ბრიგადა #918
04-08-2014
ბრიგადა #918
ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

ამჯერად სასწრაფო დახმარების ექიმი გავხდი და რა გადამხდა თავს, ამ სტატიით შეიტყობთ.


ბრიგადა, რომლის შემადგენლობაშიც  მოვხვდი, ასეთი გახლდათ:
უფროსი ექიმი - სასიამოვნო გარეგნობის, მუდამ აუღელვებელი ქალბატონი, ნინო ქენქაძე, თავისი სიმშვიდით სიცოცხლითა და ენერგიით სავსე, მოუსვენარ ექიმს, ლადო სახეიშვილს აბალანსებს. ჩვენი მესაჭე კი ცნობისმოყვარე და საოცრად კეთილი ადამიანი, ტარიელ ზამბახიძე გახლდათ. ამ შესანიშნავ სამეულს დილიდან შევუერთდი. მანამდე ექიმების მოსაცდელ ოთახში უცხო ადამიანის დანახვაზე მეტად იმ ახალი ფორმის დანახვა
გაუკვირდათ, რომელიც მე ჩამაცვეს, რადგან აქამდე თანამშრომლებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მათთვის ახალი ფორმები შეიკერა.

- ესაა ჩვენი ახალი ფორმა? - კითხულობდნენ ჩემს დანახვაზე, თითქოს მე წინადღესაც მათთან ვიყავი და მხოლოდ ფორმა იყო ახალი.
- კი, ჩემზე ტესტავენ და თუ გადავრჩები, მერე თქვენც დაგირიგებენ-მეთქი, -
სერიოზულად ვპასუხობდი.
მოკლედ აგიხსნით სასწრაფოს მუშაობის პრინციპს: "112" რაციით გადმოსცემს პაციენტის მისამართს, სავარაუდო ჩივილს, მისამართის გადმოცემის ზუსტ დროს. ამის შემდეგ ბრიგადას აქვს 2 წუთი, რომ სადგურიდან გავიდეს. პაციენტთან მისული ექიმი გადასცემს "112"-ს, რომ ადგილზე მივიდა და ორივე მხარე იწერს ზუსტ დროს. დროს აღრიცხავს მძღოლიც. ფიქსირდება პაციენტისგან წამოსვლის ზუსტი დროც. დღის განმავლობაში თითოეულ ბრიგადას აქვს უფლება, ერთხელ 10 წუთით შევიდეს სადგურში სასადილოდ და ერთხელ 5 წუთით - ტუალეტში. ესეც აუცილებლად უნდა გადასცეს "112"-ს.

ექიმებს სართულიდან სართულზე უწევთ მძიმე ჩანთების ტარება. ჩვენს ბრიგადაში ლადო ექიმი იყო "დაჩაგრული", რადგან როგორც ჯენტლმენს შეეფერება, ტვირთის ზიდვას თავის თავზე იღებდა... 3 მოზრდილი ჩანთა და ჟანგბადის ბალონი არც ისე იოლი სატარებელია.
24 საათის განმავლობაში 30-მდე გამოძახებაზე ვიყავით და პაციენტთა უმეტესობას სასწრაფო დახმარება სულაც არ სჭირდებოდა. პირველივე გამოძახება სწორედ ასეთი იყო.

"მომაკვდავი"


"112"-მა როგორც გვაუწყა, 56 წლის მამაკაცს  გული აწუხებდა. პაციენტი  საწოლზე იწვა და კვნესოდა.
- 3 დღეა, გადაბმულად სვამს, ცოლ-შვილი სოფელში იყო და 3 ლიტრი არაყი დალია, - უცებ ჩაგვაყენა საქმის კურსში სიდედრმა.
- მიწა დალიოს მაგან და არგადარჩენა, - სამზარეულოდან გამოგვეხმაურა მეუღლე.
კარდიოგრამამ გულზე ცვლილება არ აჩვენა, პაციენტი კი კვნესოდა.
ლადო ექიმმა საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზა, გადასხმას გაგიკეთებენ და უკეთ გახდებიო, მაგრამ პაციენტმა უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ნაბახუსევს საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს.
- რამ დაგატოვებინა სახლში არაყი? - მიუბრუნდა სიდედრი ქალიშვილს.
- არაყიც მექნება, საჭმელ-სასმელიც და ეგ ამ სახლში აღარ იქნება! - დაემუქრა ქმარს ქალბატონი.
ოჯახის წევრები "საქმის გასარჩევად" დავტოვეთ და წამოვედით.

დაწუნებული თითი


შემდეგი მისამართი "ავტოპროფილაქტიკა" გახლდათ, 60 წლის მამაკაცს  სისხლმდენი ჭრილობა აქვსო. ბატონ რეზოს მარჯვენა ხელის შუათითის ბოლო ფალანგი ჰქონდა მოწყვეტილი. ჭრილობა ბინტით ჰქონდა გადახვეული და საშინელ ტკივილს უძლებდა.
ლადო ექიმმა ბინტი შეხსნა და ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავა. ამასობაში ნინო ექიმმა ქირურგიის ინსტიტუტში დარეკა და ანგიოქირურგი გააფრთხილა, რომ პაციენტი მიჰყავდა.
ექიმებმა თითის მოწყვეტილი ნაწილი მოიკითხეს, საძებნელად რამდენიმე კაცი გავარდა. ცოტა ხანში ერთ-ერთმა ხელოსანმა თითის ნაწილი მოიტანა. თუმცა,  აღდგენის შანსი ნულის ტოლი იყო.
კლინიკაში პირველ სართულზე 2 დიდი პალატაა, სადაც შოკის მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ჰყავთ. ყველა საწოლი დაკავებული იყო ნაავარიევი, სიმაღლიდან გადმოვარდნილი და ტრავმირებული ადამიანებით.
- დღეს რა გჭირთ, ყველანი თითებს რატომ კარგავთ? - გაიკვირვა ექთანმა.
ბატონ რეზოს ტკივილზე მეტად ერთი კითხვა აწუხებდა, \როდის შეძლებდა მუშაობას.
- 3 ოჯახს ვარჩენ, რა მეშველება, ნეტავ როდის შევძლებ მუშაობას? - წუხდა და თან მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა.
პაციენტი კლინიკის მედპერსონალს გადავაბარეთ და შემდეგ მისამართზე წავედით.

"რას მერჩით?


ჩვენი შემდეგი პაციენტი 17 წლის გოგონა გახლდათ.  როგორც  დედამ აგვიხსნა, გოგონას შარდვა უჭირდა. წინადღეს ექიმთანაც ყოფილან, ანალიზებიც ჩაუბარებიათ და პასუხს ელოდნენ.
- ჩვენ რით დაგეხმაროთ? - ჰკითხა ლადო ექიმმა.
- ძალიან ვნერვიულობ და დამამშვიდეთ, რას მერჩით, მაინტერესებს, - უპასუხა ქალბატონმა.
- ჩვენ არ გერჩით, გვაინტერესებს, რით შეგვიძლია დახმარება...
- რა ვიცი, ანალიზების პასუხს ველოდებით, ძალიან ვნერვიულობ, დამამშვიდეთ და მაინტერესებს, რას მერჩით, "ჩტო პოსოვეტუეტე" - ერთსა და იმავეს იმეორებდა ქალბატონი.
სიცილი ძლივს შევიკავე... თურმე "რას მერჩითო", რომ გვეკითხებოდა,  კითხულობდა - რას მირჩევთო, ამის თქმა ნდომებია.
საავადმყოფოში გადაყვანაზე უცებ დაგვთანხმდნენ. ფაქტობრივად, ეს გამოძახებაც ფუჭი იყო, რადგან საავადმყოფო მალევე დატოვეს.

