ჩვენ 6 მილიონი ვართ?! - კვირის პალიტრა

ჩვენ 6 მილიონი ვართ?!

"ჩვენთვის უფრო ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა, ეს ზანგი რაღაც სასწაულით უცებ რომ გათეთრებულიყო, ვიდრე მისი ქართული ლაპარაკი! გაშტერებით შევცქეროდით შავკანიან ქართველს, რომელსაც სახე უღიმოდა და თეთრი კბილები მოუჩანდა"

ამ ბიჭის ფოტოს ინტერნეტში გადავაწყდით. კვალს მივდიეთ და მხოლოდ ის გავიგეთ, ამერიკაში წასული ქართველი ემიგრანტების შვილი ყოფილა. იქ ჩაუცმევია ქართული ჩოხა სამშობლოს მონატრებულ მამას - თავის პატარას სამშობლოს სიყვარულს ასწავლის და ალბათ თავადაც ასე იქარვებს უსამშობლობით გამოწვეულ ტკივილს. ეს ბიჭი ქართული ჯიშის ერთი ნერგია... ასეთი ბიჭები უცხოეთში ასიათასობით იზრდებიან და იქიდან გვემატებიან დაცოტავებულ ქართველებს...

"ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი სუშანტი მანი შემეკითხა:

- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!

- არა სუშანტ, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

- რამდენი ხართ ქართველები? - მოწკურა თვალები დამცინავად.

- საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქართველები, ალბათ, 3 მილიონი ვიქნებით, ვუპასუხე მე.

- და სამ მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია!

- დაგუგლე, სუშანტ, - ვუთხარი მე, რადგან ის ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.

დაგუგლა. არის ჩუმად. ხმას არ იღებს. იყურება ფანჯარაში. კიდევ დაგუგლა. კითხულობს. ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.

- რაო, რა წერია? - ვერ მომითმინა გულმა.

უცებ მოტრიალდა გიჟივით:

- თითქმის მთელი ევროპის ენები ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე ცოტა ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?

უცებ ამიდუღდა სისხლი:

- ჩვენ, ქართველები... - ჩამეხრინწა და ვეღარ ამოვიღე ხმა. თვალები ცრემლით ამევსო. ახლა მე გავიხედე ფანჯარაში... მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და გულში ვიმეორებდი: "ჩვენ, ქართველები..."

როდესაც ინდოეთიდან დაბრუნებული ასტროლოგის, რამაზ გიგაურის ჩანაწერებში ეს ამბავი წავიკითხე, კიდევ ერთხელ ამეკვიატა, ალბათ, უამრავი ქართველისთვის უპასუხოდ დარჩენილი კითხვა: "რამდენი ქართველი ვართ მსოფლიოში?" გამუდმებით ვეძებ, ვითვლი საქართველოში მცხოვრები ქართველების რაოდენობას, ვუმატებ მათ სავარაუდო ციფრს 1990 წლიდან დღემდე ემიგრაციაში წასულებისას, მერე უფრო შორეულ წარსულში ვიქექები და გასული საუკუნის ადრეულ წლებში ბედის უკუღმართობით გაქცეული ქართველების დათვლას ვცდილობ; არც ირანსა და თურქეთში მცხოვრები ქართველები მავიწყდება, არც რუსეთში გადახვეწილები, არც ჰერები და ინგილოები თუ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრები "თურქი მესხები"... სამწუხაროდ, ზუსტი ცნობები ეთნიკურ ქართველთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს, მიახლოებითი მონაცემები კი 6-დან 7 მილიონამდე მერყეობს. მათგან ბევრმა ბუნდოვნად თუ იცის, რომ წინაპარი ქართველი ჰყავდა, ქართულად მოუბარი, თვითონ კი "მშობლიური ენის" არაფერი გაეგება, შესაძლოა, ისიც კი არ იცის, ან არც აინტერესებს, სად არის საქართველო, რომელსაც უსასტიკესი ისტორიული კანონზომიერების გათვალისწინებით, დღემდე ვერც უნდა ეარსება.

ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ ვცადე ქართველთა "დათვლა". დიასპორის სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციის საფუძველზე თითქმის 6 მილიონი ვართ საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქე ეთნიკური ქართველები, თუმცა, სამინისტრო აცხადებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა შესახებ მონაცემები ხშირად არაოფიციალურია - შესაძლოა, უფრო მეტიც ვართო...

არც სამოქალაქო რეესტრმა იცის საქართველოში მცხოვრებ ქართველთა ზუსტი რაოდენობა, რადგან მას შემდეგ, რაც პასპორტის გრაფაში ეროვნება წაიშალა, საქართველოს მოქალაქეებს ქართველებად და არაქართველებად აღარ ითვლიან.

