"როდესაც საკუთარ ხმას 10 ლარად ყიდი - არარაობა ხარ" - კვირის პალიტრა

"როდესაც საკუთარ ხმას 10 ლარად ყიდი - არარაობა ხარ"

"ხელოვანი კარისკაცად არ უნდა იქცეს"

"დროსტარების უცნაური ფორმების დამკვიდრებით სულიერებას გამოუთხარეს ძირი"

"პოლ ვალერის აქვს ნათქვამი, - ხიდზე ჩქარა უნდა გადახვიდე, მით უმეტეს, თუ ის ძველია, რადგან შეიძლება ჩაიმტვრესო. ასეა პოლიტიკაც. პოლიტიკოსმა ხიდის ჩანგრევას უნდა გაასწროს და ამიტომაც დიდხანს ფიქრის დრო არა აქვს", - ამბობს კინოფილმების: "მონანიებისა" და "ვედრების" სცენარის ავტორი. რეზო კვესელავას აზრით, ზედაპირულობა მეტისმეტად მოეძალა ჩვენს ყოფას, გონივრული განსჯის უნარი დავკარგეთ და ამიტომაც ვეღარ მივდივართ წინ:

- ეს წელი უფრო რთული და დრამატული იქნება, ვიდრე გასული წლები, რადგან საკმაოდ დაგროვდა მასალა კონფლიქტებისთვის. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამ მიმართულებით უპერსპექტივობის განცდა, დამძიმებული სოციალური ვითარება, გაძვირებული ბაზარი და ამის გამო განერვიულებული ხალხი, ხელისუფლების არცთუ გონივრული ქმედებები (მაგალითად, მემორიალის დანგრევა) ოპოზიციის წარმატებისთვის ქმნის ფონს.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებული მოვლენები, გამსახურდიას მმართველობის ხანა და შევარდნაძის ეპოქა იმდენად ბნელი და მძიმე იყო მორალურად, სოციალურად, რომ ძალიან შეუწყო ხელი სააკაშვილის მოსვლას. სააკაშვილმა ამ უკიდურესად გაჭირვებული ტრადიციის ფრონტი გაარღვია. რაღაცები მოიფიქრა ხალხის სასიკეთოდ: გზები შეაკეთა, სინათლე და გაზი შეიყვანა იქ, სადაც არ იყო...

ზვიად გამსახურდიას საზოგადოების ნაწილი მესიად აცხადებდა და ამან მის ცნობიერებაზე უარყოფითად იმოქმედა. ამბობდა, საბჭოთა იმპერია მე დავანგრიეო. იგივე გაგრძელდა სააკაშვილის დროსაც. ახლა სააკაშვილს ჰგონია თავი მესია და რევოლუციების ექსპორტიორი  გახდა.

ომარ ხაიამი რობაიებში წერდა, მმართველებთან ტრაპეზის განაწილება მგოსანს დამღუპველად დაუბრუნდებაო. ხელოვანი კარისკაცად არ უნდა იქცეს. მთავრობას თავისი გზა აქვს. ხელოვანი უფრო ღრმად ხედავს ვითარებას, ამიტომაც ხშირად უბედურია. თუ ხელოვანი არსებული ვითარებით კმაყოფილია, დაღუპულია როგორც შემოქმედი.

დააკვირდით, თითქოს ატმოსფერო გამოშრა. არ არის სიცოცხლის ელექსირი. ხელისუფლება კი ამბობს, ეროვნული ვართო და  ფოლკლორის საღამოებიც იმართება, მაგრამ მას ძალა, მუხტი არა აქვს, რადგან გულწრფელი არ არის, არ არის ჭეშმარიტი, ნამდვილი. პატრიოტიზმზე ლაპარაკიც ყალბია. თუ ეს ნამდვილია, რატომ იღვრება ეკრანიდან ამდენი აღვირახსნილობა, პათოლოგიური სცენები და სიშიშვლე. რატომ ცდილობს ადამიანთა ერთი ნაწილი მეტისმეტად ბედნიერად წარმოაჩინოს თავი, თითქოს ბედნიერება მხოლოდ ხუმრობა და იუმორი ან კარგი საჭმელი იყოს. განა ეს არის ბედნიერება? ყველაფერი მოჩვენებითი კეთილდღეობის სამსახურშია. დემოკრატიაც კი ერთგვარ ფანდად, პროპაგანდის ფორმად იქცა, რათა გაავრცელოს ამერიკის წარმოდგენები ცხოვრებასა და ადამიანებზე.

