ვინ აპირებს ლისის ტბაზე მიცვალებულების ხარჯზე გამდიდრებას?!
07-07-2014
ვინ აპირებს ლისის ტბაზე მიცვალებულების ხარჯზე გამდიდრებას?!
"არ ვაპირებთ ამ ადგილის სასაფლაოდ გადაქცევას"

შესაძლოა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მალე სასამართლოში დაიბარონ. ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებნი ირაკლი შიხიაშვილს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.


ყველაფერი შარშან, 29 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაიწყო. შიხიაშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც კომპანია "გრინ დეველოპმენტს" უფლება მიეცა, სოფელ თხინვალაში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, სასაფლაო გააკეთოს (ნორმატიული აქტის მიხედვით, ახალი სასაფლაოების მოწყობა დაშვებულია დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრ რადიუსში. - ავტ.). იქაურები ფიქრობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე საკითხი
ისეთი სათაურით წარადგინა, რომ საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ისიც ვერ გაიგო, რას დაუჭირა მხარი.

თეა როგავა, თხინვალის მკვიდრი:
- ამ ტერიტორიაზე კომპანია "გრინ დეველოპმენტის" საკუთრებაში 11 ჰექტარი მიწის ფართობია. თავის დროზე ზემოხსენებულ კომპანიას აქ პატარა კოტეჯები უნდა აეშენებინა. დაიწყეს კიდეც მშენებლობა, მაგრამ მალევე შეწყვიტეს. როგორც გავიგეთ,
მერიას შარშან მიმართეს ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონის შეცვლის თხოვნით, მაგრამ ორჯერ უარი მიიღეს. მესამედ შეტანილი განაცხადი, გაურკვეველი მიზეზებით, თბილისის მთავრობის არქიტექტურული სამსახურის გვერდის ავლით, პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე გაიტანეს და შიხიაშვილის წყალობით დაამტკიცეს კიდეც. სასაფლაოსთვის ნებართვა გაიცა მხოლოდ 4 ჰექტარზე, არადა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავიდან მთელ ფართობზე - 11 ჰექტარზე სურდათ სასაფლაოს გაკეთება.

- შიხიაშვილზე რა ეჭვი გაქვთ?
- შიხიაშვილზე ეჭვი ნამდვილად გვაქვს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ კომპანიას ფუნქციური ზონის ცვლილებაზე მერიამ ორჯერ დასაბუთებული  უარი უთხრა. მესამედ განაცხადი ურბანული დაგეგმარების სამსახურს აარიდეს და პირდაპირ საკრებულოში მოხვდა განსახილველად. პირდაპირი განხილვის წესით საკრებულომ ამ ტერიტორიას ფუნქციური ზონა შეუცვალა. თუ ეს საკითხი საკრებულოში სხდომაზე განსახილველად შიხიაშვილს შეაპარეს და მან ხელი შემთხვევით მოაწერა, ესე იგი, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა გამოუჩენია, მაგრამ არის ეჭვი, რომ  მას ინტერესი აქვს ამ ყველაფრის მიმართ. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ქალაქის რეკრეაციული ზონის შუაგულში ოთხ ჰექტარზე სასაფლაო უნდა გაკეთდეს. ახალ სასაფლაოზე ერთი საფლავი,  სავარაუდოდ, ორი ათას ლარად უნდა გაყიდონ. ეს თანხა ოთხ ჰექტარზე რომ გადავთვალოთ, წარმოიდგინეთ, რამდენ მილიონ ლარს მივიღებთ. ასეთი საკითხები საკრებულოში ასე მარტივად არ წყდება. საკრებულოსა და მერიის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი შევიტანეთ - გადაწყვეტილების გაუქმებას მოვითხოვთ. ველოდებით, როდის დაინიშნება სასამართლო. ამ ტერიტორიაზე უცხოელებსაც აქვთ სახლები შეძენილი და ისინი ცალკე აპირებენ ამავე მოთხოვნით საჩივრის შეტანას.

ამ ხალხმა ვერ გაიგო,  რომ ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს გაკეთება დაუშვებელია. ჯერ ერთი, დარღვეულია ნორმატიული აქტი, რომლის  მიხედვით ახალი სასაფლაოს მოწყობა  დაშვებულია დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრ რადიუსში. ახალი მთავრობის ზოგიერთმა წევრმა ჩვენთან შეხვედრისას განაცხადა, აქ ბევრი ჩინოვნიკის ინტერესი ჩანსო. მათივე თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი მაღალჩინოსნის საქმიანობით გამოძიებაც დაინტერესდეს.

გურამ ჩოხელი, სოფელ თხინვალის მკვიდრი:
- ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ძველად ეს ადგილი სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყო და სხვადასხვა კულტურა მოჰყავდათ. შემდეგ გაყიდეს და ახლა ძალიან ბევრი კერძო სახლი შენდება. შვილო, ამ ადგილზე როგორ შეიძლება სასაფლაოს გაკეთება?! მოსახლეობა არ მისცემს უფლებას! აქ თუ სასაფლაო გაკეთდება, მაშინ ჩვენ საცხოვრებლად სხვაგან უნდა გადავიდეთ. არ ვაპირებთ ამ ადგილის სასაფლაოდ გადაქცევას.“

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ადგილი რეკრეაციულ ზონად ითვლება და სამი მხრიდან დასახლებული პუნქტი, ხოლო ერთი მხრიდან სათბურები ესაზღვრება. ესთეტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ,
ბიოლოგები ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს გაშენების წინააღმდეგი არიან, რასაც რამდენიმე მიზეზით ხსნიან: სხეულის გახრწნის პროცესის დროს გამოყოფილი ტოქსინები მიწაში იჟონება და რამდენიმე მეტრზე ვრცელდება.
ამ ტერიტორიას ერთი მხრიდან ნუცუბიძის პლატო ესაზღვრება, სადაც თერმული წყლების ჭებია. სწორედ ამ წყლით მარაგდება თბილისის რამდენიმე უბანი და სასაფლაოს გაკეთების შემთხვევაში წყლის დაბინძურება გარდაუვალია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ტერიტორიაზე სათბურებში მოყვანილ ბოსტნეულზე, რომლითაც ბევრი მარკეტი, რესტორანი თუ ბაზრობა მარაგდება. ბოლოს და ბოლოს, აქ, ლისის ტბაზე, უამრავი დამსვენებელი ამოდის ზაფხულში და როგორ წარმოგიდგენიათ სასაფლაოზე ტრუსის ამარა მორბენალი და მოსეირნე ხალხი?!

ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, ირაკლი შიხიაშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით. ამ კონკრეტულ საქმესთან შიხიაშვილის კავშირს გამორიცხავს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ნიჟარაძე:
- საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნებისმიერი საკითხი თბილისის მერიიდან იგზავნება. საკრებულო, მოგეხსენებათ, არის კოლეგიალური ორგანო და გადაწყვეტილებას იღებს ყველა დეპუტატი. ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც უმრავლესობამ მიიღო და არაფერ შუაშია საკრებულოს თავმჯდომარე. ის საკრებულოს გადაწყვეტილებას აწერს ხელს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და არა - როგორც ერთი პირი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო. მეტსაც გეტყვით, შეიძლება იყოს საკითხი, რომელსაც შიხიაშვილი მხარს არ უჭერს, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილებას მაინც უნდა მოაწეროს ხელი.

"გრინ დეველოპმენტის" დირექტორმა ზაზა რეხვიაშვილმა სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა და პირადად გასაუბრების სურვილი გაზეთის გამოსვლის დღეს, ორშაბათს დაგვითქვა. შესაბამისად მის კომენტარს გაზეთის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

თუ თხინვალელების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებით იმუქრებიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი
naira
11 ივლისი 2014 15:20
ნამდვილად დაუშვებელია სასაფლაოს აშენება ასე ახლოს ქალაქთან და თხინვალის დასახლებასთან..სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ...იმის მაგივრად რომ ასე ახლოსაა ქლაქთან ეს ადგილი და უფრო სასარგებლოდ გამოიყენონ....
! ! !
08 ივლისი 2014 21:38
სირცხვილი არ არის? ლისის ტბა სასაფლაოდ უნდა გადააქციონ?

თბილისი პირველ ადგილზე ყოფილა ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ჰაერითა და ჰაერში ტყვიის შემცველობით.

ნაცვლად იმისა, რომ პარკები გააკეთონ, რომ, ისედაც ქვაბულში აშენებულ ჩვენს დედაქალაქში ჰაერი ოდნავ მაინც გაიწმინდოს, საუკეთესო ადგილები სასაფლაოებადაა გადაქცეული, ფულის საკეთებლად.

30-35 წლის წინ დაიწყეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაფლავება და ახლა თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა.

სასაფლაოები ქალაქგარეთ უნდა კეთდებოდეს და არა ქალაქის ცენტრში.

საერთოდ, დროა კრემაცია შემოიღონ, ვისაც სურვილი ექნება, კრემაცია უნდა ჩაუტარდეს. მე მაგალითად ანდერძს დავტოვებ, კრემაცია ჩამიტარონ, თუ ამის საშუალება არის თბილისში.

თბილისი სასაფლაოდ ხომ არ უნდა გადაიქცეს!


რედაქტორის რჩევით