"იაზე" გამიჯნურებული ტრადიციებშემოცვეთილი ფშაველი - კვირის პალიტრა

"იაზე" გამიჯნურებული ტრადიციებშემოცვეთილი ფშაველი

დიდი და პატარა ვაჟა

ჩემმა კოლეგა თამარ ბოდოკიამ ერთ-ერთ ლიტერატურულ პროექტზე მუშაობისას აღმოაჩინა, რომ საქართველოს ორი ვაჟა რაზიკაშვილი ჰყავს: ერთი ბუმბერაზი ვაჟა- ფშაველა, მეორე კი მისი შვილთაშვილი, ასევე ვაჟა, რომელიც თურმე დიდი ხანია ლექსებს წერს და გაუმხელელი სიყვარულის დარდს სტრიქონებს ანდობს. მხოლოდ ასე როდი ცდილობს წინაპართა მემკვიდრეობის გაგრძელებას. იმის გამო, რომ დიდი ვაჟა-ფშაველას მამა მღვდელი იყო, პატარა ვაჟას (თუმცა, რაღა პატარაა, უკვე 27 წლის არის) სასულიერო განათლების მიღება განუზრახავს და ახლა სასულიერო აკადემიაში სწავლობს. ლექციების შემდეგ სამსახურში მიდის. ვაჟა რაზიკაშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის ნომერ პირველ ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილს იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა ამ სამსახურში ცოტა ხნის წინ მისულა, უკვე კარგად იცის, რომ ბატონ შალვას ძალიან უყვარს ორი რამ: პოეზია და ხინკალი. კითხვაზე, რამდენად მორჩილია თქვენი დასაცავი ობიექტი-მეთქი, ვაჟამ ისეთი პასუხი გამცა, რომ მეგონა, ნათელაშვილთან კი არა, საქართველოს პრეზიდენტთან მუშაობდა პირად მცველად, დაცვას კი არ ემორჩილება ბატონი შალვა, ჩვენ ვემორჩილებით მასო.

თამარ ბოდოკია: - როდესაც გავიგე ვაჟას წარმომავლობა, სასხვათაშორისოდ ვკითხე, ლექსებს ხომ არ წერ-მეთქი. თავიდან მიპასუხა, არაო, მოგვიანებით კი სქელი, ყდაშემოცვეთილი რვეულით მომადგა და გამომიტყდა, მუზა არ მასვენებსო. ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, როგორია, მოდის ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი და გეუბნება, პირველად შენ გიმხელ, რომ ლექსებს ვწერო. რომ არ მომეწონოს, რა ვქნა, დიდი პოეტის შთამომავალს როგორ ვუთხრა, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელი-მეთქი. აღელვებულმა გამოვართვი რვეული. ოთახიდან გავიდა თუ არა, გადავშალე. ძალიან ლამაზი მეტაფორები აქვს, აშკარად სწყალობს მუზა, მაგრამ ნაწერებიდან ჩანდა, რომ გრამატიკასთან მწყრალად უნდა ყოფილიყო. იმავე საღამოს დავურეკე და ვუსაყვედურე, ბიჭო, წერტილს და მძიმეს რატომ არ ცნობ-მეთქი. გაეცინა, პაპაჩემს აკაკიმ დაუწუნა ენა და შენ კიდევ მე მიწუნებო.

ვაჟა რაზიკაშვილი: - ვაჟას მესამე თაობა ვარ, ერთადერთი მემკვიდრის, ვახტანგის მხრიდან. მის ნაადრევად დაღუპულ მეორე ვაჟს, ლევანსაც (ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანადგომის გამო დახვრიტეს) დარჩა მემკვიდრეები, მაგრამ ბიჭი არ ჰყოლია. მამიდაშვილებიც კი არა მყავს ვაჟები, სულ ქალები გაჩნდნენ. ვხუმრობ ხოლმე, იქნებ პოეზიის სიყვარული მხოლოდ პაპაჩემის გენის ბრალიც არ არის-მეთქი, მე ხომ სტალინის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს ვარ დაბადებული (ეცინება). ბავშვობაში სიამოვნებით ვკითხულობდი კომუნიზმის ბელადის სიყმაწვილის დროინდელ ლექსს "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი".

თავად ათი წლისამ დავწერე პირველი ლექსი. ეგ არის, არ მახსოვს, რამ მიბიძგა.

- იქნებ შეყვარებული იყავი?

- არა. შეყვარებულობის ხანას რა დამავიწყებს? 6 წლის ვიყავი, მეზობლის 21 წლის გოგო რომ შემიყვარდა. ვუყურებდი ხოლმე და სულ მეგონა, რომ ია, რომლის მშვენებაზეც წერდა ვაჟა-ფშაველა, სწორედ ისეთი ნაზი უნდა ყოფილიყო. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ცოლობა მეთხოვა.

