თეთრხალათიანი "მოწმე" - კვირის პალიტრა

თეთრხალათიანი "მოწმე"

ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

"პოლიციელებმა მთვრალი გოგოები მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს"

"კვირის პალიტრის" პროექტი "ჟურნალისტი პროფესიას იცვლის" გრძელდება. ამჯერად ექიმობა გადავწყვიტე და სამშობიარო სახლში ერთი დღე-ღამე დავყავი. რუსთავის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ალექსანდრე (საშა) ბარავკოვი სიამოვნებით დამთანხმდა, ერთი დღით ახალი "თანამშრომელი" მიეღო.

ჩემი სამუშაო დღე ჩვეულებრივ, დილის 10-ის ნახევარზე კონფერენციით (წინათ "ხუთწუთიანს" უწოდებდნენ) დაიწყო. მანამდე ექიმის შესაფერისად აღმჭურვეს - თეთრი ხალათი, პირბადე, ქუდი მომცეს და წარმატებაც მისურვეს. კონფერენციაზე შეკრებილ მედპერსონალს ახალი "თანამშრომლის" დანახვა გაუკვირდა, თუმცა, ჩვეული რეჟიმი არ დაურღვევია და მთავარ ექიმს ყველა განყოფილებამ ღამის მორიგეობის ანგარიში ჩააბარა. საგანგაშო არაფერი იყო, გარდა ერთი შემთხვევისა - ღამით 22 კვირის ორსული შემოუყვანიათ, რომელსაც ნაყოფის გამოძევების საშიშროება ელოდა (მასზე  ქვემოთ შეიტყობთ).

კონფერენციის შემდეგ საავადმყოფოს უფროსმა ექთანმა ფიქრიამ გიდობა ითავა და ყველა განყოფილება დამათვალიერებინა. სიმართლე გითხრათ, გავოცდი, რადგან 5 წლის წინ ამ სამშობიაროში ნაოპერაციები ახლობლის სანახავად ვიყავი და იქაურობა მაშინდელისგან ძალიან განსხვავდება, თავი ევროპულ კლინიკაში მეგონა.  სამშობიარო ბლოკში მშობიარე ტკივილს ებრძოდა - ის მესამე შვილს ელოდა...

შემდეგი "გაჩერება" ახალშობილთა განყოფილება გახლდათ. ჩვილებთან იმდენ ხანს გავჩერდი, რომ ჩემმა გიდმა მომიბოდიშა და წავიდა... ახალშობილთა განყოფილებაში წინადღეს დაბადებული პატარა ინკუბატორში იყო მოთავსებული, დროზე ადრე დაიბადა და სუნთქვა გაძნელებული ჰქონდა.

ორიოდე წუთში მედდამ თეთრ ქსოვილში გახვეული პაწაწინა არსება შემოიყვანა.  ექთანს ცრემლით ჰქონდა თვალები სავსე.

- ასეთი პატარა რატომ არის? თითები და სახე ჩალურჯებული რატომ აქვს? - დავაყარე კითხვები.

- ეს 22 კვირის ჩანასახია, დედის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე ვერ მიიყვანა და ბავშვი გამოაძევა.

- გადარჩება?  - დავხედე პაწაწუნას, რომელიც, როგორც ექთანმა მითხრა, 400 გრამსაც არ იწონიდა.

- მისი გადარჩენა შეუძლებელია, - მივიღე პასუხად.

არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ ბავშვმა პირი გააღო და თითქოს ჰაერის ჩასუნთქვას ლამობდა... სიცოცხლეს ებღაუჭებოდა... ამის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ცრემლი წამსკდა. შევეხე, ჯერ კიდევ არ ჩასდგომოდა სიცივე პაწაწინა სხეულში...

ნათლობის საიდუმლოს შესრულების უფლება აქვს მხოლოდ მღვდელს ან მღვდელმთავარს, მაგრამ თუ ღვთის მსახურის მოყვანამდე ადამიანი ვერ იცოცხლებს, მონათვლის უფლება აქვს ერისკაცსაც (ქალსაც და მამაკაცსაც), რომელიც თავად მონათლულია. სასიკვდილოდ განწირულ პატარას ლოცვა წაუკითხეს, ნაკურთხი წყალი სამჯერ აპკურეს და ასე მონათლეს...

