"ბომონდის" რეტროსაღამო ფუნიკულიორზე - კვირის პალიტრა

"ბომონდის" რეტროსაღამო ფუნიკულიორზე

ზაფხულის გრილი საღამო, რესტორან "ფუნიკულიორის" ლაუნჯ-ბარის ტერასა და რეტროსტილი იდეალურად მოერგო ჟურნალ "ბომონდის" მთავარ კონცეფციას - მოწვეულმა სტუმრებმა რამდენიმე ათეული წლით უკან გადაინაცვლეს. მუსიკალური ფონისა და მათი ჩაცმულობის გათვალისწინებით რეტროსაღამო შედგა.

საღამოს სპონსორები იყვნენ კომპანია NG GEORGIA, რომელიც წარმოადგენს ელიტურ მონობრენდულ ბუტიკ Versace-ს და მულტიბრენდულ ბუტიკ NGG-ს თბილისსა და ბათუმში (სადაც მსოფლიოს დიზაინერების შედევრები იყიდება) და ნომერი პირველი ბურბონი მსოფლიოში - ბურბონი  Jim Beam-ი, სწორედ ამ სასმლით დამზადებული კოქტეილებით გაუმასპინძლდნენ "ბომონდის" სტუმრებს "ფუნიკულიორის" ლაუნჯ-ბარში.

ჟურნალი "ბომონდი" ერთგულ მკითხველებსა და რესპონდენტებს ხშირად ანებივრებს საინტერესო ივენთებით,  საქველმოქმედო აქციებსაც მართავს. ამჯერად  გაიმართა რეტროსაღამო. ლაუნჯ-ბარის შესასვლელში განთავსებულმა ბანერმა გვამცნო, რომ ჟურნალის გარეკანს ტელეკომპანია  GDS-ის ცნობილი პროექტის "ერთი ერთში" ჟიურის წევრი, ვოკალის ცნობილი ინგლისელი პედაგოგი სისი დაამშვენებს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც წლებია, თანამშრომლობენ "ბომონდთან": მომღერლები, მსახიობები, დიზაინერები, მათ შორის - ჟურნალის ერთგული სპონსორები.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს სიმებიანმა კვარტეტმა, რომელმაც კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა და მომღერალმა თამთა ცხვიტავამ ბენდთან ერთად. თამთას რეტრორეპერტუარი ძალიან მოუხდა რეტროსაღამოს და სასიამოვნო განწყობა შექმნა.

ივენთი ტელეწამყვანმა ბექა ელბაქიძემ და ჟურნალ "ბომონდის" მთავარმა რედაქტორმა თეა აგლაძემ წაიყვანეს. გაიმართა ვიქტორინა, რომელიც ფუნიკულიორის თემას მიეძღვნა, გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ, შედგა გათამაშებაც. ჟურნალ "ბომონდის" წვეულებას არ ჩაუვლია საჩუქრებისა და სიურპრიზების გარეშე.

ქეთი დარჩია