"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი"

1932 წელს, როდესაც სამღვდელოებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კალისტრატე ცინცაძე გამოარჩია, ქვეყანა დიდ განსაცდელში იყო. საბჭოთა რეჟიმს ვერც პატრიარქის ოჯახი გადაურჩა (უფროსი ქალიშვილი გადაუსახლეს). მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ეკლესიის მწყემსმთავარი სულიერ შვილებს მომავლის იმედს უღვივებდა და ერს გაძლიერებისკენ მოუწოდებდა... მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიაში დიდია. ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა ამ სტატიით სულ სხვანაირ კალისტრატე ცინცაძეს გაიცნობთ...

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილ ანდერძში უწმინდესმა საკუთარი ქონება საქართველოს საპატრიარქოს დაუტოვა. პირადი ნივთების ნაწილი კი  დღემდე მისი ერთ-ერთი შვილიშვილის, ნიცა ხუციშვილის ოჯახში ინახება... სადაფით დამშვენებული სპილოსძვლის წიგნის სანიშნე, ქაღალდის საჭრელი მოსევადებული ვერცხლის დანა წარწერით "კავკაზ",  ქარვის კრიალოსანი, მთვარის ქვის“კვერცხი, კვერცხის ჩასადები ფაიფურის ჭიქა, ვერცხლის მოჩუქურთმებული ლანგარი და საათი, რომელიც უწმინდესს ყოველთვის გულის ჯიბეში ჰქონდა...

პაპა-შვილიშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები პირველად "კვირის პალიტრაში" იბეჭდება.

უკანასკნელი საჩუქარი

ნიცა ხუციშვილი კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის, მელანიას (მელიტას) შვილია. 16 წლის იყო, პაპა რომ გარდაიცვალა. საქართველოს პატრიარქის პირადი ნივთები დედისგან ერგო. ყველა მათგანი მისთვის შეუფასებელი და ძვირფასია, ერთი განსაკუთრებით - პაპის უკანასკნელი საჩუქარი მთვარის ქვის“კვერცხი.

- პაპა 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა მასთან, საპატრიარქოში, 27 იანვარს ნინოობა აღვნიშნეთ. რამდენიმე დღის შემდეგ რომ მივედი, ლოგინში იწვა. ტრადიციულად ხელზე ვემთხვიე. თაროზე იდო ულამაზესი მთვარის ქვის კვერცხი. მასზე გამიშტერდა თვალი. რა თქმა უნდა, პაპას  ეს არ გამოჰპარვია და მკითხა, -  მოგწონსო? ხმა ვერ ამოვიღე... აიღე, სამახსოვროდ გქონდესო. ძალიან მომერიდა და ისე წამოვედი, საჩუქარი არ წამომიღია. მეორე დღეს დედამ მომიტანა, - უწმინდესმა შენთან გამომატანაო. ეს საჩუქარი, მის სხვა ნივთებთან ერთად, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს ვერცხლის დანა ყოველთვის სამუშაო მაგიდაზე ედო. ქარვის კრიალოსანი მის ხელში არ მახსოვს, მაგრამ ფოტოებში თითქმის ყოველთვის უკავია. ამ საათს მუდამ გულის ჯიბით ატარებდა. ეს კვერცხის ჩასადები ჭიქა და ლამბაქი მისი ნახმარია, სპილოს ძვლის წიგნის სანიშნეც.

- მისი სამოსიც ალბათ თქვენ დაგრჩათ.

- ნაწილი კი, მაგრამ ისეთი გაჭირვება იყო, რომ დედაჩემი და დეიდაჩემი ბავშვებს მისგან ტანსაცმელს გვიკერავდნენ.

კალისტრატე ცინცაძის მეუღლის პირადი ნივთები

ხუციშვილების ოჯახში ინახება კალისტრატე ცინცაძის მეუღლის, ოტილია ტომასის სამკაულების მოწნული ზარდახშა, რომელიც შიგნიდან ყვითელი და ლურჯი ატლასით არის გაწყობილი. ასევე თავსაბურავის გასაფორმებელი ხავერდის ყვავილები და შავი გედის ბუმბული.