"ქრონიკი"


"ქრონიკები" ჰქვიათ იმ პაციენტებს, ვინც დღეში რამდენჯერმე იძახებს სასწრაფოს. ზოგს მარტოობა აწუხებს და მოსაუბრე სჭირდება, ზოგს აფთიაქში ჩასვლას სასწრაფოს გამოძახება ურჩევნია. ასეთ პაციენტებს ყველა ექიმი იცნობს, იციან მათი ოჯახის ამბები, წინასწარ ისიც კი იციან, პაციენტი რას ეტყვის.
"112"-დან გადმოგვცეს, რომ პაციენტს ალერგია ჰქონდა, მისი პატრონი ეზოში დაგვხვდებოდა, ზუსტ მისამართზე რომ მივეყვანეთ. მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში გავჩერდით. უცებ გვერდითა ეზოდან მამაკაცი სირბილით მოგვიახლოვდა და ეზოს მერხზე დაჯდა.
- პაციენტი თქვენ ხართ? - უცებ გამოიცნო ლადო ექიმმა.
- კი, მე ვარ, - მკლავზე გამონაყარი დაანახვა, - ერთი წლის წინ ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო კოდი ჩავიდგი, რამდენიმე დღე მქონდა ვადის გასვლამდე დარჩენილი და ლუდი დავლიე. აი, შედეგიც.
- გიშველით, ოღონდ ახლა ნემსს რომ გაგიკეთებ, აღარ უნდა დალიო, - გააფრთხილა ლადომ.
ის იყო, წამოსვლას ვაპირებდით, რომ პაციენტმა შეგვაჩერა.
- ტაბლეტს არ მაძლევთ?
- რა ტაბლეტს?
- დიაზეპამს.
თურმე პაციენტს დიაზეპამის გამო გამოუძახია სასწრაფო დახმარება.
- ეს დღეს კიდევ გამოიძახებს ბრიგადას,  - მითხრა ლადომ, - ასეთ პაციენტებთან რომ მივდივართ, იმათ ვეღარ ვემსახურებით, ვისაც მართლა სჭირდება ექიმის დახმარება. იმ დღეს კიდევ 3 "ქრონიკი" მოვინახულეთ...

"მე ფსიქიატრი არ მჭირდება"


ბინიდან ხმაური გამოდიოდა. კარზე დავაკაკუნეთ. ახალგაზრდა, მამაკაცმა  შინ შეგვიპატიჟა. ოთახში 30 წლის 6 თვის ფეხმძიმე ქალი დაგვხვდა.
- ამ ბოლო დროს ცოტა აურია, - გვითხრა ქალბატონმა, რომელიც პაციენტის დედა აღმოჩნდა.
- რას ნიშნავს, აურია?
- ჰალუცინაციები აქვს...
პაციენტი გაბუტული უყურებდა ქმარსაც და დედასაც.
- რაიმე ტრავმა ხომ არა აქვს გადატანილი? - ჰკითხა ნინომ.
- ბავშვობაში მეორე სართულიდან გადმოვარდა, მაგრამ აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია. შარშან დაეწყო ასეთი უცნაური ქცევები, ფსიქიატრიულში იწვა ერთი კვირა და იმის მერე წამლებს სვამდა. ახლა წამლებს აღარ სვამს, რადგან ორსულადაა და ისევ დაეწყო.
- მე მახსოვს, აივნიდან რომ გადავვარდი, ჩემი თავი დავინახე, ზემოდან დავყურებდი, მერე ხელშიც ავიყვანე, მამიდაჩემი მოვიდა და კოპლებიანი თავშალი გადააფარა... მერე გავიღვიძე და ისევ ერთი "მე" ვიყავი. ჩემი ქმარი ორი ადამიანია: ერთი თბილია, ალერსიანი,  მეორე კი ცივი და უხეში. პირველი ჩემი მეგობარია, მეორე კი - ქმარი, გვიხსნის ფეხმძიმე.
- ექიმთან უნდა წავიდეთ, - შეაპარა ლადომ.
- მე ფსიქიატრი არ მჭირდება, ფსიქონერვოპათოლოგი მინდა.
ლადო ექიმი დაჰპირდა, რომ ფსიქონერვოპათოლოგთან მიიყვანდა და ამის შემდეგ დაგვთანხმდა კლინიკაში გადაყვანაზე.

