ბიძია ვახტანგის თბილისური ისტორიები
04-08-2014
ბიძია ვახტანგის თბილისური ისტორიები
ერთხელ, ერთი დირიჟორისთვის უკითხავთ, - ალბათ იცნობთ ნინო ანანიაშვილის მამას, ვახტანგს, დიდებული კაციაო. ვიცნობ, მაგრამ ნინოს მამას ხომ გედევანი ჰქვიაო.
- გედევანი კი არა, ვახტანგი, - ფარ-ხმალი არ დაყარა მოკამათემ...
- გედევანი...
არადა, ორივე იცნობდა: საბუთებში გედევანი ეწერა, შინაურები კი ვახტანგს ეძახდნენ. თუმცა ბიძია ვახტანგი რომ გაიცნო, უნდა იცოდე, რა გზა აქვს გავლილი. მეტიც, ეს უნდა იცოდე იმისთვისაც, რომ ნინო ანანიაშვილი გაიცნო. მამა-შვილს ხომ ბევრი აქვთ საერთო...


პემზის გამყიდველი თავადის
ქალი


ომის წლებს კარგი რა უნდა მოჰქონდეს!.. რომელ ეპოქაშიც უნდა იყოს, ომი ომია და საშინელების მეტს რას მოგვიტანს, თუმცა...
ის ქალი თავადიშვილი იყო, დროს და უკუღმართ ცხოვრებას ბევრი რამ წაეშალა მისი სახიდან, ბევრიც - ვერა. ფარფატით აივლიდა აღმართს, ჩანთიდან ამოიღებდა პემზას - საუკეთესო პემზააო და
მთაწმინდელებს შესთავაზებდა. პემზა კი არა, ნასვრეტებიანი ქვა იყო. მაგრამ დეიდა მაროს ბრალი არ იყო, რომ ჯერ 1921 წელს მოეტანა "სისხლი და ცხედრები", მერე - 1930-იანი წლების რეპრესიებს, მერე - 1941 წელს დაწყებულ ომს... მისი ბრალი არ იყო, რომ ნათალ თითებში, რომლითაც ჩინური ფაიფურის ფინჯნიდან ნება-ნება უნდა ეგემა საგანგებოდ დაყენებული ჩაი, ახლა უხეში ქვები ეჭირა და კაპიკებად სთავაზობდა მყიდველებს. უნდა გადარჩენილიყო და თავი ამბად მაინც მიეტანა მომავალ თაობამდე... ადამიანი ხომ შეიძლება ერთ დღესაც ამბად იქცეს - ზოგჯერ სევდიან, ზოგჯერ კი - მხიარულ ამბად. მარო დეიდა გაუტეხლობის ამბად ქცეულიყო.

- მართლა კარგი პემზაა, - ხელში შეათამაშებდა რომელიმე მთაწმინდელი  ქვას, - ამას წინათაც ვიყიდე! - მერე ჯიბიდან შაურს ამოიღებდა და ვითომდა შენაძენით კმაყოფილი მიაწვდიდა მარო დეიდას. ერთ მყიდველს მეორე წამოეწეოდა, მეორეს - მესამე... მერე ამ ნასვრეტებიან ქვებს სადღაც აწყობდნენ და მიივიწყებდნენ. ყველამ იცოდა, რა პემზასაც ყიდულობდა... თავგამოდებულ მყიდველთა შორის ბიძია ვახტანგიც იყო, პატარა, ფეხშიშველი ბიძია ვახტანგი...

პურის ტალონი და ფეხსაცმელი იმიჯისთვის

32 წლის მამა დაუხვრიტეს და ოჯახში უფროს კაცად დატოვეს... მერე ახლო ნათესავებმა, ვაჩნაძეებმა, სამსახური უშოვეს. 13 წლის ბიჭი სკოლის შემდეგ ალექსანდრეს ბაღს გადაირბენდა და ფოსტაში ამოყოფდა თავს. გზად ტრამვაისკენ გაურბოდა თვალი. ამ ქუჩაზე 10 ნომერი ტრამვაი დადიოდა და ბიჭები სიყვარულით აყოლებდნენ თვალს მოხრიგინე წითელ ვაგონს. ზოგჯერ ახტებოდნენ კიდეც, ჩამოეკონწიალებოდნენ და თავს იწონებდნენ. ბიძია ვახტანგს ტრამვაისთვის არ ეცალა. სამსახურიდან დეპეშები უნდა წამოეღო, ფოსტაში მიეტანა, გაეგზავნა, მერე ქვითრებით უკან დაბრუნებულიყო ან რომელიმე სხვა დაწესებულებაში გაატანდნენ დოკუმენტს. სიხარულით კი დადიოდა, რადგან მცირე ხელფასის გარდა, მთავარი - პურის ტალონი ეძლეოდა, მოსწავლესავით 200-გრამიანი კი არა, მუშის - 400-გრამიანი. ერთი ეგ ადარდებდა: ფეხსაცმელი რომ გასცვეთოდა, ახალს ვერ უყიდდნენ, ამიტომაც სამსახურიდან გამოსული ფეხზე გაიხდიდა და ტყაპატყუპით გასწევდა დავალების შესასრულებლად. ადგილზე მისული ლანჩამძვრალ ფეხსაცმელს ჩაიცვამდა და უკვე სულ სხვა იმიჯი ჰქონდა - ფეხსაცმლიანის! ვითომ არც ფეხისგულები სტკიოდა და არც შიოდა! ვითომ კაცი იყო და არა პატარა ბიჭი, ქალების ამარა დარჩენილს რა გზა ჰქონდა, რომ არ ეკაცა!

მაისურში გაცვლილი ყველი

ეს არ იყო პირველი ზრუნვა ოჯახზე...
პირველი ის იყო, მაისური რომ გაყიდა და ყველი იყიდა. ამას ბიძია ვახტანგი ახლაც ჰყვება: "ომია. მეზობელმა - ალპინიადაში წამოდიო. ეს იცი, რას ნიშნავდა? საჭმელი გექნებოდა და სუფთა ჰაერზე იქნებოდი. წავედი.  მეორე წელს ჯავახეთში ტარდებოდა ალპინიადა. იქაურებს ყველი ჰქონდათY და კარტოფილი.  ჩვენ ალპინიადის მაისურები გვეცვა. ერთ დღეს გვითხრეს, სომხები "მაიკაში" ყველს იძლევიანო. ავდექი და გავცვალე. ყველი თბილისში ჩამოვიტანე. ბებია აგონიაში დამხვდა. ეტყობა, მელოდა... ყველაფერი ისე მოხდა, ნოდარ დუმბაძეს რომ აქვს "მე ბებია, ილიკო და ილარიონში". მაშინ მითხრა ბებომ: - ამიერიდან ყველაფერს შენ უნდა მიხედოო...

ქურთის წერილები... დედას

ახლა, წლების გადასახედიდან ერთი ტყუილი ახსენდება ბიძია ვახტანგს: მთაწმინდაზე ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. ერთი მთაწმინდელი ქურთი ბიჭი ნაჩხუბარი იყო მთაწმინდელ ქართველთან... მერე ორივე ჯარში  ერთ ბატალიონში აღმოჩნდნენ. ისე გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, არც კი გახსენებიათ ნაწყენობა. მთაწმინდამ უცხო მიწაზე თავისი ქნა... საუბედუროდ, ქართველს მტრის ტყვიამ უწია...  ქურთმა იცოდა, თბილისში, უკაცოდ დარჩენილ ოჯახში, დედა ელოდა მის მეგობარს. დაენანა ქალი ამ საშინელი ამბის სათქმელად, ამიტომაც - ცოტა ხანს მაინც ელოდოს შვილსო, აიღო ქიმიური ფანქარი და ოკრობოკრო ასოებით გამოიყვანა: "გამარჯობა, დედა! მარჯვენა ხელში დავიჭერი, ამიტომაც მარცხენა ხელით ცუდად გწერ, მაგრამ მაინც გწერ. კარგად ვარ!"... მერე ბარათი სამკუთხად დაკეცა და თბილისში გამოგზავნა. პასუხიც მიიღო, ცხადია, ისევ მისწერა, ისევ მიიღო პასუხი... ომიდან რომ დაბრუნდა, აქ უკვე ფოსტალიონს გაურიგდა და წერილებს ატანდა დედასთან. ფოსტალიონი ქვაზე მაგარი კაცი იყო, ვერავინ გამოტეხდა! და ერთ დღესაც, როცა ახლო ქუჩაზე ვიღაცამ ცნობა მიიღო და კივილით ქალაქი შეძრა, მომლოდინე დედამ, შვილის მეგობარი ქურთი რომ სწერდა წერილებს, ამოოხვრით თქვა: რა იყო, ვინმეს მიეწერა წერილები ამ ქალისთვისაც, ვითომ ცოცხალია მისი შვილიო... ეს იყო და ეს. ამ თემაზე სხვა აღარაფერი უთქვამს. ყველაფერი ჩაატია: ისიც, რაც იცოდა, და ისიც, რასაც უგრძნობდა გული.  
ამ ამბებს 80 წელს გადაცილებული ბიძიIა ვახტანგი იხსენებს და ძველებურად უჩუყდება გული.

