ჯაყო ცოცხალია?! - კვირის პალიტრა

ჯაყო ცოცხალია?!

მაშინ მიხეილ ჯავახიშვილმა საქართველოს კიდევ ერთხელ შემოულაწუნა სიმართლე

"გარემოებამ ორჯერ გამარუსა და ისე დამავიწყა ქართული, რომ საყველპუროც ძლივსღა მესმოდა. მაგრამ როცა გადავწყვიტე, მწერლობისთვის მომეკიდნა ხელი, ქართულ წიგნს შევეკედლე, ზედიზედ სამი ზაფხული გავატარე ქართლში, მივიწყებულიც აღვიდგინე და ახალიც მრავლად შევიძინე"...

თუ არსებობენ საქართველოში ერთეულები, ვისაც მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები და რომანები წაუკითხავს, ხოლო მისი ბიოგრაფია კი არ იცის, გაოცებული დარჩება, რომ "ჯაყოს ხიზნების", ან ქართული ენის მარგალიტების უშრეტი წყაროს -–"არსენა მარაბდელის"“ ავტორს ეკუთვნის ეს სიტყვები.

მიხეილ ჯავახიშვილმა ოდესღაც ქართული არ იცოდა! მართლაც დაუჯერებელია! როგორი წარმოსადგენია ასეთი სცენა: ყმაწვილი მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის სხვა მოსწავლეებთან ერთად საგურამოში მიჰყავს მოძღვარს ილიაობაზე, ერის მამისათვის დღეობის მისალოცად და, როგორც გამორჩეულ, წარჩინებულ მოწაფეს, ილიასათვის მისი აღმოჩენილი ბარათაშვილის "მერანის" წაკითხვას ანდობს. ილიამ ღიმილით მოუსმინა და თავის სეხნიას, წინამძღვრიშვილს, ბიჭის უცნაურ აქცენტზე ჰკითხა. ბორჩალოდან არის, იქ რუსულ დაწყებით სასწავლებელში იყო, ქართულს თავიდან სწავლობსო, - უპასუხა. ილიამ შეაქო და წარმატება უსურვა.

როგორც მწერალს, წარმატება მართლაც არ დაჰკლებია, მაგრამ მანამდე იყო ცხოვრების ქარტეხილები და ტრაგედიები, უცხოეთში ყოფნა და მშობლიური ენის კიდევ უფრო "საფუძვლიანად" დავიწყება... ცხოვრების ბოლოს მოწამებრივი სიკვდილი, ხოლო ცხოვრების შემდეგ - უკვდავება და დიდების პანთეონი!

ლიტერატურაში (ყოველ შემთხვევაში, ისეთში, ჯავახიშვილი რომ ქმნიდა) ენის ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა კარგიც არის და ცუდიც. ცუდი იმიტომ, რომ უცხოელისათვის ძნელი აღსაქმელი იქნება შედევრის მთელი სიდიადე (რაგინდ კარგი თარგმანი იყოს, ბევრი რამ "იყლაპება") და იმიტომაც, რომ თუნდაც წინამდებარე სერიის მსგავს უცხოურ ანალოგში ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") ვერასოდეს მოხვდება. კარგი კი მხოლოდ ჩვენთვის – ორიგინალის ენაზე მკითხველისთვის არის და არა მხოლოდ ღრმა აზრისა და პერსონაჟთა გენიალურად "ხატვის" გამო, იმიტომაც, რომ სწორედ ეს "გვიან ნასწავლი", ძარღვიანი ქართული გვეძვირფასება.

ჯავახიშვილის არც ერთი ახალი რომანისა თუ მოთხრობის გამოქვეყნებას არ ჩაუვლია უხმაუროდ, თუმცა ამ მხრივ "ჯაყოს ხიზნებიც" და "თეთრი საყელოც" გამორჩეულია (განსაკუთრებით პირველი). ამ წიგნში მათი ერთად შეტანაც არ არის შემთხვევითი - თვით ავტორიც მოიხსენიებს ამ ორ გამორჩეულ ნაწარმოებს ერთად და წერს: "ამგვარ მასალას აქამდე მე დავდევდი, ახლა კი თვითონ დამდევს და გამოცდილებით ვიცი, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადს უნდა მდიოს და მაწვალოს. ასე დამდევენ დღემდე "ჯაყოს ხიზნები" და "თეთრი საყელო". ამ მხრივ ხელოვანი იმ ბერძნულ მითურ არსებას ჰგავს, რომელმაც გრიგალი გამოიწვია და ვერ დააწყნარა.“

მწერალი აქ იმას გულისხმობდა, რომ ხშირად უჩნდებოდა და მრავალი წლის მანძილზე მიჰყვებოდა სურვილი, რამე ჩაემატებინა, უკეთესი გაეხადა მოთხრობა თუ რომანი.