"ის პილოტი რომ ყოფილიყო, იუბილეს გადამიხდიდა"


ღამის პირველ საათზე ქუჩის გამოძახება მივიღეთ. სანაპიროზე მყოფ ქალს ხუთვა ჰქონია. სასწრაფო დახმარების მანქანა ერთად შეგროვილ ქალებთან გაჩერდა. ყველანი მიმოიფანტნენ, ერთი ქალი კი ჩვენკენ წამოვიდა, მე გამოგიძახეთო.
პაციენტი რეანიმობილში დასვეს. აღმოჩნდა, რომ ასთმა ჰქონია.
ვიდრე ექიმები დახმარებას უწევდნენ,  სხვა მეძავებთან ახალგაზრდა მამაკაცებით სავსე მანქანა გაჩერდა. ფასზე მოილაპარაკეს და ქალები "ბითუმად" მოხსნეს, რადგან ხუთნი ჩასხდნენ.
- სანამ შენ ავად ხარ, შენს დაქალებს კლიენტები გამოუჩნდნენ-მეთქი, - ვეუბნები პაციენტს.
-  ეგღა მაკლია, ეგენი ჩემი დაქალები იყვნენ...
- რა ღირს მათი მომსახურება?
- 30 ლარი. თუ შეევაჭრებიან, 20 ლარადაც მიჰყვებიან, ტაქსის მძღოლებს კი 10 ლარადაც ემსახურებიან.
- შენი მომსახურება რა ღირს?
- 80 ლარი, სასტუმროიანად.
- გაქვს მუშაობა?
- ახლა არა, მუშაობა ადრე გვქონდა. ახლა ხალხს ფული აღარ აქვს, კრიზისია...
- რამდენი წელია, რაც ამ საქმეს მისდევ? - ხელიდან არ ვუშვებ შანსს, რომ მისგან ინტერვიუ ავიღო.
- 23 წლიდან. ახლა 43-ის ვარ. 20 წელი გამოდის, რა.
- აბა, იუბილე გქონია...
- ადრე ერთი დებილი პილოტი მყავდა გამოჭერილი, კვირაში 1.000 ლარს მიგზავნიდა, რომ სხვასთან არ წავსულიყავი. მაშინ კარგად ვცხოვრობდი. ის რომ ყოფილიყო, იუბილეს გადამიხდიდა.
ეს ქალიც "გამოვტაცეთ სიკვდილს" ხელიდან.
დილის 4 საათამდე პაციენტთა ნაკადი არ შეჩერებულა. საოცრად დამღლელი და რთული სამუშაო აქვთ სასწრაფო დახმარების ექიმებს, თუმცა, ძალიან საინტერესო.

მარი ჯაფარიძე
tamuna
07 აგვისტო 2014 14:01
ძალიან ყურადღებიანი ექიმები ხართ გაიხარეთ. პირადად გიცნობთ. გამოირჩევით უდიდესი პროფესიონალიზმით ყურადღებით სითბოთი და სიყვარულით.სიკეთე და წარმატება იყოს თქვენი ოჯახის მეგზური.უფალი გფარავდეთ
tamuna
07 აგვისტო 2014 13:45
ძალიან ყურადღებიანი ექიმები ხართ გაიხარეთ. პირადად გიცნობთ. გამოირჩევით უდიდესი პროფესიონალიზმით ყურადღებით სითბოთი და სიყვარულით.სიკეთე და წარმატება იყოს თქვენი ოჯახის მეგზური.უფალი გფარავდეთ
ნია
06 აგვისტო 2014 10:17
ასეთი ხალხის გადამკიდე, მეც აღარ ვიძახებ ხოლმე - ვაიდა ისე არ მიჭირს და ტყუილად ვაწუხებ მეთქი... არადა ერთხელ თურმე უნდა გამომეძახა, ძლივს გადავრჩი. მოკლედ, კარგი სტატია და ჩვენო ძვირფასო და საყვარელო ექიმებო, გაძლებას გისურვებთ ♥
ისე კი შემეცოდნენ, დღეში ერთხელ სპაირფარეშოში გასვლა ცოტა არაა, იქნებ ორჯერ გაუჭირდა ადამიანს?

რედაქტორის რჩევით