ანანიაშვილის მამას ყველა თეატრში იცნობდნენ

ვახტანგ ანანიაშვილი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, დღესაც აგრძელებს სამეცნიერო მუშაობას.  გეოლოგიას გაჰყვა ვახტანგ ანანიაშვილის ორი უფროსი ვაჟიც. უმცროსმა ქალიშვილმა - ნინომ კი ბალეტი აირჩია.
სადაც კი ნინო ანანიაშვილს უმუშავია, ყველა თეატრში იცნობდნენ მის მამას. თბილი და მოსიყვარულე ვახტანგი დასის წევრებს ძალიან მალე უმეგობრდებოდა. ისიც ყველას გულშემატკივარი გახლდათ. როგორც ამბობენ, ნინოს მამისგან არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და სილაღე გადაეცა.
temida -s
20 მარტი 2017 10:57
რაღაც ბოღმა გახრჩობს- ბაგრატიონი არ ხარ, ხომ? არ ეთაკილებოდა იმ ქალს შრომა - და თქვენზე, პირადად - უკეთესიც იქნებოდა - იცით რატომ? მისი ბრალი არ იყო, თავადის ოჯახში რომ დაიბადა, კარგი განათლება რომ მიიღო, და გვარიშვილობა კი დღევანდელიზოგიერთი მაძღარივით ხალხის და სახელმწიფოს ქურდობით არ იშოვებოდა... მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით მაგას ...
temida - ს
20 მარტი 2017 09:47
იმით სჯობდა, რომ როცა შენი წინაპრები ნაცარში იქექებოდნენ და ნახშირს და სამშობლოს ერთად ყიდდნენ (უმეტესობა და არა ყველა) მაშინ ბაგრატიონები, ჩოლოყაშვილები, ამილახვრები, წერეთლები, შერვაშიძეები და მრ. სხ. სისხლისაგან იცლებოდნენ და სამშობლოს იცავდნენ. მიტომ ეზიზღებოდათ ისინი ბოლშევიკებს და იმიტომ გეზიზღებათ თქვენც, იმ ბოლშევიკების შთამომავლებს. გყავდეთ ბატონო მეფეებად შევარდნაძეები, სააკაშვილები, ივანაშვილები, ღარიბაშვილები, კვირიკაშვილები და კარგი დახლი დაგიდგებათ, ჯერ სადა ხართ!
temida
06 აგვისტო 2014 20:05
ქალბატონო ლელა,
ძალიან გთხოვთ, ჟურნალისტები ნუ აიდეალებთ თავადის ქალებს და კაცებს. მაგათ თლილ თითებს ეს არ ეკადრებოდაო, რომ წერთ. რითი სჯობდა ეგ ხალხი ჩემს გლეხ წინაპრებს? აი ასეთი მიდგომით აღვივებთ ხალხში იმ განცდას, რომ სწორია და გამართლებულია, როცა შენ ნება-ნება სვამ ჩაის ჩინური ფაიფურის ფინჯნიდან, მაშინ როცა სხვას პურის ფული უჭირს. გრცხვენოდეთ!
ძალიანაც კარგი, თუ თავადის ქალი პემზას ყიდდა. რითი იყო სხვებზე უკეთესი?

რედაქტორის რჩევით