"დედისერთა" შედევრი - კვირის პალიტრა

"დედისერთა" შედევრი

პირველად ქართულ ენაზე!

ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე წაიკითხოს ეს შესანიშნავი ნაწარმოები და ამას გამომცემლობა "პალიტრა L" გვთავაზობს

მკითხველო, თქვენ ახლა მთელ მსოფლიოში ზეპოპულარული წიგნი გიჭირავთ ხელში, რომლის მიხედვითაც ასევე ზეპოპულარული ფილმია გადაღებული. თუკი ცნება "ყველა დროის ბესტსელერის" ასახსნელად მაგალითის მოშველიება დაგვჭირდება, თამამად შეიძლება მარგარეტ მიჩელის "ქარწაღებულნი" ვახსენოთ.

პოპულარობა გამოსვლისთანავე ერგო ამ რომანს და დღემდე ასეა, მაგრამ უნდა დავაზუსტოთ: თვითონ სიტყვები "ბესტსელერი" და "პოპულარული", კლასიკაზე პრეტენზიის მქონე ლიტერატურის მიმართ, ცოტა არ იყოს, „არასერიოზულად აღიქმება" - "ბულვარული რომანი", "სამზარეულოში წასაკითხი წიგნი"... რა არ უწოდებიათ მისთვის. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ზოგისთვის ის ფაქტიც კი, რომ ავტორი ქალია, კიდევ ერთი "არგუმენტია" წიგნის "ქარაფშუტულობის" დასამტკიცებლად.

ცხადია, ყოველივე ზემოთქმული ჰაერიდან მოტანილი არ არის და ლიტერატურაში ხშირია მაგალითი, რომლებიც ზემოთქმულს ადასტურებს, მაგრამ "ქარწაღებულნს" უამრავი კონტრარგუმენტი აქვს: გარდა იმისა, რომ რომანმა გამოსვლისთანავე პულიცერის პრემია მიიღო (ბევრი კრიტიკოსი ამას ნობელის პრემიაზე მეტ აღიარებად თვლის მწერლისათვის), ხოლო ორ წელიწადში მის საფუძველზე გადაღებულმა ფილმმა კი - ცხრა(!) "ოსკარი" მოიპოვა, ყველაზე მთავარი საბუთი თვითონ ეს წიგნია.

და კიდევ ერთი: წიგნის დაწერის ამბავი - წინაისტორია და ის ათწლიანი პერიოდი, როდესაც ყველამ იცოდა, რომ მარგარეტ მიჩელი რაღაცას აკეთებდა, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ახედებდა "სამზარეულოში". არც ერთი გვერდი, არც ერთი სტრიქონი არ დაუწერია ისე, რომ რომანში აღწერილ არათუ ეპოქას, არამედ კონკრეტული ეპიზოდის შესაძლო გარემოს, იმ დროს მომხდარ დიდ თუ მცირე მოვლენებს არ გასცნობოდა ძველი პრესისა თუ სხვა წყაროების საშუალებით. ამიტომაც იქმნება "ქარწაღებულნის" კითხვისას მძაფრი შთაბეჭდილება, რომ იმ ეპოქის თანამედროვე ავტორის, იმ საქმეთა თანამონაწილის მოგონებას კითხულობ, თითქმის პირადი დღიურის სიზუსტით ჩაწერილს...

მარგარეტ მიჩელის მწერლობაში, უფრო ზუსტად, მის ბიოგრაფიაში, ამერიკელ მწერალთა ორი „სტანდარტული ნიუანსი“ უნდა აღვნიშნოთ: ის, რომ ბავშვობიდან წერდა, და ის, რომ მწერლობაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა.

მარკ ტვენიდან მოყოლებული, ჟურნალისტიკამ უამრავი ბრწყინვალე მწერალი მიავლინა ლიტერატურაში, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება მაინც არის: პეგიმ (ასე ეძახდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები) ჟურნალისტობას იმიტომ კი არ დაანება თავი, რომ წლების წინ დაშავებული ფეხი მუდმივად სტკიოდა, არამედ გათხოვების შემდეგ იმ დროისა და იმ საზოგადოებისათვის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო - გათხოვილი ქალი ოჯახს უნდა უვლიდეს და, მაქსიმუმ, საქველმოქმედო საღამოებში მონაწილეობდეს. ჰო, თუ დრო დარჩება, შეუძლია, წეროს კიდეც.

ტრადიციულ სამხრეთულ ოჯახში დაბადებული (ჯორჯიაში, ქალაქ ატლანტაში) გოგონა მუდმივად ისმენდა სამოქალაქო ომისდროინდელ ამბებს, მით უმეტეს, რომ მისი ორივე პაპა იმ ომის მონაწილე იყო. და არა მხოლოდ ისმენდა, არამედ წერდა კიდეც დღიურებსა და პატარ-პატარა მოთხრობებს; პიესებსაც, რომლებსაც საოჯახო და "სამეზობლო“ დასები დგამდნენ. სწორედ ეს ჩანაწერები და მოგონებები გახდა "ქარწაღებულნის" საფუძველი. არასოდეს ჰყოლია ატლანტის საკმაოდ მდიდარ მუნიციპალურ ბიბლიოთეკას ისეთი ერთგული მკითხველი, როგორიც ახალგაზრდა მისის მარში იყო (ეს გვარი მიიღო ჯონ მარშთან ქორწინების შემდეგ, თუმცა, რომანი მაინც ქალიშვილობის გვარით გამოაქვეყნა) - მეგობრები ხუმრობდნენ: თუკი დაინახავთ, რომ წიგნების მთა მოდის ბიბლიოთეკიდან ტრამვაის გაჩერებისკენ და მხოლოდ ქალის კოხტა ფეხები მოჩანს, შეგიძლიათ თამამად მიესალმოთ: "პეგი, გამარჯობა", რადგან შეცდომა გამორიცხულიაო.

არა მხოლოდ წიგნებს კითხულობდა - რომანში რაიმე ეპიზოდის აღწერისას, ზუსტად იმ დღეების, ნახევარი საუკუნის წინანდელ პრესას ეცნობოდა და ამიტომაც არის, რომ წიგნში აღწერილი სამოქალაქო ომის ამბები ისტორიულ სიმართლედ შეიძლება მივიჩნიოთ. რაც შეეხება წერას, აქაც "უცნაურად“ იქცეოდა: ერთი ქართული ზღაპრის პერსონაჟისა არ იყოს, "წერდა და სხვენში ალაგებდა". „სხვენი“ამ შემთხვევაში დიდი სკივრი იყო; მერე სკივრშიც არ დაეტია და უბრალოდ იატაკზე ალაგებდა შევსებულ რვეულებს; ბოლოს იქაც რომ აღარ დარჩა ადგილი, ყველგან მისი ნაწერები იყო მიმოფანტული, ხოლო ამ ნაწერებში, მინდვრებზე, არშიებზე თუ რვეულის ყდებზე, საოჯახო ანგარიშებს, კერძების რეცეპტებს ან სხვა "საოჯახო" ჩანაწერსაც შეხვდებოდით.

ამის მიუხედავად, ნებისმიერ დროს შეეძლო, სრულიად წარმოუდგენელი "სამალავიდან" გამოეძრო ათასგვერდიანი ხელნაწერის ის ფურცელი, რომელიც იმ დღეს სჭირდებოდა. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ადრე დაწერილი წლების შემდეგ რატომ უნდა დასჭირვებოდაო? საქმე ის არის, რომ ეს მიჩელის კიდევ ერთი "ახირება“ იყო, - ჟურნალისტობისას საგაზეთო სტატიაზეც ასე მუშაობდა: ეფექტური ფინალები უყვარდა და ჯერ იმ ფინალს წერდა და მერე დასაწყისს.

აქაც ასე იყო: რომანის ბოლო თავი მის დასრულებამდე 10 წლით ადრე დაიწერა, ხოლო მერე იმას ქმნიდა, რაც იმ მომენტში გაახსენდებოდა, ან რასაც წიგნებიდან თუ ძველი გაზეთებიდან ამოკითხული ამბები უკარნახებდა.

საინტერესო ეპიზოდს იხსენებდნენ მისი მეგობრები: როდესაც ფეხის ტკივილს რამდენიმე კვირით შეუწუხებია, მისი ქმარი ქცეულა "კურიერად" ბიბლიოთეკასა და მარგარეტს შორის. ერთ დღესაც ბიბლიოთეკიდან დაბრუნებულმა ჯონ მარშმა მეუღლეს საწოლთან წიგნების დასტა დაუდო და ღიმილით უთხრა:

- მორჩა, პეგი, იმ ბიბლიოთეკაში წასაკითხი არაფერი დაგრჩა. დღეიდან შენ თვითონ უნდა წერო (ამ დროს ქმარმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მიჩელი მომავალ შედევრს ქმნიდა, თორემ პატარა ოთახში ჩაკეტილი რომ საათობით აკაკუნებდა საბეჭდ მანქანაზე, ამაზე ყველა ლაპარაკობდა, მაგრამ ზოგი ამბობდა, სამზარეულოს წიგნს წერსო, ზოგი რას და ზოგი რას).

პეგიმაც დაიწყო და 10 წლის შემდეგ უბრალო ყუმბარასავით კი არა, მძლავრი ბომბივით დაასკდა ინგლისურენოვან მკითხველს "ქარწაღებულნი"!

მაგრამ მაინც, ისევე როგორც სკარლეტ ო’ჰარა, მისი შემქმნელიც უფრო ბიზნესმენი აღმოჩნდა, ვიდრე მწერალი - აღარაფერი დაუწერია და მთელი ცხოვრება ამ წიგნის „მოვლას“ მიუძღვნა: თვითონ აგვარებდა თარგმანის საკითხებს, ხელმეორე გამოცემებს, სცენარისტებთან ურთიერთობას, შემოსავლების კონტროლს და ა.შ.

"ქარწაღებულნი" დიდტანიანი რომანია და ორ წიგნად გამოვცემთ. ამიტომ მეორე წიგნშიც გვექნება საშუალება, მასზე და მისი ავტორის თავგადასავალზე მოგითხროთ. ახლა კი მოემზადეთ - ბრწყინვალე მთხრობელის მიერ აღწერილ XIX საუკუნის ამერიკულ სამხრეთში გადასახლდებით და საკუთარ თავსა და მთელ ქვეყანასთან ძლიერი ქალის ბრძოლას გაეცნობით.