აქ, ცასთან ასე ახლოს...
14-07-2014
აქ, ცასთან ასე ახლოს...
"ხომ ამბობს ხელისუფლება, მთის განვითარების პროექტი უნდა ავამოქმედოთო, დაიწყონ ბახმაროთი. ამაზე უკეთეს საქმეს ვერ გააკეთებენ"

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ბახმარო მხოლოდ ულამაზეს ადგილად წარმოუდგენია და არაფერი იცის მისი სამედიცინო მნიშვნელობის შესახებ. ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში, ზღვის დონიდან 1920-2050 მეტრზე მდებარე კურორტი საუკეთესოა მათთვის, ვისაც სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი აწუხებს. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ ჰაერის უნიკალური შემადგენლობა სისხლის ფორმულას 21 დღეში ცვლის
და განსაკუთრებით აკაჟებს მოზარდებს, რომლებიც სუსტი იმუნიტეტის გამო ხშირად ავადმყოფობენ(!).

თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან კურორტს არ აქვს შესაფერისი ინფრასტრუქტურა და ხშირად დამსვენებლები ბახმაროს მაცოცხლებელ ჰაერზე უარს სწორედ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უქონლობის გამო ამბობენ.
ჩვენი კოლეგა ხათუნა ლაგაზიძე, უკვე რამდენიმე წელია, მცირეწლოვან შვილს ბახმაროში უშვებს გასაკაჟებლად,
თუმცა, როგორც ამბობს, ისე დაიღალა საყოფაცხოვრებო დისკომფორტით, რომ შესაძლოა, წელს წასვლა გადაიფიქროს.

- იმის გამო, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისთვის ბახმარო შეუდარებელია, დასავლეთ საქართველოში არსებობს ტრადიცია, რომ მოზარდი სამი წლის განმავლობაში, ზაფხულობით, ბახმაროში უნდა დაასვენო. როგორც ამბობენ, სწორედ ეს დრო სჭირდება სისხლის ფორმულის შეცვლას და ორგანიზმის სრულად გაჯანსაღებას. გურიიდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან ყოველ ზაფხულს მოჰყავთ აქ პატარები. რას აღარ ცდილობენ ოჯახები, რომ კეთილმოუწყობელ კოტეჯებში ელემენტარული პირობები შექმნან. ერთი შეხედვით კომფორტულ კოტეჯებშიც კი, სადაც გგონია, რომ ფულის გადახდის შემდეგ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები მაინც გექნება, მეორე დღესვე აღმოაჩენ, რომ წყალი ჭიდან არის სათრევი, ტუალეტი საერთოა და ამ 21 დღის განმავლობაში, შესაძლოა, ვერც კი დაიბანო. მოკლედ, ბავშვები კი შესანიშნავად გრძნობენ თავს, მაგრამ უფროსებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია ბახმაროში ყოფნა. 

- პატარები როგორ არიან 21-დღიანი დასვენების შემდეგ?

- უკვე სამი წელია, ჩემი შვილი აღარ ავადმყოფობს. ჰაერით ყველა მშობელი კმაყოფილია, მაგრამ   მეორე მხრივ - ნერვულ სისტემას ვინგრევთ. დასანანია, რომ ასეთ კურორტს არც ერთი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას. დენი იქ არ არის, დამსვენებლებს წყლის და კანალიზაციის პრობლემა ქანცავს. ამიტომაც იკავებს თავს ბევრი ჩემი ახლობელი, თორემ უცხოეთიდანაც ბევრი ჩავიდოდა იქ დასასვენებლად. მე ჩემს შვილს და მოხუც დედას ვგზავნი და მერე გული მისკდება ყოველდღიურად იმის მოსმენით, როგორ იყო იძულებული სამოცდაათ წელს გადაცილებული დედა, კოტეჯამდე  ვედროებით ეთრია წყალი. არადა, დაახლოებით 2.500 დოლარს ვიხდი იმ იმედით, რომ ბებიაც და შვილიშვილიც კარგად დაისვენებენ. გავიგე წელს სასტუმრო გაიხსნებაო,  ვისაც გაუმართლებს და სასტუმროში მოხვდება, ნამდვილად იგრძნობს ბახმაროს სიკეთეს, მაგრამ რამხელა იქნება ეგ სასტუმრო? რამდენი ადამიანის მომსახურებას შეძლებს?

