ხმების, ფერების, აზრების "პალიტრა" იუბილარია - კვირის პალიტრა

ხმების, ფერების, აზრების "პალიტრა" იუბილარია

ზუსტად ექვსი წლის წინ, აგვისტოს ყველაზე მძიმე დღეებში, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით, შეწყდა თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში, დაიბადა კიდევ ერთი რადიო -""რადიო "პალიტრა"- FM103.9, რომელიც დაგეგმილ ვადაზე ბევრად ადრე წარდგა მსმენელის წინაშე.

17 აგვისტოს პირველი საინფორმაციო გამოშვებიდან ექვსი წელი გავიდა. თავიდან იყო გაკვირვება, კითხვები, - როგორ გაბედეთ, ხვალინდელი დღე არ გაფრთხობთო?.. მალე კითხვები საინფორმაციო გამოშვებების მოლოდინმა შეცვალა, შემდეგ გაჩნდა ტოქშოუები, გასართობი გადაცემები... თV-რადიო "პალიტრა" იქცა უნიკალურ მოვლენად მედიასივრცეში, რადიოდ, რომელსაც შეგიძლიათ არა მხოლოდ უსმინოთ, არამედ უყუროთ კიდეც.

რადიო "პალიტრის" პროგრამების ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ამ ექვსი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჭეშმარიტებაში, - "არასდროს იკარგება ის, რასაც გასცემ".

თამარ ცაგარეიშვილი:

- პრინციპების ერთგულება, პროფესიონალიზმი, განვითარების სურვილი და თანამიმდევრულობა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დააფასა მსმენელმა. ჩვენც მათი ინტერესების გათვალისწინებით ვქმნით ჩვენს პროდუქციას.

- ქალბატონო თამარ, რადიო "პალიტრა" არა მხოლოდ ლაპარაკობს, აჩვენებს კიდეც...

- დიახ, ამ მხრივ რადიო "პალიტრა" უნიკალურია. მას წამოეწია ტელევიზია და გაჩნდა ახალი - ტელე და რადიო კონგლომერატი. ტელევიზიას უწევს რადიოს სპეციფიკის გათვალისწინება, რადიოს ტელევიზიის სპეციფიკის მორგება, რაც ძალიან რთულია, რადგან ორივე დამოუკიდებელი ჟანრია.

- რა სიახლეებით შეხვდებით ახალ სეზონს? მხოლოდ გადაცემები განახლდება თუ სტუდიებიც?

- იქმნება, როგორც ახალი სტუდიები, ახალი პროექტებიც, მაგრამ რადიოს ხერხემლად მაინც რჩება საინფორმაცო გამოშვებები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუები, მერაბ მეტრეველის საავტორო გადაცემები და ზვიად დოლიძის - "პროვოკატორი". ეს გადაცემები რადიომ "მიაშვილა" ტელევიზიას. არც ტელევიზია დარჩა ვალში, "კაცია-ადამიანი", "გვეთამაშე ჩვენ", "1002 ღამე", რადიოშიც წარმატებით მიდის. მზადდება ახალი სატელევიზიო პროექტიც, რომელთა რადიოვარიანტებსაც "პალიტრის" მსმენელი სექტემბრიდან მოისმენს.

- რა გადაცემის მომზადებას აპირებთ?

- გადაცემას ერქმევა "არამექანიკური ფორთოხალი", ეს არის პერიფრაზი ენტონი ბერჯესის ცნობილი რომანისა "მექანიკური ფორთოხალი". ადამიანისთვის თავისუფალი ნების წართმევა დაუშვებელია, პიროვნება არ უნდა აქციო მექანიკურ ფორთოხლად. ყველაზე დიდ ნაძირალასაც არ უნდა წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება. გონების გახსნაში, სხვადასხვა ძალადობრივი სქემებისა და სისტემების გააზრებაში, თავისუფალი ნების შენარჩუნებაში კი ადამიანს განათლება და წიგნი ძალიან ეხმარება. უწიგნურობა მექანიკურად ქცევის ყველაზე მსუყე საფუძველია. "იკითხე წიგნები და ნუ გადაიქცევი მექანიკურ ფორთოხლად" - მოგიწოდებთ "არამექანიკური ფორთოხალი".

TV-რადიო "პალიტრის" დირექტორი ინგა დადიანი მიიჩნევს, რომ რადიო "პალიტრა" TV-პალიტრის საყრდენია: - ერთია, როდესაც ტელევიზია არსებობას იწყებს სრულიად თავისუფალ ველზე და სხვა თემაა, როდესაც ეთერში გადიხარ უწყვეტად მიმდინარე უკვე პოპულარული მზა პროდუქტით, თავის მსმენელიან-წამყვანებიანად. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია და რადიო ერთად ვითარდება, ტელევიზიამ დაიწყო ამ ერთობლივ პროცესში თავისი ნიუანსების შეტანა. ამ ერთდროულად ერთობლივი და ამავე დროს ინდივიდუალური პროდუქტით ძალიან კმაყოფილია მსმენელი.

პოლიტიკური ტოქშოუების პროდიუსერის, ინგა სამხარაძის თქმით, რადიო "პალიტრას" განსაკუთრებული მსმენელი ჰყავს - მიუკერძოებელი, კრიტიკული, განსაკუთრებით ინტერაქტიული. - განსაკუთრებით ბევრი მსმენელი პოლიტიკურ ტოქშოუებს ჰყავს. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ აქტიური მსმენელები გადაცემაში მოგვეწვია. მათ კოტე ჟღენტის გადაცემამ "აქ და ახლა" უმასპინძლა. სიხარულით გვეწვივნენ, ერთ-ერთი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირიც აღმოჩნდა... მათ სტუდიაში ილაპარაკეს, რატომ უყვართ "პალიტრა" - რადიო, სადაც შესაძლებელია თავისუფალი აზრის გამოხატვა. მოსწონთ, რომ ყოველი საათის ბოლოს შეუძლიათ მიიღონ ახალი ინფორმაცია, აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი... "თქვენთან მუსიკაც კი არ გადის მხოლოდ ერთ სეგმენტზე ორიენტირებული, ამიტომაც ხართ ფერების, ხმების, აზრების პალიტრა, სადაც ჩვენთვის სრული თავისუფლებაა", - ამბობდნენ მსმენელები. ისინი ძალიან კრიტიკულები არიან რესპონდენტების მიმართ, ჩვენ არ ვზღუდავთ მათ აზრს, ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია.

რადიო "პალიტრას" ულოცავენ:

დავით ზურაბიშვილი, საკრებულოს წევრი:

"ვულოცავ რადიო "პალიტრას" ექვსი წლის იუბილეს. იმ დროს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში და მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს, მიჭირდა ხელისუფლების მართულ ეთერში მოხვედრა, რადიო "პალიტრა" იყო ერთ-ერთი რადიო და საზოგადოდ, მასმედიის საშუალება, საიდანაც თავისუფალი სიტყვა ისმოდა. იყო დისკუსია, დებატები და საინტერესო მსჯელობა. სწორედ ამიტომაც მოიპოვა მან პოპულარობა და ავტორიტეტი ხალხში. მჯერა, რომ ახლაც და შემდეგშიც მუდამ იქნება აქტუალური, საინტერესო და თავისუფალი მასმედიის ერთ-ერთი ფლაგმანი საქართველოში".

სოზარ სუბარი, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი:

"გულწრფელად ვამბობ, ჩემი ყველაზე საყვარელი რადიო არის "პალიტრა". FM 103.9 არის არხი, რომელზეც ყველაზე ხშირად მაქვს მომართული ჩემი ავტომობილის რადიომიმღები. არ მეგონა, თუ მხოლოდ ექვსი წელი შეგისრულდათ, რადგან იმდენი მაქვს მოსმენილი, რომ მგონია, ყველაზე ძველი რადიო ხართ საქართველოში".

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი:

"თქვენი რადიო ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში შემოვიდა საინფორმაციო სივრცეში და მას შემდეგ ახმიანებს ჩვენს იმედს, უიმედობას, სიხარულს, საწუხარს, ჩვენს ფიქრებს. ვფიქრობ, თქვენ არ მისცემიხართ ცდუნებას პოპულისტური ქვეტექსტებით მოგეპოვებინათ ადგილი და, ალბათ, ამან განსაზღვრა ის, რომ სრულიად განსაკუთრებული მსმენელი გყავთ. ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ, მათ ეგულებათ ადგილი, სადაც შეუძლიათ მოისმინონ კვალიფიციური მსჯელობა ამა თუ იმ პრობლემაზე."

ეკა ლომიძე