"საქართველოში გავათვითცნობიერე, რომ ღმერთს ვეძებდი..." - კვირის პალიტრა

"საქართველოში გავათვითცნობიერე, რომ ღმერთს ვეძებდი..."

ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ქართული ოდისეა

ჯეიმზ ჰიგინსონი მონიტორზე ფილმის თრეილერს მიჩვენებს. "უანგარო დონორობა" - ასე ერქმევა ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ქართველი ბერების ცხოვრების შესახებ იღებს. ფილმში, ძირითადად, ძამას ხეობაში მდებარე ეკლესია-მონასტრებია წარმოდგენილი. პროექტის დიდი ნაწილი მზად არის, მაგრამ ჯერ საქმე ბევრია... მიუხედავად იმისა, რომ ფული არ ჩანს, ჯეიმზს იმედი აქვს, რომ "უანგარო დონორობას" ბევრი ადამიანი გაუწევს სპონსორობას და მაყურებელი იხილავს დასრულებულ კინოპროდუქციას, რომელიც კინოფესტივალების ფავორიტი გახდება. დამფინანსებლის საპოვნელად საიტიც კი შექმნა, სადაც თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ საჩუქრად მიიღებთ ფილმის DVD-ვერსიას, მოიპოვებთ ჯეიმსთან ფოტოსესიის უფლებას ან სხვა საინტერესო წახალისებით ისარგებლებთ. სპონსორთა რიცხვი ნელ-ნელა, მაგრამ მატულობს. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო და გერმანიაში საქართველოს საელჩო.

ჯეიმზი ამერიკელია. 17 წელი მუშაობდა ფოტოგრაფად ჰოლივუდში, მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტა, კინომექაში მიღებული დიდი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე საკუთარი პროდუქციის შექმნა ეცადა. ამას მოჰყვა უამრავი საინტერესო პროექტი, "ემი" და ბოლოს საქართველო. ამ ქვეყანაში ფეხის დადგმის შემდეგ მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ხანა დაიწყო, ახლა ის  ორ ფილმს იღებს, ქართულ ეკლესიებსა და  ქართული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარ "შავფაროსნებზე".

კათოლიკეა, თუმცა, ეს ხელს არ უშლის უყვარდეს სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები. "თუ გინდათ, შეიგრძნოთ, რას ნიშნავს ცხოვრება მონასტერში, აუცილებლად უნდა დაესწროთ ღამის ოთხიდან დილის თორმეტ საათამდე გამართულ წირვას. ეს საოცრებაა, ამ დროს გრძნობ, რომ ღმერთი დგას შენ წინ და გაძლევს მინიშნებას, რომელიც გულის თვალებმა უნდა დაინახოს, გულის ყურმა უნდა იგრძნოს. ის გეუბნება, რა არის სწორი და რა - არა. ძამას ხეობა სამოთხეა დედამიწაზე. იქ ვხედავ, როგორ უყვართ ადამიანებს მიწა,  როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე და ასე ქმნიან ღვთისკენ სავალ გზას. ბუნება, ჰაერი, წყალი, გარემო - ყველაფერი ისეთი ჰარმონიულია, გრძნობ, რომ უკან დაბრუნებისას შენი ენერგეტიკული ნაწილი იქ რჩება და სადაც უნდა წახვიდე, ეს საოცარი ხეობა გკვებავს", - ამბობს ჯეიმზი, რომელიც უკვე მეხუთედ არის საქართველოში. ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს აზარტში შესული იმდენად მიუახლოვდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებს, რომ მოფარიკავეთაგან ერთ-ერთის ხმალი შუბლში მოხვდა. ხუმრობს, "შავფაროსნებმა" რაინდად მომნათლესო.

ჯეიმზი გადაღების პარალელურად ეცნობოდა საქართველოს, მის კულტურას, სულიერ ცხოვრებას,  რეგიონებს. ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მოიარა მთელი საქართველო, თანაც არაერთხელ და მაინც მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრი რამ არ უნახავს.