"შედარებით კომფორტული რომ ეთქმის, ისეთ კოტეჯებში საწოლი ერთი ღამით 50 ლარი ღირს. ამას დაუმატეთ ის, რომ ლოგინი, ლეიბი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რაღა თქმა უნდა, პროდუქტიც თავად უნდა აიტანო. წარმოიდგინეთ, რამხელაა ხარჯი! თუმცა ასეთი, უნიკალურად შეზავებული ჰაერი არსად არის, ამიტომაც ბახმაროში გაწამებულ ყოფას, მაგრამ თავისუფლად სუნთქვას ვარჩევთ. ხომ ამბობს ხელისუფლება, მთის განვითარების პროექტი უნდა ავამოქმედოთო, დაიწყონ ბახმაროთი. ამაზე უკეთეს საქმეს ვერ გააკეთებენ. ძალიან მომგებიანი იქნება ამ კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარება. აქ დამსვენებლებს ვერ გამოლევ, - ამბობს ქეთი სალუქვაძე, რომელიც თავის შვილებთან ერთად კვლავ ემზადება ბახმაროში წასასვლელად.

- დამსვენებლებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ ბახმაროს ისტორიაში პირველად, 25 ივლისიდან მუშაობას დაიწყებს სასტუმრო, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შესთავაზებს მომხმარებელს -  ასე აცხადებს სასტუმროს დირექტორი ზაზა ფოცხიშვილი. სასტუმრო 18-ნომრიანია. თითოეულ ნომერში ოთხი ადგილია. სასტუმროს ხელმძღვანელების განცხადებით, არა მხოლოდ კომფორტულ დასვენებას და სრული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას, ოთხჯერად კვებასაც გვპირდებიან. ყველა ნომერში იქნება გათბობა, მისაღებში - ტელევიზორი და აბაზანაში - ცხელი წყალი.

- გვინდა ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს შევძლებთ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ერთი სასტუმრო ზღვაში წვეთია. თანაც, თუ ყველაფერი მოწესრიგდება და საერთაშორისო სტანდარტებს მივაღწევთ, ბახმარო მხოლოდ ზაფხულის კი არა, ზამთრის კურორტიც შეიძლება გახდეს, თანაც - პრესტიჟული და ხალხი ისევე არ მოაკლდება, როგორც მსოფლიოში ცნობილ მთის კურორტებს, - აცხადებს ზაზა ფოცხიშვილი.

ექიმის რჩევა

ბესო ზენაიშვილი, პედიატრი: "ვინც არის დაავადებული ბრონქული ასთმით, ობსტრუქციული ბრონქიტებით, მათთვის ბახმარო შეუცვლელი ადგილია. წელიწადში ერთხელ სასურველია მშობელმა ერთი თვე მაინც ბავშვი ამ შესანიშნავ კურორტზე წაიყვანოს, რათა მისი შვილი დაცული იყოს ხშირი ინფექციებისგან. უფრო ნაკლები პერიოდი სწრაფად შესამჩნევ შედეგს ვერ მისცემს. თუმცა, ჩემი პაციენტების მშობლები რამდენი ხნითაც ახერხებენ ბავშვების წაყვანას, იმ დროის შედეგითაც კმაყოფილი არიან და აღნიშნავენ, რომ ზამთრის განმავლობაში მათ შვილებს აღარ აწუხებთ ვირუსული ინფექციები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბახმაროს კლიმატი სისხლის ფორმულაზე ახდენს გავლენას და ვისაც ანემია, დაბალი ჰემოგლობინი აქვს, კურორტი მათზეც საუკეთესოდ მოქმედებს."


"ბახ მარო"


სახელი ბახმარო ტრაგიკულ ლეგენდას უკავშირდება.  გურულ თავადს ულამაზესი ასული ჰყოლია, მარო. ერთ დღესაც ქალი თურქებმა მოიტაცეს. დასდევნებია მდევარი, მაგრამ გამტაცებლებს ქალი ხანჯლით გაუგმირავთ და იქვე, ქვაზე მიუწერიათ "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მაროო. რასაც უნდა ნიშნავდეს კურორტის სახელწოდება, ერთი რამ ცხადია - კურორტი თავისი ღირსებებით უნიკალურია. ქვაბულის მსგავსი ტერიტორია გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. სამკურნალო თვისებებს კი განაპირობებს კლიმატური თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის, განსაკუთრებით - ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა, სუსტი, უმეტესად ზღვაური ქარები. აქაური ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ზაფხულის საძოვრებზე ამოსულ მწყემსებს აღმოუჩენიათ, როდესაც ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი სასწაულებრივად სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელებულა. აქ დასვენებისთვის საუკეთესო დროა ივლისი და სექტემბრის პირველი ნახევარი. 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები, რითაც სეზონის დასრულება აღინიშნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები