რას გვიქადის უკონტროლო მიგრაცია - კვირის პალიტრა

რას გვიქადის უკონტროლო მიგრაცია

პირველი სექტემბრიდან საქართველოში მყოფი არალეგალებით საემიგრაციო სამსახური დაინტერესდება

"საკითხს თუ სიღრმისეულად მოვიკვლევთ, აუცილებლად გამოიკვეთება ბევრი ტრეფიკინგის ფაქტიც და სხვა არალეგალური საქმიანობაც"

მსოფლიოში არალეგალური მიგრაცია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული ქვეყნები განვითარების პარალელურად საემიგრაციო კანონებს ამკაცრებენ, საქართველომ საპირისპირო პოლიტიკა გაატარა და ბოლო წლებში უფრო მეტ ქვეყანას გაუმარტივა სავიზო რეჟიმი. სპეციალისტების აზრით, საზღვრების გახსნამ მკვეთრად გაზარდა არალეგალთა რაოდენობა.  საქართველოს 118 სახელმწიფოსთან აქვს უვიზო რეჟიმი, მათ შორის არის აფრიკული და საომარ მდგომარეობაში მყოფი არაბული თუ აზიური ქვეყნები. რას უქადის უკონტროლო მიგრაცია 4-მილიონიან ქვეყანას, ამის შესახებ ”კვირის პალიტრა” შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტს ესაუბრა:

მარკ ჰოულსი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი: - ამჟამად იმიგრანტთა უმრავლესობა საქართველოში ჩინეთიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, ერაყიდან და ეგვიპტიდან შემოდის. იმიგრანტთა უდიდესი ნაწილი ლეგალურად შემოდის, მაგრამ ზოგი იმაზე მეტხანს რჩება, ვიდრე კანონი აძლევს ამის საშუალებას. ამჟამად ბევრი ქვეყანა სარგებლობს უვიზო რეჟიმით საქართველოსთან, თუმცა, ეს შესაძლოა შეიცვალოს, როგორც კი შემოიღებთ ახალ საიმიგრაციო კანონმდებლობას.

- კონკრეტული ფაქტები თუ გაქვთ, რა მიზნით შემოდის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის საკითხი და სოციალური პრობლემები დღემდე მოუგვარებელია?

- არსებობს რამდენიმე მოტივაცია,  მაგალითად, დროებით საქმდებიან, სწავლობენ ან საკუთარ ქვეყანაში არეულობის გამო თავს აფარებენ საქართველოს.

ეს ხალხი ყველგან ვერ მიდის და ამიტომ ისეთ ქვეყნებში ჩადიან, სადაც სავიზო რეჟიმი გამარტივებული აქვთ.

ჩამოსული უცხოელების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს გამოიყენებს ტრამპლინად ევროპაში მოსახვედრად.

- ევროპამ საიმიგრაციო კანონი გაამკაცრა, საქართველო კი ბოლო წლებში უფრო მეტად ააქტიურებს ვიზების ლიბერალიზაციის პოლიტიკას.

- საქართველოს საიმიგრაციო კანონმდებლობა 2014 წლის 1-ელ სექტემბერს შეიცვლება. ახალი კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქეების იურიდიული სტატუსისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ გულისხმობს წინა საიმიგრაციო პოლიტიკის კონცეპტუალურ გადასინჯვას და ითვალისწინებს უფრო მკაცრ პროცედურებს ქვეყანაში შემოსვლის, ცხოვრებისა და ქვეყნის დატოვების თაობაზე. ეს კანონი მორგებულია ევროპულ საიმიგრაციო მართვის მიდგომაზე და ფოკუსირებულია უფრო მეტად კონტროლის მექანიზმებზე და არა უპირველესად მიგრაციის გამარტივებაზე.

ლევან მაჭავარიანი, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე: - როცა ამოქმედდება კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ", ჩვენ სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას. მზადდება ღონისძიებათა კომპლექსი, რომ საქართველოზე გამავალი მიგრაციული ნაკადები ლეგალურ ჩარჩოში მოექცეს. დაბრუნების მექანიზმი ორნაირია: ნებაყოფლობითი და იძულებითი (რისთვისაც პოლიციური მეთოდები იქნება გამოყენებული). მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მიგრაციის წესები და საზღვრის გადაკვეთის პროცედურები.

- მესამე სამყაროს ქვეყნების ერთ ნაწილთან სავიზო რეჟიმი გაუქმებული გვაქვს, რის გამოც ისინი მარტივად შემოდიან ქვეყანაში. ხომ არ მოგვიწევს ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკის საფუძვლიანად გადახედვა?

-  მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი არა გვაქვს, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მაინც შეგვიძლია დავარეგულიროთ იმ პირების მოქმედება, რომლებსაც სურთ არალეგალურად შემოსვლა ქვეყანაში. მერწმუნეთ, როდესაც ადამიანებმა არ იციან, სად ჩამოდიან, არ გააჩნიათ საჭირო თანხა, არა აქვთ ბარგი და იღლიაში ამოდებული ცელოფანის პარკით ცდილობენ, დაუმტკიცონ მესაზღვრეებს, რომ ტურისტები არიან, ასეთ სტუმრებს არ მიიღებს ქვეყანა.

კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი: - ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ განსაზღვრული ვალდებულებები გვეკისრება მიგრაციის პოლიტიკის გადახედვაში.

საქართველოს მოუწევს, საფუძვლიანად გადახედოს საიმიგრაციო პოლიტიკას, დაიწყოს არალეგალების გამოვლენა და ქვეყნიდან გაყვანა.

- უცხოელების უკონტროლო მიგრაციის გამო, ეროვნული უსაფრთხოების მხრივ რამდენად ექმნება პრობლემა ქვეყანას?

- არალეგალურმა მიგრაციამ ჩვენთან განსაკუთრებით გასულ წლებში მიიღო მასობრივი სახე. თუ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, ძნელი გახდება პროცესების მართვა. ეს გამოიწვევს უამრავ სოციალურ პრობლემას, მათ შორის დაამძიმებს კრიმინოგენულ ვითარებას.

არალეგალური მიგრანტები პირდაპირ კავშირში არიან ნარკოტიკებსა და ტრეფიკინგთან. აფრიკული ქვეყნებიდან მასობრივად გამორბის ხალხი და ყველა თუ შემოვუშვით, სავალალო შედეგს მივიღებთ. სხვა თუ არაფერი, ვერც გამოკვებავ მოზღვავებულ არალეგალთა ტალღას და მშიერი ადამიანი რისი ჩამდენიც არის, ყველამ იცის.

სხვათა შორის, ეს ხალხი იმ სფეროში საქმდება, სადაც ქართველი უკადრისობს მუშაობას. საკითხს თუ საფუძვლიანად შევისწავლით, აუცილებლად გამოიკვეთება ბევრი ტრეფიკინგის ფაქტიც და სხვა არალეგალური საქმიანობაც.

უტა ბიწაძე