ძნელია, ამ ყველაფერს მშვიდად უყურო... ცოტაც და ავბღავლდებოდი. ამიტომ სასწრაფოდ დავტოვე ახალშობილთა ოთახი... დათრგუნვილმა ისიც კი გავიფიქრე, წავალ აქედან-მეთქი, მაგრამ ვიდრე წამოვიდოდი, გადავწყვიტე, პაწიას დედა მენახა...

ორსულთა პათოლოგიის განყოფილების შესასვლელში დედა-შვილის გულშემატკივრები იდგნენ. თურმე ცოლ-ქმარს 6 წელი შვილი არ ჰყავდა, ეს პირველი ორსულობა იყო და ისიც ვერ შეინარჩუნა. მოგვიანებით ოჯახმა ბავშვის ცხედარი მოითხოვა, სურათები გადაუღეს და დაიმუქრნენ, ექსპერტიზაზე წავიყვანთ და დავამტკიცებთ, რომ მისი დაღუპვა თქვენი ბრალიაო... მედპერსონალს დანა კბილს არ უხსნიდა...

დერეფანში გზა ქალმა გადამიღობა: - უკაცრავად, ექიმო, ექიმ ცეფამედს ვეძებ და ხომ არ იცით, სად ვნახო?

- ასეთი ექიმი არ გამიგონია-მეთქი, - გაოცებულმა მხრები ავიჩეჩე.

ქალმა სწრაფად ამიარა გვერდი და სხვა თეთრხალათიანს მიადგა, ექიმ ცეფამედს ვეძებო... იმანაც გაოცებისგან პირი დააღო,  უცებ ქალი ტყვიასავით მოსწყდა ადგილს და თეთრხალათიან მამაკაცს გაეკიდა: - ექიმო ცეფამედი, ექიმო ცეფამედი, ექოსკოპიის პასუხი უკვე გვაქვს! - რადგან ექიმი მის დაძახილზე არ შემობრუნდა, მამაკაცს მკლავში ჩაეჭიდა, მოაბრუნა და ქაღალდები ხელში შეაჩეჩა... ექიმი სიცილს ძლივს იკავებდა.

მოგვიანებით მივხვდი, რაშიც იყო საქმე: მედპერსონალს ხალათებისა თუ ფორმის ზედა ჯიბეზე წამლის სახელწოდება აქვთ ამოქარგული. ამ ექიმს "ცეფამედი" ეწერა გულის ჯიბეზე და ქალს უფიქრია, ასე ჰქვიაო...

ექიმ "ცეფამედს" გავცდი და ბატონი საშას გამოგზავნილ ექთანს გადავეყარე, ოპერაციას ვიწყებთ და დაგვესწარითო... საოპერაციოში ადგილი მომიჩინეს და ოპერაციაც დაიწყო...

პაციენტი 43 წლის ქალი გახლდათ, რომელსაც ექსტერპაციას (საშვილოსნოს სრული ამოკვეთა, როდესაც საკვერცხეებსა და საშვილოსნოს ყელსაც იღებენ) უკეთებდნენ. ექიმები უხმოდ, ოსტატურად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს... ბატონი საშა ხშირ-ხშირად გადმომხედავდა ხოლმე, გული არ წაუვიდეს ამ ყველაფრის დამნახავსო, მაგრამ მე თვალსაც არ ვახამხამებდი, რომ რამე არ გამომრჩენოდა. იმდენი ინსტრუმენტის თავი მოჩანდა მუცლის ღრუდან, უნებურად დათვლა დავიწყე, რომ რომელიმე ჭრილობაში არ ჩარჩენოდათ... თუმცა, სათვალავი ამერია, თანაც მივხვდი, რომ ჩემი კონტროლი სულაც არ იყო საჭირო... ოპერაცია ნახევარ საათში დასრულდა... საშა და ლაურა ექიმებმა შუბლზე მომსკდარი ოფლი მოიწმინდეს და შვებით ამოისუნთქეს.

