საკუთარი ისტორია რომ არ დავკარგოთ... - კვირის პალიტრა

საკუთარი ისტორია რომ არ დავკარგოთ...

"ხასიათი იქნებ არსად იხსნება ისე ალალად, როგორც ფოტოზე"

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსსა" და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, საინფორმაციო სააგენტო ეროვნულ არქივს გადასცემს ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში  მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი ფოტომასალის ელექტრონულ ვერსიას. ეროვნული არქივი თავის მხრივ, აღრიცხავს, შეინახავს და დაიცავს ფოტომასალას, მას გამოიყენებს მხოლოდ "ინტერპრესნიუსის" წერილობითი თანხმობითა და სააგენტოს საავტორო უფლებების დაცვით.

KvirisPalitra.Geბაია ცანავა: - "ინტერპრესნიუსის" ხელმძღვანელი: - ეს გახლავთ ჩვენი ბოლო ათი წლის მუშაობის შედეგი და მოიცავს ათასობით ფოტოს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ამ არქივის დახარისხება-დამუშავება დაიწყება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, შესაბამისად, არქივს გადავცემთ ახალ ფოტოებსაც. შეთანხმებული ვართ მექანიზმზე, როგორ და რანაირად მოვახერხებთ თანამშრომლობას. ფოტოარქივი რჩება ჩვენთანაც...

დიდი მადლობა "ჯეოსელს" პროექტის მხარდაჭერისთვის და კომპანიებს "შუმს" და "ბაგრატიონს" დახმარებისათვის.

- როგორ გაჩნდა იდეა, არქივისთვის გადაგეცათ ფოტომასალა?

- იდეა ეკუთვნის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორს - თეონა იაშვილს. ჩვენ აღმოვჩნდით პირველი საინფორმაციო სააგენტო საქართველოში, რომელიც გამოეხმაურა მის წინადადებას. გახსოვთ, იყო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმი", რომლის არქივიდან სააგენტოს დახურვის შემდეგ მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა. ამ გამოცდილებამ უბიძგა ეროვნულ არქივს იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია ამიერიდან მაინც დაიცვას და შეინახოს.

KvirisPalitra.Ge- დარბაზში, სადაც მემორანდუმს მოაწერეთ ხელი, არაჩვეულებრივი ფოტოგამოფენაა მოწყობილი...

- ეს არის ჩვენი პირველი გამოფენა, ამდენ ფოტოებს ვინახავთ და ცხადია, ძალიან გაგვიჭირდა მათგან საგამოფენოდ საუკეთესოების შერჩევა. გამოფენილია 70-მდე ფოტო, რამდენად სწორად შევარჩიეთ, დამთვალიერებელმა შეაფასოს. ვეცადეთ, საშობაო განწყობას გამოვხმაურებოდით და ღიმილიანი ფოტოები შეგვერჩია, თუმცა მეორე მხრივ გვერდს ვერ ავუვლიდით ტრაგიკულ ფურცლებს, რომლებიც ასევე აისახა ჩვენს მეხსიერებასა და შესაბამისად, ფოტოარქივშიც.

თეონა იაშვილი: - იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი: - მადლობელი ვარ "ინტერპრესნიუსის", რომელიც პირველი გამოეხმაურა ჩვენს წინადადებას. ამ სააგენტოში უნიკალური ფოტოარქივი ინახება, კადრები პროფესიონალ ფოტოკორესპონდენტთა გადაღებულია. იმედი მაქვს, "ინტერპრესნიუსს" მიბაძავენ სხვა სააგენტოებიც და ჩვენ შევძლებთ შთამომავლობას შევუნახოთ ყველა ის კადრი, რომელიც ასახავს საქართველოს ისტორიას. სიამოვნებით მივიღებთ დასაცავად კინოკადრებსა და წერილობით ნიმუშებსაც...

KvirisPalitra.Geფოტოარქივი რომ დიდი და უტყუარი ინფორმაციის მატარებელია, ამაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი, როცა "ინტერპრესნიუსის" გამოფენა დავათვალიერე. ბევრი რამ დაიწერა ქართულ პრესაში, გადაიცა ტელევიზიით, მაგრამ ისეთი სრულყოფილი შთაბეჭდილება მომხდარზე, როგორიც ფოტოკადრებს შეუძლიათ შემოინახონ, სხვა საშუალებებით ნაკლებად გრჩება. საიდუმლო იმაშია, რომ ფოტოობიექტივი ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო, მცირე ნაკუწებს აქცევს ყურადღებას, აფიქსირებს და დიდ ემოციას გვაწვდის. სამხედრო ფეხსაცმელი დაბომბილი გორის ფონზე ან მიუსაფარი, უმწეო ლეკვი ტანკის ფონზე, ძველი ფოტო - რუსეთის მიერ განადგურებული შიდა ქართლის კიდევ ერთი სიმბოლო...

რაც შეეხება პორტრეტებს, ხასიათი იქნებ არსად იხსნება ისე ალალად, როგორც ფოტოზე. ამიტომაც იყო, მოწვეული სტუმრები, რომლებიც თავის თავს საგამოფენო ფოტოებზე პოულობდნენ, სევდიან-ღიმილიანი განწყობით ტოვებდნენ დარბაზს.

P.S. ეროვნულ არქივში გადაცემული ფოტომასალით დიდი საქმე გაკეთდა, რათა საკუთარი ისტორია არ დავკარგოთ და კიდევ... ამიერიდან გაცილებით მეტ ადამიანს შეეძლება გაეცნოს როგორც უახლესი ისტორიის მოვლენებს ფოტოებით, ისე ჩვენს თანამედროვეებს - თავისი იუმორით, ხალისით, ტრაგიზმითა თუ უიღბლობით.