მიტოვებული სახლები და ტონობით დახოცილი თევზი
04-08-2014
მიტოვებული სახლები და ტონობით დახოცილი თევზი
ეს ადგილი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრზეა, მაგრამ ნამდვილი უდაბნოა - კრწანისიდან კუმისის ტბამდე ველებს ალმური  ასდის, ირგვლივ  მხოლოდ დახრუკული ბალახი, დამსკდარი მიწა და დაცარიელებული სახლებია. არადა, იყო დრო, როცა აქ ალგეთის, ხრამის და მტკვრის წყალს სიცოცხლე მოჰქონდა და მოსავალიც მოდიოდა. დაახლოებით 30 წლის წინ კი ადამიანებმა არხები მოშალეს, მილები ამოყარეს და გაყიდეს...

ქვიშიან გზაზე ერთადერთი ცოცხალი არსება, გველი ჩნდება. ის ისე \მაქვავებს, ფოტოაპარატსაც ვერ ვიღებ ჩანთიდან. მერე გზას ვაგრძელებ და ეულად
მდგარ სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვამჩნევ. იქიდან   კაცი და ქალი გამოდიან და გაკვირვებული მიყურებენ, - საიდან გაჩნდითო?! თავად  როგორ მოხვდით აქ-მეთქი.
ედიშერ გულბანი: - 80-იან წლებში სტიქიის გამო  სვანეთიდან სოფელ კრწანისში ჩამოგვასახლეს. ამ მზისგულზე ცხოვრება გაგვიჭირდა, მაგრამ მალე ჩვენი სოფელი ისე გამრავლდა, იქ ვეღარ დავეტიეთ და
რადგან ფული გვქონდა, ეს კორპუსი ავაშენეთ. მაშინ ამ  მიწაზე სარწყავი არხი გადიოდა, აქ მოყვანილი ბოსტნეული მთელ თბილისს ამარაგებდა. მაგრამ 1991 წლიდან  უკუღმა წაგვივიდა ცხოვრება. არხიდან მილები ჩვენ თვალწინ ამოიღეს. თავზეც დავადექით, პოლიციაც გამოვიძახეთ, მაგრამ მერე რა? იმ კაცმა, ვინც მილების ამოღებას თაოსნობდა, ხელსა და ყელზე ლამის არხის წონა ოქრო რომ ეკეთა, შEემოგვიყვირა, - სადაც გინდათ, მიჩივლეთ, მე ეს არხი ნაყიდი მაქვსო... შემდეგ სასმელი წყალიც გაქრა და სიცოცხლეც, სულ 4 ოჯახი დავრჩით. ისიც იმიტომ, რომ  წასასვლელი არსად გვაქვს.

- უწყლოდ  ვერც ერთი სულიერი ვერ ცოცხლობს.
- არც აქ ცოცხლობს ჩვენსა და პირუტყვის გარდა; კატაც კი არ გვყავს, რადგანაც იმასაც წყალი უნდა. აქ ერთი მონაზონი მოვიდა - კელიის  აშენება დაიწყო და შუა გზაზე გაჩერდა, აზრი არ აქვსო. საზამთრო რომ დათესა, ისე დაეხრუკა,  ტირილი მოგინდება. ქალაქიდან წყალი ცისტერნით ამოგვაქვს, 3 ტონაში 30 ლარს ვაძლევთ და სულ ცოტა, 5 ტონა გვჭირდება... ჩვენ გარშემო სახლებიც ამიტომ დაცარიელდა, უწყლოობას გაექცა ხალხი.

- გზაზე ერთსართულიანი  ახალი შენობა დავინახე, მაგრამ ისიც მიტოვებული.
-  საღორის კომპლექსია. რომ ნახა, მისი მთელი შემოსავალი ცისტერნებით შემოტანილმა წყალმა წაიღო, პატრონმა დაიხურა ქუდი და წავიდა.
... ამ საუბრის შემდეგ ჩემი მასპინძელი კუმისის ტბისკენ გამიძღვა. იქ ბატონ ვალგერ ბაკურაძეს ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, სახტად დავრჩი. თუმცა, მივხვდი, რატომაც: 2001 წელს "კვირის პალიტრამ" გადაგვარჩინა, ახლაც გადასარჩენი ვართო...

- მაშინ რა მოხდა, ბატონო ვალგერ?
- მაშინაც ისე დაშრა ტბა, ბაყაყებიც  გაწყდა. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი იყო. ამოვიდა "კვირის პალიტრა", დაწერა ამაზე და წყალი მოგვაშველეს, ტბაში თევზი ისევ გავუშვით...

- ტბა ახლაც დამშრალია,  მარილოვანი შრეებით, შლამით არის გარშემორტყმული...