- ნერვიულობთ? - გამიკვირდა, რადგან თითოეულ მათგანი უკვე 20 წელზე მეტია, ამ საქმეს აკეთებს და მერამდენე ოპერაცია დაასრულეს, ვინ იცის...

- რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ, ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე... ყველა ოპერაცია ინდივიდუალურია, ისევე, როგორც პაციენტი, - მიპასუხა ბატონმა საშამ...

ამასობაში იმ მშობიარეს, რომელსაც ვგულშემატკივრობდი და რამდენჯერმე მივაკითხე გასამხნევებლად, უკვე ამზადებდნენ.  გინეკოლოგიურ სავარძელზე იწვა, თავთან მეუღლე ედგა, მისი ხელი  ეჭირა და რაღაცას ეჩურჩულებოდა... როდესაც ქალს ძლიერი ტკივილი დაეწყო, მოუბოდიშა, - გავალ, არ შემიძლია ამის ყურებაო...

საკუთარი თვალით ვნახე, როგორ იბრძოდა პატარა, რომ მოვლენილიყო ამქვეყნად... თავით დედის საშოს კედლებს აწვებოდა, წინ მოიწევდა... დედა ეხმარებოდა... რამდენიმე წამში ბავშვის ტირილმა აახმაურა იქაურობა... ჭიპლარი გადაჭრეს თუ არა, დედის მკერდზე დააწვინეს და თბილი პლედი გადააფარეს. ქალმა პირმშოს ნაზად მოხვია მკლავები, ნატანჯ სახეზე ყველა ტკივილი წაშლოდა.

ასე დაიბადა პატარა ლაზარე ტაბატაძე...

- ჩემს მამამთილს ისე უყვარს "კვირის პალიტრა", ნომერს არ აცდენს. რომ იცოდეს, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ესწრება მისი შვილიშვილის დაბადებას, სიხარულისგან ცას ეწევა, - მითხრა მელოგინემ.

- ეტყობა, თქვენი ქმარი ნერვიულობდა და იმიტომ ვერ დაესწრო მშობიარობას?

- ბევრ მამაკაცს უნდა შვილის ამქვეყნად მოვლინებას დაესწროს, - ჩაგვერთო საუბარში ლაურა ექიმი, - უფლებას ვაძლევთ, მაგრამ უჭირთ ყურება, უმეტესობას გული მისდის და მოსაბრუნებლები ხდებიან; აღარ ვიცით ხოლმე, მშობიარეს მივხედოთ თუ გულწასულ მამას...

საოპერაციოდან ექთანმა მომაკითხა, - მშობიარე გვყავს, საკეისროს ვუკეთებთ და სურვილი თუ გაქვს, დაესწარი, თანაც შენი დახმარებაც გვჭირდება, უშენოდ გაგვიჭირდებაო, - გამეხუმრა.

დათო ექიმმა (ანესთეზიოლოგმა) სცადა, მშობიარე დაერწმუნებინა, რომ საერთო ნარკოზის გარეშე გაეკეთებინა ოპერაცია, რადგან ასე მისთვისაც უკეთესი იქნებოდა და ბავშვისთვისაც, მაგრამ ორსული ხელებს ასავსავებდა, არ შემიძლია, ნუღარ მიბურღავთ ტვინს, დამაძინეთო...

საოპერაციოში სრული სიჩუმე იყო. ექიმები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. წამები დასჭირდა ბავშვის ამოყვანას... სასწრაფოდ გადაჭრეს ჭიპლარი, ბავშვი პედიატრს გადააბარეს, თვითონ კი ოპერაციის ბოლომდე მიყვანას შეუდგნენ...

მე ბავშვს გავყევი... მაყვალა ექიმმა ჩვილი გაწმინდა და სასწორზე დააწვინა... კარგად დააკვირდა და წონა ეცოტავა, - არა, ეს ბავშვი უფრო მეტი იქნება, ეტყობა, სასწორი დგას არასწორადო...  მართალიც აღმოჩნდა... სასწორმა მეორე ჯერზე 200 გრამით მეტი აჩვენა...

ამის შემდეგ კიდევ ორ მშობიარობას დავესწარი და პატარების დაბადების სიხარული გავიზიარე...

ამასობაში მოსაღამოვდა... განცდილისა და ფეხზე დგომისგან ისე გადავიღალე, არაფრის თავი აღარ მქონდა და დივანზე მივესვენე... მედპერსონალს კი დაღლის არაფერი ეტყობოდა, პაციენტიდან პაციენტთან გადარბოდა და საჭირო პროცედურებს უტარებდა.

12 საათის შემდეგ მედპერსონალს ცოტა ხნით დასვენების საშუალება მიეცა და ყავის დალევა გადაწყვიტეს, მაგრამ ჭიქებში დასხმული, დაულეველი დარჩათ, რადგან ხან ერთმა პაციენტმა შეახსენათ თავი - ჭრილობა მტკივა და გამაყუჩებელი მომეცითო, ხან მეორემ - მგონი, ჭრილობიდან სისხლი მომდისო...

და რომ მეგონა, დღე დასრულდა და საინტერესო აღარაფერი მელოდება-მეთქი, თურმე... დაახლოებით პირველ საათზე მიმღებში რამდენიმე გოგონა შემოვიდა... ერთი ჩიოდა, მუცელი მეშლებაო, დანარჩენები კი გულშემატკივრობდნენ... ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ყველანი მთვრალები იყვნენ და არც მალავდნენ; იცინოდნენ, ყვიროდნენ... მედპერსონალი ცდილობდა, გაეჩუმებინა, პაციენტები რომ არ შეწუხებულიყვნენ, მაგრამ გოგონები არაფერს დაგიდევდნენ...

მორიგე ექიმი მამაკაცი გახლდათ. ორსული არ აძლევდა გასინჯვის საშუალებას.

- დაწექით, გაგსინჯოთ, ვნახოთ, რა გჭირთ...

- სისხლდენა მაქვს, მუცელი მეშლება, - იცინოდა გოგონა.

- მომეცით საშუალება, გაგსინჯოთ...

პაციენტის საქციელი რომ მოგეთმინა, დიდი ძალისხმევა გჭირდებოდა. ექიმს წარბიც არ შეუხრია, მოვალეობის შესრულებას ცდილობდა და მხოლოდ ყვრიმალზე ათამაშებული კუნთები მოწმობდა, რომ ბრაზობდა, გარეგნულად კი აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა... ექოსკოპიისთვის ლია ექიმი შინიდან გამოიძახეს, რამდენიმე წუთში მოვიდა, მაგრამ პაციენტი მაინც არ ნებდებოდა და გასინჯვის უფლებას არ აძლევდა, სიგარეტს თუ მომაწევინებთ, გაგესინჯებითო. ყოველ მის ასეთ გამოხდომასა და უკბილო ხუმრობას დაქალების ყიჟინა, მოწონების შეძახილები და ხარხარი მოჰყვებოდა ხოლმე...

ერთი სიტყვით, გოგონებს რომ ვერაფერი გააგებინეს, იძულებული გახდნენ, საპატრულო ეკიპაჟი გამოეძახებინათ... რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელებმა სათითაოდ ჩასვეს მანქანაში მთვრალი გოგონები და წაიყვანეს. ვერავინ გაიგო, რას ემსახურებოდა მათი ვიზიტი სამშობიარო სახლში...

ამის შემდეგ დილამდე სიმშვიდემ დაისადგურა...

24 საათის განმავლობაში სამშობიარო სახლის ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე... ყველა პროცესს დავესწარი და მონაწილეობაც მივიღე... მხოლოდ ერთ რამეზე ვთქვი უარი - სააბორტოში შესვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა, ვერ გავბედე იქ შესვლა, სადაც შვილისთვის მშობლის მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს აღასრულებენ.

მარი ჯაფარიძე