გლობალიზაცია თვითმყოფადსა და განსხვავებულს უტევს. არადა, თვითმყოფადობის შენარჩუნება, ენის, რელიგიისა და ტრადიციების შენახვა არის კაცობრიობის ჯანსაღი არსებობის საფუძველი. დაჰკვირვებიხართ, როგორი პროზა და პოეზია წამოვიდა? თითქოს დანიაში ან ჰოლანდიაში დაუწერიათ და მერე უთარგმნიათო. ქართული ინდივიდუალური სახე აკლია. ლექსის რა მიკვირს, ხალხს დააკარგვინეს ინდივიდუალური სახე. ფილმებმაც დაკარგა სიღრმე. ყველაფერს ეროტიკა მოეძალა. მარტო ვაჟა ფშაველას მოთხრობები და პოემები ეყოფა ქართულ კინოს, 20-30 წლის განმავლობაში რომ იმუშაოს, მაგრამ ვის აინტერესებს ვაჟა?

მხოლოდ ეკლესიაში, კათოლიკოს-პატრიარქისა და სასულიერო პირების ქმედებებში გამოსჭვივის, რომ აქვთ არსებული კრიზისის შეგრძნება. პატრიარქი ღრმად უყურებს ცხოვრებას და ხედავს, რაც არის ამ  ყალბი, მოჩვენებითი კეთილდღეობის მიღმა.

მანქანებით აივსო ქვეყანა. რესტორნები გადატენილია და ამ დროს ბევრ განათლებულ და კვალიფიციურ ადამიანს ლუკმის შოვნა უჭირს. ასეთი შეუსაბამო უცნაური რეალობა ზნეობისა და სულიერების წინააღმდეგ არის მიმართული. არ ვამბობ, რომ ამას შეგნებულად აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, დროსტარების უცნაური ფორმების დამკვიდრებით სულიერებას გამოუთხარეს ძირი.

- არ მოგეწონათ ბათუმში გამართული მსოფლიო დონის კონცერტი და თვალისმომჭრელი ფეიერვერკი?

- ამას სააკაშვილი იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ხელოვნება მისთვის აუცილებელი სულიერი და ინტელექტუალური საკვებია. აკეთებს იმისთვის, რომ ფიქრობს, ასეთ ღონისძიებას ხალხში დადებითი გამოძახილი ექნებაო. მასების, ახალგაზრდების გულის მოგება უნდა. არადა, ახალგაზრდების გემოვნება დღეს ძალზე დაცემულია... ვითარების შემობრუნება ადვილი არ არის. ქვეყნის მმართველი სევდით უნდა იყოს სავსე და ატყობთ, სევდას? ის, რასაც ვხედავთ, გართობა,  ძალაუფლებითა და შესაძლებლობებით ტკბობა უფროა.

- ამ დროს კი ჩვენს ტერიტორიაზე ოკუპანტია. ქართველი პოლიტიკოსების რუსეთში ჩასვლა მოაგვარებს ამ საქმეს?

- ტერიტორიები სად წავა? ის დროებით არის დაკარგული. თუ მიტაცებულ ტერიტორიებს უწერიათ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება, დავიბრუნებთ.

ზოგჯერ ვფიქრობ, რუსეთში რომ ჩავიდე და სოფლები მოვიარო, ბევრ რუსს გადმოვიბირებდი, მაგრამ  იქაც არის ძალები, რომელიც ჩვენს ხალხს ერთმანეთს აძულებს.

ძალაუფლებისმოყვარე კარიერისტები აფუჭებენ ურთიერთობას, თორემ, ვფიქრობ, უბრალო რუსი ყოველთვის გაუგებს ქართველ კაცს გულისტკივილს.

- ბოლო დროს ხელისუფლება საკუთარ ქმედებასაც აკრიტიკებს. ეს შეცდომის გულწრფელი აღიარებაა თუ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა?

- ხანდახან ადამიანი საკუთარი თავის, იდეების, მდგომარეობის ან თუნდაც კონკრეტული ჯგუფის გადარჩენას რომ ცდილობს, რეალობას უსწორებს თვალს და ხედავს იმას, რასაც ადრე ვერ ხედავდა. ეს არ უნდა გამოვრიცხოთ.

დააკვირდით, ჩვენი პოლიტიკოსები როგორ შეუჩერებლად ლაპარაკობენ. მიერეკებიან და მიერეკებიან დაზეპირებულ იდეებს. პოლიტიკური თვალსაზრისით სწორიც არიან. ბევრი თუ იფიქრეს, ნაბიჯის გადადგმა დაუგვიანდებათ ან სულაც ვერ გადადგამენ, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა ფიქრობდეს ამ ქვეყანაში?

- ყველაფერი პოლიტიკოსებს უნდა დავაბრალოთ? ალბათ, საზოგადოებაც სცოდავს.

- ადამიანები ძალიან შეიცვალნენ. როდესაც სანდრო გირგვლიანის დედა გარდაიცვალა, ვიღაც ჩიოდა, მის დაკრძალვაზე ცოტა ხალხი მოვიდაო. საზოგადოებაშიც არის პრობლემა. ერთმანეთის უბედურების განცდის უნარი მეტად უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენში ბელიკოვები (პერსონაჟი ჩეხოვის მოთხრობისა "კაცი ფუტლიარში") მომრავლდნენ, რომელთაც არაფერი აინტერესებთ, ოღონდაც საკუთარ ნაჭუჭში იყვნენ. ასეთ ადამიანებს მცირე მოთხოვნები აქვთ, რადგან არ კითხულობენ. ქართვლების 95%-მა არ იცის ილია ჭავჭავაძე (მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის ისეთ ცოდნას ვგულისხმობ, როცა იცი, რამდენად დიდი მოღვაწე იყო, რა სულისკვეთების).

ხელისუფლებაშიც მრავლად არიან ასეთები, მიუხედავად იმისა, რომ ილიას სურათი კაბინეტებში უკიდიათ. განა ილია ჭავჭავაძე იკადრებდა, ხალხი დაერაზმა და რუსეთი ეგინებინა? რაც ხდება ქვეყანაში, იმის მანიშნებელია, რომ დაბალი დონეა, დონეა პრობლემა. წარმოგიდგენიათ, რამხელა პასუხისმგებლობით მიდის იაპონელი საარჩევნო ყუთთან? მათთვის ეს რიტუალი ადამიანური არსებობის  დადასტურებაა. როდესაც ასეთ რამეს აყალბებ, ე.ი. ადამიანი არა ხარ, ხოლო როდესაც საკუთარ ხმას 10 ლარად ყიდი - არარაობა ხარ. ვერ მივიღებ არგუმენტს, შია და ხმა გაყიდაო. აქ შიმშილის კი არა, აზროვნების გადაგვარების პრობლემაა.

მახსოვს, გალაკტიონ ტაბიძე ქუჩაში რომ გამოდიოდა, სტუდენტები უკან მისდევდნენ, რომ მისთვის შეეხედათ. გალაკტიონ ტაბიძე დღეს რომ ცოცხალი იყოს და ნოტარიუსთან მივიდეს საქმეზე, სანამ ფულს არ გადაუხდის, ბეჭედს არ დაურტყამენ. საზოგადოების დიდი ნაწილი ამას სულაც არ განიცდის. აქვთ თავიანთი პატარა ინტერესები და მას მისდევენ, საქვეყნო ინტერესი კი განზე რჩება. ამის მიზეზი  უკანასკნელი წლების ქაოსი, ერთმანეთის იარაღით დევნა, გაუთავებელი დემაგოგია, სიცრუე, კარიერიზმი, საკუთარი თავის გაღმერთებაა. უბრალო კაცი მოსწყდა ნიადაგს, ჰაერში დაფარფატებს და ბედნიერებად რაღაცის შოვნა მიაჩნია.

იმიტომ გადაეგო ყველა საშოვარს. XIX საუკუნეში საქართველოს წინამძღოლი ილია იყო, ახლა ვერ ვხედავ ერის იდეურ და სულიერ წინამძღოლს. ხშირად ვკითხულობ  ინტერვიუებს პოლიტიკოსებთან. მათ ნათქვამს არა აქვს სიმაღლე, არ ეტყობა სევდა, გულისტკივილი, შინაგანი ცრემლის ღვრა. მხოლოდ თვითკმაყოფილების ეიფორიაა მათ სიტყვებში.

მე ამ ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვე - ფიქრითა და კარგი წიგნებით ვცხოვრობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნისთვის ვერ გამოვძებნი გამოსავალს. ეს პოლიტიკოსების საქმეა.