სამსახურის მაძიებელი - კვირის პალიტრა

სამსახურის მაძიებელი

"თავს არ შევიქებ, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ გამოცდილ მკერავს ტოლს არ დავუდებ, მაგრამ რატომღაც სამკერვალოში დამიწუნეს..."

ვინ და როგორ შოულობს ფულს უმუშევართა ხარჯზე

ფაქტობრივად, უმუშევრობა ერთგვარ "პროფესიადაც" იქცა. გადავწყვიტე, ჟურნალისტური ექსპერიმენტისთვის სწორედ უმუშევრის როლი მომერგო და საკუთარ ტყავზე გამომეცადა, იოლია თუ არა სამსახურის შოვნა. ჩემი "კვლევა" დასაქმების ოფისებიდან დავიწყე.

ეპიზოდი პირველი

დასაქმების ოფისში გოგონა დამხვდა. სალამზე არც მიპასუხა. გამომხედა და ისევ კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა. უფრო ხმამაღლა მივესალმე.

- ახლა ვაკანსიები არ მაქვს!

- როდის გექნებათ?

- როცა მომცემენ, მაშინ მექნება.

- მე როგორ შევიტყობ?

- ანკეტა შეავსე, ტელეფონის ნომერიც მიუთითე და დაგირეკავ, - მერე ბლანკი მომაწოდა, სადაც ჩემი მონაცემები და სასურველი სამსახური მივუთითე - ჩავწერე, რომ ვარ 40 წლის და მაქვს საშუალო განათლება.

- 10 ლარი უნდა გადაიხადო, თუ სამსახურს ვერ გიშოვი, ფული უკან არ დაგიბრუნდება.

- გასაგებია, რა ვაკანსიები გაქვთ?

გოგონამ ჩემს ანკეტას ჩახედა.

- განათლება არ გქონია და რა სამსახურს ეძებ?

- ნებისმიერს...

- ძიძად არავინ აგიყვანს - 40 წლის ხარ, უმაღლესი განათლება არ გაქვს. ინგლისურიც არ გეცოდინება... საცხობში იმუშავებ?

- რატომაც არა, - იმედის სხივი გამიკრთა გულში.

- ისე, შენ ოცდამეშვიდე ხარ, - ანკეტებს თვალი შეავლო გოგომ, - მაგრამ არაფერია, აუცილებლად დაგირეკავ...

ეპიზოდი მეორე

ათიოდე ნაბიჯი გავიარე და სხვა დასაქმების ოფისის კარი შევაღე. ციცქნა ოთახში თაგვი კუდს ვერ მოიქნევს. მაგიდას შუახნის სიმპათიური ქალბატონი უზის.

- ერთი ვაკანსია გვქონდა და გავგზავნეთ კაცი. თუ არ აიყვანეს, დაგირეკავთ. მანამდე ანკეტა შეავსეთ, ოღონდ 5 ლარი უნდა გადაიხადოთ. როდესაც ვაკანსია გამოჩნდება, დაგირეკავთ.

- რა ვაკანსიები გაქვთ ხოლმე?

- ძიძა, ოპერატორები, ოჯახში დამხმარე. სასტუმროები ურთიერთობენ ჩვენთან და თუ ვაკანსია უჩნდებათ, გვირეკავენ.

თუ დაგასაქმებთ, 2 კვირის ხელფასი უნდა მოგვცეთ...

რა განათლება გაქვთ?

- პედაგოგი ვარ, სკოლაში ვმუშაობდი.

ანკეტა შევავსე, 5 ლარი გადავიხადე და შემდეგ ოფისს მივაშურე.

ეპიზოდი მესამე

ქალბატონმა საქმიანად შემომხედა:

- რა გქვიათ?

- მარი...

- ქალბატონო მარი, რა გინდათ, რა შეგიძლიათ, განათლება რა გაქვთ?

- ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია დავამთავრე... ექიმად არა, მაგრამ ვმუშაობდი რუსულის მასწავლებლად...

- ანუ რუსული ისე კარგად იცი, რომ რუსს დაელაპარაკები?

- რა თქმა უნდა.

- კომპიუტერი?

- კომპიუტერიც კარგად ვიცი, საბუღალტრო პროგრამების გარდა...

- ხოო, - ძალიან სერიოზული სახე მიიღო ქალბატონმა დოდომ (ასე ერქვა), - ბევრი რამ შეგძლებია. ძიძად იმუშავებ?

- კი.

- ადმინისტრატორად?

- კი.

- სუპერმარკეტში მოლარედ?

- კი.

- კერვა იცი?

- ძალიან კარგად ვკერავ.

- მაღაზიაში, კოლსუნტანტად?

- კონსულტანტად?

- დიახ, კოლსუნტანტად(!), მაგრამ ინგლისური უნდა იცოდე...

- ვიცი. მართვის მოწმობაც მაქვს, მძღოლადაც ვიმუშავებ...

- ნამცხვრებში იმუშავებ?

- დიახ, დიახ, - ყველა შემოთავაზებაზე ყაბულს ვიყავი.

ასე მეგონა, ქალბატონი დოდო ჩიხში მივიმწყვდიე, რომ...

- ამწუთას, არაფერი მაქვს, მაგრამ...

თუ ანკეტას შეავსებ და 5 ლარს გადაიხდი, როცა დაგასაქმებთ, 200 ლარს მოგვიტან, თუ ვერა, ფული უკან არ დაგიბრუნდება...

ახლა ვაკანსიები განა არა მაქვს, მარა, სამწუხაროდ, შენი შესაფერისი არ არის. აქ ხელი მომიწერე, რომ შენი ნებით შეავსე ანკეტა და გაფრთხილებული ხარ, რომ ფული უკან არ ბრუნდება.

- მე ყველანაირ სამუშაოზე დაგთანხმდით და ჩემი შესაფერისი არც ერთი როგორ არ არის? მინისტრის პოსტს ხომ არ გთხოვთ, ხმაში გაბრაზება დამეტყო.

- რომ გეუბნები, არა მაქვს საშენო არაფერი-მეთქი, დაიჯერე!

...და კიდევ ერთმა ხუთლარიანმა გადაინაცვლა ჩემი ჯიბიდან დამსაქმებლის ჯიბეში...

იმ დღეს არავინ შემხმიანებია. ამიტომ გადავწყვიტე, განცხადებებს გავცნობოდი და ინტერნეტს ჩავუჯექი. განცხადებებში მითითებულ ტელეფონის ნომრებზეც დავრეკე.

თითო დამსაქმებელს 10 წუთი მაინც ვესაუბრე. ბოლოს ვიკითხე, - ანკეტის შედგენაში ფული რამდენი გადაგიხადოთ-მეთქი. არაფერიო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მითითებულ ნომრებზე დარეკვა ფასიანი ყოფილა და 1 წუთის ღირებულება 1 ლარია. ასე გადაინაცვლა კიდევ 28 ლარმა ჩემი ჯიბიდან სხვის ჯიბეში... აღვშფოთდი, რადგან არც განცხადებაში იყო მითითებული, რომ ზარი ფასიანია და არც თავად უთქვამთ. საუბარი კი იმიტომ გააჭიანურეს, რომ კარგად "გავეწეწე".

პირველი ორი ოფისიდან დღემდე არავინ შემხმიანებია. ქალბატონმა დოდომ კი მეორე დღესვე დამირეკა - დოდო ვარ, გადმომირეკეო და ტელეფონი გათიშა. წარმოიდგინეთ, მე, "უმუშევარმა" ადამიანმა, უნდა დავურეკო დამსაქმებელს(!)... დავურეკე.

- მკერავად წახვალ?

- გამარჯობა, ქალბატონო დოდო...

- გაგიმარჯოს, მაგდენი დრო არ მაქვს, წახვალ მკერავად?

- წავალ.

მისამართი ჩამაწერინა. დაახლოებით 1 საათში ყაზბეგის გამზირზე მდებარე სამკერვალო სალონში მივედი. სანდომიანმა ქალბატონმა მიმიღო - გამოგცდიო. თარგი შემადგენინა და ქვედატანი დამაჭრევინა. თავს არ შევიქებ, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ გამოცდილ მკერავს ტოლს არ დავუდებ, მაგრამ რატომღაც იქ დამიწუნეს...

- რა, არ მოგეწონათ? - დავინტერესდი.

- მომეწონა... ერთი თანამშრომელი მიდის. როგორც კი წავა, მაშინვე დაგირეკავთ.

- ქალბატონო, ეგ ხომ უბრალოდ საბაბია, არც თანამშრომელი მიდის და არც ჩემს აყვანას აპირებთ. დოდოს რომ არ ვეჩხუბო, იმიტომ დამიბარეთ აქ, თითქოს მართლა აპირებთ ჩემს დასაქმებას.

- რას ამბობთ, ნამდვილად მჭირდება მკერავი, აი, ნახავთ, აუცილებლად დაგირეკავთ...

დღემდე ველი მის ზარს... სამაგიეროდ, ქალბატონმა დოდომ დამირეკა, უფრო სწორად, დამირეკეო და მეც ისევ გადავურეკე. მკითხა, დასაქმდი თუ არაო (თითქოს სამკერვალოს შეფისგან ვერ შეიტყობდა ამ ამბავს). როდესაც სიტუაცია ავუხსენი, ახალი მისამართი ჩამაწერინა -  რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მიმავლინა.

- გამარჯობა, მენეჯერს ვეძებ, ჭურჭლის მრეცხავი გნდომებიათ, - ვუთხარი ბარმენს.

მხრები აიჩეჩა, - მგონი, მრეცხავი არ გვჭირდებაო, მაგრამ მენეჯერს მაინც დაუძახა.

ახალგაზრდა გაპრანჭული (უფრო - გადაპრანჭული) ქალბატონი კაბინეტისკენ გამიძღვა. იმსიმაღლე ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ის იყო, გავიფიქრე, - ასეთი ფეხსაცმლით სიარულისთვის "მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მართვის მოწმობას" უნდა ითხოვდნენ-მეთქი, რომ ფეხი გადაუბრუნდა და სანამ დაეცემოდა, ისე ოსტატურად მოასწრო ფეხსაცმლის გაქნევა და შიშველი ფეხებით იატაკზე დახტომა, რომ გაოცებისგან პირი დავაღე და მივხვდი, "მართვის მოწმობა" ნამდვილად ექნებოდა. მერე ფეხსაცმელს თავი მოუყარა და სკამზე ჩამოჯდა.

- გისმენთ, - აპრეხილი წამწამების ფახულით შემომხედა და დაჯდომაც არ შემომთავაზა.

- ჭურჭლის მრეცხავი გნდომებიათ, დოდომ გამომგზავნა.

- რამდენი წლის ხართ?

- 35-ის.

- გიმუშავიათ სადმე?

- ადრე მასწავლებლად ვმუშაობდი, მერე - სკოლის დირექტორად, მაგრამ წინა მთავრობამ ამითვალწუნა... სამსახურს ვერ ვშოულობ. ძალიან მიჭირს, ოღონდ სამსახური ვიშოვო და...

- ჩვენ ახალგაზრდა გვინდა, 25 წლამდე.

- ჭურჭლის მრეცხავის ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? ხომ ხედავთ, მეც ყოჩაღად გამოვიყურები, არც ასაკი მეტყობა, ცოცხალი და მოძრავი ადამიანი ვარ, თანაც მე ხომ უფრო მეტი ჭურჭელი მაქვს დარეცხილი ამ წლების განმავლობაში, ვიდრე ახალგაზრდას? ამიტომ სტაჟი და გამოცდილებაც გაცილებით მეტი მაქვს...

- რუსული იცით?

უაქცენტო რუსულით ვუპასუხე.

- ინგლისური?

