საფრთხე თუ პერსპექტივა? - კვირის პალიტრა

საფრთხე თუ პერსპექტივა?

"ერგნეთის ბაზრობა იყო საქართველოსთვის ეკონომიკურად უკიდურესად წამგებიანი, ხოლო პოლიტიკურად

დივიდენდების მომტანი"

რას მოგვიტანს ერგნეთის ბაზრობის აღგენა?

ცოტა ხნის წინ ერგნეთის ბაზრობის აღდგენისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ანალოგიური სავაჭრო ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტისპირა რეგიონებთან ამგვარი ბაზრობის გახსნას, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა:

- ჯერ კიდევ 2000 წელს (როცა თემურ იაკობაშვილი იყო რეინტეგრაციის მინისტრი) შეიქმნა დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონებში სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება. ცხადია, იგულისხმებოდა ერგნეთის ბაზრობის ტიპის სავაჭრო ცენტრის მოწყობა ე. წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა გორელებს ერთ-ერთ აქციაზე, რომ ერგნეთის ბაზრობა აღდგებოდა. ახლა კი უკვე ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვაძლევენ მკაფიო რეკომენდაციებს ამგვარი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. მათი მითითებით ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს "ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზეც, რაც ზოგიერთი პუნქტის შერბილებას გულისხმობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთივე საუბარი (ოღონდ ფრაგმენტულად) აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროსაც იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ პირობითად ერგნეთის ბაზრობის აღდგენას იწონებდნენ როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლებაც, ევროპელი პარტნიორებიც და რუსეთიც.

- სად უნდა შეიქმნას ასეთი სავაჭრო ცენტრები?

-  ჯერჯერობით მსჯელობენ, სად და როგორ შეიძლება ამგვარი სავაჭრო ურთიერთობის დაწყება. სხვათა შორის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობდა, ერგნეთის მსგავსი ბაზრობა სოფელ რუხთან უნდა მოვაწყოთ, რაც აფხაზებთან ურთიერთობასა და ერთობლივ ყოფა-ცხოვრებას ხელს შეუწყობსო. ვფიქრობ, რომ აფხაზებისთვის უფრო საინტერესო იქნება, თუკი მსგავსი ბაზრობა ხიდთან ახლოს მოეწყობა. საზოგადოდ, განსასაზღვრია, როგორ შეიქმნება კონფლიქტურ რეგიონებთან თავისუფალი სავაჭრო ნეიტრალური ზონა. მან ნაწილობრივ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელების, ხოლო ნაწილობრივ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი მონაკვეთი უნდა მოიცვას თუ არა. მე თუ მკითხავთ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სჯობია სავაჭრო ცენტრების მოწყობა.

- სადავო გახდა ისიც, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს "ოკუპაციის შესახებ" კანონში.

- ევროპელები ამ კანონის შემსუბუქებაზე გვესაუბრებიან, რაც ერთი მხრივ, სავსებით ლოგიკურია, რადგან არსებული კანონის მიხედვით ნებისმიერი პირი, რომელიც კონფლიქტური რეგიონიდან საჭირო საბუთის გარეშე შემოვა, დაპატიმრებას ექვემდებარება. რასაკვირველია, ეს ხელს უშლის სავაჭრო ურთიერთობებს. იმისთვის, რომ თავისუფალი მიმოსვლის საშუალება არსებობდეს, უნდა შეიცვალოს ეს მუხლები.

- იქნებ ის რისკფაქტორებიც გვითხრათ, რაც ამგვარი ბაზრობების მოწყობას შეიძლება მოჰყვეს?

-  ერგნეთის ბაზრობა  1995 წელს შეიქმნა იმ პირთა ინიციატივით, რომლებიც საზღვრის აქეთ-იქით ცხოვრობდნენ.  ერგნეთის ბაზრობის დამფუძნებელთა შორის იყვნენ შიდა ქართლის მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელები. ამ ადამიანებისთვის ძირითადი მოტივი მხოლოდ ფულის გაკეთება იყო. შემდეგ სავაჭრო ურთიერთობები გაფართოვდა, განსაკუთრებით სპირტის ბიზნესის განვითარების დროს…

ზემოთ დასახელებული პერსონები სულ უფრო და უფრო ცდილობდნენ, შეეზღუდათ სხვა, გარეშე პირთა გავლენები ამ ბაზრობაზე. თუმცა, ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. 90-იანი წლების ბოლოს თბილისიდან უკვე ძალიან ბევრი ჩინოვნიკი ჩაერთო ფულის კეთებაში. ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდის მთავარი წყარო გახდა.  საქართველოს ეკონომიკაზე დარტყმა იმდენად მგრძნობიარე ხდებოდა, რომ ჩრდილო ოსეთის საზღვრისპირა სოფელში რუსულმა სპეცსამსახურებმა შექმნეს ცენტრი, საიდანაც საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური დივერსიები იმართებოდა. მოკლედ,  ერგნეთის ბაზრობა იყო საქართველოსთვის ეკონომიკურად უკიდურესად წამგებიანი, ხოლო პოლიტიკურად - დივიდენდების მომტანი. მისი დადებითი მხარე ის გახლდათ, რომ ერგნეთის ბაზრობის არსებობით 35 ათასი რიგითი მოქალაქე ხეირობდა, როგორც ქართველი, ასევე ოსი. ამ სავაჭრო ურთიერთობების მოშლის შემდეგ კი ვითარება დაიძაბა, რაც საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტამდე მივიდა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასაზღვრო ვაჭრობას უზარმაზარი პლუსი აქვს, მაგრამ ამას ისეთი მოწყობა სჭირდება, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მიიღოს. ცხადია, ისევ არსებობს კორუფციის გაჩენის მაღალი ალბათობა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არასასურველმა ინდივიდებმა ან ძალებმა შესაძლოა თავისუფალი ზონის მეშვეობით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოღწევა სცადონ. შეიძლება მოხდეს სასურსათო დივერსიაც, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთი ამგვარი სავაჭრო ზონის შექმნისას საზღვრის დაფიქსირებას შეეცადოს. რაც მთავარია, რამე დოკუმენტში არ უნდა გაიპაროს დეფინიცია, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონა ორ სახელმწიფოს (საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს ან საქართველოსა და აფხაზეთს) შორის იქმნება.