08.08.08
04-08-2014
08.08.08
"ვერ ვიტან აგვისტოს"

აგვისტოს ომიდან ერთი წელიც არ იყო გასული. გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებში დავდიოდი და მათი მშობლების, მეუღლეების და ნათესავების ნაამბობს ვიწერდი. ორ თვეში ასამდე ჯარისკაცის ამბავი მოვაგროვე. მახსოვს, ერთ დღეს რვა ჯარისკაცის ცრემლიანი ისტორია მოვისმინე. იმ ღამით ვერ დავიძინე, გონებაში მხოლოდ მათი სახეები მიტრიალებდა... შემდეგ კარგა ხანს, ყოველღამე სიზმარში ხან სნაიპერი ვიყავი, ხანაც კაპრალი...
იმ ბიჭებიდან ბევრი ჩემი თანატოლი იყო, რამდენიმე კი ჩემზე უმცროსი. ისინიც ჩემნაირად ფიქრობდნენ, ჩემნაირად
უხაროდათ, სტკიოდათ და ოცნებობდნენ...

რამდენიმე დღის წინ შინდისს ვსტუმრობდი... რკინიგზის სადგურს ვუახლოვდები და ვგრძნობ: აქ ჩემი ბიჭები მელოდებიან. დიახ, ჩემი ბიჭები - ჩემი ტოლები, მეგობრები, მათი გაცნობა სიცოცხლეში რომ ვერ მოვასწარი, მაგრამ მაინც ჩემები არიან.

რკინიგზის სადგურთან რამდენიმე სახლს ომის კვალი ახლაც ატყვია. პატარა შენობის
ერთ კედელზე ჩამწკრივებულია ბიჭების სისხლიანი სამხედრო ფორმები, ჩაფხუტები, ფოტოები და ჭურვის ფრაგმენტები... მემორიალი რამდენიმე თვის წინ გაუკეთებიათ. საფლავების ახლოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი შენდება. აქვე იგეგმება შინდისის გმირების ძეგლის დადგმა.

- აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ექვსი წლის წინ იყო, - მეუბნება "ახმეტა" - ბადრი ხუციშვილი. მას ომის დროს შინდისში დარჩენილ მოხუცებთან ერთად დაჭრილი სამხედროები შინ მიჰყავდა და პირველ დახმარებას უწევდა, ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა.

ბადრი ხუციშვილი: - 11 აგვისტოს ვარიანში ვიყავი. სოფელში რომ ამოვედი, დაახლოებით 15 წუთში რუსებიც შემოვიდნენ. მალე რკინიგზის სადგურთან სროლა ატყდა. უბანში შემორჩენილი მოხუცები სარდაფში ჩავიყვანე. რკინიგზის სადგურიდან კვამლი ამოდიოდა. იქ რომ მივედით, საშინელი სურათი დაგვხვდა - ადამიანის სხეულის ნაწილები იყო მიმოფანტული. ხუთი დაჭრილი ბიჭი გამოვიყვანეთ... იმავე დღეს იქ საპატრულო პოსტები გააკეთეს რუსებმა. მეორე დღეს საშინელ სუნს ვერ გაუძლეს, პოსტები მოშალეს. ხუთ წუთში ერთხელ ჯავშანტრანსპორტიორით გამოივლიდნენ ხოლმე. შუალედებში ვიპარებოდით და დაჭრილები გამოგვყავდა, სახლში პირველ დახმარებას ვუწევდით და მერე სამოქალაქო ფორმებში გადაცმულები სხვა ოჯახებში გადამყავდა. 16-17 აგვისტო იყო, რკინიგზის სადგურიდან მიცვალებულები რომ გადაასვენეს. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილას ადამიანის თავის ქალა ვიპოვე... სანამ რუსებმა არ დატოვეს აქაურობა,  შინ ვმალავდი. აცხონოს მისი სული, ისიც კი არ ვიცი, ვისი იყო...

2008 წლის 11 აგვისტო. ქართული შენაერთები უკან იხევენ, სოფლებში რუსი აგრესორები შემოდიან... საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული შინდისში, მატარებლის ლიანდაგს მიუყვება. რამდენიმე მეტრს გაივლიან და რკინიგზის სადგურთან ცისფერჩაფხუტიანები ცეცხლს გაუხსნიან. ოცეული სადგურის პირდაპირ პატარა შენობას აფარებს თავს და უთანასწორო ბრძოლა იწყება. 20 ქართველი კბილებამდე შეიარაღებულ რამდენიმე ასეულ რუს ჯარისკაცს საათზე მეტხანს ეწინააღმდეგება... დაჭრილი ბიჭები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გმირულად იბრძვიან, მერე ტყვია-წამალი უთავდებათ...
აქ ნათლია-ნათლულის გმირული ამბავი იწყება.

ბიჭები, მათ შორის მომაკვდავი რომან ზოიძე, ნათლიას, ალექსანდრე ონიანს ეხვეწებიან, - ერთი ნაკაწრიც არ გაქვს, შენ მაინც გაასწარი, ჩვენს საფლავზე შესანდობარს მაინც იტყვიო, მაგრამ ალექსანდრეს მათი მიტოვება წამითაც არ უფიქრია.

უკვე ალყაში იყვნენ. ალექსანდრეს ყველა დაჭრილი ნათლულთან შეუგროვებია და მოძღვრისთვის დაურეკავს... მხოლოდ ერთი ყუმბარა ჰქონდათ დარჩენილი. "ცისფერჩაფხუტიანები" წინ მოიწევდნენ... ალექსანდრეს მომაკვდავი ნათლული ხელში აყვანილი გამოჰყავს შენობიდან. იჩოქებს. ცად ხელებაღმართულნი ხმამაღლა ლოცულობენ - "მამაო ჩვენო"... მტერი ქილიკით ერტყმის გარს. ამ დროს ონიანის ყუმბარა ფეთქდება... ნათლია-ნათლულის გმირულმა საქციელმა არაერთი ცისფერჩაფხუტიანი იმსხვერპლა...
რომანი 20 წლის იყო, ალექსანდრე 27-ის. ერთმანეთი სენაკში, ჯარში მსახურობის პერიოდში გაიცნეს. ზოიძე მოსანათლი იყო და ალექსანდრე სახლში ხშირად ამბობდა, ერთი ბიჭია ჯარში და უნდა მოვნათლოო... რომანი მისი პირველი და უკანასკნელი ნათლული აღმოჩნდა...

უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, კაპრალი რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.
ელენე ონიანი, ალექსანდრეს და: - ალეკოს ბოლოს 11 აგვისტოს, დილით ველაპარაკე. შინდისში ლიანდაგებს მივუყვებით ბიჭებიო, - მითხრა. ომი დამთავრდა და როგორ აპირებთ წამოსვლას-მეთქი.
ამ საუბარში ვიყავით, როდესაც გავიგონე სროლის ხმა და ბიჭების ყვირილი...
მერე ტელეფონი გაითიშა... მეორე ძმაც ამ დროს ომში იყო და მისი ასავალ-დასავალიც არ ვიცოდით... რამდენიმე დღეში სოზარი გამოჩნდა. ალექსანდრეს დაღუპვის ამბავი მალევე გავიგეთ, ცხედარი დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს. სვანეთში საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალეთ...

აგვისტოს ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელში სოზარიც დავკარგეთ... წყალტუბოში მშენებლობაზე მუშაობდა. მათთან ერთად მუშაობდა შიზოფრენიით დაავადებული კაცი, რომელიც მიეპარა და დანა ჩაარტყა ზურგში...
ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, სამნი დავრჩით.

მარინა ზოიძე, რომანის დედა:
- რომანი ბოლოს 11 აგვისტოს დილას ელაპარაკა ძმას, - შინდისში ვართ, მანქანას ველოდებით და წამოვალთო. მერე ტელეფონი გაითიშა... 14 აგვისტოს მის ნომერზე ზარი გავიდა. ჩემს მეუღლეს ტელეფონზე ალექსანდრე ონიანის სიძემ უპასუხა. არ დაუმალავს, რაც მოხდა... დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს რომანის ცხედარი... ზუსტად იმ დღეს, როდესაც დნმ-ის პასუხი გავიგეთ, ჩემს მეორე ვაჟს, ფრიდონს, მეორე ბიჭი შეეძინა. რომანი დაარქვა...
ვერ ვიტან აგვისტოს. ეს თვე რომ დგება, თავიდან ცოცხლდება ის წუთები. მენატრება ჩემი შვილი, სიზმრებში ხშირად ვხედავ... მგონია, რომ სადღაც არის წასული და უნდა გამოჩნდეს...

თორნიკე ყაჯრიშვილი
(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე)

natela
09 აგვისტო 2014 02:17
დიდება თქვენ ხსოვნას, ტქვენ ვაჯკაცობას, ტქვენ თავდადებას. თქვენისთანა თავდადებული ქართველების წყალობით მოვედით აქამდე.
giorgi
06 აგვისტო 2014 13:27
6 წელი გავიდა და თითქოს გუშინ მოხდა ეს ყველაფერი :(:(

gavazeli
05 აგვისტო 2014 18:37
davit
05 აგვისტო 2014 13:41
რუსეთუმეებო გამოდით უნდა დაგთვალოთ!

დავით მაგარი პიტალო ყლე ხარ, იმიტომ რომ ეს გმირი ბიჭები და მათი გამწარებული ოჯახის წევრები სულ ფეხებზეც არა გკიდია და ტიპურ-ნაცურად ჩმახავ სისულელეებს.
რუსების დამცველი არავის ვეგონო, მძულს რუსეთი და რუსები, მთელი არსებით მძულს, იმის გამო მძულს, რაც საქართველოს დამართეს, რაც ამ ბიჭებს და ასობით სხვა ლომივით ვაჟკაცებს დამართეს. ამის შემდეგ ჭკუათმყოფელ ქართველს როგორ შეიძლება რუსი უყვარდეს, მაგრამ მთავრობა რომ გქვია და ხალხზე ზრუნვა გევალება, რატომ უჭყობ მტარვალს ხელს, რომ ასეთი რამ გაგიკეთოს და ამდენი ხალხი დაგიხოცოს?

რედაქტორის რჩევით