შტრაუსისათვის განწირული სიცოცხლე
14-07-2014
შტრაუსისათვის განწირული სიცოცხლე
ლენინგრადის ბლოკადის დროს ჯარისკაცის ფარაჯით შემოსილმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა უკანასკნელი ლუკმა "ვალსების მეფედ" აღიარებული იოჰან შტრაუსის ძვირფას ხელნაწერზე გაცვალა

კაცობრიობის ისტორიაში ლენინგრადის ბლოკადას ხშირად ადამიანის სულიერსა და ფიზიკურ გადარჩენას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეტაპს უწოდებენ. ამ უმძიმეს პერიოდში, როდესაც შიმშილისა და ყინვისაგან სასიკვდილოდ გაწირული ადამიანების გადარჩენის შანსი არ არსებობდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც უკანასკნელი ლუკმა ამაღლებული მიზნისთვის გაიღეს. სწორედ ასეთი ადამიანის, საქართველოს სახალხო არტისტის, რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწის, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის
სანდრო მირიანაშვილის თავგანწირვის მაგალითს ინახავს საქართველოს კინოსა და თეატრის მუზეუმი. ლენინგრადის ბლოკადის დროს ჯარისკაცის ფარაჯით შემოსილმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა უკანასკნელი ლუკმა "ვალსების მეფედ" აღიარებული იოჰან შტრაუსის ძვირფას ხელნაწერზე გაცვალა.

ქეთი მირიანაშვილი, სანდრო მირიანაშვილის ქალიშვილი: -  ბლოკადის დროს მამა ლენინგრადის დამცველთა რიგებში მოხალისედ ჩაეწერა. მაშინ ერთ სულზე
125 გრამი პურის ტალონი გაიცემოდა. ხალხი შიმშილისა და ყინვისგან იხოცებოდა და თავის გადასარჩენად, ერთი ნაჭერი პურის სანაცვლოდ შინიდან ყველაფერი გაჰქონდათ. მამამ კი ერთი თვის პურის ტალონი შტრაუსის ხელნაწერზე გაცვალა. ნაშიმშილები, გულწასული ჰოსპიტლის მორგში მოხვდა, სადაც ერთმა ქალმა იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა. ის მომავალში მისი მეუღლე, დედაჩვენი გახდა. ომის დასრულების შემდეგ მამა თბილისში ჩამოვიდა და შტრაუსის ხელნაწერიც ჩამოიტანა. ეს ჩვენი ოჯახის ფასდაუდებელი რელიკვიაა.

მისი გარდაცვალების შემდეგ მამის კოლექცია სიღნაღში მამისეული სახლის დაბრუნებისა და მასში მუზეუმის გახსნის მიზნით სიღნაღის კულტურის განყოფილებას გავატანეთ. საექსპოზიციო მასალა მამისეულ სახლში დააბინავეს, თუმცა, მერე ქვეყანა აირია და არათუ მუზეუმი, სანდრო მირიანაშვილის საფლავიც არავის გახსენებია! სიღნაღში, ჩვენს სახლში ვიღაც შეიჭრა, ექსპონატები ქუჩაში გამოყარა და სახელმწიფო დაწესებულება საკუთარ სახელზე გადაიფორმა. მამაჩემის ნივთებიც ზოგი დაიტაცეს და ბევრიც დაიკარგა... რაც გადარჩა, მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა ასმათ ჯებირაშვილმა თავის სახლში დააბინავა მანამ, სანამ 1998 წლის მაისში სამუზეუმოდ სხვა ნაგებობა არ შეგვიძინეს...

ბევრ სხვა ნივთთან ერთად, შტრაუსის ხელნაწერიც ამ საექსპოზიციო მასალაში გვეგულებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდით. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ცოტა ხნის წინ ტელევიზიით მოვისმინეთ, რომ შტრაუსის ხელნაწერი კინოსა და თეატრის მუზეუმში ინახება. სანდრო მირიანაშვილის ოჯახის საკუთრება, რომელიც არანაირ გასხვისებასა და სახელმწიფოსთვის გადაცემას არ ექვემდებარებოდა, ჩვენთვის გაურკვეველი გზით 24 წელი სახელმწიფო მუზეუმის საცავში ინახებოდა.

მას შემდეგ, რაც ეს უნიკალური ხელნაწერი მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელებმა საცავში აღმოაჩინეს, მისი ნამდვილობის დასადგენად ვენის შტრაუსის კვლევის ინსტიტუტს მიმართეს. ინსტიტუტის დირექტორმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად იოჰან შტრაუსის ხელნაწერია და ამასთან, შტრაუსის სატიტულო ბარათზე დატანილია კომპოზიტორის ოპერა "რაინდი პასმანის" პირველი ოთხი ტაქტი, ავტოგრაფი კი სავარაუდოდ, 1892 წელს განეკუთვნება.

ვაჟა-ფშაველასა და ვანო სარაჯიშვილის ნათლულს გალაკტიონი აღუფრთოვანებია


2014 წლის 25 სექტემბერს სანდრო მირიანაშვილს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება. კომპოზიტორი სიღნაღში დაიბადა, 6 თვისა ვაჟა-ფშაველამ მონათლა და თავისი ხელით გამოთლილი ფანდური აჩუქა. მეორე ნათლია კი "საქართველოს ბულბულად" წოდებული ვანო სარაჯიშვილი ყოფილა. მირიანაშვილმა საშუალო განათლება ბოდბის წმინდა ნინოს სამონასტრო სასწავლებელში მიიღო. პირველი პედაგოგი მუსიკაში ბიძინა კვერნაძის დედა, ნინო ნადირაშვილი გახლდათ. მოგვიანებით  თბილისში, პირველ სამუსიკო სასწავლებელში ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. ნიჭიერი სტუდენტი ჯერ მოსკოვის, შემდგომ ლენინგრადის კონსერვატორიაში სწავლობდა, სადაც მეოთხე კურსზე მოუსწრო ბლოკადამ და ქალაქის დამცველად ჩაეწერა.

დიმიტრი არაყიშვილის შემდეგ, სანდრო მირიანაშვილი ქართული თანამედროვე რომანსისა და საესტრადო სიმღერის ფუძემდებლად ითვლება. მან პირველმა შექმნა საესტრადო ანსამბლური სიმღერები (დუეტი, ტრიო, კვარტეტი) და ქართულ ესტრადაზე ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები შემოიტანა. ის ათასზე მეტი სიმღერისა და რომანსის, საფორტეპიანო ნაწარმოების ავტორია: აკაკის "ცა-ფირუზი", კორნელი სანაძის "ხუჭუჭა პატარა"“და სხვა მრავალი... ქართველ კომპოზიტორთაგან პირველმა შექმნა სიმღერა გალაკტიონის ლექსზე "მერი", რომელიც  დღემდე  სიყვარულის ერთგვარ ჰიმნადაც იქცა. გალაკტიონს რომ მოუსმენია ამ სიმღერისთვის, აღფრთოვანებულს თავის წიგნზე მინაწერი გაუკეთებია და კომპოზიტორისთვის უჩუქებია.
ლელა
15 ივლისი 2014 22:36
რამდენი საინტერესო და ღირსეული პიროვნებაა უცნობი ფართო საზოგადოებისათვის, დღევანდელი ტელევიზიები კი უაზრო და უსარგებლო გადაცემებითა და თურქული სერიალებითაა დახუნძლული...
marina
14 ივლისი 2014 15:46
კარგი იკნებოდა ბატონი სანდროს გახსენება და დაფასება, მატ ოჯახს ახლოს ვიცნობდი, მისი მელოდიები უკვდავია.

რედაქტორის რჩევით