ოტილია ტომასი კიევში გაიცნო, მეგობართან ერთად სეირნობისას. ყმაწვილ კალისტრატეს მეგობრისთვის უთქვამს, - ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლე გახდებაო. ერთ მშვენიერ დღეს კალისტრატე თავისმა პროფესორმა შინ დაპატიჟა. ამ ოჯახში მეორედ ნახა ქუჩაში შეხვედრილი ულამაზესი ქალბატონი, თურმე ოტილია ტომასი პროფესორის შვილების აღმზრდელი იყო.  ოტილიას მამა, ფერმერი, იოჰან ტომასი ძალიან მკაცრი კაცი ყოფილა. ყველა შვილს მისცა განათლება და სრულწლოვანები რომ გახდნენ, შინიდან გაუშვა, - თქვენი გზა თქვენვე მონახეთო. ასე მოხვდა ოტილია კიევში...

კალისტრატემ სამშობლოში ჩამოიყვანა ლუთერანი მეუღლე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. გაუჩნდათ ექვსი შვილი: ნინო, ეკატერინე, ანგელინა, მიხეილი, მარინე და მელანია. სამი შვილი ახალგაზრდა მოუკვდათ. შთამომავლები მხოლოდ სამი შვილისგან შემოვრჩით. “

"საპატრიარქოში კარს ყოველთვის თვითონ აღებდა“

მახსოვს, ყოველთვის თავის კაბინეტში მუშაობდა. მასთან რომ მივდიოდით, დაგვსვამდა, გამოგვკითხავდა, როგორ ვსწავლობდით, ხომ არ ვაბრაზებდით მშობლებს. წამოსვლის წინ უჯრიდან ტკიცინა ერთმანეთიანებს ამოიღებდა და გვჩუქნიდა. იმდენად უშუალო ადამიანი იყო, რომ საპატრიარქოში მისულ სტუმრებს კარს ყოველთვის თვითონ უღებდა. მე პირადად არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი.

ბოლო წლებში დედა მასთან ხშირად იყო. უვლიდა, საქმეებში ეხმარებოდა. მახსოვს, დილაობით ჩვენთან მძღოლი მოდიოდა და დედა საპატრიარქოში მიჰყავდა. ჩვენ მაშინაც ფიქრის გორაზე ვცხოვრობდით. სახლის ტელეფონი არ გვქონდა და როცა დედასთან საქმე მქონდა, მელიქიშვილზე ავდიოდი, ძველ აფთიაქთან ტელეფონის აპარატები იდგა და საპატრიარქოში ვრეკავდი. ყოველთვის პაპა პასუხობდა, ხალხს რომ არ გაეგო, ვისთან ვრეკავდი და ვინ ვიყავი, ყოველთვის ასე მივმართავდი: უკაცრავად, ცინცაძეების ბინაა? ის მაშინვე მცნობდა და მპასუხობდა, - არა, შვილო, პატრიარქის ბინააო. მოვიკითხავდი და მერე ვთხოვდი, დედასთვის დაეძახა. მაშინ გაცნობიერებულიც არ მქონდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი.

- შენიშვნებს არასდროს გაძლევდათ?

- ერთხელ მისაყვედურა. როდესაც საქართველოში რუსეთის პატრიარქი სტუმრობდა. ოჯახის წევრებიც მიგვიპატიჟა. გამოსათხოვარ ვახშამზე რუსეთის პატრიარქს ოჯახის ყველა წევრი ხელზე ემთხვია. მე ხელი რომ გამომიწოდა, რატომღაც ჩამოვართვი. რომ გავაცილეთ სტუმარი, პაპამ მისაყვედურა, - შენ, პატრიარქის შვილიშვილმა, არ იცი, პატრიარქს როგორ უნდა დაემშვიდობოო?!

თორნიკე ყაჯრიშვილი