"ნაღდი ღვინით სავსე სასმისი სხვანაირად მღერის..." - კვირის პალიტრა

"ნაღდი ღვინით სავსე სასმისი სხვანაირად მღერის..."

"გავარდებოდა ხმა ქალაქში, ამა და ამან ცუდკაცობა ჩაიდინაო და მეორე დღეს ხელს არავინ გაუწვდიდა"

პროფესორი აგული სოხაძე პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს. 80 წელი უკან მოიტოვა და მეცხრე ათეულს შეუდგა, მაგრამ ასაკი სიმძიმედ არ დასწოლია. ბატონი აგული ირმა სოხაძის მამაა. მის ოჯახში განსაკუთრებულად იგრძნობა ქართული სიმღერის და ტრადიციების პატივისცემა.

ბატონ აგულის ერთი ამბავი გაახსენდა: - ლევან სანიკიძეს ძალიან უყვარდა ალექსანდრე მაკედონელი. ერთხელ, როცა ლექციაზე თქვა, მსგავსი პიროვნება მსოფლიომ არ იცისო, ერთმა სტუდენტმა მიმართა: მე ვიცი ასეთი კაციო. ვინო, - ჰკითხა ლექტორმა. მამაჩემიო. ლევანი ამბობდა, რა გადააშენებს იმ ქვეყანას, სადაც შვილი ასე აფასებს მამასო.

ახლა ტრადიციები ზოგს სასაცილოდ მიაჩნია. გაითავისეს ევროპა, ამერიკა... ჰგონიათ, ეს გააძლიერებთ. არადა, ჩვენ სხვა სიძლიერე გვქონდა - მამაშვილობაზე,  ტრადიციებზე დაყრდნობილი.

- ფილოსოფოსი ზურაბ მიქელაძე ამბობდა, ქართველები სადღეგრძელოს რეჟიმში ცხოვრობენო. ეს კიდევ სხვა უბედურება გახლავთ.

- მართალი უთქვამს.  ლხინი კარგი მაშინ არის, როცა კარგად შრომაც შეგიძლია.

- თქვენ ხშირად გახსენებენ, როგორც კარგ თამადას...

-  თამადა უნდა იყოს განათლებული, მჭევრმეტყველი, შეეძლოს სიმღერა. უნდა დაიცვას ტრადიცია. სადღეგრძელოთი ადამიანს ეუბნები როგორი უნდა იყოს.

- ამბობენ, თბილისში ცუდის გამკეთებელს არ ესალმებოდნენო.

-  გავარდებოდა ხმა ქალაქში, ამა და ამან ცუდკაცობა ჩაიდინაო და მეორე დღეს ხელს არავინ გაუწვდიდა. ამიტომ ცდილობდნენ, კარგი საქმე ეკეთებინათ. განსაკუთრებული იყო დამოკიდებულება სუსტის მიმართაც. რაც უფრო ძლიერი იყო კაცი, მით დამთმობი გახლდათ.

მეღვინე თენგიზ კეკელიძეს ქალაქში ყველა იცნობდა. ძალიან ღონიერი იყო. არასოდეს იწყებდა ჩხუბს. ერთხელ ახალ წელს მამაჩემს, პეტრე სოხაძეს სთხოვა, აგული გამატანე, ერთად წავალთ ახალი წლის შესახვედრადო... მაშინ 14 წლის ვიყავი. გამთენიისას ვბრუნდებით შინ. მეექვსე ქალთა სკოლასთან შეგვხვდა მოქეიფეთა ჯგუფი.  ერთმა - ვიმღეროთო. კი, ბატონო-მეთქი. ახლა ერთი ჭიქა დაგვილიეო. დავლიე. შევატყვე, თენგიზს რაღაც არ მოეწონა. წავიდეთო, - მითხრა. შენ ვინ გკითხავსო, - უდიერად მიმართეს იმ ბიჭებმა. ავიქოჩრე. ერთმა ქუდი ჩამომაფხატა. ვიდრე მე ქუდი ავიწიე, სამივე ბიჭი ძირს ეგდო. მეორე დღეს მოვიდნენ ის ბიჭები და ბოდიში მოიხადეს. ბოდიშის მოხდა იყო კარგი ტრადიცია თბილისში.

ერთხელ რეზო ლაღიძის დაბადების დღეზე თამადა ვიყავი. გამთენიისას მანდილოსნები ჩავისვი მანქანაში და ვხედავ: დოდო აბაშიძე, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში გივი კარტოზია და თენგიზ კეკელიძე მოდიან. ვუთხარი, - აქ დამელოდეთ, ქალბატონებს მივიყვან შინ, მოვბრუნდები და თქვენც მიგიყვანთ-მეთქი. რად მინდა შენი წაყვანაო, - გაიცინა დოდომ. რა ვიცი, შარი არ იყოს რამე-მეთქი... მეორე დღეს მთელი ქალაქი იცინოდა, - აგული სოხაძეს ამ ბიჭების დაცვა მოუნდომებიაო...

- რეზო ლაღიძესთან მეგობრობდით?

- ეს იუმორით სავსე, კეთილი ადამიანი იყო. რომ გეთქვა, შენი მუსიკა არ მომწონსო, გულთან ახლოს არ მიიტანდა, მაგრამ აბა, გეთქვა, დაგათვრეო! ძალიან იწყენდა! ერთხელ დამირეკა, - ამოდი, ახალი სიმღერა უნდა მოგასმენინოო. მივედი. ჩაკეტა ფანჯრები. დაუკრა. ამ ზაფხულში რას ამომგუდე-მეთქი... რომ დავუკრავ ახალ მელოდიას, მიტანილი არ მაქვს კომპოზიტორთა კავშირში, მავანი გამოჩნდება და იმის ავტორობით ვისმენ. იმიტომაც ვკეტავ ფანჯრებს, რომ ხმა არ გავიდესო.

ერთხელ მოსკოვში, სპარტაკიადაზე, წყალბურთის მატჩს ვესწრებოდით. ფინალში თბილისის გუნდი ეთამაშებოდა მოსკოვს. ჩვენ ყაიმიც გვაძლევდა ხელს, მოსკოვს აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. მოსკოვის ნაკრებში თამაშობდა ცნობილი ქართველი სპორტსმენი  პეტრე მშვენიერაძე. ერთით ნულს იგებს თბილისი. წუთებია დარჩენილი მატჩის დასრულებამდე.  უცებ მშვენიერაძემ ბურთი არ შეგვიგდო! გახდა 1:1. წამები აკლდა დასრულებას და მშვენიერაძემ მეორე ბურთიც გაგვიტანა. უცებ ერთმა ქართველმა შეაგინა: შენი ქართველობაცო! მშვენიერაძე მოცურდა და იკითხა, - ვინ შემაგინაო. გივი კარტოზია წამოდგა - მეო. იმხელა რიდი და პატივისცემა ჰქონდა გივისი, უხმოდ მიბრუნდა, ჩავიდა წყალში და გაცურა.  საღამოს ბანკეტი გადავიხადეთ - მეორე ადგილიც არ იყო ურიგო. დავიწყეთ მსჯელობა. გავამართლეთ მშვენიერაძე - სპორტსმენი იყო და რა ექნა, უნდა ეთამაშა ბოლომდე. გავამართლეთ ის ახალგაზრდა, რომელმაც ქართველების დამარცხება ქართველისგან ვერ აიტანა და მშვენიერაძეს შეაგინა...  გავამართლეთ გივიც, რომელსაც არ შეუგინებია მშვენიერაძისთვის, მაგრამ სხვისი ნათქვამი დაიბრალა... ეს ყველაფერი დამახასიათებელი იყო საქართველოსთვის. მწყინს, რომ ასეთი ღირებულებები აღარ არის.

- თქვენ სასმისების კოლექცია გაქვთ...

- ყოველი სასმისის უკან ისტორია დგას. მაქვს განსაკუთრებული სასმისებიც. ღვინოს  გემოთი, ფერით და ხმით აფასებენ. კარგი ღვინო განსაკუთრებულ ხმას გამოსცემს, სხვანაირად მღერის...

ლეილა გაგუა