გზა ტაძრისკენ
25-08-2014
გზა ტაძრისკენ
"წელს ჩვენს სოფელში რთველი არ იქნება!"

ეს ამბავი სოფელ პირველ სვირსა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს უკავშირდება. ზუსტად არავინ იცის, სოფლის სასაფლაოზე მდგარი ტაძარი რომელ საუკუნეში აშენდა. 86 წლის უშანგი გიორგაძე ამბობს, ამ მხარეში ეს სალოცავი სიდიდით ერთადერთი იყო, მისი დანახვა ზესტაფონის რაიონის ყველა სოფლიდან შეიძლებოდაო.


-„ტაძრის დასავლეთით, კარის თავზე, ჯვარი და აშენების თარიღი იყო ამოტვიფრული. 1939 წელს დაიწყეს ტაძრის დანგრევა, ცხადია, ის წარწერიანი მხარეც ჩამოაქციეს. მაშინ მეოთხე კლასში ვიყავი
და, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, რა ეწერა... 1871 წელს გაიხსნა პირველი რკინიგზის ხაზი ზესტაფონი-ფოთი. ამბობდნენ, ეკლესია რკინიგზის გაყვანამდე კარგა ხნით ადრე ააშენესო. ბევრი ვეძიე არქივში მასალები, მაგრამ ვერსად მივაკვლიე.
სვირი მდიდარი სოფელი იყო. ნაყოფიერი მიწები გვქონდა, ყველა ოჯახს ჰქონდა ვაზი, რომელიც მაშინ ყველაზე შემოსავლიანი გახლდათ, მოსახლეობა
შეძლებულად ცხოვრობდა და ეკლესიისთვის შესაწირს არ იშურებდა.
30-იან წლებში სოფლის თავმჯდომარედ იულია ღიბრაძე აირჩიეს. წერა-კითხვა არ იცოდა და ხელის მოწერა მერე ასწავლეს. იმ პერიოდის დევიზი იყო, - ვებრძოლოთ ეკლესიასო და ამ ჩვენმა სოფლის თავმჯდომარემაც ბრძანა, ტაძარი დაენგრიათ. ჯერ ზარები ჩამოხსნეს, მერე სამრეკლო დაანგრიეს და მიაყოლეს გუმბათი, რომელიც ქვის უზარმაზარ სვეტებზე იდგა. ქვები მოსახლეობამ დაიტაცა სახლების ასაშენებლად, მაგრამ
ვინც გუმბათის ქვა შინ წაიღო, უბედურება ეწია... წლების შემდეგ მათმა შთამომავლობამ სახლები დაშალა და ქვები უკან დააბრუნა

- ტაძრის ეზოში რომ ქვები ყრია, სწორედ იმ სვეტებისაა...
გუმბათთან ერთად საკურთხეველიც დაანგრიეს. დატოვეს მხოლოდ დარბაზი, რომელიც კლუბად გადააკეთეს. მახსოვს, სკოლიდან ბავშვები მოვყავდით და ამ დარბაზში ფილმებს გვაყურებინებდნენ. მერე შენობა საწყობად გადააკეთეს.
ეზოში საფლავის ქვები ამოყარეს და ფეხბურთის მოედანი მოაწყვეს. მაშინ მოსახლეობამ წინაპრების საფლავები დაკარგა...

ძელქვა

ტაძრის დანგრეული კედლები სამი წლის წინ აშენდა და ჭერი გადაიხურა, ამჟამად შიდა მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესია მოსახლეობის შემოწირულობითა და ერთი ბიზნესმენის დახმარებით შენდება...
ტაძრის ეზოში ასწლოვანი ხე - ძელქვა“დგას. მახსოვს, მამაჩემი და ერთი ჩვენი თანასოფლელი მორიგეები იყვნენ საბჭოში.  უბრძანებიათ, ტაძრის ეზოში ძელქვები დაჭერითო. თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდათ, წასულან და დაუჭრიათ. შინ დაბრუნებული მამა მთელი ღამე ტიროდა, ისე განიცდიდა იმ ცოდვას, - მიყვება ბატონი უშანგი.