"ჯაყოს ხიზნებით" გამოწვეული ეს გრიგალი დიდხანს, მწერლის სიკვდილის შემდეგაც კი, შეიძლება ითქვას დღემდე, არ ჩამდგარა: მას ლანძღავდნენ, აღფრთოვანდებოდნენ, ნამუსზე აგდებდნენ, სძულდათ, ადიდებდნენ, საყვედურობდნენ... დიდი ხნის შემდეგ,  XX საუკუნის 80-იან წლებში, ბრეჟნევისეული "ზასტოის" პერიოდში, ეროვნული არხეინობისა და „საერთო-სახალხო მაძღრობის ეპოქაშიც კი, საყოველთაო განხილვის საგნად იქცა თბილისის ერთი თეატრის ვითომდა მორიგი სპექტაკლი. თითქოს აღარც ახსოვდა საზოგადოებას, რომ "ჯაყოს ხიზნებიც" დაწერილი იყო და "ჯაყოც" ცოცხალი იყო: სახლიდანაც გვაგდებდა, ნამუსსაც გვხდიდა და ამისთვის მადლობასაც ითხოვდა!

მაინც, დიდი ლიტერატურისა და დიდი რეჟისორის ერთად შეყრამ მივიწყებული ტკივილი კვლავ ატკინა ქვეყანას და იმით თავის მართლება, რომ საზოგადოება მხოლოდ სპექტაკლის იმ დროისათვის თამამმა სცენებმა აღაშფოთა, თავის მოტყუება იყო და მეტი არაფერი: მაშინ მიხეილ ჯავახიშვილმა საქართველოს კიდევ ერთხელ შემოულაწუნა სიმართლე და ეს ეწყინათ "დამპყრობლის ხალათოსნებს", მსხვილსაც და წვრილსაც...

როდესაც "ჯაყოს ხიზნებს", "თეთრ საყელოს", "ლამბალო და ყაშას" და ბევრ სხვას კითხულობ, შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ მათი ავტორი გადაურჩებოდა 1937 წლის რეპრესიებს. არადა, ნამდვილად იყო "დასახვრეტი"... მაშინდელი ჯალათთუხუცესი, ჭკვიანი არამზადა ლავრენტი ბერია, სხვაზე უკეთ ხვდებოდა, ვინ იყო რეჟიმისათვის საშიში: "მავნებლობის" ყალბი ბრალდებით დასახვრეტად გამზადებული კოლმეურნეობის ბრიგადირი, რომელმაც "მოხარშული სიმინდი დათესა", სარდაფში ბომბების დამზადებაში ბრალდებული დივერსანტი თუ კაფანდარა მწერალი, რომლის ყოველი სტრიქონიც ლახვარივით ეცემოდა რეჟიმს და სამუდამოდ დაძინების საშუალებას არ აძლევდა ერს...

კიდეც ამბობენ სარწმუნო ხმები, პირადად ბერიას ბრძანებით (ზოგი ვერსიით, უშუალოდ მის მიერ) წამებით ამოხადეს სულიო...

ბედნიერია ერი, ქვეყანა, რომლისთვისაც "ჯაყოს ხიზნები" აქტუალური არ არის. სამწუხაროდ, საქართველო მათ შორის არასოდეს ყოფილა, ამიტომ ის ბედნიერება უნდა "ვიკმაროთ", რომ ამ აქტუალურობის დამნახავი და აღმწერი გენიოსი გვყავს. ჩვენ კი უნდა ვუსმინოთ და ფხიზლად ვიყოთ.

უსათუოდ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება:

რომანში ჯაყო ეროვნებით ოსია. ვინც არ უნდა უარყოს, ფაქტია, რომ გასაგები კონიუნქტურული მიზეზების გამო, კომუნისტების "ერთა შორის ძმობის" დროსაც და დღევანდელ "ტოლერანტულ-პოლიტკორექტულ ხანაშიც", ამ რომანს რაღაცნაირად "ერიდებოდნენ". სასაცილოა. კონკრეტული ჯაყო შესაძლოა ოსიც ყოფილიყო, ქართველიც, სომეხიც და აფრიკელიც, მაგრამ "მთავარი ჯაყო" ოსი არ არის. თვითონ ჯავახიშვილი ამბობს: "ჯაყო ოსია. შემთხვევითი ამბავია: ცოცხალი ვნახე და აღვწერე. გარდა ამისა, ოსური ჟარგონი დიდ ძალას აძლევს რომანს. არავითარი ეროვნული სარჩული ჯაყოს ოსობას არა აქვს"...“

ასე რომ, კარგი იქნება, თუ მიმოვიხედავთ და "ჯაყოებს" ჩვენშივე მოვძებნით, დღეს ხომ ყველაფრით იგრძნობა, რომ ის ცოცხალია. ამ ძიებაში მასწავლებლად და სახელმძღვანელოდ კი მიხეილ ჯავახიშვილი და მისი შემოქმედება ბრწყინვალე საშუალებაა, განუზომელ ლიტერატურულ ღირებულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.