ისევ ძველი სტატისტიკური კვლევები მოვიძიე: 1989 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს სსრ-ში ცხოვრობდა 5.400 მილიონი ადამიანი, მათგან 3.787 მილიონი ქართველი ყოფილა. 2002 წელს, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში (აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) მცხოვრები 4 მილიონ 371 ათასიდან 3 მილიონ 661 ათასი ქართველი იყო...

"იმის გამო, რომ უამრავი ქართველი არალეგალურად ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მათთან კონტაქტის საშუალება არ გაგვაჩნია, არადა, ბევრს დახმარება სჭირდება. მაგრამ ეშინიათ - თუ სადმე დააფიქსირებენ თავიანთ არსებობას, უცხო ქვეყნიდან გამოაძევებენ, რაც მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას დაამძიმებს. სამინისტრო ცდილობს, კონტაქტის ისეთი ფორმა მოიფიქროს, რომელიც ასეთ ადამიანებს ჩვენთან დაკავშირებას გაუიოლებს, ამიტომაც შევქმენით ქსელი www.tanamemamule.ge აქ გაწევრება არ ითხოვს პასპორტის მონაცემებს, ოფიციალურ აღრიცხვაზე აყვანას და უამრავ სხვა დეტალს, რომელთა გამოც ემიგრანტები სახელმწიფო ორგანიზაციებთან კონტაქტს გაურბიან. მათ შეეძლებათ მოგვწერონ, სად არიან, რა უჭირთ, რა ულხინთ, გავიგოთ, რა რესურსი გვაქვს მათ დასახმარებლად. თუმცა, ვითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ უამრავ ადამიანს არათუ ინტერნეტთან, კომპიუტერთანაც კი არ მიუწვდება ხელი, შესაბამისად, არალეგალურად მცხოვრებ ქართველთა რაოდენობის დადგენა ძალიან რთულია", - მითხრა დიასპორის სამინისტროს პიარმენეჯერმა ვახტანგ მამალაძემ.

ონლაინსკოლა ემიგრანტი ბავშვებისთვის

ვინ არის ქართველი? ის, ვინც არა მხოლოდ წარმოშობით არის ქართველი, არამედ ამ ენაზე ლაპარაკობს და აზროვნებს. ამიტომაც ემიგრაციაში წასული ან იქ დაბადებული ბავშვების ეროვნული გადაგვარების საფრთხე ძალიან დიდია. მომავალი თაობა არაქართულ გარემოში იზრდება და სხვა ეთნოსის კულტურის გავლენის ქვეშ ექცევა, რადგან არ იცის მშობლიური ენა, ისტორია, კულტურა, წესი და ადათი. სამწუხაროდ, მხოლოდ მშობელთა მცირე ნაწილს შეუძლია, შვილები საკვირაო სკოლებში ატაროს და ქართული ცეკვა და სიმღერა თუ არა, ქართული ენა მაინც ასწავლოს. დიასპორის სამინისტრო წლის ბოლომდე უნიკალურ პროექტს - ონლაინსკოლას შესთავაზებს ემიგრანტ ბავშვებს, ყველას, ვისაც აქვს ან არ აქვს საშუალება ქართული სათვისტომოების ბაზებზე შექმნილ საკვირაო სკოლებში იაროს და მშობლიური ენა ისწავლოს. პირველი, სატესტო გაკვეთილი სექტემბერში ჩატარდება. ეს არ არის სკაიპ-კონფერენციის ტიპის პროგრამა, დიასპორის სამინისტროს შეკვეთით საგანგებოდ შეიქმნა პროგრამა, რომელმაც ყოველგვარი ხარვეზის გარეშე უნდა იმუშაოს, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ჰარმონიული ინტერნეტკავშირი შედგეს. თითოეულ კლასში 4-დან 8-მდე მოსწავლესთან მასწავლებელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმუშავებს. მოზარდიც, თავის კომპიუტერთან მიმჯდარი, სადაც უნდა იყოს, კლასში "შევა" და ინტერაქტიურ რეჟიმში დაესწრება გაკვეთილს.

აფრიკელი ქართველები გვარად - ჭანუყვარი, გუგუნარი!

1897 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნებული მიმოხილვა სათაურით: "ჩვენსა და სხვაგან" უცნაურ ინფორმაციას გვაწვდის - თურმე აფრიკელი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც საჰარის უდაბნოს პირას, ქალაქ უარგლაში უნდა ცხოვრობდნენ. ანალოგიურ ინფორმაციას მოგვიანებით, უკვე 1939 წელს, აქვეყნებს გაზეთი "ახალგაზრდა კომუნისტი", სადაც ჟურნალისტი გრიგოლ კუტუბიძე ფოთში ქართველ მეზღვაურთან, ვინმე სიორიძესთან საუბარს აქვეყნებს. მისი ნაამბობის მიხედვით, საბჭოთა სატვირთო გემით ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირის ნავსადგურში შესვლისას გემზე მყოფ ორ ქართველ მეზღვაურს, არც მეტი არც ნაკლები, შავკანიანი ქართველები უნახავს.

"ნავსადგურში ჩვენი ყურადღება მიიპყრო მტვირთავი მუშების არაადამიანურმა შრომამ. ფრანგი ზედამხედველი რეზინის მათრახს ხან ერთს გადაუჭერდა ზურგში, ხან - მეორეს. ვეებერთელა ყუთების სიმძიმით წელში გაწყვეტილი შავკანიანები აღშფოთებას მხოლოდ კბილთა ღრჭენით თუ გამოხატავდნენ. ჩემმა თანამემამულემ ვეღარ გაუძლო ამ საშინელ სურათს და ქართულად მიაძახა, დიპლომატიური სკანდალისა რომ არ მეშინოდეს, ამ არამზადა ფრანგს ცხვირ-პირს ამოვუმტვრევდიო. მოხდა წარმოუდგენელი რამ: ერთ-ერთმა შავკანიანმა, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს იყო, მძიმე ყუთი ძირს დააგდო, ჯიქურ მოგვეჭრა და აქლოშინებულმა ქართულად მოგვაყარა: "ბიჭებო, ქართველები ხართ?"“ჩვენთვის უფრო ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა, ეს ზანგი რაღაც სასწაულით უცებ რომ გათეთრებულიყო, ვიდრე მისი ქართული ლაპარაკი! გაშტერებით შევცქეროდით შავკანიანს, რომელსაც სახე უღიმოდა და თეთრი კბილები მოუჩანდა.

- ჩვენ კი ქართველები ვართ, მაგრამ შენ, შავკანიანმა, საიდან იცი ქართული? - თითქმის ერთხმად მივაძახეთ ორივემ.

- მეც ქართველი ვარ, თქვენისთანა! ხომ ხედავთ, ჩვენს ენაზე ლაპარაკი არ დამვიწყებია; აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს, რამდენიმე სოფელი გვაქვს, ძველი დროიდან აქ ვსახლობთ. მართლა შავკანიანები არ გეგონოთ, კანი აფრიკის მცხუნვარე მზემ გაგვიშავა. ენა და ქართველობა თუ აქამდე შევინარჩუნეთ, იმის წყალობით, რომ სხვა ერის კაცებს ჩვენს ქალს ცოლად არ ვატანთ, არც თვითონ ვირთავთ უცხო ტომის შვილებს. არა გჯერათ, რომ ქართველი ვარ? აი იქ, ყუთებს რომ ეზიდებიან, ჩემ გარდა ათი ქართველი მუშაობს, ყველა ერთი სოფლიდან ვართ. ქალაქ უჯდასთან (მაროკოს საზღვრისპირა ქალაქი) ქართველების რამდენიმე სოფელია, მოსახლეობის მეტი წილი გუგუნარის გვარს ატარებს, აი, ის მაღალი კაცი კი ჭანუყვარია. გუგუნარი და ჭანუყვარი ჩვენს სოფელშიც მთავარი გვარებია. მეტისმეტად ღატაკურად ვცხოვრობთ, ჩვენი ბავშვები ფეხშიშველი დარბიან, ადგილიც ძალზე უნაყოფოა. იძულებული ვართ, შორეულ ნავსადგურებში და სხვაგან მძიმე სამუშაოზე წავიდეთ, მონური შრომით ვირჩინოთ თავი...

- ჭანუყვარი, გუგუნარი! ეს ხომ ჩვენი ჭანუყვაძეებისა და გუგუნავების შორეული წინაპრები არიან! შესძახა თურმე გაოგნებულმა მეზღვაურმა, რომელსაც რატომღაც არ უკითხავს, როგორ მოხვდნენ ქართველები აფრიკაში და როგორ შეიქმნა მათი სოფლები.  ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები არსებობს, მათგან ერთ-ერთის თანახმად, შესაძლოა, აფრიკელი ქართველების წინაპრები მამელუქი ქართველებიც ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, ამ ფაქტის მოგვიანებით შემოწმება არავის უცდია, თორემ დღევანდელ მსოფლიოში ძნელი არ უნდა იყოს ქართველთა სავარაუდო ადგილსამყოფლის მიხედვით მათი მოძებნა, თან ისეთების, ათასი ჭირის მიუხედავად, ქართველობა რომ შეუნარჩუნებიათ და მუხრან მაჭავარიანის ლექსის არ იყოს: "ვითარცა ღვინო, ქვევრიდან - ხაპში, ხაპიდან - დოქში, დოქიდან - ჯამში, ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში..."