ამინდზე "მონადირეები" - კვირის პალიტრა

ამინდზე "მონადირეები"

წვიმები დამთავრდა, სიცხეს ელოდეთ!

სინოპტიკოსების ვარაუდით, თბილისს და მთელ საქართველოს თაკარა ზაფხული ელის.

მომავალი ორი თვის ამინდის პროგნოზის შესატყობად გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს ვეწვიეთ, სადაც 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა - მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაცია მონაცემთა ცენტრში იკრიბება, სატელეკომუნიკაციო სისტემა კი მას ამინდის მსოფლიო ცენტრებში გზავნის. ცნობა საქართველოში ამინდის შესახებ უცხოურ საიტებზე სწორედ ჩვენგან მისული ოპერატიული ინფორმაციით ვრცელდება.

ამინდის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების დასადგენად ორი განყოფილება მუშაობს. მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებაში მონიტორებზე გაშლილ რუკებზე ყველგან საქართველოს ტერიტორია ჩანს. აქ დგება მომავალი დღის პროგნოზი, რომელიც დღევანდელი საღამოს 18 საათიდან ხვალინდელი საღამოს 18 საათამდე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციას აწვდის მათ მეტეოროლოგიური სადგურები ქარის, ნალექის, წნევის მომატების, ტემპერატურის ცვლილების შესახებ.

გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებში, შესაძლოა, ტემპერატურამ 41 გრადუსსაც გადააჭარბოს.

ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ჭითანავას ეღიმება ჩემს კითხვაზე, რამდენი რადარით აკვირდებიან ამინდს. მერე კი დანანებით მპასუხობს, არც ერთითო...

ასეთი მდგომარეობა უჩვეულოა სამსახურისთვის, რომელსაც საქართველოში 170 წლის ისტორია აქვს. თბილისში თავდაპირველად რუსეთის იმპერიას გაუხსნია სამეცნიერო ოპერატიული ხასიათის დაწესებულება, გეოფიზიკური ობსერვატორია, რომელიც თავიდან მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ახდენდა, შემდეგ ჰიდროლოგიაც დაუმატებიათ და ამის გარდა, მიწისძვრებს და სხვა  მოვლენებსაც აკვირდებოდნენ... გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ამ დარგის განვითარება და პიკს მეორე მსოფლიო ომის დროს მიაღწია, რადგან ომში მეტეოროლოგიურ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ამისა, 2007-2008 წლებში ხელისუფლების ნაწილს ისიც კი უთქვამს, რად გვინდა ეს სამსახური და მისი დაფინანსებისთვის უამრავი ფულის გადაყრა, ამინდს ხომ ინტერნეტშიც ვნახავთო?! საბედნიეროდ, შემდავებლები გამოუჩნდნენ და ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური გადარჩა. მანამდე კი, 2006-2007 წლებში მსოფლიო ბანკმა უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა კვლევა - რას კარგავს საქართველო ჰიდრომეტეოროლოგიური დარგის განუვითარებლობით?

დადგინდა, რომ თუ ქვეყანა ამ სფეროს განვითარებაში ჩადებს ერთ მილიონს, მიიღებს 8-10 მილიონ მოგებას.

მსოფლიო ბანკი 8 მლნ დოლარის შეღავათიან კრედიტსაც გვთავაზობდა, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა... მოგვიანებით კი, იმის გამო, რომ მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო ინფორმაცია ამინდის გაუარესების შესახებ, ზარალმა მსოფლიო ბანკის შემოთავაზებულ სესხს ბევრად გადააჭარბა...

ამბობენ, ახლა მთავრობის გადაწყვეტილებით, რადარების შეძენაც არის განზრახულიო.

რამაზ ჭითანავა: - რადარით დაკვირვების შემთხვევაში 5-6 საათით ადრე შემიძლია გითხრათ, სად იქნება წვიმა და გავაკონტროლოთ ამინდი. შეგატყობინოთ, როგორი ღრუბელი უახლოვდება თბილისს, შესაძლოა თუ არა ჭარბი ნალექი გამოიწვიოს, დატბოროს ქუჩები, მტკვარი ადიდდეს და ა.შ.

ერთი რადარი დაახლოებით 2 მლნ ევრო ღირს, ჩვენ ორი მაინც გვჭირდება. რადარის ხედვის რადიუსი 300 კმ-მდე ვრცელდება, მაგრამ მთაგორიანი რელიეფი ხელს უშლის სრულფასოვან კონტროლს. სადაც მთა ეფარება, იქ სათვალთვალო ზონა მოჭრილია, ამიტომაც ორი რადარი უნდა დავდგათ - ლიხს იქით და აქეთ... მთებში კი მცირე ზომის იაფფასიან რადარებს დავდგამთ. ახლა რადარის უქონლობის გამო ვიყენებთ სტანდარტულ, მიწისპირა დაკვირვებას, ანუ ხელსაწყო დგას მიწის ზედაპირზე და იქიდან ზომავს ტემპერატურას, მაგრამ ჰაერის მახასიათებლების გაზომვისას სიმაღლეს აქვს მნიშვნელობა. ტროპოსფეროში, ამინდის სამზარეულოში უნდა იცოდე, რა ხდება, თორემ მხოლოდ მიწისზედა დაკვირვებებით შესაძლოა, ვერაფერს მიხვდე. აქ რომ სიწყნარეა, შენს თავზე, დედამიწის ზედაპირიდან 2-3 კილომეტრის სიმაღლეზე, დაწყებულია ის პროცესები, რომელთა წინასწარ ცოდნა პროგნოზირების საშუალებას გაძლევს. ამიტომაც ჰაერის მახასიათებლების გაზომვისას ვიყენებთ ატმოსფეროს ვერტიკალურ ზონდირებასაც, რაც ძალიან ძვირი ჯდება... არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი დარგი, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყოს დაკავშირებული ამინდთან და მის შედეგად გამოწვეულ მოვლენებთან. სწორედ ამიტომ ჩვენს დარგში მოპოვებული ზუსტი ინფორმაცია ძალიან ძვირად ფასობს.

სეტყვის შესახებ წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაში შესაძლოა, ნათესების გადარჩენა ვერ შეძლონ, მაგრამ ავტომობილებს დაიცავენ, შინაურ ცხოველსა და ფრინველს გადაარჩენენ.

ჩვენ ხელთ არსებული 150-წლიანი დაკვირვების საფუძველზე უამრავი სტატისტიკური მონაცემი დგება. მათი გათვალისწინების გარეშე ინფრასტრუქტურის განვითარება არ შეიძლება. თუ პატარა მდინარეზე ხიდს ისე ააგებთ, რომ მდინარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სტატისტიკას და ისტორიას არ გაითვალისწინებთ, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რადგან ზოგჯერ ეს ნაკადული ურჩხულად იქცევა და ყველაფერს წაიღებს. თურქულ კომპანიას აეროპორტის მშენებლობის დროს ჩვენი მონაცემები რომ ენახა, ქარი სახურავს ვერ მოსტაცებდა...