"თავს ვუყიჟინებ, უნდა გაუძლო, გიორგიმ უარესს გაუძლო"
"თავს ვუყიჟინებ, უნდა გაუძლო, გიორგიმ უარესს გაუძლო"
ნათქვამია, "გმირობა ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა ამქვეყნადო." სამწუხაროდ, ასეა, თუმცა, იმხელა ძალა აქვს, გმირის სახელი ლეგენდად იქცევა და საუკუნოდ ცოცხლობს. საქართველოში ურიცხვია მათი სახელი. თუში გიორგი ანწუხელიძეც ერთ-ერთია მათ შორის.

2008 წლის აგვისტოს ომის წინ მეორე შვილს ელოდებოდა. მის დაბადებას ვერ მოესწრო... მამა არც ლევანს ახსოვს, მაგრამ უკვე მეორეკლასელი ბიჭუნა, რომელსაც ხშირად უქებენ გმირ მამას, ჯარისკაცობაზე ოცნებობს.
გიორგიმ ერაყი მოიარა, და როგორც მშვიდობისმყოფელი, 2008 წლის შემოდგომაზე ისევ უნდა წასულიყო, მაგრამ 9
აგვისტოს სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ ჩაიგდეს.

ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ოკუპანტებმა ინტერნეტით ქართველ ტყვეთა დამამცირებელი, სადისტური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელეს. ერთ-ერთი განსაკუთრებით სულისშემძვრელი იყო - ჩანს, ქართველ ტყვეთაგან ყველაზე მაღალს, ვაჟკაცური გარეგნობით გამორჩეულს, როგორ მისცვივდებიან სეპარატისტები, მოსთხოვენ, დაიჩოქოს და მიწას აკოცოს. არ
ემორჩილება და დაუზოგავად ურტყამენ სახეში (მოგვიანებით, სამედიცინო ექსპერტიზაზე აღმოჩნდება, რომ გვამს არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა\), მოითხოვდნენ, მტრის ინტერესების მიხედვით მიეცა ჩვენება. ჯარისკაცი არ ტყდება, გმირულად უძლებს წამებას. ზოგი თავის მოჭრას უპირებს, ზოგი დახვრეტას, ვიღაც ცდილობს, მისი მოკვლა გადააფიქრებინოს ბანდას, იქნებ ინფორმაცია გამოვტყუოთ, ნუ მოვკლავთო, მაგრამ გიორგის გაუტეხლობა მოთმინების ფიალას უვსებს მხეცებს. ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოს ღობესთან მიაგდებენ და ჯერ რიგრიგობით შედგებიან წიხლით, მერე კი...
ახლა გიორგი მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. ლევანი შვიდი წლის ხდება, ანა - ხუთის. ნაადრევად დაქვრივებული გიორგის მეუღლე, მაკა ჩიქვილაძე, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

"როდესაც ის საშინელი ვიდეოფირი გავრცელდა, მხოლოდ წამების დასაწყისის ნახვა შევძელი და დავრწმუნდი, რომ გიორგი აღარ მყავდა, მაგრამ დღემდე ველოდები, ელოდებიან გიორგის დედა და ჩემი შვილები - ლევანი, რომელიც მაშინ მხოლოდ ათი თვის იყო, და ანა, რომელიც მამის სიკვდილიდან 7 თვეში დაიბადა. გიორგი ქალიშვილზე ოცნებობდა და აუხდა...

გიორგის დაღუპვიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა აგვისტოს ომთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ გიორგი ანწუხელიძის წამებასა და დახვრეტას ეხება. ვიდეოფირში კარგად ჩანს დამნაშავეთა სახე და შესაძლებელია მათი დასჯა.
"რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით მეტად სჭირდებათ მამა, მით მეტად მწვავდება გიორგის სიკვდილით მოყენებული ტკივილი და თავს ვუყიჟინებ, უნდა გაუძლო, გიორგიმ უარესს გაუძლო-მეთქი", - ცრემლმორეული ამბობს მაკა.

ცოტა ხნის წინ ხმა გავრცელდა, რომ გიორგის დედას, ლილი ანწუხელიძეს, იმ სახლის სახურავი ჩამოენგრა, სადაც მომავალი გმირი დაიბადა. "თავდაცვის სამინისტრომ 10.000 ლარი გამომიყო და მშენებელთა ჯგუფსაც გამომიგზავნის, რომ სახლი გადამიხურონ. დღე-დღეზე ჰოსპიტალში უნდა დავწვე და თავდაცვის მინისტრმა მანქანას გამოგიგზავნით და მოგემსახურებითო. ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმაც კი მომიკითხა, ბავშვებს საჩუქრები მოუტანა, ხშირად მირეკავს. ბანკში ანგარიში გამიხსნა, რომელზეც კეთილი ადამიანები ფულს მირიცხავენ. ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა სალომე გორგაძემ მომინახულა ტყუპ ვაჟთან ერთად - მითხრა, მეუღლემ მთხოვა, მოკითხვა და მადლობა გადმოგცეთ ასეთი შვილის გაზრდისთვისო. ბედნიერებაა ამის მოსმენა, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა შვილი ცოცხალი გყავს. მძიმედ მაქვს გული, დიაბეტიც მაქვს. შესაძლოა, ვეღარც დავბრუნდე ჰოსპიტალიდან, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ღმერთს ვმადლობ ყველაფრისთვის, მთავარია, რომ კაცი გავუზარდე ქვეყანას", - გვითხრა ლილი ანწუხელიძემ, რომელიც გულის მძიმე დაავადების გამო ძლივს გველაპარაკებოდა, შვილის მონატრებამ შემიჭამა გულიო.
ლილი
09 აგვისტო 2016 20:46
ყველა შვილმკვდარი დედის ცოდვა იმათ კისერზე იყოს,ვინც საქართველო ასე გაყიდა და ყიდის...
mzia
07 აგვისტო 2014 23:36
სისხლისგამყინავი და ამავე დროს საამაყოა,რომ ჩვენც ამ გმირი ქართველების " გორისანი" ვართ. შენ და ბევრი შენნაირი სასახელო ვაჟკაცი შეუერთდა ქართველთა იმ სასახელო ზეციურ დასს, მუდამ რიდით და კრძალვით რომ უნდა მოვიხსენიოთ. თქვენ კი, ამ გმირების " ლამაზად შვილის აღმზრდელი დედები" მართლა ღმერთები ხართ, რომ თქვენ შვილებს ასე შეაყვარეთ " მამული, ენა, სარწმუნოება".
*******
06 აგვისტო 2014 19:25
ამ ვიდეოს ყურებას ვიწყებ და ბოლომდე ვერ ვუყურებ. თქვენს კალთას ვენაცვალე ქალბატონო ლილი ამისთანა შვილის გაზრდისთვის. ერთია როცა შვილი გიკვდება და მეორეა როგორი სახელით. თქვენი გმირი ბიჭი სამარდჟამოდ ცოცხალია.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები