წინასწარმეტყველება - კვირის პალიტრა

წინასწარმეტყველება

ერთი უცნაურობა კი ჰქონდა სტუმარს, სახლში შემოსული მის ყველაზე დიდ ფანს - ბებიაჩემს ზღურბლზევე ხელში აიტაცებდა და გალეულ, მომცრო ტანის ენოხოვნას სულ ჰაერში აბზრიალებდა.

-Слушай, скажи Мише, что მერე у неё  წნევები, - რუსულ-ქართულად შემომჩიოდა დედაჩემი, - Он же как Эйфелева башня!- არაფერიც არ მაწუხებს! - ჩვეული სიჯიუტით იმეორებდა ნანა, - Какой парень, Манана, помнишь Ивана Дорофеевича, он так похож! - ივან დოროფეევიჩი ბებიაჩემის არშემდგარი მეოთხე ქმარი იყო, რომელსაც ენოხოვნა, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად იხსენებდა და მიშა სააკაშვილთან მსგავსება მიძინებულ გრძნობას უღვიძებდა, ამიტომ ბზრიალზეც თანახმა იყო და მიშას მოტანილ სიგარეტსა და წითელ ღვინოსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევდა.

"კვირის პალიტრა" ექსკუზიურად გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტს ლალი მოროშკინას წიგნიდან - "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი"

წინასწარ დაგეგმილი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, თუ მართლა წინასწარმეტყველება?!

მე და სააკაშვილმა ძველი ურთიერთობა აღვადგინეთ და ახლა თითქმის ყველა საღამოს ჩემთან, ვეძისში ვატარებდით. ლამპიონებიანი ვერანდა, დაწნული კომფორტული სავარძლები, ცოტაოდენი სასმელი და ულამაზესი ხედი მიშას გემოვნებას სრულად აკმაყოფილებდა. ერთი უცნაურობა კი ჰქონდა სტუმარს, სახლში შემოსული მის ყველაზე დიდ ფანს - ბებიაჩემს ზღურბლზევე ხელში აიტაცებდა და გალეულ, მომცრო ტანის ენოხოვნას სულ ჰაერში აბზრიალებდა.

-Слушай, скажи Мише, что მერე у неё  წნევები, - რუსულ-ქართულად შემომჩიოდა დედაჩემი, - Он же как Эйфелева башня!- არაფერიც არ მაწუხებს! - ჩვეული სიჯიუტით იმეორებდა ნანა, - Какой парень, Манана, помнишь Ивана Дорофеевича, он так похож! - ივან დოროფეევიჩი ბებიაჩემის არშემდგარი მეოთხე ქმარი იყო, რომელსაც ენოხოვნა, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად იხსენებდა და მიშა სააკაშვილთან მსგავსება მიძინებულ გრძნობას უღვიძებდა, ამიტომ ბზრიალზეც თანახმა იყო და მიშას მოტანილ სიგარეტსა და წითელ ღვინოსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევდა.

- საღამოს გამოდი, მანანა ხაჭაპურს აცხობს, ჩემი გოგოებიც მოვლენ, - დავურეკე ერთ დღეს მიშას და ისიც, როგორც ყოველთვის, ხელდამშვენებული მოვიდა.

- რა ხდება, ქვევით ამდენი მანქანა რატომ დგას? - მკითხა სტუმარმა.

- მეზობლის, ძია ნოდარის მამა გარდაიცვალა, აზერბაიჯანელები არიან და უამრავი ნათესავი ჩამოუვიდათ ბაქოდან. სხვათა შორის, შენ, როგორც ამ უბნის ხშირ სტუმარს, კი გეკუთვნის ერთი წრის დარტყმა და ჩათვალე, რომ ყველა აზერბაიჯანელის სიმპათია იქნები, - ვუთხარი მიშას.

- ჰოო, - მოიჩეჩა თმა მიშამ, - არ არის ცუდი იდეა. ხვალ მივალ, თორემ მართლაც ამ ხალხთან არავინ მუშაობს. ისე, ახლა სომხურად და უკრაინულად ლექსებს ვსწავლობ, რომ უფრო ადვილად დავამყარო კონტაქტი. ხომ მითხარი, ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკოო?

- გითხარი, ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა არც ეგ არის ურიგო. ერთი რუსულად მეც მტყორცნე, - ვუთხარი მე და ჩავიხითხითე.

მიშა ერთი ხელით თავზე თმას გულმოდგინედ იჩეჩდა, მეორეში კი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა და წრუპავდა. ვიღაცამ უთხრა, წითელი ღვინო ენერგიას მატებსო და ამ ბოლო დროს მხოლოდ მას სვამდა.

მიშას თმა ცალკე თემაა, საცოდავს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რამდენჯერ დაიკვნესებდა მოუსვენარი პატრონის გადამკიდე. ახლაც, რელაქსაციის ჟამს, გულმოდგინედ ირევდა თავზე ვარცხნილობას.

- ლალი, რომელი წელი იყო, მე და შენ თვითმფრინავში რომ დავლიეთ? - მკითხა მიშამ.

- მაგარი კითხვაა, ვინმე გვისმენდეს, პირწავარდნილი ლოთები ვეგონებით. ბოლოს 1997-ში ფრანკფურტიდან ვიმგზავრეთ ერთად, მგონი, შენ ჰოლანდიაში სანდრა და ბავშვი დატოვე, მე კი შტუტგარტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიყავი და უკან ფრანკფურტით ვბრუნდებოდი. გახსოვს, პაატა ბურჭულაძეც მოფრინავდა?

- ჰო, ჰო, საქველმოქმედო კონცერტი უნდა გავმართოო, მაგარი კაცია. თვითმფრინავში მინდია უგრეხელიძემ რომ პროგნოზები დაგვიწერა, გახსოვს? ნეტავ სად წავიღე ის ფურცელი?

- მახსოვს, პაატამ ორივე დაგვპატიჟა, ბატონმა მინდიამ კი მე და შენ დიდი ამბები გვიწინასწარმეტყველა.

- რას ვსვამდით, თუ გახსოვს? ჩემი შტუტგარტული სემესტრის პატივსაცემად რაღაც დომხალი რომ გააკეთე, იმას?

- რა იყო, გოგო, დომხალი? კონიაკისა და კოკა-კოლას ნაზავი? ეს ევროპელი სტუდენტების საყვარელი სასმელია, აბა, საიდან აქვთ ამდენი კონიაკის ფული!

- ტრაპს რომ ძლივს მივაგენით, გახსოვს?

- გეყოფათ, თორემ გაცივდა ყველაფერი, так до утра будеш болтать, - დაგვიძახა დედაჩემმა.

ჩემი მეგობრები ისე იყვნენ ჭორაობით გართული, რომ მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ გვაქცევდნენ, არც მიშა იკლავდა თავს რევერანსებით.

- რაღაც უნდა გაჩვენო, - მითხრა მიშამ და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო.

- რა არის ეს? - ვკითხე მე.

- წინასწარმეტყველება.

- რა?

- რა და ოფისში ერთი მოხუცი ქალი მოსულა და ცაცასთვის ეს დაუტოვებია, წაიკითხე.

პაწაწინა ქაღალდზე უსწორმასწორო ასოებით ასეთი რამ ეწერა:

"ძვირფასო მიშიკო, მე ვარ ნუნუ სიჭინავა, ორი თვეა, რაც მეუღლე გარდამეცვალა, ქალიშვილი და სიძე რუსეთში მუშაობენ, ბავშვები რომ დავაპუროთ, ღვთის წყალობით გაგვაქვს თავი. გუშინ ჩემი გარდაცვლილი ვალერი სიზმარში გამომეცხადა და მითხრა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტია, მიდი და უთხარიო. მეც გადავწყვიტე, წერილი მომეწერა. არ ვიცი, შვილო მიშა, ეს შენთვის რამდენად საინტერესოა, შეიძლება, გაგეცინოს, ეს დედაბერი ჭკუიდან გადასულაო, მაგრამ მე ისე სიზმარს არ ვხედავ, ყოველთვის მიცხადდება და აბა, შენ იცი, ახალგაზრდა კაცი ხარ და შენი იმედი გვაქვს. ჰოდა, ასე თუ მოხდა, ოჯახსაც ხომ გამიმთელებ, თორემ ბავშვებს მშობლები ენატრებათ. ღმერთმა დაგლოცოს, შვილო".

- აუფ, ვის ფანკლუბზე მეუბნები, აგერ, ბებიაჩემის თამადობით კი გყოლია მხცოვანთა ფანკლუბი, - გამეცინა მე.

- ნუ იცი შენ ყველაფრის გაღადავება, რა იცი, რა ხდება, - თქვა მიშამ სავსებით სერიოზულად და წერილი ისევ ჯიბეში ჩაიდო.

მას მერე რამდენჯერ გამხსენებია ნუნუ დეიდა და მიფიქრია, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ნაწილი, თუ მართლა წინასწარმეტყველება იყო?

მეორე დღეს მიშა ჩემი მეზობელი ნოდარი ძიას მამის დაკრძალვაზე მივიდა. რამდენიმე დღეში ნოდარ მამედოვი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა. ეს ლამაზი თბილისური აზერბაიჯანული ოჯახი სამუდამოდ მიშას ერთგული დარჩა.