რატომ გაიქცა "ვოლგის" ბინადარი თავშესაფრიდან
30-06-2014
რატომ გაიქცა "ვოლგის" ბინადარი თავშესაფრიდან
"პანსიონატში ჩხუბი ატეხა, - მე ის კაცი ვარ, ქვაბის ნაძირალა ვჭამოო?"  

"იმ მათხოვარმა პანსიონატის თანამშრომლებს უთხრა, - აქ რა მინდა, დღეში  მათხოვრობით 200-ლარიანი ვარო..."


ამას წინათ მოსკოვის პროსპექტზე, ერთი კორპუსის წინ ძველი "ვოლგა" დამანახეს, - ამ მანქანაში კაცი ცხოვრობსო. რას ამბობთ-მეთქი?! "ვოლგას" მივუახლოვდი. შიგ ლეიბი, რადიო და კიდევ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი დავინახე. მისი ბინადარი არ დამხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ "ვოლგის" ბინადარი ტელევიზიით ვნახე. გახარებული ამბობდა, - ჟურნალისტები დამეხმარნენ, მთავრობამ
პანსიონატში გადამიყვანა, აქ სამოთხეა, აწი არაფერი მიჭირსო. შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, გაოგნებული დავრჩი, როცა ახლახან ის ისევ პროსპექტზე დამხვდა... მანქანის მინაზე მივუკაკუნე და, - ქუჩაში რატომ დაბრუნდით-მეთქი! - ვკითხე. ხელი ამიქნია, - წადიო! ამის შემდეგ ყველაფერი ვიღონე იმის გასაგებად, თუ რატომ აღმოჩნდა შავი "ვოლგის" ბინადარი ისევ
ქუჩაში...


ახლომდებარე კორპუსის მცხოვრებმა მითხრა, - იქაური საჭმელები დაიწუნა, ბატონოო და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. მაშინვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსს, როინ ქოჩორაშვილს დავუკავშირდი, სწორედ მან გადაიყვანა ბადრი გაბრიჩიძე პანსიონატში.

- ბატონო როინ, კაცს უშველეთ, -  ჭერი გაუჩინეთ. ის კი ისევ ქუჩას დაუბრუნდა...
- ღამის 3 საათზე დამირეკა  სამგორის დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ - "ფეისბუკში" ინფორმაციას წავაწყდი, სამგორში კაცი მანქანაში ცხოვრობს, სასწრაფოდ დაეხმარეო. წავედი, თავშესაფარი გამოვუნახე - ძალიან ლამაზი სახლია ლოტკინზე, კარგი კვებით და სათანადო პირობებით. როცა იქ მივიყვანე, ყველას გასაგონად იძახდა, - აქ ძალიან კარგია, აწი არაფერი მიჭირსო, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან წამოვიდა.

- მეზობელმა მითხრა, იქაური საჭმელები არ მოეწონაო.
- რას მეუბნებით, მანქანაში ცხოვრობდა და უარეს პირობებში გადავიყვანდი? მაგრამ კაცს ქუჩაში ცხოვრება უნდა,  დავაკავო?  პანსიონატში ჩხუბი აუტეხია, - რაც მინდა, ის უნდა მომართვათო...  
პანსიონატში კი გვთხოვეს, - ბატონმა ბადრიმ უხეშობით დაგვამახსოვრა თავი, ხვალ რას მოიმოქმედებს, არ ვიცით, ამიტომ ჩვენს გვარს და სახელს ნუ დაწერთო. 

მომვლელი: - ბადრი გაბრიჩიძეც ისე თბილად მივიღეთ, როგორც სხვები; საკვებსაც იმასვე ვაჭმევდით, რასაც სხვები მიირთმევენ. ჩვენ მრავალი შემომწირველი გვყავს და როგორ ფიქრობთ, აქ მოხუცებს რაიმე რომ დავაკლოთ, ვინ გაგვაჩერებს?!

- საინტერესოა, რა გაქვთ მენიუში?
-  საუზმეზე კარაქი, ყველი, ჩაი, კაკაო და ფაფა. იმის მიხედვით, ვის როგორი ფაფა უყვარს, ორ-ორ ქვაბს ვხარშავთ. ბადრი გაბრიჩიძემ, შვრიის ფაფა მიყვარსო და მივართვით. სადილზე გუფთას, ტოლმას, ხორციან სოუზს, გარნირიან კატლეტს, სუპს, ბორშჩს ვამზადებთ... ვახშმად ვცდილობთ, რაიმე მსუბუქი მოვამზადოთ, თუმცა ყველი, კარაქი და კაკაო, ვახშმადაც გვაქვს.
ამ ბატონს  სადილი რომ მივართვით,  გვითხრა, - მე ის კაცი ვარ, ქვაბის ნაძირალა ვჭამოო?
მერე დაურეკა თავის მძღოლს (თავად თქვა ასე), ფული მისცა და რესტორნიდან მოატანინა სადილი.

- რას ამბობთ, კაცს რომ მანქანის გარდა საცხოვრებელი არ გააჩნია, მძღოლი როგორ ეყოლება, ან რესტორნის ფული საიდან აქვს?
- დაუჯერებლად გეჩვენებათ, არა? ჩემს ნათქვამს პანსიონატის ყველა მცხოვრები დაადასტურებს.
ბატონი ბადრის აქ ყოფნისას ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ყველი მოგვიტანა. ეს რომ დაინახა, გვკითხა, - ჩემთან რატომ არ მოვიდა, ალბათ უბრალო მძღოლი იყო, თორემ უსათუოდ მინახულებდა, მე ყველა მიცნობსო. მძღოლი არ ყოფილაო, - რომ ვუთხარით, გაბრაზდა. იმ კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა - ამ კაცს ვიცნობთ, ზამთარში ჩვენი თანამშრომლები საწვავს უსხამდნენ, რომ არ გაცივებულიყოო. როგორც ჩანს, შემოწირულობები მოაკლდა ბატონ ბადრის და იმიტომ დაბრუნდა ქუჩაში...

სამწუხაროდ, მსგავს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს.
ერთხელ მოხუცი ქალი მოგვიყვანეს, რომელიც ახლაც ზის სასტუმრო "მარიოტის" წინ, დამტვრეულ ტაბურეტზე. ისეთი სახე აქვს, აუცილებლად ხელს გაუმართავ. ზამთარში პოლიციამ მოგვიყვანა, - იყინებაო, მისი 3 შვილიდან ერთ-ერთმა გვითხრა, - დედა აქ არ გაგიჩერდებათო.  
ცოტა ხანში მართლაც წავიდა და  ჩვენს თანამშრომლებს უთხრა, - აქ რა მინდა, დღეში მათხოვრობით 200-ლარიანი ვარო...

თანხა გონებაში ერთ თვეზე გადავამრავლე, ლაპარაკის სურვილი დავკარგე  და პანსიონატის თანამშრომლებს  დავემშვიდობე...

ნახეთ სიუჟეტი www.palitratv.ge-ზე
სვანი
01 ივლისი 2014 16:06
ამ კაცს სახლი უნდა აშკარად... და ეჭვი მაქვს, რომ თბილისის იქით არც გაიხედება. წეღან წავიკითხე სტატია.. იქ სულ დებილები, მწოლიარეები და ავადმყოფები იყვნენ, იქ რა მინდოდაო. არც ეგეთი საკვები მეკადრებაო ... ანტისანიტარიააო... მანქანაში ცხოვრებაზე დიდი ანტისანიტარია იყო? ისიც უთქვამს აქ ჩემს შვილს საცხოვრებელ პირობებს ვერ შევუქმნიო... ანუ სანამ სახლს არ მისცემენ, არ გაჩერდება. მამქანა კიდევ უფრო ყვირის... ჟურნალისტებიც უფრო აპიარებენ... ხალხიც არ ტოვებს მშიერს... ასე, რომ მანდ ურჩევნია აშკარად. არადა რამდენ ადამიანს მართლა უჭირს და იმათ მიხედეთ ჯობია....
dato
01 ივლისი 2014 16:04
თაღლითს თავისიც ეყოფა რომ თაღლითია,იმის შიში რომ მოტყუებული არ დარჩეს ვერ გადასწონის იმ მადლს რასაც ადამიანი და მისი ოჯახი მიიღებს გაჭირვებულის დახმარებით,თუნდაც თაღლითის,დედამ ობლობაში გამზარდა კარგ შვილად,იმდენად კარგ შვილად რომ ერთ-ერთ ხელმძღვანელად ვმუშაობდი მრავალ მშენებლობაზე,მათ შორის სამების ტაძრის და იუსტიციის სახლის მშენებლობებზე,დედა სამი წლის წინ მძიმე ავადმყოფობით გარდამეცვალა,ისე ვიყავი უკვე გაკოტრებული ბიზნესისგან,რომ ხეირიანად ვერც ვუმკურნალე,ვალებით დავკრდზალე,საკუთარი ოჯახი არასდროს მყოლია,დედაჩემი ჩემთვის ყველაფერი იყო და დღეს მისი საფლავი კიდევ გაუკეთებელი მაქვს,ჩუმად დავიპარები ღამით აღდგომას და სხვა დროს,ხალხის მრცხვენია,ასევე ჩუმად შევიპარები ხოლმე უსახლკარო ერთ-ერთი ბანკის დაცვის გარეშე ფილიალში და ბანკომატების გვერდზე ტახტზე მდზინავს,დილის 8საათიდან 10მდე ერთ-ერთ ეკლესიასთან ვითხოვ მოწყალებას,მრევლმა და გამვლელებმა მაცოცხლეს ეს წლები,და მათი მოწყალების იმედით მითენდება და მიღამდება,მე ხომ არანაირი შანსი არ მაქვს 47 წლის კაცმა ბანკის ვალები გადავიხადო,ან თუნდაც დედის სასაფლაო გავაკეთო,მაგრამ მაინც მიყვარს ჩემი ასეთი სიცოცხლე,როდესაც ვხედავ როგორ ცდილობენ ადამიანები გაჭირვებულის დახმარებას,ღმერთი დალოცავს და გაახარებს მათ,ისინი და მათი ოჯახის წევრები იქნებიან ბედნიერნი და ჯანმრთელნი,ამინ.ნათქვამია ითხოვეთ და მოგეცემათ,განიკითხეთ და განკითხულნი იქნებით,მიეცით კეისარს კეისრისა და მათხოვარს მათხოვრისა,ღმერთი დაგლოცავთ და გაგახარებთ თქვენ და სრულიად საქართველოს.ამინ.
qeti
01 ივლისი 2014 15:41
მარტლაც უამრავ ადამიანს დავხმარებივარ და ერტხელ ისეტ დგეში ავგმოცჰნდი რომ მე ტავად ცჰავტვალე ტავი მატხოვრად ბოლო გავეცი და მეორე დგეს მანქანა მოაგელვეს სახლსჰი, მეტირა ტუ მეცინა არ ვიცოდი......ვერ გაიგებ ვის მარტლა უცჰირს.....

რედაქტორის რჩევით