ზღვის სანაპირო, კოცონი, მუსიკა და წიგნი...
14-07-2014
ზღვის სანაპირო, კოცონი, მუსიკა და წიგნი...
20 ივლისს ბათუმში "ბიბლუსის" საზღვაო ბიბლიოთეკა გაიხსნება

ახლა, როცა ამ წერილს კითხულობთ, პლაჟზე მცხუნვარე მზეს ვეფიცხები. ბევრი თქვენგანის მსგავსად, ამ დღეებს მეც მთელი წელია, ველოდებოდი. მოკლედ, ნანატრი შვებულების  განცხრომაში, ისევ ქათქათა ქალაქის სტუმარი ვარ. აქ უკვე იმდენი დამსვენებელია, რომ აჭარლები ხუმრობენ, პლაჟზე ხალხს "სმენობით" უშვებენო. ხუმრობა იქით იყოს და, ბათუმში ახლა მართლაც სიცოცხლე ჩქეფს. ასეთი ხალხმრავალი, მხიარული ბათუმი მიყვარს, ყოველ წელს რომ რაღაც სიახლეს მახვედრებს. საზღვაო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული
და ყოველდღიურად სულ უფრო მეტი დამსვენებელი ჩამოდის.  აი ახლაც, ჩემ წინ, ახალგაზრდა უკრაინელი წყვილი მზის აბაზანებს იღებს და დროს უქმად არ კარგავს, ორივე "მექანიკურ ფორთოხალს" კითხულობს.

წიგნი! სულ გადამავიწყდა თბილისიდან საკითხავის წამოღება. არადა, შვებულების დროს რა უნდა წამეკითხა, რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავდი. გუშინ ჩამოვედი და
ორი კვირა უსაქმურად როგორ უნდა ვიყო?! კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი "მოცეკვავე  შადრევნების" წინ, დიდი ფუსფუსია. რამდენიმე მუშა ფიცრულის კონსტრუქციას აწყობს. შარშან ამ ადგილას "ბიბლუსის" საზღვაო ბიბლიოთეკა იყო, ნეტა ახლაც იმავეს ხომ  არ აპირებენ?

ამ ფიქრებში გართულს შარშანდელი ზაფხული და "ბიბლუსის" საზღვაო ბიბლიოთეკა მახსენდება, სამ დღეში ორი წიგნი რომ წავიკითხე. მოკლედ, ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობით საინტერესო რაღაცები გავარკვიე.
"ბიბლუსი" წელსაც გაგვანებივრებს საზღვაო ბიბლიოთეკით - წიგნების ფართო არჩევანი, ყველა გემოვნებისა და ასაკის მკითხველისთვის, სრულიად უფასოდ.  შორს წასვლაც არ მოგიწევთ, პირდაპირ სანაპიროზე სასურველ წიგნს თქვენი განწყობის შესაბამისად შეარჩევთ. გასულ წელს "ბიბლუსმა" პროექტი "ბიბლუსი" ზღვაზე" წამოიწყო. ამ პროექტის ფარგლებში წიგნის სამი ღია ბიბლიოთეკა - ბათუმის ბულვარში, სამიც ქობულეთის სანაპიროზე მოქმედებდა. ამ პროექტს წიგნის მოყვარულთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნის თაროებთან დილიდან საღამომდე ხალხმრავლობა იყო, დიდი თუ პატარა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით არჩევდა მისთვის საინტერესო საკითხავს. სწორედ ამიტომ, საზაფხულო ღია ბიბლიოთეკა ტრადიციად იქცა და "ბიბლუსი" წელსაც ელოდება დამსვენებელთა აქტიურობას.

თათა დგებუაძე, „"ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი:
"როგორც წინა წლებში, „"ბიბლუსი" ტრადიციას არც წელს დაარღვევს და 20 ივლისს ბათუმში საზღვაო ბიბლიოთეკას გავხსნით. ვფიქრობთ, ზღვაზე ჩამოსულ დამსვენებლებს შეეძლებათ დასვენების დღეები საინტერესოდ და შინაარსიანად გაატარონ. ჩვენი წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის „"ბიბლუსის" სოციალური პროექტი, რომელსაც არ აქვს კომერციული დატვირთვა. წიგნები აბსოლუტურად უფასოდ შეუძლია მიიღოს მკითხველმა და ბიბლიოთეკის პრინციპით ისარგებლოს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ,,ბიბლუსს" ბათუმში 3 ფილიალი აქვს, სადაც ზაფხულის ფარგლებში მომხმარებელი 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

ბიბლიოთეკის გახსნას რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში, აქაც სასიამოვნო საღამოთი ვაპირებთ. კერძოდ, 20 ივლისს, ზუსტად საღამოს 10-ზე პოეზიის მოყვარულ საზოგადოებას, პლაჟზე კოცონით, ღვინით, გიტარის ჰანგებითა და ლექსებით ვუმასპინძლებთ. ამ საღამოს გალამაზებაში ბათუმელი პოეტი და მუსიკოსი ირაკლი ფაღავა დაგვეხმარება."

ირაკლი ფაღავა: "20 ივლისს„ "ბიბლუსის" საზღვაო ბიბლიოთეკაში შევიკრიბებით წიგნის მოყვარულები. იქნება კოცონი, მუსიკა და პოეზია. საღამოს თქვენი მონა-მორჩილი გაუძღვება. წავიკითხავ საკუთარ ლექსებს, დავუკრავ მეგობრებთან ერთად. ვფიქრობ, საინტერესო და მშვიდი საღამო გამოვა, ისეთი, ბათუმს რომ შეეფერება. მინდა ორიოდე სიტყვა "ბიბლუსზეც" ვთქვა. ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეაა. ასე რომ, ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს პლაჟზე უფასოდ შეეძლება ნებისმიერი წიგნის წაკითხვა".“
ზღვის სანაპირო, კოცონი,  მუსიკა და პოეზია... წიგნის მოყვარულებისთვის 20 ივლისს ნამდვილი ზეიმი იქნება.  დასწრება უფასოა. ვიცი, რომ ბევრი წიგნის მეგობარი შევიკრიბებით. ასე რომ, "ბიბლუსის" საზღვაო ბიბლიოთეკაში შეხვედრამდე.

20 ივლისიდან  ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს ბათუმის ზღვის სანაპიროზე, "ბიბლუსის" საზღვაო ბიბლიოთეკაში,   აირჩიოს სასურველი წიგნი და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს, რათა ახალი შეარჩიოს. ეს სოციალური პროექტი კიდევ ერთი შესანიშნავი წამოწყებაა წიგნის მოყვარულთათვის, ან მათთვის, ვინც ახლა უნდა ეზიაროს წიგნებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით