"არქეოლოგებს საქართველოში ამხელა ნაგებობა არასოდეს გაუთხრიათ"
04-08-2014
"არქეოლოგებს საქართველოში ამხელა ნაგებობა არასოდეს გაუთხრიათ"
"ოქროს მაძიებლებმა იქაურობა გადათხარეს, ვერაფერი იპოვეს, მაგრამ ობიექტი დააზიანეს"

ქარელის რაიონში, მდინარეების - ფცის და მტკვრის შესართავთან, დედოფლის გორაზე, არქეოლოგებმა სამეფო სასახლე აღმოაჩინეს. 22 ოთახიდან ერთ-ერთში საკურთხეველია, ერთი სასახლის დაცვის უნდა ყოფილიყო, დანარჩენებში კი მსახურები ცხოვრობდნენ, ან სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ. აღმოჩენილია მხოლოდ ნაწილი უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსისა, რომელიც ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში მიწისძვრამ გაანადგურა.

სასახლის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში განაცხადა არქეოლოგთა ჯგუფმა, რომელსაც იულონ გაგოშიძე ხელმძღვანელობდა. ამჯერად
პროფესორი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აწარმოებდა გათხრებს, ვენეციის უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის მკვლევრები კი გორაზე ადამიანთა დასახლებების 4000-წლოვან კვალს სწავლობდნენ.

იულონ გაგოშიძე: - ყველაფერი დედოფლის მინდვრიდან დაიწყო, ეს არის უზარმაზარი ფართობი, რომლის შუაგულში 80 ჰა მიწას საბჭოთა პერიოდშიც კი გლეხები არ ხნავდნენ. შევეცადე, გამეგო, რა
იყო ამის მიზეზი და შუაგულში, პატარა ბორცვზე მდგომ ქვის სტელას მივადექი, რომელზეც წმინდა გიორგია გამოქანდაკებული, წარწერაც აქვს, რომ ეს არის სარკის წმინდა გიორგის სალოცავი. სტელასთან იდო ჩუქურთმიანი ქვა, რომელიც ხვნის დროს უპოვიათ გლეხებს. ჩუქურთმა და ორნამენტი ძალიან ჰგავდა აქემენიდური ირანის სასახლეების სვეტის ძირებს. ეს იმ დროს სენსაცია იყო. დავიწყეთ გათხრა. პირველივე დღეს მოჩუქურთმებული სვეტის თავი ვიპოვეთ. მიწა თითქოს რაღაც ძალიან საინტერესოს მალავდა, ამიტომაც 1972 წელს უკვე სოლიდური თანხა გამოიყო გათხრებისთვის. 1977 წლამდე ვიმუშავეთ, გაითხარა ერთ სისტემაში მოქცეული უზრმაზარი ძველი, წარმართული ხანის რვა ტაძარი. ეზოს კვადრატული ფორმა აქვს, მხოლოდ ერთ შენობას ოთხი ჰექტარი ფართობი უკავია. არქეოლოგებს საქართველოში ამხელა ნაგებობა არასოდეს გაუთხრიათ. ამ ტაძრებს ანალოგები ეძებნება ირანულ ტაძრებთან, მაგრამ არა - აქემენიდურთან, ეს უფრო მომდევნო პერიოდისაა, სავარაუდოდ, ქრის  ტეშობამდე  პირველი საუკუნის, როდესაც ფარნავაზი მეფობდა საქართველოში. რვა ტაძარი ეკუთვნოდა ყველა იმ ღმერთს, რომელთაც მაშინ ქართველები ეთაყვანებოდნენ. მაშინ ძეგლთა დაცვის სამსახურში დაგვპირდნენ, რომ ნატაძრალს დახურავდნენ. სამწუხაროდ, დაპირება მხოლოდ დაპირება აღმოჩნდა. ახლა ბალახი და ხეები ფარავს ყველაფერს.

- სასახლე ტაძრის კომპლექსთან ახლოს მდებარეობს?
- სასახლე არის მინდვრის ბოლოს, გორაზე, მდინარესთან. საერთოდ, მისი არსებობის თაობაზე ეჭვი გაჩნდა იმიტომ, რომ ტაძრების ადგილსამყოფელი საკმაოდ დაშორებულია მცხეთიდან, სადაც მაშინდელი მეფეები ისხდნენ. ტაძრებში სალოცავად მოსულ მეფეს გზად ერთი დღე მაინც დასჭირდებოდა და აქვე, სადმე გაათევდა ღამეს. დავიწყეთ თხრა და გორაზე აღმოვაჩინეთ სასახლის ნაშთი. გორა არის ღრმა თხრილით გამოყოფილი მაღალი ბორცვი, მდინარის დონიდან 32 მეტრ სიმაღლეზე. აქ უძველეს ადამიანებს უცხოვრიათ, ყოფილა დასახლებები და ნანგრევებმა შექმნა გორა, რომელიც სტრატეგიულადაც გამორჩეულია და აქედან შესანიშნავი ხედებიც იშლება - მტკვრის ხეობაში, ხაშურამდე, ყველაფერი ჩანს. სასახლე 3600 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. ორსართულიან სახლებსა და სამ-ოთხ სართულიან კოშკებს კედლები 2 მეტრ სიმაღლეზე ქვით, ზემოთ კი ალიზით ჰქონდა ნაშენი. 1986-1991 წლამდე უწყვეტად ვიმუშავეთ. შემდეგ დაიწყო უფულობის მძიმე პერიოდი. 1992 წელს კი ოქროს მაძიებლებმა იქაურობა გადათხარეს, ვერაფერი იპოვეს, მაგრამ ობიექტი დააზიანეს.

- გათხრები დასრულდა, როგორ შეაფასებთ საბოლოო შედეგს?
- ეს არის ძვირფასი აღმოჩენა. სავარაუდოდ, მიწისძვრა, რომელმაც სასახლე დაანგრია, შემოდგომაზე მოხდა და ყველა ოთახში ცეცხლი ენთო, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. ზედა სართულის ნანგრევებმა გაავსო ქვედა სართული. მიწისძვრას ხალხი კი გადაურჩა, მაგრამ ვერაფრის გატანა ვერ მოასწრეს, ამიტომ სავსე აღმოჩნდა უამრავი სამუზეუმო ექსპონატით. ჯერ კიდევ 2004 წელს ამ ოთახებიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ათი ათასზე მეტი ექსპონატი შევიტანეთ. ამ ნივთების მიხედვით დადგინდა  მაშინდელი კონტაქტებიც უცხოეთთან - რომთან, ეგვიპტესთან.

სტუდენტებთან ერთად გავთხარეთ ოთახი, სადაც საკურთხეველი იყო განთავსებული, იქვე კი აღმოჩნდა უნიკალური ნივთები, ბრინჯაოსა და ვერცხლის ბერძნულ-რომაული ქანდაკებები, პატარა ზომის, მაგრამ ძალიან ნატიფი, მოოქრული, ვერცხლის ყორნის ქანდაკება და მინის ჭიქა, რომელშიც 15 მონეტა იყო.

იტალიელებმა წელსაც შემოგვთავაზეს ერთად მუშაობა და პროექტიც დააფინანსეს. ამას დაემატა გელათის მეცნიერებათა აკადემიის ფულადი დახმარება და ოცდაორივე ოთახის გათხრა შევძელით.
ბოლო ოთახებში ვნახეთ კარი კლიტით და გასაღებით, პურის საცხობი ღუმელი, ხელსაფქვავები და ხორბლის გროვა. გვარდიელების, ანუ დაცვის ოთახში კი აღმოჩენილია თიხის ბეჭდებით დალუქული ბოთლები, რომლებშიც ინახავდნენ კამათლებს, მაშინდელ ბანქოს სათამაშო ფირფიტებს... ძალიან მდიდარი მასალა მოგვცა ამ სასახლემ. ის აუცილებლად უნდა იქცეს ტურისტულ ობიექტად. მსოფლიოს არქეოლოგებისთვის ყველაზე საინტერესო  ზონები მდებარეობს წინა აზიაში, იქ, სადაც ცივილიზაცია დაიბადა. ამ რეგიონში - ირანში, ერაყში, ლიბანში, სირიაში და სხვაგან საომარი სიტუაციების ან დაძაბულობათა გამო ვეღარ მუშაობენ, ამიტომაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო და კავკასია, როგორც წინა აზიის ნაწილი.

ჩვენი კანონმდებლობით ყველაფერი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ უცხოელს შეეძლოს არქეოლოგიური ლიცენზიის შეძენა და აქ მუშაობა, რაც ეკონომიურად მომგებიანი იქნება მოსახლეობისთვისაც.
გაიოზი
05 აგვისტო 2015 19:23
ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ სასახლის რეკონსტრუქცია-აღდგენას მოახდნენ.....
ია
06 აგვისტო 2014 10:30
ძალიან საინტერესო და ყურადსაღები აღმოჩენაა,მართლა შესანიშნავია ტურიზმის განვითარებისა და წინსვლისთვის,საქართველო არქეოლოგიური კუთხით ძალიან საინტერესო ქვეყანაა,ვინ იცის კიდევ რამდენი რამე აღმოჩნდება,მე ვფიქრობ რომ ტურიზმმა ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს,რა თქმა უნდა ეს მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვისაც,ეს ძალიან სანტერესო მიმართულებაა ტურიზმში და ჩვენ ზუსტად ეხლა გვჭირება ასეთი მასალით დაინტერესება,წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
მარინე
05 აგვისტო 2014 14:24

რა თქმა უნდა ძალიან ღირებული აღმოჩენაა. მით უფრო ჩვენ ნაკლებად გვაქვს სასახლის აღმოჩენები. რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა იყოს საწინდარი - ტურისტული ბიზნესის ასამოქმედებლად- ეს იქნება არქეოლოიგებისათვის მაქსიმალური ხელშეწყოპბა და არა სხვისი ყურდარEბის მმლოდინე მეცნიერების. კარგი იქნება თუ წარდგინება გექნებათ - კვლრებვების შედეგებოის და უნდა გასაჯაროვდეს. გისურვებთ წარმატებებს

რედაქტორის რჩევით