სახიფათო რუჯი - ლეღვის ნახარში აკვარელმა ჩაანაცვლა?! - კვირის პალიტრა

სახიფათო რუჯი - ლეღვის ნახარში აკვარელმა ჩაანაცვლა?!

"თუკი წინა წლებში პაციენტები უმეტესად გოგონები იყვნენ, წელს ეს ტენდენცია შეიცვალა და ხშირად ბიჭებიც მოგვმართავენ"

მოდური ტენდენციისთვის ჩატარებული სიცოცხლისთვის საშიში ექსპერიმენტები - ლეღვის ნახარში, ზეთი,  იოდი,  ჭარხლისა და სტაფილოს წვენები, "კოკა-კოლა" და ახალი საშუალება აკვარელი(!)

ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა გარუჯვის მოყვარულთა რიცხვმა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართველებმა არც ამაში ვიცით ზღვარი. ალბათ, ყველას გახსოვთ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის უამრავი შემთხვევა. წელს ლეღვის ნახარში, როგორც იქნა, ამოიღეს მოხმარებიდან, თუმცა, მისი ჩანაცვლება იოდმა და აკვარელმა მოახერხა...

ნინო, 21 წლის: "საბავშვო ზეთს თუ 2-3 წვეთ იოდს დაუმატებთ, კარგ ფერს მიიღებთ. მე ასე ვირუჯები".

თათია, 25 წლის: "მე სტაფილოს წვენი ვიცი, საოცარი ეფექტი ჰქონია.

ლევანი, 22 წლის: "მე ლუდს ვისვამ ხოლმე, მაგრამ ესეთი რაღაცები უფრო გოგონების საქმეა".

თაკო, 32 წლის: "გამიგია, რომ "კოკა-კოლით" ირუჯებიან".

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი-კომბუსტიოლოგი გუგა ქაშიბაძე:

- საბედნიეროდ, წელს არ დაფიქსირებულა ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა. მხოლოდ ერთი ქალბატონი იყო, რომელსაც, ჩემი აზრით, ბოროტად გაეხუმრნენ - 86 წლისა იყო და სახსრები აწუხებდა, ეგონა, ლეღვის ნახარში განკურნებაში დაეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა და ქიმიური დამწვრობა მიიღო...

- სამაგიეროდ გავრცელდა ახალი მეთოდი - ზეთისა და იოდის ნარევი, ხომ ასეა?

- შარშანაც დაფიქსირდა იოდით დამწვრობა, მაგრამ მაშინ ლეღვის ნახარში  უფრო აქტუალური იყო. დიახ, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი სხვადასხვა ფორმულა და რეცეპტი: ზეთი, იოდი, ჭარხლისა და სტაფილოს წვენები, "კოკა-კოლა"... ახლა გავრცელდა ახალი საშუალება - აკვარელი - საღებავი, რომელსაც სხეულზე ისვამენ. რაც შეეხება იოდისა და ზეთის ნარევს,  ზოგს დოზა ეშლება - რაც უფრო მეტია იოდის წილი, მით ღრმა დამწვრობას ვიღებთ... რატომღაც ჰგონიათ, რომ ასეთი ხელოვნური ნამზეური უფრო კარგია, არადა, ზომიერი და ბუნებრივი ბევრად მიმზიდველი და ესთეტიკურია. ამასთან, კოსმეტიკური კომპანიები გასარუჯ უამრავ საშუალებას გვთავაზობენ...

- ბატონო გუგა, მაინც რამდენი პაციენტი გყავდათ იოდის დამწვრობით?

- სტატისტიკა არ იცვლება - არც იზრდება და არც მცირდება, იცვლება მხოლოდ მიზეზები. მაგალითად, უკვე მიხვდნენ, რომ ლეღვის ნახარში არ შეიძლება და ეს ახალი რეცეპტი გამოიგონეს. წელს 60 პაციენტი გვყავდა, აქედან 15-ს სწორედ იოდისა და ზეთის ნარევისგან ჰქონდა დამწვრობა. თითქმის ყველას ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა. ერთი გოგონა გვყავდა, რომელმაც დამწვრობასთან ერთად მზის დაკვრაც მიიღო... უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც: თუკი წინა წლებში პაციენტები უმეტესად გოგონები იყვნენ, წელს ეს ტენდენცია შეიცვალა და ხშირად ბიჭებიც მოგვმართავენ. ასე რომ, ასეთი მამაკაცებიც მომრავლდნენ...

- როგორ ფიქრობთ, მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, რატომ ხდება მსგავსი ფაქტები?

- საქმე მხოლოდ გარუჯვაში არ არის, ეს თაობის პრობლემაა. უნდათ, გამორჩეულები იყვნენ. ეს არის ადვილი გზა სისულელეების ჩასადენად.

თუ გახსოვთ, ერთხელ ვიღაცამ ჩათვალა, რომ თუკი ლეღვის ნახარშს მაცივარში გააცივებდა, არ დაიწვებოდა, თუმცა, საშინელი დამწვრობა მიიღო... საბედნიეროდ, მგონი, მიხვდნენ, რომ ლეღვის ჭამა უფრო კარგია,  ვიდრე მისი გასარუჯად გამოყენება.

ახალგაზრდებს ვურჩევდი, მოეშვან საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებას და ნუ ჩაიშხამებენ დასვენების დღეებს. არის შემთხვევები, როდესაც დამწვარ სხეულზე ბურთულაკები გამოდის, ამ ბურთულაკებს ხეთქავენ და მზეზე ხელახლა წვებიან. ეს დაუშვებელია! ამ დროს ჩნდება პიგმენტური ლაქები, რომლის მოცილებაც ძალიან რთულია. ზოგს სურს ერთ დღეში გაირუჯოს.  როგორც ექიმი, მოგიწოდებთ, მზეზე გახვიდეთ  დილით, 11 საათამდე და ნაშუადღევს, 4 საათის შემდეგ.

ქეთი საგინაშვილი