"ჯანმრთელობისთვის კი არა, გადარჩენისთვის ვიბრძვი" - კვირის პალიტრა

"ჯანმრთელობისთვის კი არა, გადარჩენისთვის ვიბრძვი"

ნუ ვიქნებით გულგრილნი! - მას ტანჯვით სიკვდილი ელოდება...

ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ, უამრავი ადამიანი გამოაშკარავდა, ვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც წინა ხელისუფლების დროს არსებულ ძალოვან სტრუქტურებს შეეწირა...

დავით გაიხარაშვილი 2006 წელს, ორთაჭალის ციხეში მომხდარი ე.წ. ციხის ბუნტის დროს სიკვდილამდე სცემეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შინ ვესტუმრეთ, ლოგინიდან წამოდგომა უჭირდა, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა, შესაბამისი სახსრები კი არ ჰქონდა... ჯანმრთელობას ვიღა ჩივის, სიკვდილს ვებრძვიო, - გვითხრა მაშინ... მისი ტანჯვა გრძელდება:

"რაც გადავიტანე, იმის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. სპეცრაზმელებმა ისე გვცემეს, ნეკნები დამტვრეული მქონდა, ხერხემალი - დაზიანებული, მენჯ-ბარძაყის ძვლებიც ჩამიმტვრიეს და კოქსართროზი განვითარდა. ენით აუწერელი ტკივილებით მოვედი აქამდე. მეტს ვეღარ ვძლებ... ქვეყნიდან წასვლაც დავპირე, მაგრამ ვერ შევძელი. ახლა მკურნალობა კი არა, გადარჩენა მჭირდება..." - ამბობს დათო გაიხარაშვილი.

მას ორივე მენჯ-ბარძაყის ძვალის ნაცვლად ენდოპროთეზები და ლითონის ღერძები აქვს ჩადგმული, მუხლისთავები არ აქვს, მენჯის ძვლის ნამსხვრევები კი ქანჩებით აქვს შეკოწიწებული. მთლიანად ჩაშლილია ხერხემლის საყრდენი. დაზიანებულია ხერხემლის 7 დისკი. დაზიანებები აქვს თავის არეშიც - ტვინის დაჟეჟილობა სისხლდენასა და ჩირქდენას იწვევს. ამას ემატება ნაწლავების დაავადება და მძიმე ფორმის ვირუსული C ჰეპატიტი... ვიდრე მისი სხეულიდან არ ამოიღებენ ლითონის ღერძებსა და ქანჩებს და ძვლის შემცვლელს არ ჩაუდგამენ, პროცესის შეჩერება შეუძლებელია...

- ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მე და დედა, რომელსაც ჩემ გარდა არავინ გააჩნია, უსახლკაროდ ვართ. სახლი ჩემს ციხეში ყოფნასა და მკურნალობას შეეწირა. ქირით ვცხოვრობთ და კომუნალურ გადასახადებთან ერთად, უკვე 3000 ლარზე მეტი დაგვიგროვდა... საშველი კი არსაიდან ჩანს.

- სახელმწიფო დუმს თქვენს საქმესთან დაკავშირებით?

- იუსტიციის სამინისტრომ ირიბად მცნო დაზარალებულად. არადა, ამის დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტი მაქვს. სწორედ ამის საფუძველზე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი დათა ახლაიასა და მეგის ქარდავას. საქმის კურსშია პრეზიდენტი, მაგრამ ქმედითი დახმარება ჯერ არ ჩანს...

საზოგადოებას დათოს დახმარების თხოვნით, თავისი "ფეისბუქგვერდიდან" ცოტნე გამსახურდიამაც მიმართა:

"ჩემო ძვირფასებო, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი გულკეთილი და გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს: სწორედ თქვენ გთხოვთ დღეს კიდევ ერთხელ ადამიანის დახმარებას. ადამიანისა, რომელსაც ჩვენი უმოქმედობის შემთხვევაში ტანჯვით სიკვდილი ელოდება... ნუ ვიქნებით გულგრილნი... ჯანდაცვის სამინისტრომ გადაურიცხა 25 ათასი ლარი გერმანიაში გამოკვლევების ჩასატარებლად, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მიდის. ჩვენი დახმარება სწორედ ვიზისა და ბილეთის ხარჯებისთვის სჭირდება. (დედა უნდა გაყვეს თავმდგომად). ამასთან, არსებობს ახალაიასა და ქარდავას მომხრეებისგან ანგარიშსწორების საფრთხეც. უნდა შევუგროვოთ დაახლოებით 3 ათასი დოლარი, რაც ვიზებისთვის, მგზავრობისა და პირველ ეტაპზე სახარჯოდ დასჭირდება. აქვე ვწერ ჩემი ანგარიშის რეკვიზიტებს " - წერს ცოტნე გამსახურდია და დახმარების მსურველთათვის ანგარიშის ნომრებსაც აქვეყნებს.

GE11LB0711160921635000

ბანკის კოდი: LBRTG 22

მიმღები: Tsotne Gamsakhurdia

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)