- ახლა ტბაში 6 მლნ კუბმეტრი წყალია, არადა, 11 მლნ კუბმეტრი უნდა იყოს. ცუდ დღეში ვართ, 3 წელია აქ ნალექი არ მოსულა; შარშან თებერვალ-მარტში წყალი ისე დაშრა, 30 ტონა თევზი დაგვეხოცა.  ორკილოიანი თევზები ცხვირსახოცებივით ტივტივებდნენ წყლის ზედაპირზე. ჟანგბადი რომ მიგვეწოდებინა, მთელი დღე კატერებით "ვატრიალებდით" წყალს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვშველოდით. დახოცილ თევზს ტრაქტორებით გათხრილ ორმოებში ვყრიდით და სანამ დაიხოცებოდნენ, გაყიდვას ვცდილობდით. გროშებად ვაძლევდით - კილოს 3 ლარად, მაგრამ ერთბაშად ქალაქს ამდენი თევზი არ სჭირდება. არც სამხედრო ნაწილმა მიიღო, - ჯარისკაცებს ფხიან თევზს ვერ ვაჭმევთო. ბევრს სულაც ვჩუქნიდით...

ამან გაგვაკოტრა. მერე სესხით და ვალით ტბაში მაინც გავუშვით თევზი. ახლაც თუ დაგვეხოცა, ხელები უნდა ჩამოვუშვათ. გაერთიანებულმა სამელიორაციო კომპანიამ თათბირი ჩაატარა, - ერთ კვირაში მორწყვის სეზონი მთავრდება, გლეხებს მოველაპარაკებით, რომ ალგეთის წყალსაცავიდან წყალი მოგცენო. ამის იმედი მაქვს. მაგრამ ჩვენი ერთადერთი საშველი მტკვრის იმ საქაჩი ტუმბოების აღდგენაა, საიდანაც ტბას წყალი მოეწოდებოდა და ავსებდა. თავის მხრივ, ავსებული ტბიდან წყალი მორიგი არხით კრწანისის ველებზე გადიოდა, რწყავდა და აცოცხლებდა. არა მხოლოდ ამ ველებზე, - ამ არხით დღეს გადამხმარი 6 სოფელი ირწყვებოდა თბილისის გარშემო: თელეთი, კუმისი, წალასყური... 90-იან წლებში საქაჩი გაძარცვეს. მდინარე ხრამიდან შემომავალი სასმელი წყლის არხებიც მიაყოლეს და დაიღუპა აქაურობა. დარჩა ალგეთის არხი, რომლის წყალში გლეხები ფულს იხდიან და ჩვენამდე არ უშვებენ. ან კი როგორ გინდა უთხრა კაცს, მარჩენალი ყანა არ მორწყა და წყალი ჩვენ მოგვეციო. ძალიან ცუდი ამბავი გველოდება, -  ტბა აქ მომუშავეთა ოჯახებს ხომ არჩენს, რუსთავსა და თბილისსაც კვებავს თევზით, - ეს წყარო დაიკარგება, არანაკლები ჭირი ის იქნება, რომ ეპიდემია გავრცელდება, - თევზი მალფუჭებადი პროდუქტია, წამსვე აყროლდება.

მითხრა ბატონმა ვალგერმა და  ტბაში შესული მენავეებისკენ წამიძღვა. მათ კატერის ძრავში შემძვრალი გველი გამოჰყავდათ. როცა გამოიყვანეს, დავინახე, რომ მუცელში გადაყლაპული თევზი უფართხალებდა...

კუმისის ტბა

კუმისი ბუნებრივი ტბაა, სადაც 1967 წლამდე ქანებიდან გამონაჟონი მარილიანი წყალი იდგა. 1967 წელს მასშტაბური პროექტი განხორციელდა, - ტბიდან მლაშEე წყალი  ამორეცხეს და შიგ ორი არხის წყალი ჩაუშვეს. ერთით წყალი მტკვრიდან ამოდიოდა - უზარმაზარი ტურბინებით ქაჩავდნენ, მეორით კი მდინარე ალგეთიდან თვითდინებით ეშვებოდა. გარდა იმისა, რომ თევზის წარმოება იყო აყვავებული, ტბიდან სარწყავი არხი გადიოდა, რომელიც კუმისის სამხრეთით კრწანისის ველებს რწყავდა.
ანიტა
11 აგვისტო 2014 16:51
იგივე პრობლემაა კახეთში, ჩვენს სოფელში წყალი არაა და გადაგვიხმა მთელი მოსავალი... ერთჯერადი დახმარება არაფერს შველის, მთავარია სარწყავი სისტემები მოაწესრიგონ და ძლიერი სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის საფუძველიცაა.
*******
05 აგვისტო 2014 22:20
გული დამეწვა. სადაა პატრონი,თორემ სახელმწიფო პროგრამა რომ შეადგინონ და პირველ რიგში წყალი გაიყვანონ,რამდენი კაცი წავა და დასახლდება. ათმაგად ამოიღებს სახელმწიფო გონივრული პოლიტიკით იმ ფულს უკან და საერთოდაც რამდენი პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ჯერ ძილი,ძილი,როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?
gavazeli
05 აგვისტო 2014 16:13
ჩემდა სამწუხაროდ, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ სამშობლო და საქართველო უმეტესობისთვის არაფერს ნიშნავს. არც დაფიქრდებიან და 10 მილიონისას დაანგრევენ, ოღონდაც 10 000 ჯიბეში ჩაიდონ.
გაავრცელეს მაშინ ხმა, რაც საბჭოთაა, ყველაფერი ცუდიაო და დაერივნენ საძარცვად. არადა ახლა რამდენი მილიარდია საჭირო, მაშინდელი გაფუჭებულ-დანგრეულები რომ აღადგინო.

რედაქტორის რჩევით