მიწისძვრას 200 ათასი ადამიანი ემსხვერპლა!!! - კვირის პალიტრა

მიწისძვრას 200 ათასი ადამიანი ემსხვერპლა!!!

ჰაიტიზე სიკვდილი მეფობს. აქ გვამებს ბულდოზერებით აგროვებენ, ღამღამობით კი ქუჩებში სროლის ხმა ისმის. მაროდიორები საკვებზე, წყალსა და პირველი მოთხოვნილების საგნებზე ნადირობენ. მიზანი ყველას ერთი აქვს - გადარჩენა.

მთელი მსოფლიოდან უკვე დახმარების ნიაღვარია დაძრული, თუმცა პირველმა მაშველებმა და ჰუმანიტარულმა ტვირთმა უცხოეთიდან ჰაიტიზე მხოლოდ მიწისძვრიდან მესამე დღეს ჩააღწიეს. სანამ მაშველები ორ მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარებიან, საკმაო დრო გაივლის. სამაშველო სამუშაოებსა და ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების განაწილებას კუნძულზე გამეფებული ქაოსი უშლის ხელს.

KvirisPalitra.Geგაეროს შეფასებით, ეს "ყველაზე უარესი კატასტროფაა", რომელთანაც კი საქმე ჰქონია, რადგან ადგილობრივი ადმინისტრაცია სრულიად უსუსური აღმოჩნდა, ხოლო ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჰაიტელებს კი საკვები, წყალი და ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდებათ.

პატარა, მზიან, მიწიერი სამოთხის მსგავს, მაგრამ ღარიბ ქვეყანას სტიქია 12 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 4:53 საათზე დაატყდა. დედაქალაქი პროტ-ო-პრენსი რამდენიმე წამში იქცა ნანგრევებად. მსხვერპლის შესახებ თავდაპირველად ძალიან განსხვავებული შეფასებები ვრცელდებოდა. ამჟამინდელი მონაცემებით, აღნუსხულია 50 ათას დაღუპულზე მეტი და სავარაუდოდ, ეს რიცხვი 200 ათასამდე გაიზრდება. მაშველები ნანგრევებში ძირითადად მხოლოდ დაღუპულებს პოულობენ...

KvirisPalitra.Geძალიან ბევრი დედაქალაქს ტოვებს საკვებისა და წყლის მოსაძიებლად. ისინი ჩრდილოეთით პატარა ქალაქებისთვის ან მეზობელი დომინიკისთვის თავის შეფარებას ცდილობენ. ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, პორტ-ო-პრენსის ქუჩებში კვდება დახმარების მოლოდინში. ყველაზე მეტი დაღუპული სწორედ დედაქალაქშია. ათასობით გვამის დამარხვას საკმაო ხანი სჭირდება, ცხელი ჰავის გამო კი მაღალია მძიმე ინფექციურ დაავადებათა აფეთქების რისკი.

სახელმწიფო ჰაიტი კუნძულ ჰაიტიზე მდებარეობს, კარიბის ზღვაში. იმავე კუნძულზეა მეზობელი დომინიკის რესპუბლიკა, რომელიც მიწისძვრას არ დაუზარალებია. სწორედ დომინიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში  გადაიყვანეს მიწისძვრისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე სიმონ შამანაური. თბილისში მას მეუღლე თინათინი და ორი შვილი ჰყავს. "კვირის პალიტრა"  ოჯახს დაუკავშირდა.

KvirisPalitra.Geთინათინ შამანაური: - სიმონს უცხოეთში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს, თუმც, ჰაიტიზე მხოლოდ ერთი წლის წინ ჩავიდა. რამდენიმე წლის წინ კომპანია "ესკო" საქართველოშიც მუშაობდა. სწორედ მაშინ დაიწყო სიმონმა მათთან მუშაობა. მერე ეს კომპანია ჩვენი ქვეყნიდან წავიდა და სიმონიც გადავიდა უცხოეთში სამუშაოდ. "ესკო" უცხოური კომპანიაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სასაწყობე ინფრასტრუქტურა აქვს. ჩემი მეუღლეც ერთ-ერთ საწყობში მუშაობდა. მას კარგი სამუშაო კონტრაქტი აქვს, ყველანაირად უზრუნველყოფილია, აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და 6 თვეში ერთხელ ერთთვიანი შვებულობით ჩამოდის ხოლმე.

- ხომ არ გქონიათ "ესკოსთან" საუბარი იმის თაობაზე, რომ სიმონი გადმოიყვანონ საქართველოში?

- შესაძლოა, მე წავიდე. თუმც, ჯერჯერობით ეს საკითხი არ გადამიწყვეტია. ვიცი, რომ ახლა თავს უკეთესად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ჰაიტელებს 250 ათასი დოლარის ჰუმანიტარული ტვირთი და სამაშველო ჯგუფი გამოუყო.

ფართოდ იშლება დახმარების საერთაშორისო კამპანია. გაერო დაზარალებულებისთვის 562 მლნ დოლარს გამოჰყოფს. ეს თანხა 3 მილიონ კაცს მოხმარდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში (სხვათა შორს, მიწისძვრისას გაეროს მისიის 16 წევრი დაიღუპა, KvirisPalitra.Geხოლო 150 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება). მსოფლიოს მრავალმა დიდმა თუ პატარა ქვეყანამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღუთქვა სტიქიით დაზარალებულებს და ათეულობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და მაშველთა რაზმები გაგზავნა.

ჰაიტიზე კი მიწისქვეშა ბიძგები გრძელდება, თუმცა ისინი შედარებით სუსტია და დამანგრეველი ეფექტი არ ახლავს. დიდ მიწისძვრებს, როგორც წესი, ნაკლები ძალის მრავალი ბიძგი მოჰყვება ხოლმე. ბოლო მონაცემებით, პორტ-ო-პრენსში სახლების 30% მთლიანადაა დანგრეული, ხოლო მძიმე დაზიანებას ვერც ერთი დიდ შენობა ვერ გადაურჩა.