"არა აქვს მნიშვნელობა, რას ვიღებ, ადამიანის პორტრეტს, პეიზაჟს თუ ამა თუ იმ ერის ცხოვრებისეულ თავისებურებებს. ვცდილობ, ზედაპირზე გამოვიტანო ის, რასაც თვალი ვერ დაინახავს. რასაც ზედაპირზე ხედავ, ის მხოლოდ ბინდია, რომელიც უნდა გადაწმინდო... ყველაზე მთავარი აქ ადამიანების გულში და მათი ცხოვრების წესების სიღრმეებში იმალება.

თავიდან მხოლოდ "შავფაროსნების" ალბომების შექმნაზე ვფიქრობდი, ეკლესია-მონასტრების გაცნობის შემდეგ კი უცებ გადავწყვიტე, ორი ფილმი გადავიღო და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვანახო. ხელოვნების ერთ-ერთი დანიშნულება ხომ ისიც არის, რომ სხვებს დაეხმარო იმის ნახვაში, რასაც თვითონ მიზეზთა გამო დამოუკიდებლად ვერ მოიპოვებს", - მეუბნება ჯეიმზი და მაჩვენებს ფოტოს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაჩოქილი  ხელზე ემთხვევა და უწმინდესი ლოცავს. "პატრიარქს ჩემი პროექტი მოეწონა, თრეილერიც ვანახე, ფილმის გადაღებაში წარმატება მისურვა, დამლოცა და ჩვენი საქმე აკურთხა", - ამბობს ფოტოგრაფი.

მონასტერი

"ძალიან რელიგიური ადამიანი ვარ, ამიტომაც მიმიზიდა, ალბათ, მონასტრებმა. აქ საოცარი ადამიანური ურთიერთობები ვნახე. ვნახე ახალგაზრდა ბერები, ძალიან ახალგაზრდები, გავოცდი. ვერ გამეგო, რატომ გადაწყვიტა 17 წლის ბიჭმა მონასტერში წასვლა. მომინდა, მისი გადაწყვეტილების სიღრმეში ჩამეხედა, მეგრძნო ის, რასაც ახალგაზრდა ბერი გრძნობდა.  რაც დავინახე, ფილმში აღვწერე, მაგრამ არ შემიძლია, ახლავე არ გითხრათ, როგორ აღმაფრთოვანა საერო პირების მზრუნველობამ. ხშირად ისინი მონასტრებში ცხოვრობენ და ეხმარებიან ბერებს, იქვე ვნახე ალკოჰოლიკები და ნარკომანები, როგორ ზრუნავენ მათზე ბერები, როგორ აწვდიან სულიერ საზრდოს და სულიერ მამობას უწევენ მათ, ვინც შესაძლოა ბიოლოგიურ მამას არც უჯერებს, თუნდაც ისე, როგორც მე 16 წლის ასაკში.

საქართველოში გავათვითცნობიერე, რომ ღმერთს ვეძებდი და ვეძებ დღესაც. ვცდილობ, ვიპოვო საკუთარი თავი, ჩემი ხელოვნებაში მოღვაწეობის არსიც ეს არის. ამით ვცდილობ, დავხვეწო ურთიერთობა  მამასა და შვილს შორის, ანუ კაცსა და მის შემოქმედს შორის".

შავფაროსნები

"ქართული საბრძოლო ხელოვნება საოცრებაა, რომელსაც მსოფლიო არ იცნობს. ეს ბიჭები, ჩემი მეგობრები, თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ცდილობენ, ეს საოცარი სიმდიდრე არ დაავიწყდეს ხალხს და სულ არსებობდნენ ისეთები, ვინც ხმალსაც კარგად მოიქნევენ და თუ უძველესი ქართული საბრძოლო მეთოდებით მტერს არ გაუსწორდებიან, საოცარ სანახაობას მაინც მოუწყობენ მნახველს. მოხარული ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან მუშაობის საშუალება მომეცა. მე გავაკეთებ მათ ფოტოალბომებს და გადავიღებ ფილმს, რომელიც იქნება რაღაც სხვა და არა უბრალოდ მხოლოდ დოკუმენტური ან მხატვრული კინო".