"ჩვენ აქ საქართველოს ვინახავთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ აქ საქართველოს ვინახავთ"

1993 წლის შემოდგომა. დევნილთა მცირე ნაწილმა თავშესაფარში ცხოვრებას აფხაზეთში დაბრუნება არჩია. დღისით უჩინარნი ღამით ხნავდნენ და თესავდნენ. ერთმანეთის სიმრავლით გაძლიერებულებს 1998 წელს ახალი ტრაგედია დაატყდათ თავს - სახლ-კარი კვლავ გადაუწვეს და ისევ გამოაძევეს, დრო გავიდა და მაინც დაბრუნდნენ. ქართველთა სიმრავლემ აფხაზები დააფიქრა და მათი კვლავ გაძევების საკითხმა უკვე 20 წლის შემდეგაც გაიჟღერა. ეროვნება შეიძლება განაჩენი გახდეს - კვლავ გასახლების განაჩენი...

მარინა: "ბოლო დროს გალის სოფლებში ვითარება ძალიან  დამძიმდა. საზღვარს რუსები დაგეშილი ძაღლებივით იცავენ, ადამიანი რომ გიკვდებოდეს, თუ თვალში არ მოუხვალ, არ გაგიშვებენ. პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე მეზობელთან ვერ გადახვალ, გვაიძულებენ, ჩაკეტილ სივრცეში ვიცხოვროთ. ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, შემოვლითი ბილიკებით ვცდილობთ როგორმე ე.წ. საზღვარი გადავკვეთოთ. ოტობაიას ხიდს თუ გადავალთ, მერე შეგვიძლია მშAვიდად ვიყოთ".

ეკატერინე: "სკოლაში საქართველოს ისტორია რუსულ ენაზე გამოცემულმა აფხაზეთის ისტორიამ და აფხაზეთის გეოგრაფიამ ჩაანაცვლა. ახლა მზიურს შაშიგვარა ჰქვია, საბერიოს - პაპახუა, განთიადს - ცაგრიფში, ლესელიძეს - ჩიგრიფში, ღალიძგას - ალძგა. გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თან ახლავს რუკა, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის დაფიქსირებული. ამ საგნების სწავლა ბავშვებს (რუსულის არცოდნის გამო) უჭირთ, ამიტომ მასწავლებელი  უთარგმნის".

ნათია: "საბედნიეროდ, ჩვენს სოფელში ჯერ კიდევ ქართულად ვსაუბრობთ, გალის ზედა ზონის სოფლებში კი სკოლებში ქართულად საუბარი იკრძალება".

მავრა: "ათი წლის გოგონა მყავს. ამას წინათ ჩანთაში ქართული დროშა ვუპოვე და კინაღამ გული გამისკდა, ვინმეს რომ ენახა, ხომ დავიღუპებოდით".

ნოდარი: "სანამ ჩემი შვილები ქართულ სკოლაში ივლიან, აქ ცხოვრებას კიდევ  აქვს აზრი. ბევრი რამის ატანა გვიწევს, მაგრამ ხიზნად ყოფნას მაინც საკუთარი სახლი სჯობს, მაგრამ თუ ჩემს შვილებს ქართულს დაავიწყებენ, მაშინ სხვა რა დამრჩენია, აქაურობა უნდა დავტოვოთ".

ლულუ: "ათი წლის წინ ენგურის ხიდი მგლოვიარემ გადმოვიარე, შიში მკლავდა, მაგრამ წლების განმავლობაში შვილის საფლავისგან შორს ცხოვრება გაუსაძლისი იყო. შემოვიპარე და შვილის საფლავთან დავრჩი. წლებთან ერთად თითქოს აფხაზებთან ურთიერთობაც ავაწყვეთ. გალის ბაზარში გაგვაქვს პროდუქტი და ვვაჭრობთ. გალი ყოველთვის იყო ყველაზე  შემოსავლიანი მთელ აფხაზეთში, მას "აფხაზეთის ბეღელს" უწოდებდნენ. აფხაზები დღესაც გალიდან ეზიდებიან სიმინდს, ლობიოს, სულუგუნს, ციტრუსს, თხილს. ძნელად დავიჯერებ, რომ შეგველევიან! მაგრამ თუ მაინც მოხდა და გაგვასახლეს, მე შვილის საფლავთან დავრჩები და სიცოცხლეს იქ დავამთავრებ. გაღმა მე არავინ მელოდება!"

ანატოლი: "ხაჯიმბას ქართველები ყელში ძვალივით ეჩხირება. ჩვენი სიმრავლის ეშინია და სირიიდან მუჰაჯირების ჩამოსახლება უნდა. ქართულ მიწაზე ქართველებივით ოფლს არავინ ღვრის. ერი, რომელიც მატერიალურ დოვლათს ვერ ქმნის, ის რა სახელმწიფოს ააშენებს?! მათ სხვა რამ აწუხებთ: აფხაზეთს ტოვებენ აფხაზებიც, რუსებიც, სომხებიც და ქართველთა სიმრავლე კიდევ უფრო თვალში საცემი ხდება. ეს არის, რომ აგიჟებთ და არ იციან, აფხაზთა გასამრავლებლად რა ხერხს მიმართონ".

დიანა: "არჩევანის წინაშე გვაყენებენ: ან საქართველოში წადით, ან ჩვენთან დარჩით და დაივიწყეთ ენგურგაღმაო. ორჯერ გადაბუგული ფუძე-კერა აღვადგინეთ, რომ იტყვიან, ფერფლიდან აღვდექით! დავბრუნდით იმიტომ, რომ აქ არის ჩვენი მიწა, აქ არიან დაკრძალული ჩვენი მიცვალებულები. ჩვენ აქ საქართველოს ვინახავთ".

ილია: "თანამდებობებზე ყველგან აფხაზები არიან. საშუალო რგოლში აქა-იქ მონა-მორჩილი ქართველებიც ურევია. ჩვენს შვილებს ადმინისტრაციულ სამსახურში არავინ მიიღებს.  უფლებები უკიდურესად შეზღუდული გვაქვს და კიდევ თუ შეგვავიწროვებენ, მართლა გაუსაძლისი გახდება ცხოვრება".

P.S. აფხაზური პასპორტები ექნებათ თუ არა ქართველებს, ბევრს არაფერს ნიშნავს. ოკუპირებული აფხაზეთის მიწაზე მათ დიდი ხანია ხმაც წართმეული აქვთ და სხვა სამოქალაქო უფლებაც.