სადა ხარ, ნიკალა...
07-07-2014
სადა ხარ, ნიკალა...
"თუ ასეთი დიდი მხატვარი იყო, ადრე სად იყავით? სად გქონდათ თვალები?"

"ნიკომ თავისი წუთისოფელი სადღაც დიდუბის მიგდებულ ადგილებში დალია, მაგრამ როდის მოკვდა, რა პირობებში, ან ვინ დამარხა, ეს არავინ იცის..."


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმა: კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მახლობლად აღმოჩენილია საფლავის ქვა წარწერით: "შეიწყალე, უფალო, ნიკალა". ამას, ბუნებრივია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება დღემდე ცდილობს, როგორმე ჩამოირეცხოს ლაქა, რომელიც დიდი მხატვრის სიდუხჭირეში სიკვდილმა და საფლავის არცოდნამ დაუტოვა. არაერთს უვლია ფიროსმანის ნაკვალევზე,
არაერთი მოგონება ჩაუწერიათ, დუქან-დუქანაც უძებნიათ მისი ნახატები, ბევრი რამ გახდა ცნობილი, ბევრ ადამიანს მიაგნეს, რომელიც სიცოცხლეში იცნობდა ნიკალას... და მაინც, მისი საფლავის მცოდნე არ ჩანდა...

ცოტა ხანში გაირკვა, რომ ამ ქვის ქვეშ
დაკრძალულია ინფექციური დაავადებით გარდაცვლილი სამი წლის ბავშვი. მიუხედავად ამბის ასე პროზაულად დასრულებისა,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ინიციატივით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე უხელმძღვანელებს. ამიერიდან რა სახეს მიიღებს კვლევა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა, იქნებ საინტერესო იყოს მცირე ექსკურსი წარსულში...

ფიროსმანის დაკრძალვის ადგილზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს, მათ შორის ახსენებენ როგორც კუკიის, ისე პეტრე-პავლეს სასაფლაოს. ცნობილი მხატვარი, მკვლევარი, ფიროსმანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების უზადო მცოდნე თენგიზ მირზაშვილი მისხალ-მისხალ აგროვებდა ყველა ინფორმაციას, რაც ნიკოს უკავშირდებოდა. ის გახლდათ მირზაანის ხშირი სტუმარიც და თბილისში იმ ქუჩების დაუღალავი მძებნელიც, სადაც ფიროსმანს უცხოვრია ან უმუშავია. სწორედ მასთან ერთად მივიდნენ ფოლკლორისტები ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ალუღიშვილების ოჯახში, იქ, სადაც ერთი ვერსიით, ფიროსმანის შვილი იზრდებოდა. ამ მოსაზრებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა: ალუღიშვილის მეუღლე ნიკალას ნათლიდედა იყო და დაუშვებელია, მხატვარს მასთან შვილი შესძენოდაო...

დიმიტრი ალუღიშვილი გიორგი ლეონიძემ იპოვა ანჩისხატის ახლოს, ერთ ვიწრო ქუჩაზე, ნამცეცა დუქანში. მისგან გაიგო, რომ ნიკოს თავისი დუქანი "იარმარკაში" გადაუტანია. "მე, როგორც თავგზიანი, დახლში ვიდექი. თითონ ის ან კარებთან იდგა აყუდებული, ან ბალახვანში ხატავდა. მოიყვანდა რომელიმე მეზობელს, დააყენებდა და ეტყოდა: მოდი, დაგხატო", - უამბობდა ალუღიშვილი გიორგი ლეონიძეს...

"მშვენიერი ვაჟკაცი იყო! ჯანიანი, - უთქვამს ალუღიშვილის მეზობელს, - ზღვის ლერწამივით მოსული... ქალი არ იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორიც ახალგაზრდობაში მახსოვს. ტუჩნაპობი, ტანის მოყვანილობა, ყელ-ყური, სახე მშვენიერი... დუქნის გახსნამდე ჩოხა ეცვა, მერე რუსულად..."
"ორი ვირის საპალნე ბალახს იყიდდა ნიკო, აიტანდა დუქნის თავზე, საკუთარ "ბალახვანში", გაშლიდა, შიგ გაეხვეოდა: სოფელში ვერ მივდივარ და მეამებაო! დუქანსაც ეამებოდა? - გაკვირვებული კითხულობდა ალუღიშვილი, - ნიკოს ვაჭრობა ეზარებოდა, ეთაკილებოდა კიდეც"...
არ იყო დაბადებული ამ საქმისთვის.

დიმიტრი და ნიკო იმდენად დაახლოვდნენ, რომ ნიკომ მას ბავშვი მოუნათლა. ნიკო დიმიტრის სათნო მეუღლეს ხშირად ათვალიერებინებდა თავის ნახატებს...
"თითონ ოჯახი არა ჰყავდა, არც სხვისა მოსწონდა, - ამბობდა დიმიტრი, - ერთხელ შინ არ ვიყავი, ჩემი ცოლისთვის ეთქვა: თავი გაანებე დიმიტრის, გღალატობსო".

ნიკალამ დიმიტრის მეუღლე დახატა - ტახტზე წამოწოლილი ლეჩაქიანი ქართველი ქალი. ნახატს წააწერა: "აბა, მნახეთ, რა დღეში ვარ. კიდევ გაუმარჯოს კეთილ ხალხს"...
მას მერე, რაც ფიროსმანის საფლავის ქვის ამბავი ამოტივტივდა, ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე კიდევ ერთხელ მივიდნენ იმ სახლში, რომ მოხუც ქალბატონს კიდევ ერთხელ გაემეორებინა, როგორ ატარებდა დედა სწორედ კუკიის სასაფლაოზე, ნიკალას საფლავზე... სამწუხაროდ, ქალბატონი გარდაცვლილი დახვდათ...
ვინ შეუკვეთდა ნიკალას საფლავის ქვას?

ალუღიშვილის ოჯახი ამას არ გააკეთებდა, ქალი ვერ გაბედავდა, იმასაც ვერ გაამხელდა, მისი შვილის დედა ვარო (თუკი ასე იყო!)... კაციც არ წავიდოდა ამაზე, მით უმეტეს, რომ ნიკომ ნაჩხუბარმა დატოვა მათი სახლი. არც მხატვრების ამქარი იზამდა... აკი, ბოლომდე მიტოვებული ჰყავდათ... ვინ იყო ნიკალას დამფასებელი?
ლადო გუდიაშვილი, რომელიც ბოლოს იყო მასთან და მხატვართა საზოგადოების შეგროვილი ფული გადასცა, იგონებს: "გავიდა რამდენიმე თვე უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, თითქმის წელიწადი, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ გადადო დახმარება ღარიბ მხატვართა სასარგებლოდ. ფიროსმანიშვილისთვის გადმომცეს 300 მანეთი. წავედი ისევ მასთან, მაგრამ თავის ოთახიდან გადასულიყო. უკანასკნელში პატარა დუქანი იყო მოთავსებული და წინანდელ მობინადრის შესახებ არაფერი იცოდნენ. რამდენიმე ბავშვმა იკისრა ფიროსმანიშვილის მოძებნა. გავყევი. შემოვიარე დიდუბე. - დიდი ხანია არ დაგვინახავსო, - გვპასუხობდნენ შეკითხვაზე მედუქნეები, რესტორნის პატრონები. ვერაფერი გვითხრეს სამისამართო მაგიდაშიაც. მას შემდეგ  ფიროსმანი სამუდამოდ დაიკარგა. ნიკომ თავისი წუთისოფელი სადღაც დიდუბის მიგდებულ ადგილებში დალია, მაგრამ როდის მოკვდა, რა პირობებში, ან ვინ დამარხა, ეს არავინ იცის".

მალაკნების ქუჩაზე ცხოვრობდა მეჩექმე რაჭველი - არჩილ მაისურაძე. ის ყოფილა ფიროსმანის უკანასკნელი დღეების მოწმე: "ნიკო ფიროსმანს წინადაც ვიცნობდი, ოთხი წლის წინად, როცა ამ სახლების მოურავი ვიყავი, ნიკალა აქვე, აბაშიძის სირაჯხანაში ხატავდა სურათებს. უკანასკნელად სმისგან გამხდარიყო ავად და ჩასულიყო სარდაფში. იწვა ნესტიანსა და ბნელ იატაკზე. ორი-სამი დღის შემდეგ შემთხვევით ჩაველი და სიბნელეში წავაწყდი. კვნესოდა მწარედ.  ვერ ვიცანი და შევსძახე, - ვინა ხარ-მეთქი? "მე ვარო". მაშინვე ხმაზე ვიცანი ნიკალაი. მან კი ვეღარ მიცნო. მხოლოდ ეს მითხრა: - ცუდად გავხდიო. სამი დღეა, აქ ვწევარ და ვეღარ ავდექიო. მაშინვე ფაიტონი მოვიყვანე და რაკი არ მეცალა, ეტლში ჩაუჯდა განსვენებული ილია ანდრიას ძე მგალობლიშვილი და წაიყვანა არამიანცის საავადმყოფოში. ნამდვილად არ ვიცი, მართლა იქ მიიყვანა, თუ მიხეილის საავადმყოფოში, ეს კია, რომ კაცი დღე-ნახევარში გათავდა. არავითარი ნივთი არ დარჩენია".

ერასტ კუზნეცოვი ფიროსმანის ცხოვრებაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი შრომის ავტორია. მის წიგნში ვკითხულობთ: "დუქან "არარატის" მეპატრონის, გოლა ჭიჭინაძის სიტყვით, 1918 წლის დასაწყისში მხატვარი თბილისიდან შორს, დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონში, დუგლაძის დუქანში მუშაობდა.
ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე დიდხანს ეძებდნენ მხატვარს. მედუქნე ბეგოსთანაც მივიდნენ. მას შეუცხადებია: - ვაიმე! რა უბედურებაა, აღარ არის ჩვენი ნიკო. არ მჯერა, რომ ვეღარ ვნახავთ მას.  უკანასკნელი პატივი ვერ ვეცი, ვერც ქელეხი გადავუხადე, ვერც მუსიკოსები ავიყვანე მის საფლავზე... საფლავსაც ვერ ვპოულობო...".

დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ, სავარაუდოდ, საფლავის ქვის ძებნა შედეგს არც გამოიღებს, ვინ დაადგამდა საფლავის ქვას ფიროსმანს?  საკმაოდ უბრალო საფლავის ქვა მაშინ გვარიანი ფასი ღირდა და ბევრი ვერც ახერხებდა მის შეძენას. თუკი მაინც ვინმე შეუკვეთდა ქვას, მისი საფლავზე ატანის რიტუალიც უნდა შესრულებულიყო, მუსიკოსებიც აეყვანათ და შესანდობარიც ეთქვათ. ამის შემსწრე კი არავინ ყოფილა...

ძალიან ხშირად ჩვენი წინაპრები საფლავს ხის ჯვარს დაასვამდნენ ხოლმე. ასე იყო ფიროსმანის დაც დაკრძალული მირზაანში. მის საფლავს მხოლოდ იმ ნიშნით აგნებდნენ, რომ იქვე ბროწეულის ხე იდგა. ნიკო ფიროსმანის საფლავიც, თუკი იცოდა ვინმემ, შეიძლება ასეთი ბუნებრივი ორიენტირით იყო მისაგნები. გამორიცხული არაფერია, ისიც შეიძლება, რომ ფიროსმანის საფლავი სადმე აღმოჩნდეს... ოღონდ თუ არ აღმოჩნდა, იქნებ ასეც უნდა მომხდარიყო, რომ სამუდამოდ გვხსომებოდა, როგორ გავიდა ამ ქვეყნიდან საქართველოს უდიდესი მხატვარი... რომ მეღვინე მესხიშვილის კითხვაზე, ფიროსმანის მძებნელებს რომ დაუსვა, პასუხი დღემდე არ გვაქვს: "თუ ასეთი დიდი მხატვარი იყო, ადრე სად იყავით? სად გქონდათ თვალები?"
ლია...
07 ივლისი 2014 22:17
გამოჩნდი, ნიკალა პაპა, გვიყვარხარ!
klodeli
07 ივლისი 2014 17:32
ასეა,ზოგჯერ ისტორია დაუნდობელია....გაღაყაკებული,გათითოკაცებული ქვეყანა...ვერ მოიცალეს,ვერ უპატრონეს..ხდება ხოლმე სამწუხაროდ...მტავარია ახლა გავუფრთხილდეთ,არ გავანიავოთ რაც დაგვრჩა,"მწვანეებზე" არ გადავცვალოთ...
მდიდარი და უზრუნველი ავსტრიის შვილი იყო,ყველა იცნობდა სამეფო კარის კომპოზიტორს,გენიალურ მოცარტს,მაგრაგ ისე ჩააგდეს ძმათა სასაფლაოში,არავის გახსენებია....სტენდალსაც იგივე ბედი ეწია და ბევრ სხვასაც.....არ გვინდა თვითგვემა...ახლა ნუ დავივიწყებთ და სხვას ნუ ვაპატრონებინებთ....
kafka
07 ივლისი 2014 13:16
აი, პოლიტიკაში რომ ჩარეულიყო...!
პასუხი თითქოს და რიტორიკულ კითხვაზე: "თუ ასეთი დიდი მხატვარი იყო, ადრე სად იყავით? სად გქონდათ თვალები?"
მთავრობაც და მოსახლეობაც სამართლიანობის აღდგენით იყო დაკავებული და არ ეცალათ ისეთი აპოლიტიკური ადამიანისათვის (თანაც მხატვრისათვის, როგორიც ფიროსმანიშვილი იყო.
აი, პოლიტიკაში რომ ჩარეულიყო...!


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები