"მეიოლება სიკვდილთან შეხვედრა, ასე მგონია ხელი ხელს გვიკიდია" - კვირის პალიტრა

"მეიოლება სიკვდილთან შეხვედრა, ასე მგონია ხელი ხელს გვიკიდია"

"22 წლისამ დავტოვე საქართველო. ახლა 107-ის ვხდები... 85 წელია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ..."

"ხანდახან ღამე მეღვიძება და ფიქრებს შორს მივყავარ. გულში სულ ქართულად ვლაპარაკობ, სულ ვეკითხები ჩემს თავს - საქართველოდან რატომ წამოვედი-მეთქი"

"ჩვენ სიყვარული ავირჩიეთ და ამიტომ მოვედით აქამდე"

უხუცეს ემიგრანტს, ალექსანდრე ბესტავაშვილს ლონდონში მცხოვრები ქართველები კარგად იცნობენ. მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. ბატონმა ალექსანდრემ მშვენივრად იცის ქართული და ჩვენი საუბარიც მშობლიურ ენაზე გულღია და უშუალო გამოდის.

- ჩემი ბავშვობის ალაგი ახლაც მესიზმრება - ატენის სიონიდან კლდე მოჩანს. იმ კლდეზე უძველესი ციხესიმაგრეა... ჩემს წინაპარს იქ მიწა მოუთხრია და ატენში პირველი ბესტავაშვილი - შალვა დასახლებულა.

ბატონი ალექსანდრე ჩუმდება, სევდიანად მიყურებს და მერე დინჯად განაგრძობს: - მამა  პირველი მსოფლიო ომის დროს მანჯურიაში მოხვდა, საიდანაც ცხენებითა და სურსათით ამარაგებდა დასავლეთის ფრონტს. მე და ჩემი და-ძმა გორში, დედულეთში გაგვგზავნეს. გორის სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი. მერე, მენშევიკები და ბოლშევიკები ერთმანეთს დაერივნენ. ხალხი შიმშილობდა... ბევრი ეწერებოდა კომუნისტურ პარტიაში, მერე კი თეძოებზე რევოლვერდაკიდებულები შეძლებულ ქართველებს აწიოკებდნენ. მახსოვს, როგორ ვეკამათებოდი თანაკურსელებსა და პედაგოგებს კომუნისტების შესახებ. პასუხი კი თითქმის ყველასაგან ერთი ისმოდა: კომუნისტებზე უკეთესი ვინ გეგულებაო?

- რატომ წახვედით საქართველოდან?

- მე და ჩემმა ოთხმა მეგობარმა ოსმალეთში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტეთ და 1929 წელს უნივერსიტეტი მივატოვე... ახლაც მახსოვს დედაჩემის ცრემლიანი თვალები, მაგრამ აღარ გადავთქვი - წავედით, თუმცა დედას დავუბარე, ახალციხეში მივდივარ ვაშლის საკრეფად-მეთქი. ახალციხიდან ორმოცდაათი დღე გვატარეს ფეხით. გავიარეთ არდაგანი, სარაყამიში, ყარსი, ერზურუმი. ოსმალები დიდ პატივს სცემდნენ ქართველებს. დასახლების უფროსმა  გაგვიმხილა, რომ წარმოშობით ქართველი იყო, სახელად მაჰმუდ-ბეი. შემდეგ იყო მარსელი... პარიზში წასვლა მინდოდა, მაგრამ ერთმა კეთილმა კაცმა მითხრა - ფული შენ არა გაქვს,  პარიზი გაგაფუჭებს, დარჩი აქ და ხელობას გასწავლიო.  წყალგაყვანილობის სპეციალისტი გავხდი. მერე მაინც ავიხდინე ოცნება - პარიზში გადავსახლდი.  შვიდი წელი ვიცხოვრე იქ.

ბატონი ალექსანდრე კვლავ ჩუმდება, გულაჩუყებული და თვალცრემლიანი ცდილობს, ფრანგულად წაიღიღინოს სიმღერა, რომელიც, როგორც მეუბნება, ახალგაზრდობაში ძალიან უყვარდა...

- მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, ბელგიაში გადავსულიყავით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდია. გერმანელებმა რომ შეუტიეს ბელგიას, ხალხი სანაპიროს მიაწყდა - ქვეყნიდან გაქცევა უნდოდათ.

ერთ ინგლისელ ოფიცერს ქეჩოში ვწვდი და ფრანგულად ვუთხარი, ქართველი ვარ, აქედან გამიყვანე, თორემ სულს ამოგხდი-მეთქი.

თურმე არ ესმოდა ფრანგული, მაგრამ ჩემმა "შეტევამ" გაჭრა და ინგლისელების გემზე ამიყვანა. მეგონა, პარიზში ვბრუნდებოდი,  როცა ინგლისის ნაპირს მივადექით, გული გადამიქანდა, აქ რა მინდა-მეთქი? ენა არ ვიცოდი, მაგრამ ომის დროს ძალიან სჭირდებოდათ წყლის სპეციალისტი. ასე გადამარჩინა ჩემმა ხელობამ. ლონდონის "გრინვიჩის" მთელი წყალგაყვანილობა ჩემი დაგეგმილი და გაკეთებულია... მინდა ქართველ გოგო-ბიჭებს ვუთხრა: კარგად ისწავლეთ, მაგრამ არ დაიზაროთ და თითო ხელობას მაინც დაეუფლეთ, რადგან არ იცით, ცხოვრება საით წაგიყვანთ...

ჩვენს საუბარს ბატონი ალექსანდრეს შვილები და მეუღლე, თორა ედმუნდ-ბესტავაშვილი შემოესწრნენ.

- ბატონო ალექსანდრე, როგორ იპოვეთ მეორე ნახევარი?

- ერთხელ ნაცნობმა მითხრა, "ქოვენთ გარდენი" იხსნება და წავიდეთო. "გამოვეწყვე და წავედი. გოგონებით სავსე იყო იქაურობა. ერთი პატარა, მაგრამ კოხტა ტანის გოგო შევნიშნე. ვიფიქრე, მოდი, გამოვიცეკვებ-მეთქი... მერე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და ვეღარ მოვცილდით.  ლონდონის ბერძნების ეკლესიაში შევუღლდით. მაქსიმე ქიქოძე გვყავდა მოწმედ. მას შემდეგ 70 წელია, ერთად ვართ. სამი შვილი გვყავს: მერი, გოგი და კრისტი. გოგის ხელოვნება უყვარს. ჰყავს ინგლისური ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. მერი და კრისტი პედაგოგები არიან.

- ქალბატონო თორა, რით მოგხიბლათ ბატონმა ალექსანდრემ?

- ადამიანებს რომ ვაკვირდები, ფულის მიხედვით ირჩევენ ერთმანეთს და ამიტომაც ენგრევათ ოჯახი. ჩვენ სიყვარული ავირჩიეთ და ამიტომაც მოვედით აქამდე.

შინ დიდი რუდუნებით ვინახავთ ქართულ დოლს. ლონდონში გამართულ სუხიშვილების ყველა კონცერტზე ვართ ნამყოფი. ჰოდა, ერთხელ ფრიდონ სულაბერიძე შინ გვესტუმრა და უფროსი ილიკო სუხიშვილის ხელმოწერილი დოლი გვაჩუქა.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოში ჩასვლა როდის შეძელით?

- პირველად 1963 წელს ჩავედი. მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მამა, რომელთანაც კაცური ლაპარაკი არ მღირსებია. შემეშინდა, დედა რომ უნახავი მომიკვდეს, როგორ უნდა ვიცოცხლო-მეთქი. ამან ისეთი ძალა შემძინა, არავითარ წინააღმდეგობას აღარ შევუშინდი. სამი თვე ვებრძოლე საელჩოს, ბოლოს ათდღიანი ვიზა მომცეს, ოღონდ მითხრეს, გორში სასტუმრო არ არის და თბილისში უნდა წახვიდეო. ცოლიც თან გამომყვა - შენი იქ დატოვება თუ დააპირეს, მე ინგლისის მოქალაქე ვარ და ჩემთან ერთად ასე იოლად ხელს ვერ მოგკიდებენო... მოსკოვიდან მატარებლით ვიმგზავრეთ, გორი რომ გავიარეთ, თვალები ცრემლით ამევსო: იცი, რა სიმწარე იყო, გორში რომ ვიყავი და მატარებლიდან ჩამოსვლის უფლება არ მქონდა?!

ნათესავები თბილისის სადგურზე დამხვდნენ. დედამ ხელი გამოიშვირა 34 წლის უნახავი შვილისკენ და შენ დამღუპეო, მითხრა. გული ჩამწყდა. მერე ჩემი ძმა, გოგია რომ მოვიკითხე, თვალი ვერ გამისწორეს: შვიდი წელი თურმე გარდაცვლილ ძმას ვწერდი წერილებს.

მას შემდეგ რვაჯერ ვესტუმრე საქართველოს... საქართველო ახლა დამოუკიდებელია. სიკვდილი რაღაა ამის შემდეგ, ძალიან მეიოლება მასთან შეხვედრა, ასე მგონია ხელი ხელს გვიკიდია... ხანდახან ღამე მეღვიძება და ფიქრებს შორს მივყავარ. გულში სულ ქართულად ვლაპარაკობ, სულ ვეკითხები ჩემს თავს - ეს რატომ გავაკეთე-მეთქი. ერთხელ მწარე სინანულმა შემიპყრო - როგორ დავტოვე დედა მარტო-მეთქი? მაგრამ როცა ცხოვრებას თვალს გადავავლებ, მეამაყება, რომ  პატიოსნად ვიცხოვრე. ერთი რამ კი მწყინს - ჩემი შვილებმა  ქართული არ იციან, ტიპური ინგლისელები არიან... 22 წლისამ დავტოვე საქართველო. ახლა 107 წლისა ვხდები... 85 წელია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ...

ვემშვიდობები ალექსანდრე ბესტავაშვილს, რომელიც 7 ნოემბერს 107 წლის ხდება, მისი მეუღლე კი - 98-ის!

- ღმერთმა კიდევ დიდხანს გაცოცხლოთ, ბატონო ალექსანდრე!

- კიდევ ხომ მოხვალ ჩემთან, მენატრება ქართულად ლაპარაკი, - მეთხოვება და თვალს მარიდებს ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი რომ არ შევნიშნო...

ნინო ბარათელი

ლონდონი