კარვის ბინადრები
04-08-2014
კარვის  ბინადრები
ეთერი, მზია, მანანა, თამრიკო, ანი და ლეილა ერთი კარვის ბინადრები არიან. ახლა დღის ხუთი საათია და მათ საყვარელ არხზე ინდური სერიალის მეოთხმოცე სერია გადის. ხვალ, იმავე დროსა და იმავე ადგილას, უცვლელი შემადგენლობით შემდეგ სერიას დაელოდებიან...

ვიდრე ქალბატონები ბოლივუდური  ისტორიებით ერთობიან, მათი მეზობელი, 80 წლის მედიკო ვლადიმიროვნა, თაკარა მზეს კარვის ჩრდილში აფარებს თავს. სიცხისგან მოთენთილმა  უცხო სტუმარი მაშინვე შემნიშნა. მოჭუტული თვალით შემათვალიერა და გამიღიმა. ერთმანეთს ვესალმებით და კითხვის დასმას მასწრებს, უფრო
სწორად, ასე მეცნობა:


- მედიკო ვლადიმერის ასული, 80 წლის.

- რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

- სამი კვირაა.

- როგორ ცხოვრობთ, როგორ ხართ?
- ვარსებობთ.

- კვება და პირობები როგორია?
- ნორმალური, "ვსო პარიატკე".

- აქ მარტო ხართ თუ...
- მარტო რატომ, შვილებთან, მანანასა და
გოჩასთან ერთად. ახლა  ქალაქში არიან, თორემ გაგაცნობდით.

- აქ როგორ მოხვდით?

- ბინა ჩამომართვეს. მეუბნებიან, მალე მოგცემთო, ჰოდა, ველოდებით.
მოპირდაპირე კარავში 91 წლის აისორი ქალი ცხოვრობს. ცხრა წელი თამარა გეორგიევნა უმცროს ძმასთან, მოსკოვში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მანამდე კი 50 წელი, პროფესიით ბაქტერიოლოგმა, სანეპიდსადგურში იმუშავა. რამდენიმე თვის წინ, ძმის გარდაცვალების შემდეგ, დეპორტაცია გაუკეთეს და თბილისში დააბრუნეს. თავშესაფარში თბილისის აეროპორტიდან პატრულმა მოიყვანა. მოსკოვში მცხოვრებმა ძმისშვილებმა მამიდის ამბავი უკვე გაიგეს და ტელეფონით ხშირად ურეკავენ. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში განცხადება უკვე შეტანილი აქვს. ადგილი გათავისუფლდება და გადავა. მანამდე კი გაუსაძლის სიცხესა და მღრღნელებს (როგორც თავად ამბობს) ებრძვის. 

თამარა გეორგიევნა: - მოსკოვში კარგად ვცხოვრობდი. რაც ჩემი ძმა დაიღუპა, გამომასახლეს... მოვდიოდი საქართველოში და არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი.  მერე პატრულთან მივედი და ვუთხარი, წასასვლელი არსად მაქვს-მეთქი და აქ მომიყვანეს.

- აქ როგორი პირობებია?
- ცუდი არ არის.  თითქმის ყოველდღეა სალათა, ხორცი... ახლა ყველაზე მეტად სიცხე გვაწუხებს.
ამავე კარავში 56 წლის სოხუმელი ტრისტან ნაროუშვილი ცხოვრობს.  ოჯახი აფხაზეთის ომში  ამოუწყვიტეს. კარავში მოსვლამდე  ღამეს ქუჩასა და საავადმყოფოში ათევდა. უკვე ექვსი თვეა ამ ოჯახის ბინადარია.
ტრისტან ნაროუშვილი: - მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს, მათ ენაცვალოს ჩემი თავი, იქნებ ერთი პატარა კუთხე მომცენ, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ადამიანურად გავატარო. ტუბერკულოზი მაქვს. მიმკურნალეს და ახლა ისე რთულად არა მაქვს, მაგრამ ამხელა კარავში ჯანმრთელ ადამიანებთან ჩემი ყოფნა მაინც სარისკოა. ჩემი ჭურჭელი მაქვს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სააკაშვილის მთავრობამ ერთი ოთახი არ მაღირსა, ამათზე კი კარგის მეტი რა მეთქმის.  წამლებს ვსვამ, მაგრამ ჩემისთანა დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის კატეგორიულად დაუშვებელია ასეთ პირობებში ცხოვრება. ეგ არის, რომ წვიმის დროს მძიმე დღეში ვვარდებით, - კარავში წყალი შემოდის და ვიტბორებით. მუხლამდე წყალი დგება. გარედან ქვიშით სავსე ტომრები შემოაწყვეს კარვებს, მაგრამ არ შველის.  

ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ექიმი და ექთანი ზრუნავენ.  
იოსებ ნებიერიძე, ექიმი: - ყოველდღიურად, საშუალოდ, 60-70 ბენეფიციარს ვემსახურებით. რამდენიმე პაციენტს ტუბერკულოზი აქვს და პერიოდულად  ტუბდისპანსერში გადაგვყავს. ექიმები ხშირად აქაც მოდიან და წამლები მოაქვთ.

- რამდენად უსაფრთხოდ არიან სხვა ბენეფიციარები, ვინც მათთან ერთად  ცხოვრობენ?
- ჩვენს ბენეფიციარებს შედარებით იოლი ფორმა აქვთ. მკურნალობენ და იმის ალბათობა, რომ ვინმეს გადასდებენ, მცირეა.

- ძირითადად, რას უჩივიან?
- წნევას, გულის უკმარისობას, ზოგს აქვს C და B ჰეპატიტი, ციროზი... ბევრს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა, საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბენეფიციარს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, "112-ს" მიჰყავს სტაციონარში, ოპერაციას იკეთებენ და გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ აქ ბრუნდებიან.

სამედიცინო პუნქტიდან გამოსულს ჭაღარა ქალი მეგებება. მაყვალა გულისაშვილი გორელია. თბილისIში ქირით ცხოვრობდა, მაგრამ სამსახური დაკარგა და ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. ახლა წინდებსა და თმის სამაგრებს ქსოვს და დეზერტირების ბაზართან ყიდის.

თავშესაფარში, რომელიც გასული წლის 15 დეკემბერს გაიხსნა, 175 ბენეფიციარია. გახსნიდან დღემდე სხვადასხვა დაავადებით სულ 15 ბენეფიციარი გარდაიცვალა. ორჯერად კვებაზე, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხზე ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად "კათარზისი" ზრუნავს.  
ინდური სერიალის მოყვარულთა კარავში ვბრუნდები. 64 წლის ეთერ ახვერდაშვილი ქალთა კარვის  ერთ-ერთი წევრია.  მეუღლე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, გერმა სახლიდან გამოაგდო და მეზობელი გოგოს დახმარებით თავშესაფარში მოხვდა.
საუბარს მოპირდაპირე საწოლზე მჯდარი ახალგაზრდა ქალი გვაწყვეტინებს.

მზია ბაბუნაშვილი: - კარავში ექვსი ქალი ვართ, ერთმანეთი აქ გავიცანით. დღეები ძველი დროის გახსენებაში, ჟურნალების კითხვასა და სერიალების ყურებაში გაგვყავს, ურნალ-გაზეთები რომ მოაქვთ, იციან, ჟურნალი "გზა" მიყვარს და ჯერ მე უნდა წავიკითხო.

წელიწადია, რაც თბილისში ვარ. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და რესტორანში დამლაგებლად ვმუშაობდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ რესტორანი დახურეს. ქირას ვეღარ ვიხდიდი და იძულებული გავხდი, აქ მოვსულიყავი. შვილები ქუთაისის სკოლა-ინტერნატში მყავს მიბარებული, 17-18 წლისანი არიან.

- მეუღლე?
- მეუღლეს  ფსიქიკური პრობლემები და ტუბერკულოზი აქვს. გაუთავებლად სვამდა და მცემდა.

- აქ ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?
- გარეთ რომ 40 გრადუსია, აქ 80 გრადუსია.  ქუჩიდან საშინლად ბინძური ადამიანები შემოჰყავთ. ძალიან კარგი აბანო გვაქვს, მათაც აბანავებენ, მაგრამ მაინც საშინელი სუნი ასდით... არიან ხვლიკები, გველები და  ვირთხები. კატები და ძაღლები მოვიშინაურეთ და ისინი გვიცავენ მღრღნელებისა და ქვეწარმავლებისგან.
გარეთ ღამის გათევას ამ პირობებში ყოფნა სჯობია. ცოტა ხნის წინ დავით ნარმანია იყო მოსული და დაგვპირდა, მალე კეთილმოწყობილ თავშესაფარში გადაგიყვანთო.

ამ კარვის ყველაზე უმცროსი წევრი 29 წლის კახელი ანი ჩხეტიანია. თავშესაფრის გახსნის დღიდან ამ ოჯახის წევრია, მანამდე ღამეებს ცენტრალურ ვაგზალზე ათევდა, ამბობს, რომ სახლიდან დედმამიშვილებმა გამოაგდეს. მეუღლეებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ჩემი ადგილი აღარ იყოო. ანის ახლა მხოლოდ ერთი ნათელი წერტილი აქვს - რამდენიმე თვის წინ თავშესაფარში მომავალი მეუღლე გაიცნო. ანისგან განსხვავებით, მას არავინ ჰყავს.

ანი ჩხეტიანი: - ჩემი მომავალი მეუღლე აქ აღდგომის დღეებში გავიცანი. 36 წლის არის, არავინ ჰყავს დედამიწის ზურგზე. ახლა მე ვყავარ. 

- რას აპირებთ?
- უკეთესის მოლოდინი გვაქვს. აქ ყველას ერთი პრობლემა გვაწუხებს. ამას წინათ ავტობუსით ვმგზავრობდი და კონტროლიორმა ბილეთის აღება მთხოვა, როდესაც ვუთხარი, მიუსაფართა თავშესაფარში ვცხოვრობ-მეთქი, მითხრა, თუ თავშესაფარში ცხოვრობ, სპეციალური მოწმობა უნდა აიღოო. თბილისის მერიას ვთხოვთ, იქნებ დაგვირიგონ მოწმობები.

კარვის ბინადრებს გამოვემშვიდობე. ეთერი, მზია, მანანა, თამრიკო, ანი და ლეილა ისევ ტელევიზორს მიუსხდნენ, ახლა თურქული სერიალის დროა.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე

xooooooo
06 აგვისტო 2014 15:36
ასფალტზე, კარავში 40გრადუს სიცხეში ცხოვრება არ ჯობია რაიონში ცხოვრებას? თან ჟურნალგაზეთებით.ნახევარს დაბოქლომებული ექნება ორსართულიანი "კარაკოშკიანი"სახლები. ახლა შენ ხარ ჩემი ბატონი აგერ ნარმანია შეპირებიათ საცხოვრებელს და შვილებს თბილისიც ხო უნდათ? აბა უთხარი რამე? კი არიან მხიარულად. რა ენაღვლებათ რა.
luxo
05 აგვისტო 2014 10:49
me Tqven meubnebiT: ufali didia,
da yvela erTi varT, erT RmerTis Svilebi,
brWyviala lursmebze- viRasTvis hkidia,
iniT SeRebili narmis yvavilebi.
. . . Tan TvaliT maniSnebT, morwyva ar სWirdeba,
iyide, vin icis, rodis dagWirdeba.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები