"გადააგდე კარდიოგრამა," ანუ იცინე ბევრი...
18-01-2010
"არაა ჩამოსახრჩობი იმელსის ნათლია?"

თუ ქუთაისელ კოლორიტებზე და ქუთაისურ იუმორზე რაიმე გაგიგიათ, მაშინ ვაჟა ჭყონიაც გეცოდინებათ და თუ პირველად გიწევთ მასთან "შეხვედრა", ეს ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. გასულ ახალ წელს ქუთაისურმა გაზეთმა ქალაქელებში გამოკითხვა ჩაატარა: ვის ისურვებდით თქვენი ოჯახის მეკვლედო - ქუთაისელებმა ოცზე მეტი პირი დაასახელეს, მაგრამ ყველაზე მეტი ხმა ბატონ ვაჟა ჭყონიას ერგო. რისთვის? - აი, ახლა ამის გარკვევას შევეცდებით:

- ჩემზე მეტი დამსახურების მქონე უამრავი კაცი დადის ქუთაისში და
თუ ასე ვუყვარვარ ჩემს ქუთაისელებს, ჩემი თავი ენაცვალოთ იმათაც და მთელ საქართველოსაც!..

KvirisPalitra.Ge- მაინც, ვინ არის ვაჟა ჭყონია?
- ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთიდან ჩამოვიდა მამაჩემი ქუთაისში. ძალიან მკაცრი კაცი იყო,  8 წლის ბიჭი ქამრით მხოლოდ იმიტომ მცემა, რომ შემისწრო, როგორ ვუყურებდი დიდ ბიჭებს, ფულზე რომ
თამაშობდნენ კარტს. თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში კარტი კი არა, დომინო და ნარდი არ მითამაშია არასოდეს, მით უმეტეს, ფულზე...

- ფული არასოდეს გაკლდათ...
- ხალხი მილიონებს ხარჯავდა, ოღონდ რესტორნის დირექტორობა ჩაეგდო ხელში. დავიფიცებ, რომ არასოდეს მიმიცია სამსახურში მოსაწყობი ფული ვინმესთვის. ერთხელ ისე დამნიშნეს რესტორან "თეთრი ქვების" დირექტორად, ყველაზე ბოლოს გავიგე... მაშინ ქალაქკომის მდივანი ბატონი ნუგზარ რუხაძე იყო. მისი კანდიდატურა ვყოფილვარ. მერე კი შემომითვალეს, გაშალე სუფრა, რომ სახელი შევურჩიოთ რესტორანსო. რად უნდოდა სახელის დარქმევას 25 კაცი, მაგრამ საქეიფო მიზეზს ეძებდა ხალხი და თავს შევირცხვენდი? ტელევიზია იღებდა, მე ვიყავი მიყუჟული და რომ გადაწყდა, "თეთრი ქვები" დავარქვათ რესტორანსო, ჩემთვის ჩავილაპარაკე, "თეთრი ქვები და შავი სტუმრები-მეთქი". მაინცდამაინც მაშინ არ მომიშვირეს კამერა და მიკროფონი? სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ ბატონმა ნუგზარმა გაბედა ხმის ამოღება: ბატონო ვაჟა, ჩვენ სტუმრების რომელ კატეგორიაში ვითვლებითო?

- წითლებში, ჩემო ბატონო-მეთქი! - დავიკნავლე ფერდაკარგულმა.

- ვახა-ხაო! - გადაიხარხარა ქალაქკომის მდივანმა და აჰყვნენ სხვებიც. გადავრჩი დაჭერას...

მორის ფოცხიშვილს, მის ლამაზ სულს ვენაცვალე, გადაუხადეს ჩვენს თეატრში საიუბილეო საღამო. დამირეკეს, საღამოს შენთან მოვიყვანთო. არადა, რესტორანში პიანინო არ გვქონდა. გავიქეცი და მოვიტანე სახლიდან. აღარც წამიღია უკან, დარჩა რესტორანში. არც ვნანობ: ფილარმონიას შეშურდება, ისეთ ხალხს უმღერია მასზე გაკეთებული აკომპანემენტით. ათასი მიზეზით იმართებოდა ბანკეტი ჩემი რესტორნის დარბაზში: რვაჯერ მარტო გარდამავალი წითელი დროშის მიღება აღნიშნეს ქალაქის თავკაცებმა. დღემდე არ ვიცი, რაფრა არიგებდნენ იმ დროშებს და ან ამდენი რა უხაროდათ.

- ქუთაისელებმა იმიტომაც აგირჩიეს სასურველ მეკვლედ, რომ ქველმოქმედი ბრძანდებით.
- უფასო სასადილოები  გახსნეს და შიგ პასპორტებით უშვებენ ხალხს!.. სუფრას რომ გაშლი და გაჭირვებულ კაცს უკან გააბრუნებ, სიაში არ წერიხარო, ეგ უკვე ბოროტებაა. ფულს რომ ვაძლევ გაჭირვებულს, თვალს ვერ ვუსწორებ, რადგან კაცი მქვია და ჩემს კაცობასაც ადგება ჩრდილი, მოხუცი და ბავშვი რომ დადის სამათხოვროდ...

- თქვენს ალბომში ცნობილ ფრანგ კომიკოსთან, პიერ რიშართან ერთად გადაღებული ფოტო ვნახე.
- პიერ რიშარისთანა მსახიობი ყოველი მეორე კაცია ქუთაისში. განუმეორებელია ჩვენი ქუთაისური ენაკვიმატობა. ეგ ფოტო კი შემთხვევით გადავიღე. მაშინ პიერ რიშარს საქართველოში იღებდნენ ფილმში. ბატონმა გოგი დოლიძემ მიმიწვია ღონისძიებაზე და შემთხვევით შევეჩეხე. პატივს არ ვცემ-მეთქი, იმას კი არ ვამბობ, მაგრამ იპოლიტე ხვიჩიას ნეკის ფრჩხილადაც არ ღირს მისი არტისტიზმი.

- თქვენს სამეგობროშიც უამრავია, ალბათ, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული...
- ბევრი აღარაა. ახლა წიგნის დაწერა გადავწყვიტე, რომლის გმირებიც ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახის წევრები არიან. პირველ რიგში ჩემი მეუღლე დარეჯან-დარიკო ფხაკაძე. მეუბნება, თუ ჩემზე დაწერ რამეს, იცოდე, გაგეყრებიო! მეც ჯიბრში ვუდგები, ჰოდა, მოვუჩქარებ აპა წერას-თქვა!.. იმას ენაცვალოს ჩემი თავი. გაისად 50 წელი გვისრულდება ერთად ყოფნის, ხო აზრზე ხართ, რას გავუძელი ფხაკაძის ქალის ხელში? ოქროს ქორწილს ვაპირებ. ისე ფხაკაძის ქალები ცოტა წუნკლები არიან და ამაზე რომ მკითხავენ, ვამბობ: რავა გეკადრებათ, ჩემს ცოლს იმდენი თაფლი და შაქარი ამოსდის პირიდან, მეშინია, დიაბეტი არ დაემართოს-მეთქი!.. ერთხელ გამებუტა და სამი დღე ხმა არ გამცა, გადამრია. ჯაჭვზე დაბმული ძაღლივით დავდიოდი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში. არც ბავშვები იყვნენ სახლში. დარეკა ტელეფონმა. მივედი და გამითიშეს. რა ვიცი, ვინ იყო, მე კი გავილექსე: "ა-აჰ! რავა ბრძანდებით, ქალბატონო... ორ საათში? გლახა ამინდი როა"...
დარიკო ქსოვდა და სვიტრის ცალი სახელო წუთში მოქსოვა ცნობისმოყვარეობით გაგიჟებულმა...  ყურმილი დავდე და ახლა ჩემთვის ვაგრძელებ: "რა ვქნა, ა?"

- ვინ იყო, ხომ მშვიდობაა? - უმტყუნა მოთმინებამ.

- დედაშენი იყო და მთხოვა, ნახევარ საათში აგიყვანო მასთან, ძაან მონატრებიხარ-მეთქი... არადა, ჩემი სიდედრი ათი წლის წინ გარდაიცვალა და ოღასყურის სასაფლაოზეა...

ხმა გამცა კი არა, ორი დღე მწყევლიდა ჩემი დარიკო და ესეც მსიამოვნებდა, ოღონდ არ გაჩუმებულიყო...

ამას წინათ მეგობარი შემხვდა, ძალიან მოკლეზე შეეჭრა თმა. ვეკითხები, ვის დაუდე თავი, შე უღმერთო-მეთქი? შეაგინა პარიკმახერს: ორი ლარი მივეცი იმ შობელძაღლს და სამი ლარის შემაჭრაო!.. ჩვენი პარიკმახერი - იმელსი ჟორჟოლიანი ცალკე თემაა ქუთაისურ იუმორში...

