ძმობა
04-08-2014
ძმობა
ერთი ფოტოს ისტორია

ხომ ამბობენ, ფოტო შეჩერებული წამიაო... ეს წამი ულამაზეს ადგილზე შეჩერდა: მთაში, სათიბში, საიდანაც სულისშემკვრელი ხედი იშლება. ეგ არის - ხედი უფრო ბარიდან ასული სტუმრებისთვის არის "ხედი", ამათთვის სამშობლოა.

თუმცა, ესენიც ბარიდან ასულები არიან - ძმები ოჩიაურები: ირაკლი და გოგი. ლამაზები არიან, ისეთი ლამაზები, რომ უიმათოდ ამ მშვენიერი სათიბის წარმოდგენაც არ გინდა.  
ირაკლი და გოგი ოჩიაურების ოჯახი ყველა სტუმრის მასპინძელი იყო, ვინ აღარ ადიოდა მათთან, ზოგი სრულიად
უცნობიც კი... ზოგი კი ძალიან ახლობელი და შინაური: ნოდარ ანდღულაძე თუ ანა კალანდაძე, გიგი ხორნაული თუ ფიქრია მაკალათია...

ნათესავებსა და მეგობრებს ეამაყებოდათ, გოგონებს თვალი რჩებოდათ... ასეთები იყვნენ ძმები ოჩიაურები. თუმცა, ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ირაკლი ოჩიაური ღიმილით იხსენებს:
- ძალიან მშვიდი ბიჭი ვიყავი. ახლა რომ ხმარობენ
ტერმინს - კანონმორჩილი, ჩემზე იყო ზედგამოჭრილი.
გოგი მოუსვენარი იყო, სულ ჩხუბობდა. მე პირიქით, - გამშველებელი ვიყავი. სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე. ჩემი ძმა კი უნივერსიტეტში - ინგლისური ენის ფაკულტეტზე შევიდა. ერეკლე ტატიშვილის სტუდენტები იყვნენ ეგ და ნოდარ ანდღულაძე. მეორე წელიწადს ერეკლე \ტატიშვილი გარდაიცვალა და ორივემ აიცრუა გული ინგლისურის სწავლაზე. ნოდარი გადავიდა კავკასიური ენების განყოფილებაზე, გოგი - აკადემიაში წამოვიდა...

ბავშვობის დიდი ნაწილი ირაკლი და გოგი ოჩიაურებმა თბილისში გაატარეს.
ისევ ირაკლი ოჩაიურის მოგონებიდან:

- სკოლა თბილისში დავამთავრე. ატესტატი რომ უნდა ამეღო, სწორედ იმ დღეს, ბესიკის ქუჩაზე ლახტს ვთამაშობდით. მახსოვს, რადიოთი მოვისმინეთ, რომ ომი დაიწყო. დედაჩემმა მოგვკიდა მე და ჩემს ძმას ხელი, წაგვიყვანა მთაში.  
მთაში რომ ავედით, სკოლაში მასწავლებლად მოვეწყვე. 6-7 ბავშვი იყო კლასში. ხევსურეთში ვაჟებს ძალიან უფრთხილდებიან, ამიტომ ვერ ვიტყვი, მძიმე შრომა მაქვს გამოვლილი-მეთქი... თუმცა, ცოტა ჯაფა მაინც არ გვაკლდა ხოლმე... გვყავდა საქონელი, ფუტკარი... დედა ძალიან ძლიერი ქალი იყო, მთავარ სიმძიმეს თავის თავზე იღებდა, ჩვენ შეშის დამზადებასა და თივის მომარაგებაში ვეხმარებოდით. მთაში ავიდოდით. ქვემოთ, ხეობებში რომ ბნელოდა, ზემოთ, ჭიუხზე უკვე მზის სხივი ანათებდა. დავდგებოდით და ვთიბავდით. მთელი დღე ისე გადიოდა, არ ვჩერდებოდით. სამი-ოთხი დღე მოწყვეტილი ვიყავით ქვეყანას, კაცის ხმა არ გვესმოდა, მხოლოდ - ცელის შხუილი.

- თქვენ და თქვენი ძმა ერთად მოდიხართ ამდენი ათეული წელია. თბილისში ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობთ, ახალგაზრდობაშიც გვერდიგვერდ იყავით და ახლაც... როგორია ძმობა თქვენს ასაკში, როცა ახალგაზრდული სიცელქე და თავგადასავლები წარსულს ჩაჰბარდა?
- ბევრი რამ შეიცვალა... ადრე წიგნს რომ წავიკითხავდით, მერე ერთმანეთს ვუზიარებდით... ახლა რაც უნდა წავიკითხო, ცხადია, მასთან ვეღარ გავიქცევი... ადრე ვკამათობდით. მახსოვს, ერთხელ ედმონდ კალანდაძისა და ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედებას ვადარებდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ, რომ ინფარქტამდე მივედი... ახლა ასე აღარ ვკამათობთ. ყველაფერი დაცხრა თითქოს... ახალგაზრდობაშივე განსხვავებული გზებით ვიარეთ, გოგის თავისი სამეგობრო ჰყავდა, მე - ჩემი... თუმცა ამ ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება - ის ჩემი ძმაა...
ფოტო შეჩერებული წამიაო... ამ შეჩერებულ წამს ძმობას დავარქმევდი. ისე არსად იგრძნობა ძმობის ფასი, როგორც მთაში, იქ, სადაც ყველა მძიმე ცხოვრებით ცხოვრობს, ბუნების პირისპირ დარჩენილებს კი მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ და ერთმანეთის ძმობა ეიმედებათ...
nana
06 აგვისტო 2014 09:59
ჩემი საყვარელი ოჩიაურები,დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლეს ვუსურვებ ორივეს

რედაქტორის რჩევით