ცოდვის კუნძული - კვირის პალიტრა

ცოდვის კუნძული

რას აპროტესტებს უტოიაზე მოკლული ქართველი გოგონას დედა

ნორვეგიის მოქალაქე ანდერს ბრეივიკმა ჯერ ქვეყნის დედაქალაქ ოსლოში სამთავრობო შენობებთან 8 კაცი გამოასალმა სიცოცხლეს, შემდეგ კი  კუნძულ უტოიის საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდები დახოცა. ბანაკში ქართველი გოგონები, ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანიც იყვნენ. ჩხეტიანი სასწაულით გადარჩა, თამთა ლიპარტელიანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. თამთას  დედამ ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტული პარტიის წევრებისგან წერილი მიიღო.

"გვსურს  უტოია იყოს არა იმ ტრაგედიის მოგონების ადგილი, რაც მოხდა 2011 წელს, არამედ განგაში იმისა, რომ 22 ივლისი აღარასოდეს განმეორდეს.  გვინდა ამ ადგილას დაიწეროს იმ ადამიანების სახელები, რომლებიც დაიღუპნენ, ასევე მათი, ვინც დასახიჩრდა და ვისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა. ხსოვნის ადგილი არ უნდა იყოს მიუწვდომელი, ამიტომ გვინდა მშობლებისა და დაზარალებულების აზრიც გავითვალისწინოთ. ადგილი, სადაც მემორიალი დაიდგმება, მზიანი და ლამაზია. ეს იქნება ახალი თაობების შეკრებისა და დემოკრატიული ღირებულებების განხილვის, შესწავლის ადგილი".

ლეილა ასათიანი, "თამთა ლიპარტელიანის დედა: -  სამწუხაროდ, თამთა ხანმოკლე, ლამაზ გაელვებად დარჩა ჩვენს ცხოვრებაში.

- მეორე წელია გოგონა იშვილეთ...

- ასე მგონია, ნინიკოს მთელი ცხოვრება ვზრდიდი. თავიდან დეიდას მეძახდა, მერე, რომ დაგვიახლოვდა, დედიკო დამიძახა, ჩემს მეუღლეს კი - მამიკო. .

- მიიღებთ მონაწილეობას მემორიალის გახსნაში?

- არ ვაპირებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. 77 ბავშვი დაუნდობლად ჩახოცა ერთმა ავადმყოფმა, მაგრამ მათ სახელზე დღემდე უბრალო წარწერაც არსად გაკეთებულა. სამი წლის შემდეგ მომწერეს, რომ თურმე ჩემი აზრიც აინტერესებთ, რადგან უტოიაზე  დაღუპულების გასახსენებლად მემორიალის გაკეთება მოუფიქრებიათ. ჩვენს სახლთან თამთას გარდაცვალებიდან მალევე გააკეთეს მემორიალი. დაფაზე აწერია  ციფრი 77, დაბლა კი ჩემი შვილის სახელი - თამთა. როცა ნორვეგიის ელჩმა მემორიალი ნახა, გაუხარდა, თუმცა, 77 რომ დაინახა, ვერ გაიგო, რატომ ეწერა ეს ციფრი. როცა ავუხსენით, რომ ამით ყველა დაღუპულის ხსოვნას მივაგეთ პატივი, გაუკვირდა, მათთვის უცხოა სხვისი ტკივილის გაზიარება.

- თუ გაქვთ სხვა დაღუპულთა ოჯახებთან კავშირი.

- ვფიქრობ, მათ შეძლეს ამ ტრაგედიის სიმწარის გადალახვა. პროტესტი არ გამოუთქვამთ არც სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებაზე და არც იმაზე გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ სამოთხე მოუწყვეს ტერორისტს ციხეში. ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდის დედას ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია ნორვეგიის მთავრობის მიდგომა მკვლელისადმი. ამის საპასუხოდ შეურაცხყოფა მომაყენა, მითხრა, ჩვენ ორ ერს შორის, ალბათ, კულტურული განსხვავების ბრალია, რომ თქვენ ასეთი გაღიზიანებული ხართ ბრეივიკის მიმართ, რას ჰქვია, სწავლის საშუალება არ მივცეთ, ის გამოსწორებული და განათლებული უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებასო.

- სასამართლო პროცესს ესწრებოდით, რას ჰყვებოდა ეს კაცი?

- ჩემს მეუღლეს წინ მანეკენი დაუდეს და დეტალურად უჩვენეს, თუ სად მოახვედრა მკვლელმა ტყვია. ჩემმა მეუღლემ ვეღარ გაუძლო და გარეთ გავიდა. დაღუპულთა მშობლები და ახლობლები ურეაქციოდ შეხვდნენ  განაჩენს. მხოლოდ დაღუპული თურქი ახალგაზრდის ძმამ გაიხადა ფეხსაცმელი და ბრეივიკს ესროლა.

- როგორ ხვდებით 22 ივლისს?

- ლოცვებით ვიწყებთ თამთას სულის მოხსენიებას, გავდივართ საფლავზე. წლები გადის, მაგრამ ჩვენს ტკივილს არაფერი შველის. გაუსაძლისია შვილის დაკარგვა, მაგრამ ორმაგად მძიმეა იმის გახსენება, როგორ დაიღუპა. როცა გავიფიქრებ, რა შეიძლება განეცადა იმ დროს, გული მეწვება. ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი, მის ადგილას რომ შემძლებოდა ყოფნა, ოღონდ ეს ტკივილი ამერიდებინა მისთვის.

სისხლიანი დღე

- მე ამოვიღე პისტოლეტი და გავიფიქრე, ახლა ან არასოდეს,- გაიხსენა  ბრეივიკმა. მისივე თქმით, პირველივე გასროლის შემდეგ ის უკვე შოკურ მდგომარეობაში იყო და ცოტა რამ ახსოვს. თუმცა ეს მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. სამაგიეროდ ახსოვს, რომ ყველა მოკლულს საკონტროლო ტყვია ესროლა. - იქ იყო პატარა ბიჭი, რომელიც იდგა და ტიროდა. ის პატარად გამოიყურებოდა, მაგრამ შესაძლოა, 16 წლის იყო. მე ვიფიქრე, კარგი, ყველაფერი კარგად მიდის - და სრულიად მოვეშვი...

უტა ბიწაძე