დედას ბეჭედი ავიღე კომოდზე დადებული პაწია ზარდახშიდან და თამამად, გულმოცემული წავედი სატრფოს ხელის სათხოვნელად. ყველამ იცოდა ჩემი გამიჯნურების ამბავი, ამიტომაც, როდესაც საპატარძლოს სახლის კარი გაიღო, მისმა მშობლებმა სიცილით დამიძახეს, მოდი, სასიძოვ, მოდიო. მეც რას ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდნენ. მიპატიჟება მთელი სერიოზულობით მივიღე და პირდაპირ საცოლეს მივადექი, ბეჭედი გავუწოდე და ვთხოვე, ცოლად გამომყევი-მეთქი. ახლაც მახსოვს, გაწითლდა, ვაჟიკო, რას ამბობო. მე გავუმეორე თხოვნა და ვთხოვე, ბეჭედი გაიკეთე-მეთქი. ხელში ამიყვანა და თბილად მითხრა, ჯერ პატარა ხარ, როცა გაიზრდები, მაგ საკითხზე მერე ვილაპარაკოთო. დიდხანს ისე ვიყავი, როგორც პაპაჩემის ერთ-ერთ ლექსშია ნათქვამი: "მითამც ვერ მოვშლი გლოვასა, ნუგეშსა დაკარგულზედა: რაც ერთხელ შამყვარებია, უმტკიცესია რჯულზედა".

- მას მერე აღარავინ შეგყვარებია?

- ბოლო ხანს შემიყვარდა ერთი გოგო, მაგრამ ისიც გულქვა გამოდგა. ლექსადაც არ ისმინა ჩემი გულისხმა და ისედაც არ დამიგდო ყური.

- განსაკუთრებით რა გიყვარს პაპაშენის შემოქმედებიდან?

- ყველაფერი. ვაჟა ფშაველას ისეთი გრძნეული ნიჭი ჰქონდა, რომ ძნელია, მას ბოლომდე ჩავწვდე. მე უფრო მსუბუქი, ტრადიციებშემოცვეთილი ფშაველი ვარ, ვისაც ახალ წელსაც კი აღარ ახსენდება წესი და ადათი. ქალაქელივით ევროპულად ვხვდები შობასა და ახალ წელს. არადა, მახსოვს, მეკვლე რომ მოვიდოდა, დიასახლისი აუცილებლად თაფლსა და კარაქს მიაწვდიდა, თავისი ხელით შეაჭმევდა, მერე კარშივე მისცემდა საგანგებოდ შობა-ახალი წლისთვის გამომცხვარ კვერს, რომელსაც ერთ მხარეს ჯვარი ჰქონდა გამოსახული. მეკვლეც იმ კვერს კარიდანვე შემოაგორებდა ოთახში. თუ კვერი ჯვრით ზემოთ დაეცემოდა, ე.ი. იმ ოჯახს ლხინი და ბარაქა არ მოაკლდებოდა, თუ არა და, რატომღაც სწამდათ ფშავლებს, რომ ცუდი წელი დაუდგებოდათ და ავის ასარიდებლად მთელ წელს ლოცვასა და ღვთის სადიდებელში ატარებდნენ.

- როდესაც ლექსებს წერ, პაპაშენის გავლენას გრძნობ?

- სად მე და სად დიდი ვაჟა. რა მოსატანი ვარ ჩემი ლექსებით! ჩემი ლექსებიც სევდიანია, მაგრამ პაპაჩემისგან განსხვავებით, ჩემი ტკივილი და სევდა პირადია, მისი კი ზოგადსაკაცობრიო იყო. პაპაჩემის გავლენას მხოლოდ ხასიათში ვგრძნობ, მიყვარს ხეტიალი, ბუნება, მისი იდუმალი ხმებისთვის ყურის დაგდება. ისიც მინატრია, ნეტავ მეც გამხადა გველისმჭამელ მინდიასავით გრძნეული, რომ ყველაფრის ხმა გავიგონო-მეთქი.

- ვაჟა, შენი რომელიმე ლექსით დავამთავროთ ეს შეხვედრა.

- ახლა ჩემს მელანქოლიურ განწყობას ყველაზე მეტად შეეფერება ეს ლექსი:

წახვედი, წაგყვა ჩემი სულიდან

თმააწეწილი ფიქრების გორი.

წახვედი, ახლა ისე შორი ხარ,

როგორც ცა არის ცაზედაც შორი.

რა დამრჩენია ამ საწუთროში,

შენ გარდა, სხვა ვინ დავიმახსოვრო?

მეპატიება, რომ სადმე შეგხვდე

და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.

წახვედი, დავრჩი აწეწილ ცაზე,

მოწყურებული უწყალო ქორი,

რა ეშველება ამ დედამიწას,

ცა არის შორი, შენზედაც შორი.