წიგნი, რომელსაც დიდხანს ველოდით - კვირის პალიტრა

წიგნი, რომელსაც დიდხანს ველოდით

ქარწაღებულნი - მარგარეტ მიჩელი

ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს

ეს შესანიშნავი ნაწარმოები და ამას გამომცემლობა "პალიტრა L" გვთავაზობს

საინტერესოა, მარგარეტ მიჩელსმაქვს კი რაიმე საერთო თავისი რომანის გმირთან, ან სხვა პერსონაჟები ხომ არ არინ „გადმოხატული“ მწერლის ცხოვრების გზაზე შეხვედრილი უამრავი ადამიანისგან.

ეს კითხვა ლოგიკურია და თითქოს არც თვით ავტორს უნდა დარჩენოდა საწყენად მისი თანამედროვე საზოგადოების ეს ბუნებრივი ინტერესი, მაგრამ მიჩელს ყოველთვის მძაფრი რეაქცია ჰქონდა ხოლმე ასეთ შეკითხვაზე. ერთხელ კი ილუსტრირებული ჟურნალის რედაქტორს მიუვარდა ოფისში, რომელმაც დიდი სტატია დაბეჭდა ყდაზე გამოტანილი მყვირალა სათაურით: "მარგარეტი და სკარლეტი: რა არის საერთო მათ შორის?" მარგარეტი თან ჟურნალს ანაკუწებდა, რედაქტორს სახეში აყრიდა და თან უყვიროდა: - სკარლეტი მეძავია, მე კი - არა! მე არასოდეს გამიყიდია ასეთი გათვლებით ჩემი სხეული! მერე კი, უფრო დააზუსტა, "ზოგადეროვნული მასშტაბი" მისცა თავის აღშფოთებას და გაზეთშიც გამოაქვეყნა ამ სახით: "სკარლეტი მეძავია, მე კი - არა! მე არ აღმიწერია უნაკლო ქალი, მასზე კარგის თქმა ძნელად თუ შეიძლება... სასაცილოდ მიმაჩნია, რომ მის ო'ჰარა რაღაც ეროვნული გმირივით გახდა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია ერის მორალური და გონებრივი მდგომარეობისათვის, - თუკი ერს შეუძლია ტაში დაუკრას და აღფრთოვანდეს ქალით, რომელიც ასე იქცეოდა..."

მკითხველს ბოდიშს მოვუხდი საკმაოდ ვრცელი ციტატის მოყვანისთვის, მაგრამ იგი ზუსტად აღწერს მიჩელის განწყობასა და დამოკიდებულებას თავისი "პირმშოს" მიმართ. მართლაც, როდესაც რომანი დაიბეჭდა, მარგარეტ მარში (ქალიშვილობის გვარი - მიჩელი, მხოლოდ წიგნის ყდაზე ეწერა, კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მისთვის ოფიციალური, ანუ ქმრის გვარით მიემართათ) ამერიკული სამხრეთისათვის ტრადიციული, ოჯახის ქალის მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა და ეს აღშფოთება იქნებ გასაგებიც იყოს, მაგრამ შესაძლოა, ამ აღშფოთებისას მხოლოდ თამაშობდა კდემამოსილი დიასახლისის როლს?

ამ ეჭვს რომ საფუძველი არ ჰქონოდა, ის ადამიანები - მისი თანაქალაქელები, რომლებმაც მისი ცხოვრების ყოველი დეტალი იცოდნენ, არც გააღიზიანებდნენ იმ მხარის ყველაზე სახელგანთქმულ ადამიანს ასეთი შეკითხვებით. ამ ეჭვსა და მის შესახებ ინფორმირებულობაზე მიუთითებს ისიც, რომ იმ ჟურნალის რედაქციიდან გამოჟონილ ამბავს მწერლის ამ თავშეუკავებელი საქციელის შესახებ და შემდეგ მის ინტერვიუს, სადაც ზემოაღნიშნული სიტყვები ითქვა, უარესი შედეგი მოჰყვა - ყვითელი პრესის სათაურები ამჯერად დაახლოებით ასე ჟღერდა: "სკარლეტი მეძავი იყო, მისი ავტორი კი - მკვლელია?!"  სტატიებში იმასაც უხსენებდნენ, რომ პირველი საქმრო, ლეიტენანტი ჰენრი, სწორედ 18 წლის ახირებული ქალიშვილისთვის "საქმეთა საგმიროთა" საჩვენებლად წავიდა მოხალისედ პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე და დაიღუპა. ეს, ცხადია, უსინდისო ბრალდება იყო ჟურნალისტებისგან, მაგრამ მეორე ამბავმა მართლაც ძალიან იმოქმედა მასზე: საქმე მის პირველ ქორწინებას ეხებოდა. საქმროს გარდაცვალების შემდეგ, მალე დედაც გარდაეცვალა და იძულებული გახდა, კოლეჯიდან ატლანტაში დაბრუნებულიყო, რათა დაავადებული მამისთვის მოევლო. მაშინ დაუფიქრებლად გაჰყვა ცოლად "პირველივე შემხვედრს" - ბერიენ "რედ" აფშოუს და სულ მალე, მეგობართა გასაკვირად, ჯორჯიული სიცხეების მიუხედავად, პეგიმ  გრძელმკლავებიანი ტანსაცმლით დაიწყო სიარული და ეს სახელიც - პეგი, რომელიც ადრევე შეარქვეს ლაღი ხასიათის გამო (როგორც "პეგასის" შემოკლებული ვარიანტი), სულაც აღარ შეეფერებოდა. მალე გაირკვა, რომ გრძელი სახელოების ქვეშ ქმრის მიერ ცემისაგან დალილავებულ სხეულს მალავდა...

შესაძლოა, სწორედ მაშინ ოცნებობდა, ისეთი ქალი ყოფილიყო, ვისზე ხელის აწევასაც ვერავინ გაბედავდა და სკარლეტიც მაშინ "დაიბადა. თანაც სახელიც - "რედი, უცნაურად დაემთხვა" რედ ბატლერს. იქნებ იმ ძალაზეც ოცნებობდა, რომელიც გააბედვინებდა, მჩაგვრელისთვის მიბრჯნით ესროლა?! ყოველ შემთხვევაში, ზემოთ ნახსენები სტატიების ავტორები ამას იხსენებდნენ და წლების წინ ჩატარებული გამოძიების მასალებიდან ამოკითხული ფაქტები მოჰყავდათ: "მის მიჩელმა ქმართან გაყრის შემდეგ იარაღი შეიძინა. გაყრიდან ერთი თვე იყო გასული, მისტერ აფშოუ დაუდგენელმა დამნაშავემ კეფაში გასროლით მოკლა. "მის მიჩელს იარაღი აღარ აღმოაჩნდა, მან განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღით ადრე დაკარგა."

მაგრამ ეს მძიმე პერიოდი  ხანმოკლე აღმოჩნდა, ისეთი მასშტაბური იყო "ქარწაღებულნის" პოპულარობა და ერთადერთ დისკომფორტად მწერლისა და მისი ოჯახისათვის უკვე ეს პოპულარობაღა დარჩა: შესაძლოა, მარგარეტ მიჩელმა - მისის მარშმა "სკარლეტობა" მართლაც ახალგაზრდობაშივე მოიყირჭა და ახლა რესპექტაბელური ოჯახის ქალის ცხოვრება სურდა, შესაძლოა, ესეც პოზა იყო, მაგრამ ფაქტია, - ის მუდმივად ცდილობდა, აღარ ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, კატეგორიული უარი განაცხადა რომანის გაგრძელების დაწერაზე (იმის მიუხედავად, რომ გამომცემელმა კონტრაქტი გამოუგზავნა, სადაც თვით ავტორს უნდა ჩაეწერა ნებისმიერი თანხა) და ჰოლივუდელებსაც ჩალის ფასად მიჰყიდა ეკრანიზაციის უფლება.

მთელი ამერიკა და ბრიტანეთი "დაავადებული" იყო ამ წიგნით. ერთხელ, მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული რომანის გამოსვლიდან, როდესაც მწერლის კარზე კაკუნი გაისმა. მოახლე შინ არ იყო და კარი მარგარეტმა გააღო. ზღურბლთან ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელმაც სალმის გარეშე მიახალა:

- მე არსად წავალ. კართან გავათევ ღამეებს, თუკი თქვენ არ დაადასტურებთ ერთ გარემოებას. მე კალიფორნიის ბრიჯ-კლუბის წევრებმა გამომგზავნეს. ჩემი ცოლიც ამ კლუბის წევრია. ისინი თქვენგან სიმართლის თქმას მოითხოვენ: იყო თუ არა კაპიტანი ბატლერი მელანის შვილის მამა?

მიჩელი იძულებული გახდა, ხელმოწერილი "საბუთი" გაეტანებინა, რომ მელანიმ ბავშვი კანონიერი ქმრისგან გააჩინა!

იყო კიდევ ერთი ლოგიკური მიზეზი ამ რომანის პოპულარობისა - გამოქვეყნების დრო. მართლაც, წიგნს, რომლის ერთ-ერთი მთავარი "პერსონაჟიც" ომია, არ შეიძლებოდა მსოფლიო ომის მოლოდინით დამძიმებულ ადამიანებზე არ ემოქმედა. მწერალმა ხომ ძალიან მძაფრად აღწერა, რომ ომი მხოლოდ გამარჯვების ყიჟინა და ჯილდოებით მკერდდამშვენებული ჭაბუკები კი არა, მილიონობით დაობლებული ბავშვი და გაუბედურებული დედ-მამაა...

...მაგრამ მთავარი ბიძგი, რომელმაც დიდხანს შეუნარჩუნა პოპულარობა "ქარწაღებულნს", მაინც კინო იყო. კინო, რომელმაც მთავარ გმირად სკარლეტი აქცია, ის სკარლეტი, რომლის როლზეც, სანამ ვივიენ ლის დაამტკიცებდნენ, 1400(!) კანდიდატი გასინჯეს. 1939 წლის 15 დეკემბერი ჯორჯიის გუბერნატორმა საგანგებო ბრძანებით უქმე დღედ გამოაცხადა - ამ დღეს შტატის კინოთეატრებში ფილმის პრემიერა იყო დანიშნული.

მარგარეტ მიჩელის სიკვდილიც, ირიბად, კინოსთან არის დაკავშირებული: სწორედ კინოში მიდიოდა, როდესაც ტროტუარიდან ფეხის ჩადგმისთანავე მანქანა დაეჯახა. დაბოლოს, სკარლეტისადმი ზიზღი" დიდხანს არ გაჰყოლია მიჩელს. ფილმის პრემიერის დროს მან ასე მიმართა საზოგადოებას: "მადლობელი ვარ იმ ყურადღებისთვის, რომელიც ჩემი და ჩემი საწყალი სკარლეტის მიმართ გამოიჩინეთ.