"მე ვეკითხები ჩემს ხალხს" - კვირის პალიტრა

"მე ვეკითხები ჩემს ხალხს"

"დღეს ქართველები თამარ მეფის ოსობაზე ლაპარაკობენ, ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს?!"

"მე არავის ტანკში შემძრომი კაცი არა ვარ"

ხელოვანის ბედი საქართველოში არასოდეს ყოფილა შესაშური: დიდი ილია მოკლეს, ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი აწამეს, ნიკო ფიროსმანმა სიმარტოვესა და სიღატაკეში გალია ცხოვრება.…ამგვარი მაგალითის მოყვანა უსასრულოდ შეიძლება.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ფიქრობს, რომ ამ მხრივ არც XXI საუკუნეში შეცვლილა ბევრი რამ. "ხშირად გვიმეორებენ, წითელი ინტელიგენცია ხართო. რა უბედურებაა ეს წითელი? ვარდებზე რომ გიჟდებიან, ვარდი წითელი არ არის?! ამათ გუშინდელი არაფერი უნდათ, ამიტომაც ანგრევენ ძეგლებსა და მემორიალებს, არც კი ახსენდებათ ისეთი გენიალური პიროვნება, როგორიც ჭაბუა ამირეჯიბია. გახსენებია ვინმეს, როდის გახდა 80 წლის ან 85-ის? ასეთ ხალხს სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ეს არის ჩვენი უბედურება!"

ალბათ, დაინტერესდით, რას ფიქრობს დღევანდელ საქართველოზე ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი:

- ახალი წელი მოვიდა, მაგრამ არც მახსოვს, რა მოხდა ახალი. ვითომ, სახლები რომ შეღებეს, გზები რომ გაიყვანეს თუ ის, გაჩახჩახებულ ქალაქში ყოველ ხუთ ნაბიჯზე ქართველი მათხოვარი რომ ზის? სანამ არ გავერთიანდებით, საქართველო ვერ გამთლიანდება. კი, ბატონო, უფალმან იცის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება, მაგრამ მართალთა გზაზე ვინც დგას და ვინც ჭეშმარიტებას ღაღადებს, პირველ ყოვლისა, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი გახლავთ. ახლა ისიც ვთქვათ, აღდგა თუ არა მთელი საქართველო უწმინდესის დასაცავად, როცა მას უსამართლოდ შეეხნენ? - არა, ბატონო.

მაშ, როგორ წარიხვეტება გზა ურწმუნოთა და ბოროტთა? ბრბოდ ქცეული ხალხი უსამართლობას ემსახურება, დამონებული და მშიერი ხალხის მართვა ადვილია - 10 ლარს გადაუგდებენ და შვილმოკლულ მამებს "დაუმტკიცებენ", რომ დიდების მემორიალი უნდა დაენგრიათ. მე ტელეგადაცემით ვნახე, ქუთაისში რაც ხდებოდა და შევძრწუნდი. ერთი კაცი მაჩვენეთ ამ ხელისუფლებაში, აფხაზეთის რომელიმე ე.წ. ლიდერს რომ შეხვდა და უთხრა: აფხაზო, არ წახვიდე საქართველოდან, თორემ გარუსდები. დარჩები საქართველოში? - აფხაზად დარჩებიო. არა, ბატონო, ნატამალი დიპლომატიისა აღარ არსებობს. სულ ამერიკისა და სხვა სახელმწიფოების იმედზე კი ჩემი მტერი იყოს! მამული, ენა, სარწმუნოება - აი, რა არის მთავარი, ეს დაგვიტოვა ანდერძად დიდმა ილიამ. ახლა მითხარით, რომელი აქვს თავისი ამერიკას - მამული, ენა თუ სარწმუნოება? მე ვეკითხები ჩემს ხალხს: სომეხს რომ ილია ჰყოლოდა, მოკლავდა? - რა თქმა უნდა, არა. სომეხს რომ შოთა რუსთაველი და თამარ მეფე ჰყოლოდა, მათი საფლავები არ ეცოდინებოდა? რა თქმა უნდა, ეცოდინებოდა.

ისიც ვთქვათ, სომხებს რომ სტალინი ჰყოლოდათ, ოსიაო იტყოდნენ? არა, ბატონო. დღეს კი ქართველები თამარ მეფის ოსობაზე ლაპარაკობენ, ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს?! ქართველმა ხალხმა თავისი შვილების ფასი უნდა იცოდეს და თუ დავით გურამიშვილისთანა პოეტი ეყოლება, სხვა ქვეყანაში გადასახვეწად არ უნდა გაიმეტოს!

- ბევრი ფიქრობს, რომ დღეს შემოქმედი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საბჭოთა ეპოქაში იყო.

- გახედეთ წარსულს, იმ საბჭოურ ჟამს, ჟამს დიქტატორებისა, ჩვენ ყველაფერი გვქონდა: პენსიაც, ხელფასიც და სამსახურიც, მაგრამ არ გვქონდა ის, რაც მთავარია - დამოუკიდებლობა. ახლა ის მითხარით, დღეს რა გვაქვს? პენსია, ხელფასი, დამოუკიდებლობა თუ სიტყვის თავისუფლება? - არა, ბატონებო, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე.

საქართველო დანაწევრებული და შეურაცხყოფილია, ხოლო  ჩვენს ინტელიგენციას ჩასარეცხად იმეტებენ. როგორ არ მომეწონა ბათუმში გამართული კონცერტი, მაგრამ ძალიან მინდა აღზევებულ, გახარებულ საქართველოს ემღერებოდეს. სამამულო ომი რომ დაიწყო, 10 წლის ბიჭი ვიყავი. ომი იყო, მაგრამ ქართველი მათხოვარი რომ მენახა, გავგიჟდებოდი. იმ დროს ხალხს ღირსება ჰქონდა, უფასო იყო პური, სამედიცინო მომსახურება, ახლა კი ბევრს გადასახადების ფულიც კი არა აქვს. ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ თუ გამოჩნდა ვინმე ბრწყინვალე, მაშინვე ბრძოლას დაუწყებენ. ამის მაგალითი პაატა ბურჭულაძეა. კაცი საქვეყნო საქმეს აკეთებს და არ აფასებენ.

- ჩვენს ხელისუფლებას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ კრიტიკა არც ოპოზიციას აკლია. თქვენი აზრით, რა ნაკლი  აქვს მას?

- ოპოზიციის ნაკლი ის არის, რომ 20-25 კაცში ერთი ღირსეული პიროვნება ვერ მოუძებნიათ. ხომ შეიძლება, შეიყარონ და თქვან, ეს არის ჩვენი ლიდერიო. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ვეღარ გამიგია, ვისი ვიოლინო ვის როიალშია. ახლაც, ტელევიზორში პოლიტიკურ გადაცემას ვუყურებდი და უცნაური სმს-ები წავიკითხე: აბა, ხუხუნაშვილო, მთელი ვაკე შენთანაა, აბა, ბუჭუნაშვილო, მთელი სოლოლაკი შენთანაა, მთელი გლდანი შენთანააო! რა იცი, ოჯახაშენებულო, მთელი გლდანი ვისთანაა? ერთხელაც ვერ ვთქვით, რომ მთელი საქართველო ერთადაა!

ახლა რაც შეეხება ხელისუფლებას. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა ჩვენი გულისათვის რუსს ყურს არ აუწევს? შეიძლება 2 მილიარდი გვაჩუქოს, მაგრამ ამით ვერაფერს შევცვლით. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველასთან ლოიალურად უნდა ვიყოთ განწყობილი. მე არავის ტანკში შემძრომი კაცი არა ვარ და მჯერა: შენს ქვეყანას უნდა ემსახურებოდე, მაგრამ რუსეთს დედა არ უნდა აგინო. როცა პატარა ქვეყნის შვილი ხარ, ნაცარქექიასავით უნდა ითამაშო და ეცადო, თავი გადაირჩინო, თორემ გაიჭყლიტები...

ხათუნა ჩიგოგიძე