალიერებელზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.
კატოვიცეში მაღაროელების საცხოვრებელი ძველი უბანი, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქალაქში ყველაზე ლამაზი ადგილია.

"იასნა გორა"

პოლონეთი ცნობილია თავისი სასახლეებით, მონასტრებითა და ციხესიმაგრეებით.
მონასტერი "იასნა გორა" პოლონეთის ყველაზე წმინდა ადგილია. მონასტრის მთავარი სიმდიდრე ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია, რომელსაც შავ მარიას ეძახიან. ხატი თავის დროზე ბიზანტიაში შექმნილა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ "იასნა გორაზე" აღმოჩენილა. სხვადასხვა განსაცდელისთვის და დამპყრობლისთვის გაუძლია, ხატს სახეზე ხმლით მიყენებული ჭრილობა ეტყობა. იქვე ნახავთ კედელზე იმ ყავარჯნებს, რომლებიც ხატის მიერ განკურნებულ ადამიანებს დაუტოვებიათ. მონასტრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა უძველესი ბიბლიოთეკაა.

კრაკოვი


აბსოლუტურად ცალკე საუბრის თემაა კრაკოვი. ის სილეზიის რეგიონს არ ეკუთვნის, მაგრამ კატოვიცედან სულ საათ-ნახევრის სავალზეა და პოლონეთის ნამდვილი მარგალიტია. მთელი ქალაქი ფაქტობრივად, მუზეუმია. ის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული. კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი გახლდათ და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით