ქართველ მეზღვაურთა გასაჭირი ნიგერიაში - კვირის პალიტრა

ქართველ მეზღვაურთა გასაჭირი ნიგერიაში

"მერვე თვეა, რაც მამა საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს"

"საქართველოს მოქალაქეები იძულებული არიან,  პორტში შემავალი გემების სხვა კაპიტნებს სთხოვონ სურსათ-სანოვაგე"

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნიგერიის ნავსადგურ ჰარკორტში (ეკიპაჟის სხვა ეროვნების წევრებთან ერთად) ქართველი მეზღვაურებიც დააკავეს - კაპიტანი რამიზ ქათამაძე, მოტორისტი ჯაბა დუმბაძე და ასევე, საქართველოს მოქალაქე, კაპიტნის თანაშემწე ნიკოლაი ტოდარჩუკი. მიზეზი გემზე არსებული კონტეინერი გახდა, რომელიც საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. ამ უსიამოვნო ფაქტის შესახებ "კვირის პალიტრა" საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ იოსელიანს ესაუბრა:

- ეს მეზღვაურები პანამის დროშით მცურავ გემზე მუშაობდნენ. მისი მფლობელი ეროვნებით თურქია. როგორც გაირკვა, 6 თვეა მეზღვაურები იძულებით ჰყავთ დაკავებული ნიგერიაში, ჩვენ კი ამის შესახებ ახლახან შევიტყვეთ.

გემი 26 იანვარს დააკავეს. ნიგერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა ინსპექციის ჩატარებისას გემზე აღმოაჩინეს დალუქული კონტეინერი, რომელშიც არასანქცირებული საბრძოლო მასალა ინახებოდა. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა არ იცოდნენ, თუ რა გადაჰქონდათ კონტეინერით. ჩვენმა სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს ამბავი აცნობა. ახლა სამინისტრო არკვევს საქმის დეტალებს და ზრუნავს იმაზე, რომ მეზღვაურები სამშობლოში უვნებლად დაბრუნდნენ.

"კვირის პალიტრა" გემის კაპიტნის, რამიზ ქათამაძის ვაჟს, ირაკლი ქათამაძეს ესაუბრა:

- მეექვსე თვეა, რაც მამა ნიგერიის ნავსადგურ ჰარკორტში იმყოფება და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. თავიდან 38 დღე ნიგერიის პოლიციის ბნელ საკანში იყო გამოკეტილი. კაპიტანი რამიზ ქათამაძე 62 წლის არის, საზღვაო საქმეში 40 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს და ასეთი ფათერაკი არასდროს შეხვედრია.

ყველაფერი ასე დაიწყო: მამაჩემი ერთმა კომპანიამ (ღონ Gროუპ Iნცორპორატედ), გემზე (Iრონ თრადერ) კაპიტნად მიიწვია. კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, მფლობელი თურქია, გემი კი პანამის დროშით დაცურავს. მას გემი უნგრეთიდან ბრაზილიამდე უნდა ჩაეყვანა, იქიდან ბულგარეთისკენ უნდა აეღო გეზი. როცა მამა ბულგარეთის ნავსადგურში შევიდა, გემი კონტეინერებით დაიტვირთა. კაპიტანს არა აქვს კონტეინერების გახსნის ან შემოწმების უფლება. გემის დატვირთვისას ხდება დოკუმენტაციის გაფორმება, რაც მისი უფროსი თანაშემწის პრეროგატივა იყო. მე არ ვიცი, რა ჩაიწერა დოკუმენტაციაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ კონტეინერში ტყვია-წამალი ინახებოდა. კაპიტნის უფროს თანაშემწეს შეეშალა და ამ კონტეინერის ჩამოტვირთვის მისამართად ნიგერიის ნავსადგური ჰარკორტი ჩაწერა. სწორედ ამ შეცდომას მოჰყვა გემის ინსპექტირება და მეზღვაურთა დაკავება. საქართველოს მოქალაქეების გარდა, დააკავეს აზერბაიჯანელი და თურქი მეზღვაურებიც. ნიგერიაშივე გაიმართა სასამართლო პროცესები, რაშიც, ბუნებრივია, თურქი გემთმფლობელი ჩაერთო. საბოლოოდ ის გაამართლეს, ესე იგი, ამ დროისთვის კონტეინერთან დაკავშირებული პრობლემა აღარ არსებობს. ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

მათ მძიმე დღეები უდგათ, ცხოვრობენ ნიგერიის ნავსადგურში გაჩერებულ გემზე, სადაც არც სასმელი აქვთ და არც საჭმელი. არ ერიცხებათ ხელფასები, არა აქვთ წამოსასვლელი თანხა. გემის მფლობელი ყოველდღე ჰპირდება მათ დავალიანების გასტუმრებას, მაგრამ ატყუებს.

საქართველოს მოქალაქეები იძულებული არიან, პორტში შემავალი გემების სხვა კაპიტნებს სთხოვონ სურსათ-სანოვაგე და მიიღონ დროებითი დახმარება, რასაც ბევრი კოლეგიალობის გამო აკეთებს. სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს სახელმწიფოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გემის მფლობელთან სამართლებრივ დავაში შუამავლის როლი შეასრულონ და უზრუნველყონ გასაჭირში მყოფი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება. დახმარებას დაგვპირდნენ, რასაც იმედით შევყურებთ.

- მხოლოდ ახლახან მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით, ამ 6 თვის განმავლობაში რას ელოდებოდით?

- მამამ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა ჩვენთან დაკავშირება. 38 დღე ჰყავდათ გამომწყვდეული ნიგერიის პოლიციის საკანში. მერე კი, როცა სასამართლომ თურქი გემის მფლობელი გაამართლა, მამაც გაათავისუფლეს, ოღონდ არ იცოდნენ, სად წაეყვანათ და ხან პოლიციის თანამშრომლის ოთახში ჰყავდათ და ხან - საკანში. ბოლო ორი თვეა, ისევ ნავსადგურში გაჩერებულ გემზე გადაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ტელეფონით დაკავშირება. ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში დაბრუნებას მალე მოახერხებდა.

- რატომ ვერ ახერხებს თურქი გემთმფლობელი მეზღვაურებისთვის დავალიანების გასტუმრებას.

- ნიგერიის მხარემ მას დიდი თანხის გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ "დაჯარიმებული გემი" ნავსადგურში "უნებართვოდ" იდგა მანამ, ვიდრე სასამართლო პროცესები იმართებოდა. თუ არ ვცდები, თითო დღეზე 3.000 დოლარია გადასახდელი, რაც მთლიანად საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. სწორედ ამ თანხას ვერ იხდის გემთმფლობელი. ასე რომ, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ასე ალალბედზე მიტოვებული მეზღვაურები გემზე სურსათ-სანოვაგისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე რამდენ ხანს გასტანენ, არ ვიცი. ღმერთს ვთხოვ, მამაჩემი საღ-სალამათი და უვნებელი დაგვიბრუნდეს. უკვე 8 თვეა, რაც ოჯახიდან წასულია, თანაც ახალგაზრდა ხომ არ არის, მძიმე პირობებსა და ნერვიულობას რამდენ ხანს გაუძლებს.