- რა უცნაური სახელია...
- "ინსტიტუტ მარკსა, ენგელსა, ლენინა ი სტალინა" - ამისი აბრევიატურაა, არაა ჩამოსახჩობი მისი ნათლია? ერთხელ ვზივარ და ჩემს რიგს ველოდები. იმას ზორბა სვანი უზის და ისეთ პრეტენზიებს უყენებს, გადარია კაცი. არ გაინტერესებთ, რითი იყარა ჯავრი? - დააძრო საიდანღაც სააქციზო მარკა და მიაკრა ყურზე: ნუ დააჭერინებ საგადასახადოს ჩემს თავს, ცალკე შენ დაგაჯარიმებენ, ამ მარკის გარეშე რომ გახვიდე... ეს ხიდი ისე გედეიარე, ნუ მეიძრობო!.. გვეგონა, ახანჯლავდა იმელსის, მარა ის სვანი კი წავიდა იმ მარკით, ჯარიმას მივცემ მე მაგათ, ვერ მივართვიო!.. მოსიარულე ანეკდოტია ჩემი უმცროსი მეგობარი ომარ ქელბაქიანი: სიდედრი მოუკვდა და რომ ჩაასვენეს კუბოში, დატრიალდნენ ქალები: თავსაფარი არ დაგავიწყდეთ, სავარცხელი და მაკრატელი, გამოსაცვლელი ტუფლები... წამლები დარჩა დასალევი და არ დაგავიწყდეთ, ისიც ჩაუწყვეთ... გადარიეს კაცი და რომ გამოასვენეს მიცვალებული, შეაჩერა პროცესია - აივნიდან გადმოსძახა: ნახეთ ერთი, თუ ძმები ხართ, ვადაგასული არ იყოს ის წამლები და არ აწყინოს, თორემ იქ ვინ დაასევს ჩემს დედიკოს ექიმებს თავზეო. კინაღამ დაახრჩო ხალხი მოგუდულმა სიცილმა...

ჩემს წიგნს უნდა დავარქვა: "გადააგდე კარდიოგრამა"...

- ეგ რას ნიშნავს?
- რას ნიშნავს და სიცილია გულის წამალი და სალბუნი... გული ბოღმას არ უნდა შეაჭმევინო. დაკვირვებული ვარ, ჩამიჩივით უნაოჭდება სახე სიბერეში ბოღმიან და ბოროტ ადამიანს. შეიძლება გარეგნულად გიცინის,  მაგრამ გულით არ უხარია...

- რომ დაგირეკეთ და გკითხეთ, ჩემთვის თუ მოიცლით-მეთქი, მითხარით: ჩემნაირი მოცლილი ზაფხულში თხილამურებიაო!..
- აღარ ვმუშაობ და დამიჯერეთ, ყველაზე ცოდვა ყოფილა უფუნქციოდ დარჩენილი კაცი. დილას რომ ავდგები, ცოლს ვეჯიჯღინები, რა ვაკეთო-მეთქი. - გადი, გამოდი და მეიფიქრებ რამესო! - მიშორებს თავიდან.

- სამაგიეროდ, მეგობრებისთვის დაგრჩებათ ბევრი დრო...
- სადღაა მეგობრები - უმეტესობა წავიდა უკვე, აღარ არიან და ქუთაისის განუმეორებელი ხიბლიც გაიყოლეს. უბედნიერესი კაცი ვიყავი, როცა გავიგე, ქუთაისელების უმრავლესობამ შენი მეკვლეობა ისურვაო... მუხლს ვიყრი ჩემი ქალაქის წინაშე, თუ მართლა ასე ფიქრობს ჩემზე...
elene
18 თებერვალი 2010 23:21
გაიხარეთ ინგა მართლა დიდი სიამოვნებით წავიკითხე.მეც ქუთაისელი ვარ და წლებია უკვე არ ვყოფილვარ ჩემს ქალაქში იმიტომ რომ ემიგრანტი ვარ.თქვენმა სტატიამ კი კიდევ ერთხელ უსაშველოდ მომანატრა ქუთაისი და ქუთათურები.ბატონო ვაჯა დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!
miki
20 იანვარი 2010 15:06
ქუთაისელებს იუმორში ვერავინ შეედრება
gulnara tsiklauri
20 იანვარი 2010 06:11
დიდი მადლობა ინგა!
დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს საინტერესო სტატიებს!
მე ვიცნობ ბატონ ვაჟა ჭყონიას და თქვენ ზუსტად დახატეთ მისი პორტრეტი...იგი მართლაც ქუთაისის კოლორიტი და ყველასთვის საყვარელი ადამიანია!
ვუსურვებ ბატონ ვაჟას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას!

პატივისცემით
გულნარა წიკლაური

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?