- დიახ, კარგად ვიცი. ფრანგული და იტალიურიც ვიცი, ესპანური მიჭირს ცოტა, - მოვხსენი ტყუილების გუდას თავი, რადგან მინდოდა, უარის სათქმელად ყველა გზა მომეჭრა.

- ანუ ჭურჭლის რეცხვის გამოცდილება არ გაქვთ?

- 17 წლის სტაჟი მაქვს, ვისაც ჩემი დარეცხილი ჭურჭელი უნახავს, ყველა გიჟდება, - რა მაგრად რეცხავო...

ქალბატონი ქეთის სახეზე გაოცება შევნიშნე. არ ელოდა ასეთ პასუხს.

- შეიძლება დავჯდე? - მორიდებით ვიკითხე.

- არა, სამსახურში ვერ აგიყვან, ასაკი არ გიწყობს ხელს.

აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და შეტევაზე გადავედი.

- ქალბატონო ქეთევან, ყველას ისე ექცევით, როგორც მე, თუ სხვანაირად მოქცევაც იცით?

- ვინც როგორ იმსახურებს, ისე ვექცევი, ნახვამდის, - წამოდგა და მანიშნა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო.

- მე ვიცი, რომ ქალბატონ დოდოს ეხმარებით, უმუშევრებს ფული წაართვას. თქვენ გიგზავნით ხალხს, ვითომ დასაქმებას აპირებს, თქვენ კი ყველას უარით ისტუმრებთ, რადგან სინამდვილეში ჭურჭლის მრეცხავი არ გჭირდებათ...

- ქალბატონო, მიბრძანდით, თუ შეიძლება, თორემ დაცვას დავუძახებ!

ჭურჭლის მრეცხავადაც არ ამიყვანეს... თუმცა, ქალბატონ დოდოსთან ისევ ჩამიშვეს. იმან კი განრისხებულმა დამირეკა და მიბრძანა - "გადამერეკა".

- არასერიოზული და თავხედი ქალი ხარ, - დაიწყო ჩემი ლანძღვა, - სადაც გაგიშვი, ყველას "ენაგლები"...

ცოტა ხანს მშვიდად ვუსმინე, და შემდეგ ავუხსენი, რომ "შარში გაება", რადგან ჟურნალისტი ვიყავი, ექსპერიმენტს ვატარებდი და მისი თაღლითური სქემა ჩემთვის ცნობილი იყო.

ქალბატონი დოდო უცებ "დატკბა", ტელეფონი გამითიშა და თვითონ დამირეკა. ხმა უკანკალებდა, - არ დაწერო ჩემზე, არ გამწიროო. მხოლოდ იმას შევპირდი, რომ მის ვინაობას არ გავამხელდი (სახელი არ შემიცვლია), რადგან შემეცოდა, თუმცა, ასეთ ფსევდოდამსაქმებელთა მსხვერპლი უფრო მებრალება.

დასკვნა ასეთია: თუ უმუშევარი ხარ, პატივისცემით არ გეპყრობიან, მათთვის მხოლოდ "5-ლარიანს" წარმოადგენ და მეტი ფასი არ გაქვს. რადგან წარუმატებელი ხარ, "შენობით" უნდა მოგმართონ, თავს უფლება მისცენ და შენიშვნებით აგავსონ,  შემდეგ ცრუ მისამართებზე გაგიშვან, საიდანაც უარით გამოგისტუმრებენ, შენ კი გზის ფული უნდა დახარჯო და იმედგაცრუებული დაბრუნდე შინ.

სამსახური ვერ ვიშოვე, მაგრამ აქ მოყვანილი ხარჯები შეგიძლიათ, დააჯამოთ და მიხვდებით, რომ უმუშევარი ადამიანისთვის არც ისე მცირე თანხა დავხარჯე.

დასაქმების ოფისებში კი საცხოვრებელ მისამართად ყველგან "კვირის პალიტრის" მისამართი - იოსებიძის ქუჩა #49 მივუთითე და თუ სურთ, შეუძლიათ, შეამოწმონ, რომ ნამდვილად ვიყავი მათთან.

მარი ჯაფარიძე