საფრთხე - მტკვარი საზღვრების გარეშე
30-06-2014
საფრთხე - მტკვარი საზღვრების გარეშე
"მიწა გაირეცხება და შეიძლება ქალაქში მთელი ეს მასა დაილექოს"

მდინარეს მიმდგარი სპეცტექნიკა გამეტებით ჯიჯგნიდა იქაურობას. იქ, სადაც უზარმაზარი ექსკავატორი მიწას ხაპავდა, მტკვარი შხუილით იკავებდა ნაპირის ადგილს


"კვირის პალიტრა" რამდენიმე ხნის წინ ("თბილისი მოლთან") მტკვრის სანაპირო ზოლში ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე წერდა. მუშები მტკვრიდან ხრეშის ამოღების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე აყალო მიწას და სამშენებლო ნარჩენებს ყრიან, რაც სპეციალისტთა აზრით, დაუშვებელია, რადგან წყალი აყალო მიწას ადვილად გარეცხავს.


ადგილობრივმა მოსახლეობამ გვაცნობა, რომ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე
სამუშაოები გრძელდება და იზრდება საშიშროება, რომ ხრეშგამოცლილი მდინარე დასახლებას საფრთხეს შეუქმნის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივედით აღნიშნულ ადგილზე - მდგომარეობა მართლაც არ შეცვლილა. მდინარეს მიმდგარი სპეცტექნიკა გამეტებით ჯიჯგნიდა იქაურობას. იქ, სადაც უზარმაზარი”ექსკავატორი მიწას ხაპავდა, მტკვარი შხუილით იკავებდა ნაპირის ადგილს. ერთ დროს სწორ კალაპოტში მიმავალი მდინარე დასახლებული
პუნქტისკენ დახრილა, ხრეშისგან გაცარიელებულ მიწას რეცხავს და გზას აგრძელებს. სპეციალისტების აზრით, თუ წყალდიდობა მოხდა, ეს შეიძლება მძიმე შედეგით დასრულდეს, რადგან წყალს შემაკავებელ ქანებს აცლიან.

ადგილობრივი მკვიდრი:
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა ხდება ამ ტერიტორიაზე. დაბომბილს ჰგავს მთელი ტერიტორია. მდინარესთან მიახლოება საშიშია, შეიძლება ძირგამოთხრილი მიწა ფეხქვეშ გამოგეცალოს და ტექნიკით ამოღებულ ორმოში ჩავარდე.

ნელი კორკოტაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი: ჩვენი სამსახური დაინტერესდა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული ადგილებით და გარემოს დაცვის სააგენტოს სთხოვა მოეკვლია, იქ მართლაც მოიპოვებენ თუ არა უკანონოდ წიაღისეულს. ოფიციალური წერილი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სიტყვიერად დაგვიდასტურა, რომ დარღვევები მართლაც არის. როგორც მითხრეს, შპს "ფორგრუპი", რომელიც იქ მუშაობს, გაცდენილია ლიცენზიით გათვალისწინებულ კონტურებს და სულ სხვა ადგილზე იღებენ ხრეშს. როგორც კი გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოგვივა ყველა დოკუმენტი, დავიანგარიშებთ გარემოსთვის მიყენებულ ზარალს და მოვითხოვთ ჯარიმის დაკისრებას დამრღვევ ლიცენზიანტებზე.

- ლიცენზიანტები მტკვარში ხრეშის ამოღების შემდეგ აყალო მიწასა და სამშენებლო მასალებს ყრიან.
- ეს პროცესი პროექტის საფუძველზე უნდა მოხდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს, რა რაოდენობით და რა ტიპის ქანები უნდა განთავსდეს ასეთ ადგილებში.

ოფიციალური უწყებისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, შპს "ფორგრუპის" წარმომადგენლებს ვთხოვეთ შეხვედრა. ის დოკუმენტების ჩვენებასაც დაგვპირდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას აძლევს. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ვალდებული არ არის, ანგარიში ჩაგვაბაროს(?!)
შპს "ფორგრუპის" წარმომადგენელი (ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა): - ჩვენ არა ვართ ვალდებული, ანგარიში ჩაგაბაროთ. თუ რომელიმე დოკუმენტის მიღება გინდათ, მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც  მოგვცა ლიცენზია. ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ!

- როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში გვითხრეს, თქვენ სალიცენზიო პირობებს არღვევთ.

- მიმდინარეობს მოკვლევა და გაირკვევა, რამდენით გადავცდით და რა დავარღვიეთ.

გიორგი გაჩეჩილაძე, დეპუტატი, "მწვანეთა პარტიის" წევრი:
- მდინარეს დიდი ენერგია აქვს და როცა წყალმოვარდნა იწყება, პრობლემებს ქმნის ნაპირიდან შორ ტერიტორიებზეც. სასურველი არ არის, მდინარისთვის მყარი მასების გამოცლა, მით უმეტეს, ქალაქში.  თუ მდინარესთან ახლოსაა დასახლებული პუნქტი, მაშინ ხელოვნური ეროზიის გამო იზრდება რისკი, და საფრთხე ექმნება მოსახლეობას.
- ამ ამბით მაშინ დავინტერესდი, როცა შევიტყვეთ, რომ იმ ადგილებზე, საიდანაც ქვიშა-ხრეშს იღებენ, მიწასა და სამშენებლო მასალებს ყრიან ღრმულების ამოსავსებად.

- ეს კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას - მიწა გაირეცხება და შეიძლება ქალაქში მთელი მასა დაილექოს. საშენი მასალების ჩაყრა დაუშვებელია, წყალს დიდი ძალა აქვს და მდინარეში ასეთი მასები თუ ხვდება, წყალდიდობის დროს კიდევ უფრო მოიმატებს მისი დამანგრეველი ძალა.

უტა ბიწაძე
შალვა
01 ივლისი 2014 16:53
თქვენ არაგვის სანაპირო ნახეთ მცხეთასთან რა ხდება!!!
alamaria
30 ივნისი 2014 11:27
ფაქტია რომ ჩვენთითონვე ვუთხრით საძირკველს ჩვენივე მომავალს

რედაქტორის რჩევით