ხელმოცარული სოფელი


ტაძრიდან სოფლის ცენტრში ჩამოვდივარ. კულტურის სახლი, ფოსტის შენობა, საბავშვო ბაღი, აფთიაქი და უნივერმაღი ისეა დაზიანებული, მალე ნანგრევებად იქცევა. აქვე დგას ორსართულიანი სახლი, რომლის პირველ სართულზე სოფლის ამბულატორიაა. სოფლის ერთადერთი ნათელი წერტილი ახალდაგებული მოასფალტებული გზაა.  კარგა ხანს ქუჩაში ვერც მაღაზია ვიპოვე და ვერ დამლაპარაკებელი. მერე, ერთ-ერთი დანგრეული შენობის მეორე სართულზე სასურსათო მაღაზია აღმოვაჩინე. გამყიდველისგან ვიგებ, რომ კახეთის მსგავსად, მოსავალს აქაც აღარ ელოდებიან: - მთელი ზაფხული წვიმა არ მოსულა, აღარც სიმინდს ველოდებით და აღარც ხილს.  
მაღაზიიდან“გამოსული აღმართს მივუყები იმ იმედით, რომ ქუჩაში გამვლელს მაინც გადავეყრები. ასიოდ მეტრში რამდენიმე კაცის საუბარი მესმის. ფეხს ვუჩქარებ. სკოლის შენობაში ხელოსნები ფანჯრებს სვამენ. სახურავი შარშან გამოუცვალეს და მომავალში იქნებ რემონტიც დაიწყონო, - მეუბნებიან.

კობა კაპანაძე, სოფლის მკვიდრი: - ახალგაზრდებისთვის არანაირი გასართობი არ არის. ორი ბიჭი მყავს, ორივე ჯარშია. აქ მარტო უმუშევრობაა. ხალხს უწყლობა ტანჯავს (სწორედ ამ დროს ამოიარა აღმართი წყლის ბალონებით დატვირთულმა ქალბატონმა), გარშემო ყველა სოფელშია შემოყვანილი გაზი, ჩვენ კი ბალონის დასატენად ზესტაფონში ჩავდივართ. სოფელში ერთი სახანძრო და სასწრაფო რომ არ იქნება, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?  

ცარო გამრეკელაშვილი, სოფლის მკვიდრი: - ადრე თუ ტონა-ნახევარ ყურძენს ვკრეფდი, შემოდგომაზე ერთ კილოსაც ვერ დავკრეფ. გაზაფხულზე, ყვავილგამოტანილ ვაზს დაათოვა და ნაყოფი მოყინა. მთელი სოფელი ასე ხელცარიელი დავრჩით. წელს ჩვენს სოფელში რთველი არ იქნება! ამ გვალვებს ვერც ბოსტნეული გადაურჩა. არ ვიცი, ზამთარი როგორ უნდა გადავიტანოთ. პენსიის ანაბარად დავრჩით. ზესტაფონის გამგეობაში ვიყავი - რითი ვიარსებოთ-მეთქი. ვერაფრით დაგეხმარებითო. ჩვენი შემოსავლის წყარო ვენახია, არადა, ვენახისკენ გახედვაც აღარ მინდა...
ლეილა ღუდუმიძე, სოფლის მკვიდრი: - სოფელი დაცარიელდა. ჩემს უბანში რვა სახლია გამოკეტილი. ახალგაზრდობა სოფლიდან გარბის და ქალაქში ეძებს სამსახურს.

პირველსვირელებს ახლა ყველაზე მეტად ამ კითხვაზე პასუხის მიღება აინტერესებთ -  დაეხმარება  სახელმწიფო უმოსავლოდ დარჩენილ მოსახლეობას?

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე


nino
30 აგვისტო 2014 16:59
ეს ეკლესია სანამ ქვის აშენდებოდა იყო ხის.დაახლოებით მე-8 მე-9 საუკუნეეების.გრიგოლ ხანძთელმა ისდასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ ეკლესიად აღიარა.ესეკლესია ორი სოფლის მრევლს აერთიანებდა.შემდეკ მე-18 მე-19 საუკუნეებში ხის ეკლესიის ნაცვლად აშენდა დიდი ეკლესია.რომელიც არქიტექტორმა არასწორად ააშენა,თუ არ ვცდები შეცდომა იყო საკურთხევლის მდებარეობაზე,ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის განახლება რესტავრაცია,წმინდა გიორგი ფარავდეს ამ სოფელს და ამ სოფლის მკვიდრს!!!
გიზო
27 აგვისტო 2014 00:43
ასეტ მდგომარეობაჰია სოფელი როდინოული. ჰვენტან არც გზაა და არც წკალი,არც გაზი!!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით